საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მაისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მაისი. 2023 წელი

უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. როგორც პრემიერ-მინისტრ სუნაკის განცხადებებიდან ჩანს, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირველმა მიაწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორსმსროლელი რაკეტები Storm Shadow, ასევე პირველი იქნება საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაშიც.

აქ არის ერთი საინტერესო სისტემური მომენტი: დასავლეთს, ბუნებრივია, აწუხებს ომი რუსეთთან. აწუხებს სანქციების შემოღება, რაკი დანაკარგი მისთვსიაც დიდია, მაგრამ.....რაკი არ ხერხდება ვერ ომის დასრულება რაიმე მორიგებით რუსეთთან, დასავლეთში უკვე იმ დასკვნამდე მიდიან,  მაშინ სჯობს ეს `თავის ტკივილი` მოიშორონ იმით, რომ.......უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი!

ომიც მაშინ დამთავრდება, როცა უკრაინა დაამარცხებს პუტინს.

სწორედ ამ სისტემური მიზეზით აიხსნება, რომ უკრაინას სულ უფრო თანამედროვე და მძლავრ იარაღს აწვდიან.

დიდი ბრიტანეთი ამ მხრივ პირველია, თუმცა არა უკანასკნელი.

მეორე სისტემური ფაქტორიც უნდა აღინიშნოს: ყველას გვახსოვს, რამდენს საუბრობდნენ (განსაკუთრებით რუსები), რომ დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ არ შეასრულეს (ვითომ) `ბუდაპეშტის მემორანდუმით` ნაკისრი ვალდებულებები. ეს ძალიან უხაროდათ განსაკუთრებით რუს პროპაგანდისტებს.

2014 წლიდან სულ ამაზე ლაპარაკობდნენ: ხომ ხედავთ რა...`.გადამგდებია` დასავლეთი: `ბუდაპეშტის მემორანდუმით` იკისრა ვალდებულება, უკრაინას დაიცავდა მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (სანაცვლოდ უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე) და ეს ვალდებულება არ შაესრულაო.`-ბოროტ სიხარულს ვერ მალავდნენ.

არადა, როგორ არ შეასრულა? განა არ ასრულებს ამ ვალდებულებას იმით, რომ უახლეს და უძლიერეს იარაღს აწვდის ამჟამად უკრაინას, რათა ქვეყანამ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა?!

განსაკუთრებით სწორედ ის ორი ქვეყანა (აშშ და დიდი ბრიტანეთი) აქტიურობს და ლიდერობს ამ მხრივ, რომლებიც აწერდნენ ხელს 1994 წლის `ბუდაპეშტის მემორანდუმს` რუსეთთან ერთად.

სინამდვილეში დიდი სახელმწიფოები მუდამ იცავენ ამა თუ იმ ქმედითი ფორმით თავის ვალდებულებებს, თუკი ამ ვალდებულებებს ხელი მოაწერეს.

ასე რომ, სულ ტყუილად უხაროდათ რუს პროპაგანდისტებს, რუს პოლიტიკოსებს, თვითონ პუტინს და ამერიკა-ინგლისის ყველა მოძულეს მსოფლიოში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რესპექტაბელური Washington Post აქვეყნებს სენსაციურ მასალას, რომ კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` მფლობელი და მეთაური, პუტინის უახლოესი სალდაფონი ევგენი პრიგოჟინი რამდენჯერმე დაუკავშირდა უკრაინის სამხედრო დაზვერვას და მოლაპარაკებები შესთავაზა`

უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

როგორც ჩანს საქმე ძალიან შორს წავიდა, თუკი პრიგოჟინი უკვე არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს და რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს ლანძღავს, არამედ უკრაინის დაზვერვასაც `ელაპარაკება`.

WP მეტისმეტად სერიოზული რესურსია, ამ ინფორმაციას რაღაც საფუძველი არ ჰქონდეს.

უფრო კონკრეტულად: ამერიკული რესურსი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომ პრიგოჟინი უკრაინის დაზვერვას სთავაზობდა, გადაეცა რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფთა დისლოკაციის ადგილები იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინა ბახმუტს დაუთმობდა `ვაგნერს` და პრიგოჟინს ექნებოდა საშუალება გამარჯვება გამოეცხადებინა თუნდაც რუსული რეგულარული არმიის დამარცხების ფონზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული სპეცსამსახურები უკვე პირდაპირ, დაუფარავად დასცინიან რუსეთს.

CIA-მ სარეკლამო ვიდეო განათავსა ყველა ცნობილ პლატფორმაზე (Facebook, Instagram, Twitter) მათ შორის რუსულ Telegram-ზე, რომლითაც მოუწოდებს რუსებს, ვინც მუშაობს სამხედრო-სამრეწველო სფეროში, ან დასაქმებულია დიპლომატიის სფეროში და საერთოდ ყველა რუსს, ვისაც რაიმე ფასეული ინფორმაცია აქვს, ითანამშრომლოს ამერიკულ დაზვერვასთან: ``ჩვენ თქვენი იმაზე უკეთ გვესმის, ვიდრე თქვენ გგონიათ`` - ნათქვამია განცხადებაში.

საეჭვოა CIA-ს არ ესმოდეს, რომ ამ გზით ძნელად სავარაუდოა სერიოზული წყაროების `დავერბოვკება`; თუმცა ეს ერთგვარი ირონიაა. `პროფესიული დაცინვა`, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი პუტინის აგრესიის შედეგად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

შემდეგი თემა მუდმივ ყურადღებას საჭიროებს, რადგან გლობალური კატასტროფის მომასწავებელია: ბევრს შეუძლებლად მიაჩნია ამერიკის დეფოლტი, მაგრამ....განა ვინმე წარმოიდგენდა Covid-19 პანდემიას ან დიდ ომს ევროპაში სულ რაღაც 10 წლის წინ?

