„პარალელური სასამართლო პროცესები“. ჯაბა და ლოთი.

„პარალელური სასამართლო პროცესები“. ჯაბა და ლოთი.

   აბსურდული სპექტაკლის მკაცრი ლოგიკა

    საქართველოში გრძელდება «პარალელური» სასამართლო პროცესები, რომლებიც დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენდნენ. ქართული «მას-მედია» დიდ ყურადღებას უთმობს ამ სასამართლოებს, რითაც სტიმულს აძლევს და აღვივებს ზემოთხსენებულ პოლიტიკურ ფაქტორს.
    თბილისში ერთდროულად ასამართლებენ იმ პიროვნებებს, რომლებიც უახლოეს წარსულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენდნენ. მიმდინარეობს ყოფილი პრეზიდენტის ერთგული გვარდიის სარდლის - ლოთი ქობალიას სასამართლო, რომელსაც ბრალი ედება სამშობლოს ღალატში და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობაში; აგრეთვე მიმდინარეობს დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, თენგიზ კიტოვანის სასამართლო - მასაც ასამართლებენ დაახლოებით იმავე ბრალდებით, ვინაიდან «უკანონო შეიარაღებული ფორმირებების» შექმნა თავის თავში გულისხმობს ხელისუფლებაზე ძალისმიერ ზეწოლას. სულ მალე დაიწყება ჯაბა იოსელიანის სასამართლოც.
    ჯაბა იოსელიანს ბრალი ედება რამდენიმე უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში (მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ტერორიზმი) რომლებიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სულ ახლახანს დასრულდა კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის, თემურ ჟორჟოლიანის სასამართლოც. იგი გაასამართლეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იარაღის შენახვისათვის. ყველა ზემოთჩამოთვლილი პირი აქტიურად მონაწილეობდა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში განვითარებულ პროცესებში.
    ზოგიერთი მათგანი კი (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი) თავად ქმნიდნენ ამ პროცესს. ძალზე სიმპტომატურია, თუ როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, - ტელევიზია და ოფიციოზური პრესა: ისინი «პარალელურად» აშუქებენ სასამართლო პროცესებს, ოღონდ ისე, თითქოს მათ მონაწილეებს ერთმანეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. მაგალითად «ოფიციოზური პრესა» ბეჭდავს მასალებს სამეგრელოში ე.წ. «მხედრიონის» მიერ მოწყობილი ძარცვა-გლეჯის შესახებ და რატომღაც «ავიწყდებათ», საერთოდ არ ახსენებენ იმ გარემოებას, რომ «მხედრიონი» ამ შემთხვევაში სამოქალაქო ომის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა. სწორედ იმ მხარეს, რომელმაც გაიმარჯვა ომში და ორი არჩევნების (11 ოქტომბრისა და 5 ნოემბრის) მეშვეობით შექმნა საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება.
    მეორეს მხრივ, როდესაც ოფიციოზი აღწერს ლოთი ქობალიას მოქმედებას, ასევე იგნორირებულია ის გარემოება, რომ ქობალიას რაზმები სამეგრელოს იცავდნენ სწორედ იმ ყაჩაღური ფორმირებებისაგან, რომელთა ჩამოყალიბებისთვის ასამართლებენ ჯაბა იოსელიანს; იქმნება ერთი შეხედვით პარადოქსული ვითარება: ჯაბა იოსელიანის მიერ შექმნილი «მხედრიონი» დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა, მაგრამ ასევე «დანაშაულებრივად» გამოცხადდა ქობალიას გვარდიაც, რომელიც «მხედრიონს» ებრძოდა.
    ყველაფერი, რასაც ქობალია აკეთებდა, შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ბრძოლა უკანონო, ყაჩაღური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდგ. ამ ბრძოლაში ქობალიას, რასაკვირველია, სჭირდებოდა სურსათ-სანოვაგე, ამიტომ მისი ფორმირებების მიერ «სახელმწიფო ქონების» დიდი რაოდენობით დატაცების ბრალდებაც არანაკლები აბსურდია.
    ელემენტარული ადამიანური ლოგინის მიხედვით, ლოთი ქობალია თავს თვლიდა «კანონიერი ხელისუფლების» წარმომადგენლად. ამდენად, სრული უფლება ჰქონდა ზემდგომი ორგანოების (გაძევებული პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს) მითითებით დაპატრონებოდა, ვთქვათ, ფოთიდან მომავალ ხორბლით დატვირთულ მატარებელს; მეორეს მხრივ, «მხედრიონიც» მოქმედებდა ლეგიტიმური ორგანოს (11 ოქტომბერს არჩეული პარლამენტისა და სახელმწიფოს მეთაურის) მითითებით, ამიტომ ლოთი ქობალიას ბრძოლა «მხედრიონის» წინააღმდეგ აღიქმებოდა, როგორც ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ (ჯაბა იოსელიანი იმ დროს ხელისუფლებაში მეორე პირი იყო), რომელიც ბანდიტურ ფორმირებებს ქმნიდა.
