რას უპირებს პოროშენკო მიშას?

რას უპირებს პოროშენკო მიშას?

 

უკრაინის პრეზიდენტის „სახელმწიფო ვიზიტის“ ყველაზე საინტერესო ასპექტი, ნიშანდობლივი მომენტი და საგულისხმო მხარე აღმოჩნდა არა იოლად პროგნოზირებადი, სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში უკვე არარელევანტური განცხადებები „რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ ორი ქვეყნის სოლიდარობის“ თაობაზე, არამედ პეტრ(ო) პოროშენკოს პასუხი მისი სტუმრობის  მთავარი ინტრიგიდან გამომდინარე „ამგდებ“ კითხვაზე - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ.

„აგდებას“ ქართულ ჟარგონში სხვა დატვირთვა აქვს. არ არის პოროშენკო ის სუბიექტი, ასე ადვილად „ააგდო“ - საკმაოდ ჭკვიანი, დაფიქრებული და გამოცდილი პოლიტიკოსია. თან კვალიფიციური დიპლომატიცაა - კარგა ხანს ხელმძღვანელობდა და კარგადაც უძღვებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამიტომ ეს „აგდება“ მან ძალიან ოსტატურად გამოიყენა საკუთარი მიზნით - როგორც „ტოპკის აწევა“, რათა თავისი ყოფილი თანამებრძოლისა და „სტუდენტობისდროინდელი მეგობრის“ მიშა სააკაშვილისთვის „ყვითელი ბარათი“ ეჩვენებინა, ანუ საბოლოოდ გაეფრთხილებინა, რომ თუ „ბოლობოლო“ ისე „ამძლავრებს თითს“, რომ მოთმენა შეუძლებელი იქნება, პოროშენკოს აქვს ინსტრუმენტი, რათა „მიშას პრობლემა“ გადაწყვიტოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვნახოთ, რა პერფორმანსი მოაწყო პოროშენკომ ამ „მოარულ კითხვაზე“ პასუხისას. ჯერ ერთი, სრული იდიოტიზმია იმის თქმა, თითქოს  „მიშას ექსტრადიციაზე“ კითხვა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: სახელმწიფო ვიზიტის მომზადებისას, მით უმეტეს ისეთი გამოცდილი დიპლომატისთვის, როგორიც პეტრო პოროშენკოა, წინასწარ ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ და აბსოლუტურად გამორიცხულია უკრაინის პრეზიდენტს   არ სცოდნოდა, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე „მწვავე“ იქნებოდა თუ არა ოფიციალური შეხვედრებისას, ყოველ შემთხვევაში, პრესასთან ურთიერთობისას მაინც.

ამიტომ, ხსენებული „პერფორმანსი“ მას უკვე  ჰქონდა მომზადებული და დეტალურად გაწერილი. ჯერ თავი მოიკატუნა: „რამდენადაც ვიცი, ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ჩვენთვის არ მოუმართავსო“, რაც აშკარა ტყუილია: წარმოუდგენელია უკრაინის პრეზიდენტს არ სცოდნოდა, რომ ჯერ მისი ადმინისტრაციის წევრზე, შემდეგ უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვისპირა რეგიონის გუბერნატორზე საქართველოში არათუ სს საქმე იყო აღძრული, არამედ ქართველები მის ექსტრადირებასაც ითხოვდნენ.

მცირე ხნის შემდეგ, იმავე თემაზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა დააზუსტა: ..... უი, შევცდი, გავარკვიე, რომ კი ითხოვდა ქართული მხარე ექსტრადირებას, მაგრამ უარი მიიღოო და.......ახლა თუ მოგვმართავს,  ვიმსჯელებთო.

ამ განცხადებას, თავად სააკაშვილის (რბილად თუ ვიტყვით) „ემოციური“ პასუხი მოჰყვა საერთო რეფრენით: თუ მოგმართავენ და განიხილავთ რა......საკუთარ მოქალაქეს გადასცემთ სხვა სახელმწიფოს?!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვათა შორის, „ანტიმიშისტურად“ განწყობილი, „კორუმპირებული“ უკრაინელი ჟურნალისტები ძალზე არაობიექტურად, ტენდენციურად, თუმცა  მაინც ჯიუტად წერენ, რომ სინამდვილეში, ოდესის გუბერნატორობა სააკაშვილისთვის იყო „ფორმა“, „შეფუთვა“ „ტექნოლოგია“ უკრაინის მოქალაქეობის მიღების და ამით საქართველოში ექსტრადირების თეორიულადაც კი გამორიცხვისა.

ერთი შეხედვით „რა სისულელეა“ არა? განა ოდესის გუბერნატორად რომ არც დაენიშნა, ისე დაინანებდა მისთვის პოროშენკო უკრაინის მოქალაქეობას?

