საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივნისი. 2023 წელი

დღევანდელი მსოფლიოს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ ე.წ. `განვითარებადი` ქვეყნები აზიასა და აფრიკაში სულაც არ უთვლიან რუსეთს დიდ დანაშაულად უკრაინაში შეჭრას.

სწორედ ამგვარი მიდგომის მაგალითია ალჟირის პრეზიდენტის, აბდელმაჯიდ ტებუნის ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში და პუტინთან `სტრატეგიული თანამშრომლობის` შესახებ დოკუმენტის გაფორება.

იგულისხმება, რომ რამდენიმე წლის შემდეგ (თუ, ღმერთმა ნუ ქნას, უკრაინა დაამარცხა) პუტინს მიეცემა ალჟირში სამხედრო ბაზის დაფუძნების საშუალება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუსეთი და ალჟირი, როგორც მსოფლიოში ბუნებრივი აირის დიდი მწარმოებლები, ამ სფეროშიც შეათანხმებენ მოქმედებას.

სწორედ ამიტომ, ის ევროპელი `ჭკუისკოლოფები`, ვინც ამბობს: `უკრაინა შორსაა და რას ვიტკივებთ თავს მისი გულისთვისო`, სინამდვილეში ევროპისა და ევროატლანტიკური ცივილიზაციის მოსისხლე მტრები არიან თავიანთი ტოტალური იდიოტიზმით: ალჟირი, რომელსაც (ისევე როგორც ჩრდილო ევროპის ქვეყნების უმრავლესობას) ანტიევროპული და ანტიდასავლური რესენტიმენტები აქვს ფრანგული კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული (ისლამზეც რომ აღარაფერი ვთქვათ) ევროკავშირის უშუალო მეზობელია ხმელთაშუა ზღვით და ბუნებრივ აირსაც უშუალოდ აწვდის საფრანგეთს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანას.

ამიტომ თუ პუტინმა მოახერხა იქ `ფეხის მოკიდება`, ეს ევროპას ეგზისტენციურ საფრთხეს შეუქმნის!

პუტინმა და ერდოღანმა უკვე `გაიყვეს` გავლენა მეზობელ ლიბიაში.  

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა პირველად აღიარა, რომ იწყალებს უმძიმესი დანაშაულებისთვის (მათ შორის მკვლელობა, ძარცვა და ა.შ) მსჯავრდებულ პირებს, რათა ისინი გათავისუფლდნენ ციხეებიდან, კოლონიებიდან და მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ყველამ იცოდა, რომ პუტინის `მზარეულად` წოდებული ოლიგარქი პრიგოჟინი დადიოდა ზონებში, `ავერბოვკებდა` პატიმრებს და 40 000 მათგანი (!) წაიყვანა კიდეც თავის `კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში`, თუმცა არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რა `იურიდიულ` მექანიზმს იყენებდა ამ დროს პრიგოჟინი.

ახლა პუტინმა, რუს სამხედრო ბლოგერებთან კრემლში შეხვედრისას აღიარა, რომ მასთან შეაქვთ შესაწყალებელ პირთა სია და ის უბრალოდ აწერს ხელს. წაუკითხავად.

კვლავ შეგახსენებთ, რომ რუსეთსითვის ეს ჩვეულებრივი ამბავია: ასე იქცეოდა სტალინიც მეორე მსოფლიო ომის დროს.

`მცირე` სხვაობით: სტალინი პრეზიდენტი არ იყო და ფორმალურად თვითონ ვერ შეიწყალებდა: აფორმებდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით.

თუმცა რეალურად იგივე იყო.

მოსკოვი 1941 წლის ნოემბერ-დეკემბერში მნიშვნელოვანწილად (არა 100%-ით, თუმცა მნიშვნელოვანწილად) ამით გადარჩა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მოლდავეთის ეკონომიკის მინისტრმა, დმიტრი ალაიბამ განაცხადა, რომ მოლდავეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობა, მისი თქმით, შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რაც მოლდოვამ გასულ წელს მიიღო.

მაგრამ ალაიბამ იქვე დასძინა, რომ მოლდოვა გავა დსთ-დან, თუმცა შეეცდება შეინარჩუნოს ის ეკონომიკური ხელშეკრულებები, რაც ამ ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმდა 1992 წლიდან.