    მთელი ეს «აბსურდის თეატრი», თავის მხრივ, კიდევ უფრო «თვალსასეირო» და სასაცილო გახადა გენერალური პროკურორის მოადგილის, ანზორ ბალუაშვილის განცხადებამ: «ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება კანონიერი იყო 1992 წლის 11 ოქტომბრამდე, ამიტომ ქობალიასა და სხვათა მოქმედება ამ თარიღამდე (ანუ არჩევნების ჩატარებამდე) უნდა იქნას განხილული, როგორც ბრძოლა თავიანთი ხელისუფლების აღდგენისათვის».
    მაშასადამე 24 ივნისის «ტელევიზიის ეპიზოდიც» უნდა იყოს განხილული, როგორც ბრძოლა «ხელისუფლების აღდგენისათვის.» ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ იხდის სასჯელს იმ მოვლენათა ათეულობით მონაწილე?
    დაპირისპირების ნიშნები ჩანს არა მხოლოდ ლოთი ქობალიასა და «მხედრიონის» სასამართლო პროცესებს შორის, იგივე ნიშნები იგრძნობა ერთი და იმავე «ბანაკის» წარმომადგენელთა შორისაც. მაგალითად, ლოთი ქობალია «მრგვალი მაგიდისა» და «ჰელსინკის კავშირის» ზოგიერთმა წარმომადგენელმა «სამშობლოს მოღალატედ» გამოაცხადა. ასევე უპირისპირდებიან ერთმანეთს ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. კიტოვანთან დაპირისპირების შემდეგ ჯაბა იოსელიანმა ფაქტობრივად გაამართლა ხელისუფლების მოქმედება და ტელეინტერვიუში აღნიშნა: კიტოვანის მოქმედება უკანონო იყო და ამიტომ უნდა დაგვეპატიმრებიაო. არანაკლები გაცხარებით თენგიზ კიტოვანიც სდებს ბრალს ჯაბა იოსელიანს სხვადასხვა დანაშაულში და იოტისოდენ თანაგრძნობასაც არ გამოხატავს მის მიმართ. მთელი ეს პროცესი კი საზოგადოების თვალწინ ვითარდება, რომელიც ვერა და ვერ პოულობს თვალსაჩინო რაციონალურ მარცვალს ამ ყოვლად გაუგებარ და აბსურდულ სპექტაკლში.
    სინამდვილეში ზემოთაღწერილი პროცესი მკაცრ ლოგიკას ექვემდებარება. ლოგიკური ჯაჭვი ორი ძირითადი რგოლისაგან შედგება. საქართველოში ამჯერად ასამართლებენ სამოქალაქო ომში დამარცხებულებს. ამ ომში დამარცხდნენ ლოთი ქობალია და ყოფილი პრეზიდენტის სხვა მომხრეები. თავისთავად სამოქალაქო ომში დამარცხებულის გასამართლება სისხლის სამართლის კოდექსით აბსურდია იურიდიული თვალსაზრისით, - ეს იგივეა, ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულმა მხარემ დამარცხებული ტყვეები გაასამართლოს ამავე კოდექსის მიხედვით, - «მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში» ან «დამამძიმებელი გარემოებების გარეშე». მაგრამ იურიდიული აბსურდი ამ შემთხვევაში ხელს ვერ უშლის პოლიტიკურ ლოგიკას - კაცობრიობის ისტორიაში ყველა სამოქალაქო ომის შემდეგ გამარჯვებული მხარე ასამართლებდა დამარცხებულს იმავე აბსურდული ბრალდებებით, - ასე იყო საფრანგეთში, ასე იყო ესპანეთში, რუსეთში და სხვა.
    ლოთი ქობალიას «დანაშაული» გამოიხატება არა იმაში, რომ იგი (ჩვეულებრივი სამართლის ნორმათა მიხედვით) დანაშაულს ჩადიოდა (ვინაიდან ომის დროს სამართლის ეს ნორმები არ მოქმედებენ), არამედ იმაში, რომ დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.
    მეორე «რგოლი» უფრო რთული და საინტერესოა. დღევანდელი პრეზიდენტი ქმნის (არც თუ წარუმატებლად) საზოგადოებაში იმგვარ ფსიქოლოგიურ განწყობას, რომ იგი ასამართლებს სამოქალაქო ომში მონაწილე ორივე მხარეს.
    ჯერ კიდევ 1991 წელს, ედუარდ შევარდნაძემ შექმნა პირველი პრეცედენტი, პირველი ნიშანი ამგვარი სტერეოტიპისა: კერძოდ, თბილისში მიმდინარე მოვლენების დროს მან განაცხადა, რომ მზად არის შეასრულოს შუამავლის ფუნქცია მოლაპარაკებებში ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. ამ განცხადებას ზვიად გამსახურდიას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ ცოტამ თუ შეამჩნია, რომ არანაკლებ უარყოფითი იყო «მეორე მხარის» რეაქციაც.