მაგრამ საქმეც ისაა, რომ („კორუმპირებულ ანტიმიშისტთა“ მტკიცებით), მიშას ამ გზით,  ამ ფორმით სურდა „შეეფუთა“  უკრაინის მოქალაქეობაში შესვლა, ანუ როგორც იძულებითი - გამომდინარე უკრაინის კანონმდებლობიდან და ოდესის გუბერნატორობიდან.

„შეეფუთა“ ქართველებისთვის და არა უკრაინელებისთვისო, რაკი საბოლოოდ და სამუდამოდ არც ქართული პოლიტიკური ასპარეზი ეთმობოდა.

რა „კორუმპირებულებიც“ არ უნდა იყონ ეს საძაგელი უკრაინელი  „ანტიმიშისტები“, აბა გავაანალიზოთ: ერთია, როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა იმის გამო, რომ ოდესის გუბერნატორი გახდა, ხოლო უკრაინის კანონმდებლობა უკრძალავს არამოქალაქეს მაღალი თანამდებობის დაკავებას..... და მეორეა, თანაც „სულ სხვაა“,  ანუ „სხვაგვარად გამოჩნდებოდა“, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის თანამშრომელს, თავად ექს-პრეზიდენტ მიშა სააკაშვილს პრეზიდენტისთვის რომ მიემართა თხოვნით, „უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭეო“, რადგან უკრაინის კანონმდებლობა არ უკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დაიკავოს იმ რანგის თანამდებობა, რაც სააკაშვილს ეკავა, როცა მხოლოდ პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მრჩეველი (არა გუბერნატორი და მინისტრი) კი უცხოელიც შეიძლება იყოს.

იგივე „ავზე ავი, კორუმპირებული ბოროტი ენები“ ამტკიცებენ, თითქოს  მიშას სხვა არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ შეეძლო (მით უმეტეს ამგვარი „შეფუთვით“) ასე იოლად, როგორც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო: ამერიკა, ნიდერლანდი, საფრანგეთი...... ბინადრობის უფლებას კი მისცემდნენ, მაგრამ მოქალაქეობას - არა. თან სხვაგან ჩუმად უნდა ყოფილიყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კი ბატონო, ეს ნარატივი, ვერსია თუ შეხედულება საკამათოა, მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ პოროშენკოს დიპლომატიურ „პერფორმანსს“ და ისევ  დავაკვირდეთ: მეორე პასუხისას, ანუ მაშინ, როცა ქართულ მხარეს ფაქტიურად მოუწოდა, კვლავ  მიემართა უკრაინის პროკურატურისთვის, პოროშენკოს არ უთქვამს, „ექსტრადიციის საკითხს განვიხილავთ“. მან ძალიან ეშმაკურად „გამოტოვა“ ეს თეზისი და თქვა: განვიხილავთ მასალებსო.

რა კუთხით განიხილავენ? რასაკვირველია იმ კუთხით (და ზუსტად ამას გულისხმობდა), რომ საქართველოც და უკრაინაც არიან მიერთებულნი საერთაშორისო კონვენციას, რომელიც ითხოვს (!) ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საკუთარ მოქალაქეთა მიერ სხვა სახელმწიფოს  ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში.

მაგალითად, თუ რომელიმე  ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული უცხო  ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ ქვეყანას აქვს საშუალება, საერთაშორისო სტრუქტურათა მეშვეობით და ხსენებულ კონვენციაზე აპელირებით  მოითხოვოს, მისივე სახელმწიფომ გამოიძიოს მოქალაქის დანაშაული, გაასამართლოს ეჭვმიტანილი და მიუსაჯოს სასჯელი.

ანუ, პოროშენკო აშკარად გულისხმობდა შემდეგსსაქართველოს პროკურატურამ კიდევ გამოგვიგზავნოს მასალებიჩვენი პროკურატურა შეისწავლის და თუ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს აქვს ჩადენილი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზემას ჩვენვე გავასამართლებთჩვენ მივუსჯით და უკრაინაში მოიხდის სასჯელსო!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შესაძლებელია თუ არა მოვლენათა ამგვარი განვითარება? კი, თეორიულად თითქოს შესაძლებელია: „წულუკიანი და რაზმი“  ოთხი სისხლის სამართლის საქმეზე მასალების გადაგზავნას ნამდვილად არ დაუგვიანებთ.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში (თავად კორძაძეს სააკაშვილი არ უხსენებია) „უკრაინის ნებისმიერი მოქალაქის  სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის უკრაინაშივე გამოძიებისთვის აუცილებელი პირობაა, ჯერ ერთი, ეს ორი ქვეყანა იყონ მიერთებულნი საერთაშორისო კონვენციას, მეორე: მათ შორის არსებობდეს ხელშეკრულება „სამართლებრივი დახმარების შესახებ“ (არსებობს კუჩმა-შევარდნაძის დროიდან-ნ.ი.) და მესამე:  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი(ც) დანაშაულად თვლიდეს იმ ქმედებას, რასაც სააკაშვილს საქართველოში ედავებიან“.