დღეს, სამშაბათს, პრეზიდენტი ბაიდენი კვლავ შეხვდება კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებს, რათა დაითანხმოს ისინი აშშ სუვერენული და სახელმწიფო (ესე იგი საგარეო და საშინაო) ვალის `ჭერის გაზრდაზე` 31 ტრილიონ (!) დოლარზე მეტად.

აშშ ფინანსთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ დეფოლტი 1 ივნისს დადგება.

ბაიდენი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რაკი თითქოს გამოიკვეთა შესაძლო კომპრომისი კონტურები. კერძოდ, სახელმწიფო ხარჯების        გაზრდა ზოგიერთი `მეორეხარისხოვანი` მიმართულებით.

ეს ამერიკისთვისაა `მეორეხარისხოვანი`, თორემ მსოფლიოსთვის შესაძლოა პირველხარისხოვანიც აღმოჩნდეს.

აბა რა მოხდება მსოფლიოში, თუ (მ ა გ ა  ლ ი თ ა დ) ამერიკის ადმინისტრაცია შეწყვეტს International monetary fund -ის დაფინანსებას?

ბევრი ამერიკელი კონგრესმენი და სენატორი დიდი ხანია აცხადებს, რომ აშშ `წყალში ყრის` ამ ფულს.

კომპრომისის დეტალები ჯერ უცნობია.

1 ივნისი კი არც ისე შორსაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიას უკვე აღარ აქვს პოტენციალი სერიოზული შეტევითი ოპერაციები აწარმოოს.

რუსები გადასული არიან თავდაცვაზე. უკვე 6 თვეა სანგრებს თხრიან და ტანკსაწინააღმდეგო საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ ათასკილომეტრიანი ფრონტის მთელს სიგრძეზე.

სამაგიეროდ, როგორც უკრაინული სამხედრო დაზვერვა აღნიშნავს, რუსეთს აქვს პოტენციალი განაგრძოს სარაკეტო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე.

თუმცა იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს უკვე გაუთავდა ზებგერითი რაკეტები (Калибр) და ახლა იყენებს საზენიტო სისტემებს С-300 უკრაინული ქალაქების დასაბომბად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

Al Jazeera ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას, რომ მოსალოდნელი კრახით დაშინებული პუტინი ცდილობს ჩინეთი გამოიყენოს ევროკავშირზე ზეწოლისთვის, რათა ჩინეთმა და ევროკავშირმა ერთობლივად  განახორციელონ ე.წ. `საშუამავლო მისია` და პუტინი უკრაინას დაუზავდეს უკვე დაპყრობილი ტერიტორიების მისაკუთრების პირობით.

პუტინი ითვალისწინებს, რომ ევროკავშირს, მისი სისტემური სირთულიდან გამომდინარე, ჩინეთთან ცოტა სხვა ყაიდის ურთიერთობა აქვს, ვიდრე ამერიკას: უფრო დამთმობი და ინტეგრალური.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააპატიმრეს 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე.

ქრთამის მიმცემია ვინმე ბიზნესმენი ჟევაგო.

კიდევ 18 მოსამართლის ბინაზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ყველა მათგანი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეა.

მოკლედ.....ესენი თავისას არ იშლიან.

რისი ღირსია ადამიანი, მოქალაქე, მოსამართლე, რომელიც უკრაინისთვის ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს, - როცა უკრაინელი გმირები ქვეყნისთვის იხოცებიან, - ამას სჩადის?’

რიტორიკული კითხვაა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სულაც არ არღვევს დასავლეთის საქნციებს.

მან აღიარა მხოლოდ ის, რომ სომხურ ბიზნესს `უყვარს იმ ახალ სქემებში მონაწილეობა, რაც გაჩნდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა შემოღების შემდეგო`

`მაგრამ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ ამ დროს სანქციები არ ირღვეოდესო` - უმალვე თავი იმართლა სომხეთის პრემიერმა.

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა ერევანი აშკარად გააფრთხილა: `არ დაეხმაროს რუსეთს!`

თუმცა სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ნაკლებ სავარაუდოა მაშინ, როცა დასავლეთი ვერაფრით ეხმარება აზერბაიჯანის წინააღდმეგ ომში.

და ეს გარემოება `სომეხმა ბიზნესმენებმა` ძალიან კარგად იციან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის სპეცპროკურორმა ჯონ დარემმა ფაქტობრივად ბრალად დასდო FBI-ს, რომ უსაფუძვლოდ აწარმოებდა გამოძიებას დონალდ ტრამპის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.

როგორც მოგეხსენებათ, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო 2016 წელს.

დარემის დასკვნით, ამ საქმეზე გამოძიების დასაწყებად FBI-ს არ გააჩნდა `გონივრულ ეჭვს მიღმა` სტანდარტი.

 

გარდა ამისა, სპეცპროკურორი აღნიშნავს, რომ FBI მოქმედებდა ორმაგი სტანდარტით: არ აწარმოებდა ასეთივე მკაცრ გამოძიებას ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ (დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტისა 2016 წელს), რომელიც ჩვეულებრივ ელექტრონულ ფოსტას იყენებდა, როცა სახელმწიფო მდივანი იყო.