    «ელიტარული ინტელიგენცია», რომელიც ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ გაშლილი მოძრაობის მთავარი იდეოლოგი იყო, - შევარდნაძის ამ განცხადებას ყრუ დრტვინვით შეხვდა: «ჩვენ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას ვეწევით - ეგ კი შორიდან ნეიტრალურად გვმოძღვრავს და ზვიად გამსახურდიასთან გვათანაბრებსო». არადა, ედუარდ შევარდნაძე სხვაგვარად არ შეიძლებოდა მოქცეულიყო, იგი ძალიან კარგად ხედავდა და ხვდებოდა თუ რა «სოციალური საფუძვლები» ჰქონდა სიგუა-კიტოვანის მიერ მოწყობილ პუტჩს. რამდენიმე ხნის წინ თენგიზ სიგუამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «ედუარდ შევარდნაძე არანაირ დახმარებას არ გვიწევდაო დეკემბერ-იანვრის პერიოდში». ეს სრული ჭეშმარიტებაა, - შევარდნაძე მაშინვე ხვდებოდა, სად იყო ჭეშმარიტად «ოქროს შუა გული» და არაფრის დიდებით არ გადაუხვევდა ამ პოზიციას. ეს მისმა «მოკავშირეებმაც» შენიშნეს. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: 1992 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ, აეროპორტში წარმოთქმული ფრაზა: «მე მივესალმები ქართულ ინტელიგენციას, რომელმაც იარაღი აიღო ხელში...» იყო, ჯერ ერთი, წინასწარი მოთხოვნით აუცილებელი პირობის შესრულება და მეორეც, მიმდინარე სამოქალაქო ომში დროებით (სწორედ დროებით) ერთ-ერთი ძალის მხარდაჭერა.
    ვიმეორებ: ედუარდ შევარდნაძე ხვდებოდა, რომ ზვიად გამსახურდიასა და სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის დაპირისპირება არ გამოხატავდა რაიმე ღრმა სოციალურ პროცესს საზოგადოებაში. ამდენად, ყველაზე მომგებიანი პოზიცია იყო სრული შინაარსობრივი ნეიტრალიტეტი. ედუარდ შევარდნაძეს თუ სურდა მყარად და ხანგრძლივი ვადით მოეპოვებინა ხელისუფლება საქართველოში - სამოქალაქო დაპირისპირების მონაწილე ორივე მხარე უნდა დაესაჯა და ამით მოეგო იმ მრავალრიცხოვანი (ყველაზე მრავალრიცხოვანი!) სოციალური ფენის გული, რომელსაც ერთნაირად სძულდა ყოფილი პრეზიდენტიც და მის შემდეგ მოსული კრიმინალური ხროვა.
    ამის განხორციელება, რა თქმა უნდა ძალზე ძნელი იყო, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ მაინც შეძლო, - მან შეძლო ჯერ ჯაბა იოსელიანის ხელით დაემარცხებინა ლოთი ქობალია, ხოლო შემდეგ თვით ჯაბა იოსელიანი გაესამართლებინა «ბანდიტიზმის» ბრალდებით.
    ბრალდების შინაარსს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, - მთავარია ფაქტი: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, ლოთი ქობალია და სხვები ციხეში სხედან; საოცარია, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ რაღაცნაირად შეძლო მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის თვალში ნეიტრალური დარჩენილიყო მთელი ამ პერიოდის (1991-1995 წწ) განმავლობაში.
    რასაკვირველია, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები მას ბრალს სდებენ «საკუთარი ძმა-ბიჭების ციხეში ჩაყრაში» რომელთა მეშვეობითაც «ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა», მაგრამ ეს სტერეოტიპი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მკვიდრდება (უკვე სამუდამოდ) სხვა სტერეოტიპი: ედუარდ შევარდნაძემ დასაჯა 1991-1993 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონაწილე ორივე მხარე. სწორედ ამ სტერეოტიპის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას ემსახურებიან ის «საჩვენებელი» სასამართლო პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს თბილისში «პარალელურად».
    სხვათა შორის, ამგვარი სტერეოტიპის გამარჯვება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არავითარი «დემოკრატიული რევოლუცია» საქართველოში არ მომხდარა. ეს იყო კლასიკური სამხედრო გადატრიალება, რომლის ორგანიზატორები იმთავითვე განწირულნი იყვნენ დასასჯელად. მაგრამ ასევე განწირულნი იყვნენ ამ სამხედრო გადატრიალების მსხვერპლნიც.

«კვირიონი», 28 ივლისი, 1996 წელი.