მნიშვნელოვანი განცხადებაა რამდენიმე მიზეზის გამო

 

ა) როგორც ჩანს პოლიტიკური გადაწყვეტილება დსთ-დან  გასვლის შესახებ კიშინიოვში, ბუქარესტში და ბრიუსელში უკვე მიღებულია.

სხვაგვარად მართლა არ გამოვა: ერთის მხრივ ევროკავშირის წევრობისთვის იღვწოდე, ყველა ეკონომიკური ბენეფიტი გინდოდეს, რასაც ევროკავშირის წევრობა ან თუნდაც `ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება` ითვალისწინებს და იმავდროულად დსთ-ს წევრობას ინარჩუნებდე.......... არანაირად არ გამოვა.

ეს თავი რომც დავანებოთ იმ პოლიტიკურ უხერხულობას (რბილად თუ ვიტყვით), რომ დსთ-ს ლიდერი სახელმწიფო, - რუსეთი -  აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

 

ბ) დსთ-ს ფარგლებში ნამდვილად არსებობს რამდენიმე შეთანხმება, რომელიც საშუალებას აძლევდა მოლდოვას, თავისი ტრადიციული პროდუქციით (ღვინო და ა.შ.) ევაჭრა დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან.

ამიტომ, თითქოს, რეალისტურია დსთ-დან გავიდეს, შემდეგ ბრიუსელს სთხოვოს ეს შეღავათი და მიუხედავად `თავისუფალ ზონაში` მონაწილეობისა, შეინარჩუნოს სავაჭრო შეთანხმებები დსთ-ს ფარგლებში.

იმ დათქმით, რომ დსთ `არ არის მხოლოდ რუსეთი`.

მაგრამ.....ამას რუსეთი არ დაეთანხმება!

ამგვარ ვარიანტზე იანუკოვიჩიც მიდიოდა, თუმცა პუტინი არ დაეთანხმა.

სწორედ მოსკოვმა დააყენა მაშინ საკითხი იანუკოვიჩის წინაშე ასე: `ან-ან`: ან ევროკავშირის `თავისუფალი სავაჭრო ზონა`, ან `დსთ`-ს სავაჭრო

ზონა. იანუკოვიჩმა მაშინ არჩევანი გააკეთა, ხელმოწერა გააუქმა და `შედეგიც` მიიღო.

რუსეთი აკონტროლებს სატრანზიტო გზებს დსთ-ში და არანაირად არ გამოვა დსთ-დან გახვიდე, თუმცა ყირგიზეთში ღვინოს ყიდდე - მაშინვე გაუძვირებს ტრანზიტის და ტრანსპორტის ხარჯებს.

 

ბევრმა არ იცის, რომ ე.წ. `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა` (დსთ), რომელიც 1991 წელს შექმნეს ელცინმა და მისმა იმდროინდელმა ჭკვიანმა თანაშემწეებმა: ბურბულისმა და შახრაიმ, სრულიად განსაკუთრებული ორგანიზაციაა, რომლის `საკონტროლო პაკეტი` ეკუთვნის მოსკოვს.

ანუ, დსთ-ს წესდება ისეა დაწერილი, რომ `თანამეგობრობის` ყველა სახელმწიფოც რომ იყოს რუსეთის წინააღმდეგი, დსთ-ს ფარგლებში მაინც ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული რომელიმე  ქვეორგანიზაციაში (ასეთი კი უამრავი შეიქმნა დსთ-ს ფარგლებში), რომლის წინააღდმეგი იქნება რუსეთი. ოღონდ ეს ხდება არა იმ მექანიზმით, რომ რუსეთს `ვეტოს` უფლება აქვს.

არა.

რეალურად საქმე უარესადაა:

მარტივად რომ ავხსნათ, პრინციპი იგივეა, რაც IMF-ში, სადაც ამერიკას აქვს `საკონტროლო პაკეტი` და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველა სახელმწიფოც რომ მომხრე იყოს (თეორიულად რომც წარმოვიდგინოთ ასეთი რამ) ამერიკის გარეშე IMF მაინც ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

 

`დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა` დაფუძნდა 1991 წლის 7 დეკემბერს, როცა რუსეთმა (ბორის ელცინი) უკრაინამ (ლეონიდ კრავჩუკი) და ბელორუსმა (სტანისლავ შუშკევიჩი) სსრკ დაშლილად გამოაცხადეს.

