საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მარტი. 2024

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მარტი. 2024

რუსეთმა განახორციელა გაუგონარი და თითქმის უპრეცედენტო დიპლომატიური დემარში: რუსეთის ელჩმა ვარშავაში, სერგეი ანდრეევმა უარი თქვა გამოცხადებულიყო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მისთვის დიპლომატიური პროტესტი უნდა განეცხადებინათ რუსული ფრთოსანი რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო, რაზეც გუშინ ვწერდით.

რუსი დიპლომატი ახლა თავხედურად ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუ მას წარუდგენდნენ რუსული რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის „უტყუარ მტკიცებულებებს“; ანუ, როგორც ჩანს, ვიდეო ჰქონდა მხედველობაში, რადგან რადარებმა დააფიქსირეს ეს ფაქტი და რამდენიმე პოლონური, ასევე ამერიკული ავიაგამანადგურებელიც „აიწია“ ჰაერში რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად.

თუმცა იმ ფრთოსანი რაკეტის მართვის პულტიდან ჩამოგდებამდე საქმე არ მიიყვანეს და დროულად გამოარიდეს  რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეს.

ან თუნდაც ამას რა მნიშვნელობა აქვს? რომ ჩამოეგდოთ, მაშინ რუსი ელჩი იტყოდა: „უკრაინის ცაზე ჩამოაგდეს ამერიკელებმა და ნამსხვრევები მხოლოდ ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზეო“. სინდისი დაუშლიდა ასე ეთქვა? თუ დიპლომატიური ეთიკა? „მიდი და უმტკიცე“

ელჩის არმისვლა დიპლომატიურ შეხვედრაზე, სააკრედიტაციო ქვეყნის გამოძახებით ან მოწვევით....... არის გაუგონარი დიპლომატიური თავხედობა!!! პირდაპირი შეურაცხყოფა სააკრედიტაციო ქვეყნის. ლოგიკურად ამას უნდა მოჰყვეს ვენის დიპლომატიურ ურთიერთობათა კონვენციით გათვალისწინებული სხვა დიპლომატიური ზომების მიღება: ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და მისი გაძევება ქვეყნიდან.

როგორც ჩანს, რუსეთი ამოწმებს ახლა: გაბედავს თუ არა ელჩის გაძევებას  პოლონეთი?!

ანუ გაბედავს თუ არა რუსი ელჩის პერსონა ნონგრატად გამოცხადებას?

თუ გაბედავს, მაშინ კონფლიქტი ვარშავასა და მოსკოვს შორის ახალ სიმაღლეზე, ახალ სიბრტყეზე ავა.

შესაძლოა NATO-მ და ევროკავშირმა ახლა პოლონეთის ხელისუფლებას „ურჩიონ“, ამგვარი რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ, როგორც ზოგადად სჩვევიათ ევროპელებს - „სანახევრო და კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება“.

ზუსტად ამის იმედი აქვს მოსკოვს: არა იმდენად ვარშავა, რამდენადაც ბრიუსელი ვერ გაბედავს რუსი ელჩის გაძევებას და ყველაფერი „შერჩება“, ესე იგი  შერჩება ასეთი თავხედური დემარში, როგორიცაა (ვიმეორებ) სააკრედიტაციო ქვეყნის მოწვევის იგნორირება საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი აგრძელებს „უკრაინული კვალის“ განვითარებას საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ განხორციელებულ სისხლიან ტერაქტთან დაკავშირებით.

გუშინ თათბირი ჩაატარა და განაცხადა, რომ თურმე მთავარი კითხვაა: „ვის აწყობს და ვის უხარია ეს ტერაქტიო“.

მისი ლოგიკით გამოდის, რომ „უკრაინას უხარია“ და „უკრაინას აწყობს“.

ასეთი ბრალდებებისგან ზოგადად ძალიან ძნელია თავი დაიცვა, რაკი ნებისმიერი პასუხი უკვე თავის მართლებას ჰგავს.

პუტინს საჯაროდ უპატაკა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ბასტრიკინმა (ეს ის ბასტრიკინია, 2008 წელს რომ საქართველოს წინააღმდეგ „საგამოძიებო-პროპაგანდისტულ პროვოკაციებს“ ახორციელებდა), რომ დაკავებულმა ტერორისტებმა „შემკვეთების თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს“ თურმე რუსულ გამოძიებას.

ბუნებრივია, ტერორისტებს რასაც უნდათ და რაც სჭირდებათ იმას „ალაპარაკებენ“.

