რატომ უყვარს პუტინს საქართველო

რატომ უყვარს პუტინს საქართველო

 რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ყოფილმა და მომავალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუს სამხედროებთან შეხვედრისას საოცარი, თუმცა მაინც მოსალოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ აღადგენს მეგობრულ ურთიერთობას ქართველ ხალხთან. „ჩვენ არასდროს გაგვიიგივებია საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ამდენად, მე ვთვლი, რომ ეს მართლაც მოძმე ერი საბოლოოდ გააცნობიერებს - რუსეთი მტერი კი არა, მეგობარია და ურთიერობებიც აღგება“
    რუსი ლიდერის ეს განცხადება მრავალი თვალსაზრისითაა საინტერესო. ამჯერად მისი მხოლოდ ერთი ასპექტი განვიხილოთ: ის, რომ კრემლი ანსხვავებს ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებისაგან - საკმაოდ ძველი რუსული ნარატივია. თანაც იგი არა მხოლოდ საქართველოს და ქართველ ერს ეხება, არამედ ზოგადად ახასიათებს რუსულ-იმპერიულ ტრადიციას.
    ასევე „ანსხვავებდნენ“ „მოძმე ფინელ ხალხს“, - ფინეთის იმდროინდელი (1939-1940წწ) ხელისუფლებისაგან, „ანსხვავებდნენ“ ჩეხ ხალხს ჩეხეთის ხელისუფლებისგან, რასაც მათთვის ხელი არ შეუშლია 1968 წელს ჩეხეთ-სლოვაკეთის ხელმეორე ოკუპაცია განეხორციელებინათ. ავღანელ ხალხზე კი ისე ზრუნავდნენ, რომ 1979 წელს „კგბ“-ს სპეცდანიშნულების რაზმი შევარდა პრეზიდენტის სასახელში და „ავღანელი ხალხის სიყვარულით“ მათი პრეზიდენტი საიქიოს გაისტუმრა, რათა შემდეგ მრავალწლიანი ოკუპაცია და მილიონამდე ავღანელის ხოცვა-ჟლეტა განეხორციელებინა.
    დღესაც ანსხვავებენ „მშრომელ და მუყაით ლატვიელ, ესტონელ და ლიტველ ხალხებს“ მათი ხელისუფლებებისაგან და თუ ამ ფრაზეოლოგიას პუტინი ბალტიელების მიმართ არსდროს იყენებს, მხოლოდ იმ უბრალო მიზეზით, რომ სიტუაციაა სხვა და, რაც მთავარია, იცის: იქ არ გაუვა! საქართველოში კი შეიძლება „გაუვიდეს“ - ჩვენში ეს ნარატივი „გულუბრყვილოდ მოთხოვნადია“. ბევრს მართლა შეიძლება სჯეროდეს, რომ რუს ნაციონალისტ და იმპერიალისტ პუტინს რომელიმე ერის მიმართ რაიმე სხვა გრძნობა აქვს - საკუთარი „დერჟავის“ მასზე უპირატესობის გარდა.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ერთხელ ცხონებულმა გია ჭანტურიამ თქვა: „რუსებისთვის იმპერია ისევე ძვირფასია, როგორც ამერიკელებისთის - დემოკრატიაო“. მართლაც ასეა, ხოლო „იმპერიულ დისკურსში“ დამორჩილებული ერებისადმი „ფაქიზი“ დამოკიდებულება სავსებით თავსდება: ქართული ფენომენი კულტურულად და ცივილიზაციურად იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და მიმზიდველია (ხშირად ჩვენი კულტურის ძალას თავად ქართველები ვერ ვაცნობიერებთ), რომ იმპერიული სიამაყით შეპყრობილი საზოგადოებისთვის ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება საკუთარი სიდიადის გამოხატულება ხდება. იმიტომ კი არა, რომ სხვაზე უკეთესები ვართ. უბრალოდ, თვითმყოფადნი ვართ.
    ამ აზრით, საქართველო აღიქმება „მარგალიტად იმპერიულ გვირგვინში“. რაც უფრო კაშკაშაა ეს მარგალიტი, - მით უფრო ბრწინვალეა გვირგვინი. ამიტომაცაა, რომ მოსკოვი არათუ ხელს არ უშლიდა, არამედ ეხმარებოდა კიდეც (ჯერ იმპერიულ, შემდეგ საბჭოურ ეპოქებში) ქართული კულტურის განვითარებას.
    ოღონდ აქ არის ერთი „მაგრამ“: რუსულ-იმპერიულ ცნობიერებაში ქართული სახელმწიფო და ქართული კულტურა არათუ გაიგივებულია, არამედ კატეგორიულად განსხვავებული. როდესაც პუტინი ამბობს, რომ იგი „ანსხვავებს ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებისაგან“, სინამდვილეში იგი ამით აცხადებს, რომ მიჯნავს ქართველ ხალხს ქართული სახელმწიფოსგან. ანუ რამდენადაც მისაღები და საინტერესოა მათთვის ქართული კულტურულ-ცივილიზაციური ფენომენი, იმდენადვე მტრული და შეურიგებელი დამოკიდებულება აქვთ ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ.
