საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მაისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მაისი 2022 წელი

21 მაისს აფხაზეთში აღნიშნეს რუსეთ-კავკასიის ომის (Русско-кавказская война) დამთავრების 158 წლისთავი.

ეს თარიღი 21 მაისს აღინიშნება აფხაზეთში 2011 წლიდან (მანამდე 31 მაისს აღინიშნებოდა) და ამ თარიღის ისტორიაც ძალიან საინტერესოა: სწორედ 2011 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ XIX საუკუნეში.

ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზები (ისინი რუსებმა ხელოვნურად გაყვეს 3 ერად: ჩერქეზები, ყაბარდოელები და ადიღეველები) სწორედ 21 მაისს აღნიშნავენ ამ დღეს.

ამიტომაც აფხაზებმა, მიუხედავად საქართველოსადმი ნეგატიური რესენტიმენტისა, გადაწყვიტეს 2011 წლიდან სწორედ 21 მაისს აღენიშნათ ეს დღე.

აფხაზები თვითონაც `ჩერქეზული სამყაროს` ნაწილად თვლიან თავს და თავადაც მოყვნენ იმ გენოციდში, როცა რუსებმა ასი ათასობით აფხაზი განდევნეს აფხაზეთიდან.  მათ `მაჰაჯირები` (რწმენის მაძიებელნი) ეწოდებოდათ.

21 მაისს ჩერქეზები იმიტომ აღნიშნავენ ამ დღეს, რომ Русско-кавказская война-ს დასრულების თარიღად ითვლება 1864 წლის 21 მაისი, როცა ქბაადას ველზე (დღევანდელი სოჭის `კრასნაია პოლიანა` - სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა) გაიმართა რუსეთის საიმპერატორო არმიის `გამარჯვებულთა აღლუმი`, რომელშიც....ქართული მილიციაც იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ქართველი თავადაზნაურობა

სოხუმში არსებობს `მაჰაჯირთა სანაპირო`.  ამ სანაპიროზე, ყოველ 21 მაისს იკრიბებიან აფხაზები და ზღვაში გვირგვინებს უშვებენ.

სხვათა შორის, წელს 21 მაისის აღნიშვნა ჩრდილო კავკასიაში აკრძალეს - უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს მოსკოვს ნუ გავაღიზიანებთო. თუმცა აფხაზეთში მაინც ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება

მაჰაჯირობაზე და აფხაზების აფხაზეთიდან განდევნაზე ლაპარაკი აფხაზებმა 1989 წლიდან დაიწყეს - თბილისში 9 აპრილის მოვლენების შემდეგ.

ზოგადად ამ თემას ისინი ფრთხილად ეკიდებოდნენ და ეკიდებიან, რადგან რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, ხოლო რუსეთის გაღიზიანებისა მათ ძალიან ეშინიათ - ვაითუ ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაგვაბრუნოსო.

რაც ზღაპარია რასაკვირველია.

. . . . . . . . . .

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ის მზადაა შეხვდეს მხოლოდ ერთ რუს პოლიტიკოსს - ვლადიმერ პუტინს და მხოლოდ ერთი თემის განსახილველად: რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

. . . . . . . . . .

პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა განაცხადა: პოლონეთის პრეზიდენტი გაგიჟდაო.

ანუ თავად შეშლილ მანიაკს ემსახურება და `გაგიჟდაო` პრეზიდენტ ანჟეი დუდაზე ამბობს.

ეს `განცხადება` პესკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვარშავამ საბოლოოდ დაადასტურა: რუსული გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის და რუსულ გაზზე მტკიცედ  ამბობს უარს: `ცოტა ხანს გავიჭირვებთ, მაგრამ რუსებს უკრაინელთა დასახოცად ფულს არ გადავუხდითო`.

რამდენიმე დღის წინ, როცა პოლონეთის პრეზიდენტი კიევში იმყოფებოდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამიერიდან პოლონელებს ყველა ის უფლება ექნებათ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც თვით უკრაინელებს აქვთ. გარდა საარჩევნო უფლებისა.

