საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივლისი 2022წ-II
თემა: ჩინეთი - IV
G7 და მისი `ანტიპეკინური პროექტი` Build Back Better World
. . . . . . . . . .
ივნისის ბოლოს, `დიდი შვიდეულის` (G7 – აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, იაპონია) ბავარიის სამიტზე, მსოფლიო ლიდერებმა გადაწყვიტეს, განახორციელონ გლობალური მნიშვნელობის პროქტი Build Back Better World (BBBW - აღადგინე და გააუმჯობესე მსოფლიო)
სახელწოდებიდან გამომდინარე, იგი თითქოს კოვიდ-პანდემიის შემდეგ განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ისახავს მიზნად, რაკი `ჩამორჩენილ მსოფლიოს` არ გააჩნია რესურსები თვითაღდგენისთვის; თუმცა G7 არც მალავს, რომ ამ გრანდიოზული, 600 მილიარდიანი პროექტის მთავარი მიზანია პეკინთან მეტოქეობა, რათა ავტორიტარულმა, ავტოკრატიულმა, ტოტალიტარულმა, კომუნისტურმა ჩინეთმა ვერ ისარგებლოს პანდემიის უმძიმესი გლობალური შედეგებით, რათა საკუთარი გავლენა მოახვიოს თავს განვითარებად ქვეყნებს აზიასა და აფრიკაში, მისი გზა-სარტყელის სტრატეგიული ინიციატივის გამოყენებით (Belt and Road Initiative – BRI).
აღსანიშნავია, რომ პირველად, დასავლური ალტერნატივა გაჟღერდა ჯერ კიდევ შარშან - G7 კორნოუელის (ინგლისი) სამიტზე და უკვე მაშინ იყო საუბარი, რომ დასავლეთი აუცილებლად გამოყოფს დიდძალ სახსრებს, რათა დაეხმაროს აზია/აფრიკას ეკონომიკურ და სოციალურ რეაბილიტაციაში. თუმცა როგორც პაატა ჩეკურიშვილი წერდა ჯერ კიდევ შარშან, თავდაპირველად ლაპარაკი იყო აბსოლუტურად არარეალისტურ თანხაზე - 40 ტრილიონ დოლარზე. წლევანდელი 600 მილიარდი დოლარი კი ამ ექსპერტს ბევრად რეალისტურად მიაჩნია.
ბავარიის სამიტმა გადაწყვიტა გამოყოს 600 მილიარდი. აქედან 200 მილიარდს გამოყოფს აშშ, ხოლო დანარჩენს, - ევროპა და იაპონია.
აქ საინტერესო ისაა, რომ იგულისხმება არა მხოლოდ სახელმწიფო სახსრები, ანუ არა მხოლოდ ამერიკული და ევროპული ქვეყნების ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, არამედ კერძო ინვესტიციებიც. ამერიკასაც და ევროპასაც აქვთ ინსტრუმენტები კერძო ინვესტიციათა წასახალისებლად, მაგალითად მათი სახელმწიფო დაზღვევა ამერიკული OPIC (Overseas Private Investment Corporation) სახელმწიფო ფონდიდან. ანალოგიური რესურსი აქვს ევროპასაც.
ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაკი ეს პროექტი ნამდვილად გულისხმობს ინფრასტრუქტურის წინმსწრებად განვითარებას ჩინური სტრატეგიის პასუხად, პეკინმა BRI პროექტში 11 წლის მანძილზე უკვე ტრილიონი დოლარის ჩადება მოასწრო და ხელშეკრულებებიც გააფორმა, ანუ ბევრი მკვლევარი ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ დააგვიანა დასავლეთმა?
ასეა თუ ისე, `დიდმა შვიდეულმა` ნამდვილად `დადო` 600 მილიარდიანი პაკეტი, რომელიც ასეთივე ინფრასტრუქტურული სისტემის აგებას გულისხმობს - თითქმის BRI პარალელურად!
ოღონდ აქ არის სამი მნიშვნელოვანი ნიუანსი:
ა) დასავლეთის ტექნოლოგიური უპოირატესობა ჩინეთზე არსად არ გამქრალა. ყველაფერი, რაც აქვს ამ მხრივ ჩინეთს, სინამდვილეში დასავლეთის ტექნოლოგიური მონაპოვარია. მათ შორის ტელეკომუნიკაციების სფეროში!
`შვიდეულმა` თუ მოინდომა და ნამდვილ კონფრონტაციაზე წავიდა, მას სრულებით შეუძლია ჩინეთს `გადაუკეტოს` ის ტექნოლოგიური `ჟანგბადი`, რის გარეშეც იგი ვერანაირ `გზა/სარტყელის` კონცეპტს ვერ განახორციელებს.
დასაველთს შეუძლია შეუწყვიტოს მას არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ საჭირო და აუცილებელი კომპონენტების და მოწყობილობების თუ სოფტ- პროგრამების მიწოდება, რის გარეშეც ჩინური` სარტყელი` ვერ იფუნქციონირებს.