    თავისთავად ამ მტრულ დამოკიდებულებას კი ორი მთავარი მიზეზი უდევს საფუძვლად. ჯერ ერთი, იმპერიული ცნობიერების თვისებრივი შინაარსი ვერ ეგუება იმ ფენომენის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რომელიც საკუთარი იმპერიული გვირგვინის მარგალიტად აღიქმება. მაშინ ეს უკვე აღარ არის მრავალფეროვანი და ძლევამოსილი იმპერიის სიდიადის დამადასტურებელი დეტალი. გარდა ამისა, საკუთრივ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოსკოვს სხვა მხრივაც უქმნის ობიექტურ საფრთხეს: „ქართული სახელმწიფო“, თუკი იგი წარმატებული და მიმზიდველი პროექტი გამოდგა, აუცილებლად შეუქმნის რუსეთს პრობლემებს ჩრდილო კავკასიაში, რადგან იქცევა იმის დამადასტურებელ არგუმენტად და სადემონსტრაციო „ვიტრინად“, თუ რამდენად სასარგებლო და მომგებიანია ზოგადად კავკასიელებისთვის დამოუკიდებლობა - ნაცვლად იმპერიულ სივრცეში ინტეგრაციისა.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ფაქტორი აბოლუტურად ობიექტურია, ანუ არ არის დამოკიდებული საქართველოს კონკრეტული ხელისუფლების რაობაზე ან მის მიერ რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე: განმსაზღვრელია თვით ქართული სახელმწიფოს არსებობის ფაქტი. არადა, თუ სახელმწიფო არსებობს, მისი მთავარი ფუნქცია და თვისება ხომ განვითარება და საკუთარ მოქალაქეთა კეთილდღეობაა?
    აბა რისთვის არსებობს სახელმწიფო, სხვა რა დანიშნულება აქვს? ქართული სახელმწიფოს განვითარება კი ეწინააღმდეგება რუსეთის სახელმწიფოს ინეტრესებს. ეწინააღდეგება (ამას ხაზს ვუსვამ) ობიექტურად - განურჩევლად იმისა, ვინ იქნება საქართველოს ან რუსეთის სათავეში.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ამიტომ, რუსეთი ყოველთვის იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. თანაც, საქართველო არც აქაა გამონაკლისი. მარტივი მაგალითი: სანამ უკრაინის სათავეში ვიქტორ იუშენკო იყო, პუტინი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს პრობლემა კონკრეტულად იუშენკოა და საკმარისია იგი აღარ იყოს უკრაინის ხელისუფლებაში, რომ ყველა პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში იოლად გადაწყდება. მაგრამ გავიდა ხანი, მოვიდა „პრორუსი“ იანუკოვიჩი. მერედა რა - ამით? განა აღარ უწყობს მოსკოვი უკრაინას „გაზის ბლოკადას“ ან ბევრად გაუმჯობესდა (შინაარსობრივად, არა რიტორიკის და „დიპლომატესის“ დონეზე) რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები? რა თქმა უნდა არა! რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში რუსეთისთვის პრობლემა უკრაინელი ხალხი ან უკრაინული კულტურა კი არ არის, მით უმეტეს, რომ იგი რუსული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია, არამედ უკრაინული სახელმწიფო! სანამ იარსებებს უკრაინული სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს მიმართ რუსულ სახელმწიფოს ყოველთვის მტრული დამოკიდებულება ექნება. ყოველთვის შეეცდება, ღიად თუ აშკარად, იგი დაამციროს, დაასუსტოს, შინაგანად გამოფიტოს და „დერჟავაში“ შეათრიოს. ასევე ქართული სახელმწიფოს შემთვევაშიც.
    ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ:
    1) რუსეთი უარს იტყვის საკუთარ „იმპერიულ იდენტობაზე“. არადა, ეს ჯერ-ჯერობით შეულებელია და, კაცმა რომ თქვას, არც ყოფილა ისტორიაში ასეთი შემთხვევა, ერს იმპერიულ იდენტობაზე ნებაყოფლობით ეთქვას უარი: ახლადშობილი გერმანული და იაპონური იმპერიული იდენტობა (რომელთაც განსაკუთრებით მდიდარი ისტორიული ტრადიცია არც ედო საფუძვლად) მეორე მსოფლიო ომმა დაანგრია. მხოლოდ ამის შემდეგ იქცნენ ისინი ჩვეულებრივ, ცივილიზებულ „ნაციებად“. ბრიტანული (ანგლო-საქსური) იმპერიული იდენტობა დაინგრა შორეულ (ოკეანისმიღმა) სამფლობელოებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების შედეგად. თუმცა, იგი მაინც იჩენს ხოლმე თავს თუნდაც ისეთ „წვრილმანებში“ (თითქოს) როგორც ფოლკლენდის კუნძულების გამო არგენტინასთან დაპირისპირება და ჩრდილო ირლანდიის პრობლემაა.