არ არის გამორიცხული მათ მართლაც მისცენ ჩვენება „უკრაინის წინააღმდეგ“. ანუ განაცხადონ, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა შეუკვეთონ ტერაქტი.

ჯერ-ჯერობით რაც ობიექტურადაა ცნობილი, ტერორისტებს ეკონტაქტებოდნენ ისლამისტები ტელეგრამ-არხებით ანუ ზუსტად ის ხელწერა იყო, რაც მაგალითად 2008 წლის საზარელი ტერაქტის დროს მუმბაიში (ინდოეთი) სადაც პაკისტანელი ტერორისტები შეიჭრნენ სასტუმროებში და უდანაშაულო ადამიანები უმოწყალოდ გაჟლიტეს ზუსტად ამ ხერხებით და მეთოდებით.

იმ ტერორისტებსაც დისტანციურად ეკონტაქტებოდნენ ტერაქტის სულისჩამდგმელები. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პაკისტანელ ტერორისტებს გაქცევა არც უფიქრიათ: ბარიკადები შექმნეს სასტუმროებში, მათ შორის მუმბაის (ყოფილი ბომბეი) 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ტაჯ მაჰალ და წინააღმდეგოიბას უწევდნენ ინდოეთის უსუსტეს სპეცდანს.

ტაჯიკი ტერორისტები კი გარბოდნენ.

ნამდვილად უკრაინის საზღვრისკენ გარბოდნენ, თუმცა ეს რას ამტკიცებს? აბსოლუტურად არაფერს!

სხვათა შორის რუსულ „ფაბლიკებში“ გაჟონა...... გაჩნდა ნიშნები, რომ რუსული სპეცსამსახურები მზად არიან ეს ტერაქტი დააბრალონ უკრაინული სამხედრო დაზვერვის უფროს კირილ  ბუდანოვს და მის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს.

შესაბამისი „ნიადაგის მომზადება“ ამისთვის ნამდვილად მიმდინარეობს და ესეც სპეცსამსახურთა ხელწერაა, როდესაც წინასწარ ხდება „ზონდირება“ სხვადასხვა განვითარებისა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც გუშინ ვივარაუდეთ, გუშინ, ორშაბათს, ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება ქონების „დაბუსტვის“ შესახებ საქმეზე და დონალდ ტრამპს 463 მილიონი დოლარიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა გირაოს თანხა.

დონალდი ამბობს, რომ ამდენ „ქეშს“ ნამდვილად იშოვის.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული კანონმდებლობით უძრავი ქონების გირაოდ ჩადება არ ხდება, ხოლო ტრამპს არც ერთმა კომპანიამ იმდენი თანხა არ ასესხა „ქეშად“, თავდაპირველი გირაოს ოდენობა გადაეხადა.

არის თუ არა ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი  გირაოს თანხის შემცირების შესახებ (ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს წინასწარ „მოლაპარაკებული“ გადაწყვეტილებაა მხარეებს შორის, თანხის დაზუსტების ჩათვლით) ამერიკული Deep state ესე იგი „გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატიის“ „უკან დახევა?“, რაკი შეეშინდათ რადიკალური გადაწყვეტილებისა (პრეცედენტის მიუხედავად) და თანხა შეუმცირეს?

რა თქმა უნდა უკან დახევაა, ოღონდ....ძალიან ჭკვიანური, „ტექნოლოგიური“....... ისე, რომ „არც მწვადი დაწვეს და არც შამფური“ ცნობილი ქართული გამოთქმის შესაბამისად, ანუ ერთის მხრივ აშკარად მოერიდნენ დონალდ ტრამპის ქონების აუქციონზე გატანას თავდაპირველი გირაოს დასაფარად, რაც აუცილებლად გამოჩნდებოდა, როგორც პოლიტიკური ზეწოლის აქტი.

მეორეს მხრივ კი, თანხას მაინც ახდევინებენ თუნდაც შემცირებული სახით.

ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით ასე „კომპრომისულად“ განვითარდება მოვლენები დონალდ ტრამპის ყველა სხვა საქმეზეც ანუ ამერიკული Deep State, მათ შორის მისი განუყოფელი და ყველაზე ძლიერი ნაწილი, - ამერიკული მართლმსაჯულებითი ბიუროკრატია - შეეცდება ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არ დააზიანებს საარჩევნო  პროცესს, თუმცა სახიფათო იურისპრუდენციულ და მართლმსაჯულებით პრეცედენტებსაც ერთი შეხედვით ანუ აშკარად თვალში საცემად  არ შექმნის

მაგალითად: 15 აპრილს იწყება ამერიკის ისტორიაში პირველი სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის (!_ და უკვე არა სამოქალაქო, როგორც ქონების „დაბუსტვაზე“ იყო) საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომლის ფარგლებში პროკურატურა დონალდ ტრამპს ედავება საგადასახადო და ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებას პორნო ვარსკვლავ სთორმი დენიელსისთვის ქრთამის გადახდის დასაფარად - მისი დუმილის სანაცვლოდ.

ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ტრამპის წინააღმდეგ ჩვენება მისცა კიდეც მისმა ყოფილმა ადვოკატმა, რომელიც იმ საქმეში იყო გარეული და სთორმი დენიელსთან , ბოდიში ჟარგონისთვის „ალაგებდა“.

ზოგადად, ამერიკული მართლმსაჯულება სასჯელის ფართო ინსტრუმენტალს ითვალისწინებს ციხის ალტერნატივად. მაგალითად ჯარიმას. შესაძლოა ამ საქმეზე დონალდ ტრამპს ჯარიმა დააკისრონ და არა ციხე.

მაგრამ ყველაზე რთული (ამგვარი „კომპრომისით“ ვითარებიდან გამოძრობა) ამერიკული „სიღრმისეული სახელმწიფოსთვის“ იქნება 2021 წლის 6 იანვრის „აჯანყების“ საქმეზე, რადგან იქ აბსოლუტურად მკაფიო და ნათელია არა იმდენად დონალდ ტრამპის მონაწილეობა, რამდენადაც  თვთ ამ ფაქტის (კონგრესში შეჭრის)გამანადგურებელი პრეცედენტულობა ზოგადად ამერიკული დემოკრატიის იმიჯისთვის.

ამერიკის ისტორიაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთ-ამერიკის ომის დროს დამოუკიდებლობისთვის (XIX საუკუნის დასაწყისში) ბრიტანელებმა კონგრესისა და „თეთრი სახლის“ შენობები გადაწვეს.

იქ რა კომპრომისი იქნება შესაძლებელი, თუკი პროკურატურამ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებანი, რომ დონალდ ტრამპი აგულიანებდა შტურმს?!

ან თუნდაც ჯორჯიის შტატის ადმინისტრაციაზე პოსტსაარჩევნო ზეწოლის საქმეზე?!

თუმცა......  ნორმალური საარჩევნო პროცესის და ამერიკაში სამოქალაქო მშვიდობის თუ არა „ზავის“(მაინც) შენარჩუნების იმპერატივი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბოლო შემთხვევაში, ალბათ იმ შემთხვევებშიც ამერიკული მართლმსაჯულება შეეცდება არ მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირებას, მით უმეტეს სამოქალაქო ომს და სისხლისღვრას გამოიწვევს. 

BLM  მოძრაობამ ხომ დაამტკიცა, რომ თანამედროვე კომუნიცირებულ სოციუმებში ამგვარი დაპირისპირების თავიდან აცილება ძალიან ძნელი იქნება, ხოლო ტრამპის ციხეში ჩასმა ნამდვილად გამოიწვევს აფეთქებას.

თუმცა......ამერიკელი ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ რამდენადაც ახლა ამერიკული Deep state წავა კომპრომისებზე დონალდ ტრამპის მიმართ, იმდენად დაელოდება დროს, როცა მის გარშემო პოლიტიკური ვნებათა ღელვა დაიკლებს, როცა „ტრამპი“ აღარ იქნება უკვე პოლიტიკური დაპირისპირების ფაქტორი, პოლიტიკურ ისტორიად იქცევა და აი მერე.....მერე გაუხსენებენ ბევრ რამეს „გადადებულ“ და „დროში გაწერილ“ საქმეებზე

ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ....ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდება და ყველა საქმეზე, მათ შორის მიმდინარე საქმეებზე..... საკუთარ თავს არ შეიწყალებს, რისი აბსოლუტური უფლებაც აქვს ამერიკული კონსტიტუციით

შეგახსენებთ,რომ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდადებულთა შეწყალება შეუძლია ანუ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ამერიკული კანონმდებლობით სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს თუნდაც საკუთარი თავი შეიწყალოს თანაც ჯერ კიდევ მ ი მ დ  ი  ნ  ა რ ე   გამოძიების (გამოძიების და არათუ მხოლოდ სასამართლო პროცესის) განმავლობაში.