არადა, სსკ-ს ეს მუხლები („თანამდებობის ბოროტად გამოყენება“ და „გაფლანგვა“) თითქმის ასეთივე სახით არსებობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც, თუმცა სხვა სანქციებია გათვალისწინებული, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს -  9 წელია თუ 11.

ეს თეორიულად. მაგრამ პრაქტიკულად ამის ჩადენა პოროშენკოს ძალიან გაუჭირდება, რადგან ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქტი იქნება საპარლამენტო არჩევნების წინ.

„გაუჭირდება“, თუმცა აბსოლუტურად შეუძლებელიც არაა: უკრაინის პრეზიდენტი  თავის ყოფილ მეგობარს აფრთხილებს, რომ თუ მიშა საბოლოოდ „ამძლავრებს თითს“, მაშინ პოროშენკო ამაზეც წავა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მტკიცებით, პოროშენკოსთვის განსაკუთრებით საწყენი აღმოჩნდა ორი ეპიზოდი:

პირველი, როდესაც მიშამ მას „უკრაინაში ჩამოსული“ უწოდა.........უკრაინის  პრეზიდენტის მშობლები მართლაც მოლდოვადან ჩამოვიდნენ კიევში. მაგრამ პოროშენკოს ერთ-ერთი ბაბუა ებრაელი იყო და ეს „შეხსენება“ პეტრომ უმძიმეს შეურაცხყოფად, მის ეთნიკურობაზე „ნამიოკად“ აღიქვა. მით უმეტეს იმ ადამიანის მხრიდან, ვინც თავადაც ჩასულია უკრაინაში და იქ არ დაბადებულა.

ე.წ. „ნაღდი უკრაინელები“ (აი, იქაური „მარშელები“) ამ ეთნიკურ მომენტს  ხშირად ახსენებენ და ეს, მისი გასაგები კომპლექსებიდან გამომდინარე, პოროშენკოსთვის ძალიან საჩოთირო, საწყენი თემაა.

მეორე ეპიზოდი იყო კომიკური „კონცერტი“ რომელიც მიშამ მოაწყო იუსტიციის სამინისტროში,   სადაც მთელი უკრაინის თვალწინ „დაასხა“ იუსტიციის მინისტრს. პოროშენკომ საკუთარი კაბინეტის ერთ-ერთი წამყვანი წევრის ასე საქვეყნოდ „დაჩმორება“ აღიქვა (სწორადაც აღიქვა) უმძიმეს შეურაცხყოფად, რაც ბუნებრივია: თუ გახსოვთ, შორეულ 2004 წელს, როცა სფფ-ის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საჯაროდ „დაასხა“ სააკაშვილის მთავრობის მინისტრ გოკა გაბაშვილს, მიშამ, ციხიდან ახლახანს გამოსული ჟორდანია, ხელმეორედ „დააჭერინა“ თავის  ერთგულ ჩაფარ კეზერაშვილს (იმ დროს  „საგადასახადოს“ უფროსს და მომავალ მულტიმილიონერს), რაკი მინისტრის შეურაცხყოფა, მართლაც,  პრეზიდენტის საჯაროდ „დაჩმორების“ მცდელობაა.

არც ერთი პრეზიდენტი, მით უმეტეს პოსტსაბჭოური მენტალობის ქვეყანაში, ამას არ „გაატარებს“. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამდენად, პოროშენკო მიშას აფრთხილებს და აფრთხილებს მკაცრად,  სერიოზულად: უკრაინაში ახლოვდება საბედისწერო საპარლამენტო არჩევნები, პეტროს  პარტია, ყველა გამოკითხვით „წკიპზეა“ მთავარ კონკურენტებთან. ამ მთავარ კონკურენტებში მიშა ნამდვილად არ არის, მაგრამ მიშას აქვს რესურსი, ძალა, ენერგია, გამბედაობა,  პოპულარობა, პრეზიდენტი ისე „დააჩმოროს“ საჯარო სივრცეში (პოროშენკოს უკვე ალბათ უჩნდება შიში, -  სტუდენტობისას კიეველ გოგოებში რომ დავრბოდით „გრუპენზე“, ვაითუ ისიც მოყვეს ტელევიზიითო), რომ ტიმოშენკოსა და სხვებს მიეცემათ შანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტი შანსი მიეცემა ე.წ.  „მალოროსიის“  იდეასაც.

ეს ჭკაუთხელი დედაკაცი უკრაინას  საბოლოოდ დაღუპავს! მაგრამ ............... მიშა რა შუაშია? ის ჩვენი იყო, არის და იქნება მუდამ!

2017