მეტი ფული – მეტი ხმები

მეტი ფული – მეტი ხმები

 

        გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, როდესაც შედეგს თითქმის მთლიანად განსაზღვრავს «ფინანსურ ტუზთა» სიმძლავრე. ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიებს ჰყავს «ფინანსური ტუზები», რომლებიც საერთო-კორპორაციული ინტერესების მიუხედავად, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებრძოლებიან პოლიტიკურ ლანდშაფტზე ადგილის მოსაპოვებლად.
        ქართულ პოლიტიკას, ამ თვალსაზრისით, ერთი რამ განასხვავებს (ვთქვათ) რუსულისაგან. რუსეთში ანალიტიკოსებმა უცნაური პარადოქსი აღმოაჩინეს.: რაც უფრო დიდი ფინანსები აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, რაც უფრო «მყვირალაა» მისი საარჩევნო კამპანია, რაც უფრო მეტი ფული იხარჯება საარჩევნო აგიტაციისათვის, მით ნაკლებია გამარჯვების შანსი. რუსთა ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებიდან და «სოციალური სამართლიანობის» ლამის რელიგიური განცდიდან გამომდინარე, რუსეთში ძალიან ხშირად (მეტისმეტად ხშირად, რათა წესად ჩაითვალოს და არა წესიდან გამონაკლისად)- იმარჯვებს სწორედ ის კანდიდატი, ვისაც ფული არ ჰყოფნის საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა საწარმოებლად.
        «ღარიბსა» და «მშიერმწყურვალს» გაცილებით მეტი შანსი აქვს რუსეთში, რათა რჩეული გახდეს. აქედან გამომდინარე, ბევრი რუსი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი ეშმაკობს და სპეციალურად ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ფული არა აქვს, ღარიბია და ხელისუფლებისაგან «დაჩაგრული» - ამ გზით უფრო აღწევენ წარმატებას.
        საბედნიეროდ, საქართველოში ამ მხრივ «ნორმალური» ვითარებაა, ამიტომ ფულსა და სიმდიდრეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ არა იმ თვალსაზრისით, როგორც ამერიკაში, სადაც სენატორი აუცილებლად მილიონერი უნდა იყოს (სხვაგვარად, უბრალოდ არ აირჩევენ), მაგრამ საქართველოში, საარჩევნო აგიტაცია მაინც მუშაობს არა კანდიდატის საწინააღმდეგოდ, როგორც რუსეთში (რაც აშკარად არანორმალურია), არამედ მის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მომავალი არჩევნების ბედს მნიშვნელოვანწილად, სწორედ საარჩევნო აგიტაცია გადაწყვეტს. ამას კი ფული სჭირდება, ძალიან დიდი ფული. ფაქტობრივად, ამომრჩეველთა სხვადასხვა საჩუქრებით მომადლიერებასთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ძირითადი ხარჯი სწორედ აგიტაციისათვის აუცილებელი თანხები იქნება, რაც უაღრესად ხელსაყრელია მასმედიისათვის, ვინაიდან ქართულ დამოუკიდებელ მედიას, სწორედ დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, მატერიალურ-ფინანსური ბაზა ესაჭიროება.
        რაც შეეხება ამომრჩეველთათვის დასარიგებელ «ნობათებს», არა მგონია ეს მნიშვ ნელოვან თანხებში გამოიხატოს, ოღონდ «ფინანსურ ტუზებს», პოლიციისა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის როდი შეეშინდებათ: უბრალოდ, საარჩევნო ტექნოლოგიის შესაბამისად, ამგვარი «მოსყიდვა» არაეფექტურია და უაზრო: «საჩუქარს» ამომრჩეველი უეჭველად აიღებს, მადლობასაც ეტყვის, მაგრამ საარჩევნო ჯიხურში ბიულეტენთან «ერთი-ერთზე» დარჩენის შემდეგ ხმას მაინც მისთვის პოლიტიკურად, პიროვნულად (ან თუნდაც ახირების გამო) სასურველ კანდიდატს და პარტიას მისცემს.
        შესაძლოა «ჯინაზე» სხვას მისცეს ხმა – «მე ამას მათხოვარი ხომ არ ვგონივარო». აგრეთვე, არცთუ ისე დიდი თანხა დაიხარჯება საარჩევნო ოლქებში ან უბნებში პოლიციის და თვით საარჩევნო კომისიების წევრთა მოსასყიდად- ეს თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან, კომისიებს კონკურენტი პარტიების წარმომადგენლები შეადგენენ და ისინი ერთობლივად «აკონტროლებენ» ხელისუფლების დანიშნულ წევრების მოქმედებას.
        ამრიგად, ისევ და ისევ, ფული და კაპიტალი პარტიებს სჭირდებათ, რათა თავისი «საქონელი» ამომრჩეველს რაც შეიძლება «ლამაზად შეფუთულად» მიაწოდოს, ანუ საარჩევნო აგიტაციის საწარმოებლად. რაც უფრო ლამაზი და მომხიბლავი საარჩევნო კლიპი ექნება პარტიას, რაც უფრო ხშირად გადაიცემა მისი «პოლიტიკური რეკლამა» პრესტიჟული ტელე და რადიო არხებით, რაც უფრო ხშირად ჩაატარებს იგი ღონისძიებებს რაიონებში, რასაც, აგრეთვე, დიდი ძალა ესაჭიროება, თუნდაც «საარჩევნო რაზმის» გადაადგილებისათვის, რაც უფრო მეტი იქნება მისი საარჩევნო პლაკატი გამოკრული შენობებზე, ხეებზე და ა.შ, მით უფრო მეტი შანსი ექნება პარტიას.
        სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, «მოქალაქეთა კავშირი» პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც სახელისუფლებო პარტია, ვინაიდან აგიტაციისათვის მას ნაკლები თანხა ესაჭიროება – ხელისუფლება ხომ ისედაც მასმედიის ყურადღების ცენტრშია, ამიტომ «სმკ»-ს ლიდერებს გარანტირებული აქვთ არა მხოლოდ ოფიციოზის, არამედ დამოუკიდებელი მასმედიის ყურადღება.
        უნდა ვაღიაროთ, რომ ჟვანია, სააკაშვილი და ლორთქიფანიძე ამ პრივილეგიას საკმაოდ ოსტატურად იყენებენ, - თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, თითქოს «მოქალაქეთა კავშირს» მხოლოდ «სახელისუფლებო პრივილეგიები» ეყოფა და თანხები არ დასჭირდება: საარჩევნო აგიტაციის სიძლიერისა და მრავალფეროვნების მიხედვით, ამა თუ იმ პარტიის სიძლიერეზე მსჯელობს არა მხოლოდ ქართველი, არამედ ნებისმიერი ნორმალური ამომრჩეველი, რომელიც მოქმედებს ცინიკური განწყობით, რომლის არსი, არანაკლებ ცინიკური ქართული ანალიზით გამოიხატება: «შენდებოდეს – შეეწიე, ინგრეოდეს – შეესიეო».
        საქართველოს პოლიტიკურ მზისქვეშეთში მოქმედი პარტიები ყოველნაირად შეეცდებიან, რაც შეიძლება ლამაზი გოდოლი ააგონ და შესაბამისი სანახაობაც მოაწყონ ოქტომბერში «პურსა და სანახაობას დანატრებული» ამომრჩევლისათვის, რათა «თვალი მოსწყვიტონ».
        სწორედ ამაში დაიხარჯება თანხა, თუმცა ბევრისთვის ეს სარფიანი კაპიტალდაბანდებაა.

7 დღე, 13 სექტემბერი, 1999 წელი