ფაქტობრივად ეს ამ ორი სახელმწიფოს უნიას ნიშნავს და `ინტერმარინის` (ზღვათაშორეთის) გეოპოლიტიკური კონცეპტის აღორძინებას, რაც ორ ზღვას (ბალტიისა და შავ ზღვას) შორის ერთიანი სივრცის არსებობას გულისხმობს: 17 საუკუნეში არსებობდა სახელმწიფოებრივი გაერთიანება `რეჩ პოსოპოლიტა` - იგივე `დიდი ლიტვა-პოლონეთი`, რომელიც ასევე მოიცავდა უკრაინას.

ამ ომის შედეგად რომ პოლონეთი და ლიტვა უახლოესი მოკავშირეები გახდებოდნენ, იოლი პროგნოზირებადი იყო. აქ ხომ სასიცოცხლო ინტერესებზეა ლაპარაკი!

NATO-ს ქოლგის ქვეშ თუ მოხერხდება, ხომ კარგი, თუმცა პოლონეთი და უკრაინა ისედაც წავლენ უმჭიდროეს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ყოველნაირ უნიაზე. შესაძლოა დიდი ბრიტანეთის პატრონაჟით.

. . . . . . . . . .

მოსკოვში `შემაშფოთებელი` უწოდეს მოლდავეთის პრეზიდენტის, მაია სანდუს რეაქციას პუტინის მილოცვაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა მოლდავეთის პრეზიდენტს `დიდ სამამულო ომში` გამარჯვების 77 წლისთავი მიულოცა (საქართველოს დიდი ხანია აღარ ულოცავს - `ოცნებასაც` კი) და მაია სანდუმ საჯაროდ უპასუხა: `ჩვენ თქვენი მოლოცვა კი არ გვინდა, არამედ მშვიდობაო`.

. . . . . . . . . .

რუსეთის წარმომადგენლობიდან გაეროში (ჟენევის ოფისი) დიპლომატი გაიქცა, როგორც კომუნიზმისა და ცივი ომის დროს ხდებოდა:

ბორის ბონდარევმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და გმობს პუტინის ქმედებას.

რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებენ` სამშობლოს ღალატის` ბრალდებით.

ანუ ზუსტად ის სიტუაციები მეორდება, რაც 40 წლის წინ იყო.

. . . . . . . . . .

რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ლაზერული იარაღის გამოყენება. კერძოდ მოწყობილობისა `პერესვეტ` (Пересвет).

ფაქტობრივად, იქ ახლა პირველად ცდიან რუსები ამ იარაღს.

ჯერ ჯერობით უკრაინული სამხედრო ელექტრონიკის, რადარების `დასაბრმავებლად` იყენებენ, თუმცა ამ იარაღს თეორიულად ბევრად მეტი შეუძლია: სოფლების და მცირე ქალაქების მთლიანად გადაწვა მაგალითად.

. . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამერიკა `სცნობს ერთი ჩინეთის არსებობას, თუმცა არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ტაივანის პრობლემა ძალის გამოყენებით გადაწყვიტოსო`

მნიშვნელოვანი განცხადებაა: ჩინეთი არ აღიარებს ტაივანის De Facto და De Jure არსებობას 1945 წლის შემდეგ, როცა ჩინეთში დასრულდა სამოქალაქო ომი ჩინელ კომუნისტებსა და ჩინელ ანტიკომუნისტებს შორის. თუმცა დღემდე სამხედრო შეტევას ვერ ბედავდა.

ხოლო ამერიკა  არ აღიარებს კუნძულ ტაივანს De jure, თუმცა აქტიურად თანამშრომლობს მასთან De facto.

