საქართველოს დიდი ნარკოტრანზიტი ემუქრება

საქართველოს დიდი ნარკოტრანზიტი ემუქრება

   

    დასავლური პრესის ცნობით, ზოგადად კავკასია და განსაკუთრებით საქართველო უკვე იქცა ძალიან სერიოზულ და ხელსაყრელ სატრანზიტო დერეფნად ნარკოტიკების ექსპორტისათვის აზიიდან-ევროპაში;
    ჯერჯრეობით სწორედ ამაში გამოიხატება ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი «გეოპოლიტიკური მდებარეობა». არც ერთი თვალსაზრისით საქართველო «საკვანძო სატრანსპორტო ქვეყნად» არ იქცეოდა ცენტრალური აზიისათვის და არც იქცევა, ვინაიდან, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ «აბრეშუმის გზაზე», ეს გზა ირანსა და თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე გადიოდა და დღესაც ამ ქვეყნებზე გადის.
    რაც შეეხება ნარკოტიკებს, ამ «პროდუქციის» ექსპორტისათვის კი საქართველო ყველაზე ხელსაყრელი «დერეფანია» შესაბამისი სტრუქტურების სისუსტისა და არაპროფესიონალიზმის, აგრეთვე (მეტწილად) ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების არქონის გამო.
    ნარკოტიკების ექსპორტი ევროპასა და მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ძირითადად ორი ქვეყნიდან, - პაკისტანიდან და ავღანეთიდან. ჩამოყალიბებულია კოლოსალური ნარკოსინდიკატი, რომელსაც თავისი მაშტაბებით თვით კოლუმბიის ნარკოსინდიკატიც ვერ შეედრება.
    სპეციალისტთა აზრით, პაკისტანის მთავრობა მფარველობს ნარკომაფიას, რომელსაც საიდუმლოდ უზარმაზარი თანხები შეაქვს ამ ქვეყნის ბიუჯეტში. აღარაფერს ვამბობ ავღანეთზე, სადაც ამჯერად სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევს.
    «თალიბები» შესაძლოა თავად არ ხმარობენ ნარკოტიკებს (ვინაიდან მართლაც ისლამისტი ფანატიკოსები არიან), მაგრამ ნარკობიზნესს ნამდვილად არ ითაკილებენ, რათა იარაღი შეიძინონ.
    ნარკომაფიისათვის უმთავრესი პრობლემა სწორედ ტრანზიტია. ათწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა სხვადასხვა მარშრუტები, რომლითაც «კურიერებს» ევროპაში ძვირადღირებული ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
    ტექნოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით შეიქმნა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებები (ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე უზარმაზარი ქიმიური ლაბორატორიები მოქმედებს), რომელთა ტრანსპორტირება გაადვილებულია მოცულობის სიმცირის გამო.
    მაგალითად, ჰეროინისა და «ლსდ»-ს დოზა შეიძლება პატარა კოლოფში ჩაეტიოს, მაგრამ ათეულობით მილიონი დოლარი ღირდეს. მიუხედავად ამისა, ევროპელებმა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა გულხელდაკრეფილნი არ მსხდარან, სათანადო კონტრზომები მიიღეს და ნარკოტიკების აღმოსაჩენად რთული ტექნოლოგიური სისტემაც შექმნეს.
    ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა, რომ, ნარკოვაჭართა ყველა ხერხი და მეთოდი გაიშიფრა. ეს უკანასკნელნი იძულებულნი შეიქმნენ, ნარკოტიკების «მინიკონტეინერების» ყლაპვაც დაეწყოთ, - იქნებ ამ გზით მაინც გაეტანათ «ძვირფასი ნივთიერება» მდიდარ ევროპულ ბაზარზე, მაგრამ ეს მეთოდიც უსარგებლო გახდა.
    ზოგადად, ნარკომოვაჭრეთათვის უპირველესი პრობლემა ყოველთვის აეროპორტი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ მართალია საჰაერო გზით ნარკოტიკების ჩატანა დანიშნულების ადგილზე ძალიან სწრაფად ხდება, მაგრამ ამ ტრანსპორტის «ნაკლი» ის არის, რომ მასზე ყველაზე მეტად არის გამკაცრებული კონტროლი, ყველაზე აქტიურად გამოიყენება სპეცსაშუალებები ნარკოტიკების აღმოსაჩენად და შესაბამისი სამსახურების ყველაზე კვალიფიციური თანამშრომლები სწორედ აეროპორტში აკონტროლებენ ვითარებას.
    მაგრამ ნარკოტიკების ღირებულება (თვითღირებულებასთან შედარებით) იმდენად დიდია, ნებისმიერი ხარჯი (კურიერის ხანგრძლივ მოგზაურობასთან და მის კვებასთან დაკავშირებით) გამართლებული ხდება; ამიტომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ნარკოტიკების ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან (ავღანეთიდან, პაკისტანის სუბრეგიონებიდან) ევროპაში ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტით ხდება.