ოღონდ ეს მოხდება უკიდურესი კონფრონტაციის შემთხვევაში;
ჯერ ამ ხარისხის უკიდურესი კონფრონტაცია არა გვაქვს, მაგრამ ოტტო ფონ ბისმარკს ეკუთვნის გენიალური ფრაზა, რომელიც სახელმძღავნელო უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის ქართველი პოლიტიკოსისთვის: `მთავარია არა განზრახვები, არამედ შესაძლებლობანი`. ანუ არა სურვილი, არამედ პოტენციალი, უნარი, რესურსები, რომლებიც ( ბოდიში ნახევრადჟარგონისთვის) `რამე რომ იყოს` მისცემს დასავლეთს იმის შესაძლებლობას, დაბლოკოს `გზა-სარტყელი` ან ყოველ შემთხვევაში, ხელი შეუშალოს მას.
ძალიან სერიოზულადაც შეუშალოს ხელი - იმდენად, რომ BR აგების დროსაც და განსაკუთრებით ფუნქციონირების დროსაც მან უკუამოგება ვერ შეძლოს. ეს ყოველივე პირდაპირ არ ყოფილა ნათქვამი G7 სამიტზე, თუმცაღა იგულისხმებოდა
ბ) აქ არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ი ა პ ო ნ ი ა!
იაპონია ჩინეთის ისტორიული მტერი, მეტოქე და კონკურენტია.
გააჩნია, სხვადასხვა ეპოქაში როგორ, თუმცა ამა თუ იმ ხარისხით, ამა თუ იმ შინაარსით - მუდმივად მტრები იყვნენ ან კონკურენტები.
იაპონია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა, არც თუ უემოციოდ უყურებს ჩინეთის გავლენის ზრდას აზიაში და წყნარ ოკეანეში: მეორე მსოფლიო ომი ხომ სწორედ იმიტომ დაიწყო იაპონიამ, რომ სურდა აზიასა და წყნარ უკეანეში `ერთიანი კეთილდღეობის სივრცე` შეექმნა, აზიელი ხალხები იაპონიის ღვთაებრივი იმპერატორის სკიპტრას ქვეშ გაეერთიანებინა.
ახლა ჩინურ `გზა/სარტყელს` ერთგვარი ეჭვით აკვირდებიან იაპონელები და....შურითაც, რომ ჩინეთს შეუძლია განახორციელოს ის, რაც იაპონიამ ვერ შეძლო.
ამიტომ, გამომდინარე ისტორიული რესენტიმენტიდან, იაპონია, როგორც ჩინეთზე ბევრად ტექნოლოგიურად განვითარებული, ბევრად ტექნოლოგიურად და ტექნიკურად აღჭურვილი, ჩინეთზე კიდევ უფრო მდიდარი და შემძლე, მასზე მეტად ჯანსაღი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, ყველაფერს იღონებს რათა დიდი შვიდეულის BBBW პროექტის ფარგლებში, ესე იგი G7 და აშშ `ქოლგის ქვეშ`, მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ჩინეთს, რათა არ დაუშვას ჩინური ჰეგემონია ევრაზიაში.
ეს არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენციის თემა. ვიმეორებ: იაპონური ელიტებისთვის ეს ისტორიული რესენტიმენტის თემაცაა და ამერიკელ სტრატეგოსებს ეს მომენტი(ც) უეჭველად გათვალისწინებული ექნებოდათ, როცა G7 ფარგლებში ჩინეთის BRI-ის საწინააღმდეგო BBBW კონცეპტის პრომოუტირებას ახორციელებდნენ:
ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ საქმეში იაპონია მისი გულმხურვალე მხარდამჭერი იქნება პეკინის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ევროპელი მოკავშირეები გარკვეული სკეპტიციზმით შეხვდნენ ამერიკულ პროექტს.
ჯერ კიდევ შარშან, კორნოუელის სამიტზე გააჟღერა იგი ბაიდენმა, მაგრამ განსაკუთრებით ფრანგებმა და გერმანელებმა ითრიეს ფეხი: აბა რად გვინდა ასე ვაწყენინოთ სი ზინპინს, რაში გვჭირდება ასე ომი გამოვუცხადოთ ჩინეთსო.
ახლა მათი დარწმუნება ბაიდენის ადმინისტრაციამ იმის წყალობით მოახერხა, რომ სი ზინპინი პუტინის უახლოესი მოკავშირეა გლობალური ომის დროს, რასაც კრემლი აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღდმეგ, ანუ სი ზინპინიც ანტიდასავლური პროექტის ნაწილი გახდა, ნაცვლად იმისა, დასავლეთის ნაწილად ქცეულიყო.
გ) მესამე ფაქტორი ყველაზე არსებითი და საინტერესოა. ეს არის ღირებულებითი არგუმენტაცია, რომელიც` შვიდეულის სამიტზე` გააჟღერა ბაიდენმა და ეხება ჩინეთის ფუნდამენტურ ღირებულებით სხვაობას დასავლეთთან, რისი მეშვეობითაც მან მოიპოვა ერთგვარი უპირატესობა განვითარების ტემპების მხრივ.