ჩინეთი ამას ურიგდებოდა, თუმცა ბოლო დროს პეკინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტაივანს ძალით დაიბრუნებს, რასაც ვაშინგტონის მრისხანე რეაქცია მოჰყვა: ამერიკამ ერთდროულად სამი ავიამზიდი დაძრა ტაივანისკენ. ანუ წყნარი ოკეანის ფლოტის უდიდესი ნაწილი.

პეკინმა გააპროტესტა ბაიდენის ბოლო განცხადება, ასევე საავიამზიდო ჯგუფების ამოძრავება და ამ ყოველივეს `ძალიან სახიფათო` უწოდა.

. . . . . . . . . .

საოცრება ხდება ერთი შეხედვით რუსულ რუბლთან დაკავშირებით: მას შემდეგ, რაც დასავლეთმა სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ და საქონლის, ასევე მომსახურების მთელი ნომენკლატურის რუსეთში ექსპორტი აკრძალა, ხოლო დასავლურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ რუსული რუბლი მოკვდებოდა. მართლაც, პირველ დღეებში 1 დოლარი უკვე 140-150 რუბლი ღირდა, თუმცა ახლა ისევ გამყარდა და დაახლოებით 65 რუბლი ღირს.

ამ უცნაურობას სამი მიზეზი აქვს

  1. რაკი იმპორტი არ ხდება, ხოლო დასავლური საწარმოები (მაკდონალდსიდან - სიმენსამდე) რუსეთში დაიხურა, დოლარი და ევრო რუსეთიდან აღარ გადის.
  2. ძვირი ნავთობი ზრდის სავალუტო შემოსავლებს რუსულ ბიუჯეტში.
  3. რუსეთის მთავრობამ ტოტალურად აკრძალა დოლარის გატანა ქვეყნიდან და გადარიცხვაც კი.

თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ ეს დროებითია, რადგან ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს სხვაგან იყიდოს და `ჩაანაცვლოს`  დასავლური პროდუქცია, ანუ დაიწყოს დოლარის ხარჯვა.

. . . . . . . . . .

`როსკოსმოსის`დირექტორი, დიმიტრი როგოზინი ძალიან გაბრაზებულია იაპონიაზე იმის გამო, რომ ტოკიომ მოსკოვის საწინააღდმეგო პოზიცია დაიკავა უკრაინის საკითხში.

ამიტომ როგოზინი პუტინს საჯაროდ სთავაზობს, იაპონია დასაჯონ იმით, რომ სახელები გადაარქვან შიკოტანისა და ჰობომაის იაპონურ კუნძულებს, რომლებიც რუსეთმა (სსრკ-მ) დაიპყრო მეორე მსოფლიო ომის დროს - როცა ამერიკამ ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროშიმასა და ნაგასაკში.

როგოზინის წინადადებით, კუნძულებს უნდა დაერქვას `ვარიაგი` და `კორეელი`, - იმ რუსული სამხედრო გემების საპატიცემულოდ, რომლებიც იაპონურმა ფლოტმა ჩაძირა 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის დროს.

ეს ეპიზოდიც მეტყველებს, რა მენტალობის ხალხი უდგას დღეს სათავეში რუსეთს: მათი მთელი აზროვნება წარსულისა და იმპერიული დიდებისკენაა მიმართული. ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ საუკუნეთა მანძილზე.

. . . . . . . . . .

პუტინის ნათელ-მირონმა მედვედჩუკმა, - პრორუსული პარტია `სიცოცხლისთვის` ლიდერმა, რომელიც ახლა კიევში დაპატიმრებულია სამშობლოს ღალატის ბრალდებით, - ჩვენება მისცა ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ.

ჩვენების მიხედვით, პოროშენკო აქტიურად თანამშრომლობდა პუტინთან. მათ შორის საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს ლობირებდა და ნავთობზე კორუფციულ სქემებს ალაგებდა.

არ არის გამორიცხული, უკრაინის პროკურატურამ, ამ ჩვენებათა  საფუძვალზე, საქმეც აღძრას პოროშენკოს წინააღმდეგ.