    ყველაზე ხელსაყრელი მაინც საავტომობილო ტრანსპორტია, ვინაიდან კონტროლი ამ სფეროში შედარებით სუსტია. ოღონდ საავტომობილო ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, გულისხმობს შესაბამის შენიღბვას. ე.წ. «რეისავიკებს» გადააქვთ «უწყინარი საქონელი», მაგრამ ეს შენიღბვისთვის კეთდება, სინამდვილეში კი რეისის ძირითადი მიზანია ნარკოტიკით სავსე კონტეინერის ჩატანა დანიშნულების ადგილას, - ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ყველაზე დიდ ფულს იხდიან ამ ავადმყოფურ სიამოვნებაში.
    მაშასადამე, ნარკოსინდიკატები ყურადღებით აანალიზებენ ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, სხვადასხვა სახელმწიფოთა სატრანზიტო შესაძლებლობებს, დიდ ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებზეც კი, რათა აიძულონ ისინი ესა თუ ის სატრანზიტო მიმართულება არჩიონ ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
    ნარკოსინდიკატები ყოველთვის ეჭიდებიან «რეგულარულ ტრანზიტს», რომლის დროსაც ყველაზე ადვილია შესაბამისი ნარკოსატრანზიტო ხაზის ამოქმედება.
    თუმცა, აქაც აუცილებელია ისეთი ქვეყნის შერჩევა, სადაც კონტროლი ძალიან სუსტი იქნება. საქართველოზე არჩევანი სწორედ ამიტომ შეჩერდა - ქართულ სპეცსამსახურს არც შესაბამისი დაფინანსება აქვს, არც ტექნიკური მოწყობილობა, რათა ეს პროცესი შეაჩეროს.
    ბოლო დროს გახმაურებული ინციდენტები, როდესაც საზღვრებთან დიდი რაოდენობის ნარკოტიკები აღმოაჩინეს, იმის მაჩვენებელია, რომ ნარკოტრანზიტის ოდენობა საქართველოს გავლით სულ უფრო იზრდება და აღმოჩენილი კონტეინერები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად გადის.
    როგორც ჩანს, ნარკოსინდიკატი იყენებს უზბეკური ბამბის სატრანზიტო ხაზს, შემდგომ კი გემით ცდილობს ევროპაში შეღწევას. ნარკოკურიერები ბამბის გადამტან მომსახურე პერსონალად არიან შენიღბულნი. გარდა ამისა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში გაუქმებულია სიკვდილით დასჯა და ნარკოტიკებით ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მსუბუქად ისჯება.
    მალაიზიისა და ინდონეზიის «ხაზი» ნარკოტიკების ამერიკაში შეტანისა მას შემდეგ «ჩაიკეტა», რაც ამ ქვეყნებმა ერთი გრამი ნარკოტიკის აღმოჩენისათვის (თუნდაც პირადი მოხმარების მიზნით) სიკვდილით დასჯა შემოიღეს.
    ამ პრობლემის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია «ადგილობრივი საყრდენის» საკითხი, ანუ ჰყავთ თუ არა ნარკოსინდიკატებს დასაყრდენი საქართველოში. სპეციალისტები თვლიან, რომ მიუხედავად ჩვენი სახელმწიფო სისტემის კორუმპირებულობისა, ეს მაინც ძალზე საეჭვოა. საბაჟოსა და სხვა სტრუქტურებში ისედაც «კაი ფული კეთდება», თუნდაც კანონის დაურღვევლად, ანუ უკანონობისა და კანონიერების ზღვარზე.
    მებაჟეს ფულის გაკეთება უბრალოდ იმით შეუძლია, რომ ტვირთის მფლობელს სხვებზე სწრაფად მოემსახუროს, ან ნაკლები «შარი» მოსდოს. ნარკოტიკებთან იგი საქმეს ძნელად დაიჭერს, - რისკის ხარისხი მეტისმეტად დიდია.
    საოცარი პარადოქსია: საქართველოში ნარკოსინდიკატი ვერ ყალიბდება სწორედ იმიტომ, რომ საბაჟო და სხვა სამსახურები კორუმპირებულია. ასეთი სინდიკატი «ფრთებს შლის» იმ ქვეყნებში, სადაც კორუმპირებულობის დონე სახელმწიფო სტრუქტურებში ნაკლებია.
    მეორეს მხრივ, «ნარკოტრანზიტის თემა» საქართველოს შეუძლია აქტიურად გამოიყენოს თანხების მოსაზიდად შესაბამისი სტრუქტურების აღჭურვისათვის.
    ევროპელები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ნარკოტრანზიტის აღსაკვეთად. ამ თანხის თუნდაც მცირე ნაწილი თუ მოხმარდა საქართველოში უმაღლესი დონის ტერმინალთა აღჭურვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების დაფინანსებას, ამით ბევრად უფრო მეტი გაკეთდება, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი შეძლებს უახლეს წლების განმავლობაში.

მერიდიანი, 16 სექტემბერი, 1998 წელი