შემდეგ, 21 დეკემბერს, ამ სამ ქვეყანას, ალმა-ატას დეკლარაციით  შეუერთდა ყოფილი სსრკ კიდევ 8 რესპუბლიკა (ბალტიის 3 ქვეყნის და საქართველოს გარდა).

საინტერესო ფაქტია, რომ 7 დეკემბერს, როცა ელცინი, შუშკევიჩი და კრავჩუკი ხელს აწერდნენ დსთ-ს შექმნას, მათ მიიწვიეს მეოთხე - ყაზახეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ნაზარბაევი. ანუ `მეოთხე შენ იყავიო`.

მაგრამ ნურსულთან ნაზარბაევი ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გაქნილი პოლიტიკოსი იყო.

მან რაღაც მოიმიზეზა და ბელორუსის ტყეში სანადირო აგარაკზე (Беловежская пуща-ში) არ ჩავიდა, რათა სსრკ-ს დანგრევა, რუსი იმპერიალისტების თვალში, მას არ დაბრალებოდა.

საქართველო დსთ-ს შეუერთდა ფორმალურად, ანუ დე-ფაქტო, 1993 წლის ოქტომბერში, როცა სახელმწიფოს მეთაურმა შევარდნაძემ შესაბამისი განცხადება გააკეთა;

 ხოლო იურიდიულად, 1994 წლის 1 მარტს, პარლამენტის მძვინვარე სხდომის შედეგად, როცა დიდი ჩხუბის და დავიდარაბას შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მაინც განახორციელა  დსთ-ს წესდების რატიფიცირება.

ორი დღის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე ვაშინგტონში გაფრინდა მისთვის ჩვეული `დაბალანსების პოლიტიკის` ფარგლებში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი СУ-27 გუშინ, 14 ივნისს,  პროვოკაციულად მიუახლოვდა ესტონეთის საჰაერო სივრცეს.

მათ ჰაერში `გადასაჭერად` (Interseption) NATO-ს სარდლობამ დაუყოვნებლივ ასწია ჰაერში ორი ბრიტანული Typhoon, რომლებიც ესტონეთის ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულნი.

ამგვარ პროვოკაციებს რუსეთი ხშირად მიმართავს, რათა შეამოწმოს, რომელი ქვეყნის ავიაგამანადგურებლები ავლენ ჰაერში დასახვედრად და რამდენად სწრაფია რეაგირება,.

ესტონეთი კარგად არის დაცული NATO-ს საექსპედიციო საჰაერო შენაერთ 140 (EAW)-ს საბრძოლო თვითმფრინავებით.

 

გუშინ, ოთხშაბათს, ამერიკის საჰაერო ძალების სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება:  ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში (ქუვეიტსა და ყატარში) გადაისროლოს რამდენიმე F-22 Raptor ავიაგამანადგურებელი.

 ეს გადაწყვეტილებაც მთლიანად უკავშირდება რუსული ავიაციის პროვოკაციულ მოქმედებას ამ რეგიონში.

ბუნებრივია, უპირველესად სირიაში.

თუმცა არა მხოლოდ:

სირიის ბაზებიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები ხშირად პროვოკაციულად უახლოვდებიან და `წკიპზეც` არიან რეგიონში ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეთა საჰაერო სივრციდან.

ისრაელს ვერ უბედავენ, თორემ ამერიკის მოკავშირე არაბულ სახელმწიფოებს - საკმაოდ ხშირად.

პუტინი აშკარად ზრდის ფსონებს, რათა მიმდინარე ომს დიდი რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა შესძინოს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის სენატის  საგარეო საქმეთა კომიტეტმა (სენატორი ჯინ რიში) დაბლოკა უნგრეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა მანამ, სანამ უნგრეთი არ დაეთანხმება შვედეთის გაწევრებას NATO-ში.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის მიღებას ალიანსში არა მხოლოდ თურქეთი ეწინააღმდეგება, არამედ უნგრეთიც, რაკი შვედეთის ხელისუფლება და პარლამენტი ხშირად აკრიტიკებს უნგრეთის ავტორიტარ ლიდერ ვიქტორ ორბანს.

წინასწარი შეთანხმებით, უნგრეთს ამერიკისგან შეღავათიან ფასად უნდა შეეძინა 24 ბატარეა შორსმსროლელი სისტემა HIMARS.