ანუ, დავაკვირდეთ რა `ფილოსოფია` ჩადო ბაიდენმა BRI-ის საწინააღდმეგო BBBW კონცეპტში: ჩინეთი, მისი `გზა/სარტყელის` განხორციელებისას იყენებს ფაქტიურად მონურ შრომას, არღვევს ადამიანის სოციალურ უფლებებს, ანუ მხოლოდ მიზერს უხდის ადგილობრივ მუშა ხელს ევრაზიაში, არ უქმნის მათ სოციალური დაცულობის, სამედიცინო დაზღვევის ელემენტარულ პირობებს, აფორმებს ფულის გარეცხვისა და კორუფციის თვალსაზრისით `გაუმჭვირვალე` კონტრაქტებს, იყენებს ბავშვთა შრომას (იგულისმება მოზარდები), გასცემს კაბალურ სესხებს, განგებ აიაფებს ეროვნულ ვალუტას იუანს, იპარავს დასავლურ ტექნოლოგიებს, ხოლო კომუნიკაციების აგებისას, ყველანაირად ცდილობს მაქსიმალურად დამოკიდებული გახადოს ეს ქვეყნები პეკინზე და ა.შ და ა.შ.
მაშასადამე......ყველა ის არგუმენტაცია, რითაც დასავლეთი ხსნის ბოლო 25 წლის მანძილზე ჩინეთის წარმატებას, ახლა კონცენტრირებულია BRI საწინააღდმეგოდ.
არადა, ეს არგუმენტები ხომ ზოგადად ჩინური სასწაულის წინააღდმეგაც შეიძლება იყოს გამოყენებული? განა რას ამბობდა სხვას დონალდ ტრამპი, როცა ხელისუფლებაში მოვიდა და ეკონომიკური ომი გამოუცხადა ჩინეთს?
დონალდი ამბობდა და ამბობდა ლოგიკურად: ჩინეთმა მოიპოვა წვდომა ჩვენს ბაზრებზე, ჩინეთმა წაგვართვა უმაღლესი კლასის საწარმოები და გადმოიტანა ისინი ჩინეთის ტერიტორიაზე, რადგან.....იმის წყალობით რომ....იმის გამოყენებით რომ...... იქ ყველაფერს აკონტროლებს სახელმწიფო, იქ არ არსებობენ ნამდვილი პროფკავშირები, იქ სახელმწიფო ხელოვნურად აუფასურებს იუანს, იქ არ არსებობს მუშა-ხელის სოციალური დაცვის სიტემები, ჩინელი მუშა მზად არის 100 დოლარად იმუშავოს იმდენი და იმდენ ხანს, რასაც ამერიკელი მუშა 1 000 დოლარადაც არ იმუშავებს, ჩინეთში არ ტარდება არჩევნები, არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს მიტინგებისა და შეკრებების თავისუფლება, არ არსებობს ხელისუფლებათა ცვალებადობა.....და ა.შ.
`ამ პირობებში როგორ გავუწიოთ გლობალური კონკურენცია ჩინეთს?` - მართებულად კითხულობდა ტრამპი.
გამოდის, ახლა ბაიდენი იმეორებს ტრამპის არგუმენტებს, ოღონდ ჯერ ლოკალურად - BRI საწინააღმდეგოდ, რაკი ეს პროექტი მას აზიაში, აფრიკაში და წყნარ ოკეანეში ამერიკის Superiority-სთვის ხიფათის შემცველად მიაჩნია.
მაგრამ ამ ლოგიკით, სულ მალე ამერიკამ და დასავლეთმა ჩინეთს შესაძლოა მოსთხოვის მისი სოციალური და პოლიტიკური სისტემების გათანაბრება დასავლურ სტანდარტებთან, ანუ ფაქტიურად, კომუნისტური რეჟიმის ნაცვლად დემოკრატიული სისტემის დაფუძნება და მხოლოდ ამის შემდეგ- თავისუფალი კონკურენცია, მხოლოდ ამის შემდეგ - წვდომა დასავლურ ბაზრებსა და ტექნოლოგიებზე.
ბუნებრივია ეს ძალიან სარისკო სტრატეგიაა, მაგრამ დარწმუნებით შერიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ რაც პუტინს მოუგრეხს კისერს, ამერიკა პირველ რიგში სწორედ ამ საქმით დაკავდება, ანუ ჩინეთის ვესტერნიზაციით და გადემოკრატიულებით.
წინააღდმეგ შემთხვევაში დაემუქრება მას დენ სიაპინის წინა მშიერ და ღატაკ ეპოქაში დაბრუნებით.
და ამერიკას ეს ნამდვიალდ ბშეუძლია, თუ მოინდომა და გარისკა. \კაცმა რომ თქვას ბაიდენს ბევრად ნაკლები აქვს უკვე დასაკარგი ვიდრე იმავე ტრამპს.
BBBW მხოლოდ პირველი ნაბიჯი და საცდელი პროექტია ამ მხრივ.
დათო