    რუსები კი ომში არ დამარცხებულან. გერმანელების ან იაპონელების მსგავსად კრახი არ განუცდიათ, ხოლო იმპერიის მეზობელი (და არა შორეული) ტერიტორიების დაკარგვას „დროებით გაუგებრობად“ აღიქვამენ.
    2) გამოდის, რაკი რუსულ-იმპერიული იდენტობა შენარჩუნებულია, საქართველომ უნდა თქვას უარი სახელმწიფოებრიობაზე და კვლავ აირჩიოს სხვის იმპერიულ გვირგვინში „უნიკალური მარგალიტის“ როლი. ეს რა თქმა უნდა გამორიცხულია: სახელმწიფოდ არსებობა ერის თვისებრივი, მოუშლელი ინსტიქტია და მის წინააღმდეგ წასვლა ისტორიულად უპერსპექტივო ბოროტმოქმედება - თუნდაც სხვა ერთა მაგალითების გათვალიწინებითაც.
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოება უნდა შეურიგდეს იმ აზრს, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივად არსებობა, მაშინ რუსეთთან „კარგი და ტკბილი“ ურთიერთობა უბრალოდ არ გვექნება - ყოველთვის იძულებულნი ვიქნებით ამა თუ იმ ფორმით დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა რუსეთის მრავალგვარი აგრესიისაგან.
    პუტინის განცხადება განსაკუთრებით ნიშანდობლივია იმის ფონზე, რაც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხდება. რუსეთი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს საამისოდ, რათა ეს „ბერკეტები“ ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად, დასამცირებლად და დასაკნინებად გამოიყენოს. თანაც, ამ პროცესში რუსი „დერჟავნიკები“ საკუთარ თავსაც არწმუნებენ, რომ ქართველ ხალხს სულაც არაფერს ერჩიან - ებრძვიან მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ქართული სახელმწიფო (საქართველოს ხელისუფლება) სხვაა და ქართველი ხალხი - სხვა.
    როგორი ხელისუფელბაც არ უნდა ავირჩიოთ, ვინც არ უნდა მოვიყვანოთ ქვეყნის სათავეში, ეს წინააღმდეგობა და ინტერესთა კონფქლიტი შენარჩუნდება, რადგან თუ იგი არ დაეთანხმება იმპერიის აღდგენის პუტინისეულ გეგმას და შესაბამის ალგორითმს („საბაჟო კავშირი“ – „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“ – „ევრაზიული კავშირი“), მის მიმართ დამოკიდებულებაც ზუსტად ისეთივე იქნება (რეალურად, ანუ საქმით და არა სიტყვით), როგორიც იყი გამსახურდიას, შევარდნაძის, ახლა საააკშვილის მიმართ. ან როგორიც იყო უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოსა და ამჟამად არის პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ.
    ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბოროტება რუსი ერის გენეტიკური კოდია. უბრალოდ, მისი იდენტობა ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა და იმპერიის გარეშე იგი დაკნინდება. ხაზს ვუსვამ: ახალი იდენტობა კი არ ჩამოუყალიბდება (როგორც მოხდა გერმანიის, იაპონიის ან იგივე ბრიტანეთის შემთხვევაში), არამედ არსებული იდენტობა დაუკნინდება. ამიტომ, რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება ამ იდენტობის დაკნინება (ესე იგი წარსულში „იმპერიული გვირგვინის“ მშვენებად მიჩნეული, დღეს კი მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის განმტკიცება) არ დაუშვას.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    არც თუ კომფორტული და სასიამოვნო რეალობაა აგრეთვე იმის შეგნება, რომ იდენტობის ცვლილება ევოლუციით არ ხდება - მის შეცვლას ისტორიული კატაკლიზმი სჭირდება. რუსეთი კი პირველი „ბირთვული იმპერიაა“ კაცობრიობის ისტორიაში. რომის იმპერიას რომ ასეთი ძალა ჰქონოდა, ალბათ დღემდე იარსებებდა.
    აქედან გამომდინარე, მასთან მეზობლობა ყოველთვის იქნება რისკების შემცველი, საქართველოს ნებიმიერ ხელისუფლებას კი მუდამ მოუწევს ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გარანტიათა ძიება დღევანდელ მსოფლიოში არებულ სხვა „ძალის წყაროებში“, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ესე იგი სახელმწიფოებრიობა არ აღიზიანებთ და „იდენტობის ტკივილებს“ არ უჩენთ.

2012