ლოთი ქობალიას სასამართლო:

ლოთი ქობალიას სასამართლო:


        ხელისუფლება ამაოდ ცდილობს მორალური გამარჯვების მოპოვებას
   

    რამდენიმე დღის წინ თბილისში დაიწყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლის, ეროვნული გვარდიის სარდლის, ვახტანგ (ლოთი) ქობალიას სასამართლო პროცესი.
    ამ პროცესს ხელისუფლების მიერ ანგაჟირებული პრესა დიდ ყურადღებას უთმობს. სავსებით აშკარაა, რომ ოფიციოზი ცდილობს მორალური გამარჯვება მოიპოვოს და მოახერხოს როგორც პირველი პრეზიდენტის, ასევე მისი მომხრეების დისკრედიტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში. მაგრამ იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ამ მცდელობიდან არაფერი გამოვა და ხელისუფლების პროპაგანდისტული ძალისხმევა სრულიად ფუჭად ჩაივლის.
    როგორც ცნობილია, ლოთი ქობალიას ბრალს სდებენ ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობაში (!!), სახელმწიფო ქონების მითვისებაში, აფხაზ სეპარატისტებთან ალიანსში, სამთავრობო ჯარების წარმომადგენელთა და ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობაში.
    რაც შეეხება «ხელისუფლების დამხობას», ამის თაობაზე ოფიციოზი დიდ ხმაურს არ სტეხს და ცდილობს ამ ბრალდებას განსაკუთრებით არ გაუსვას ხაზი, რადგან კარგად ესმის, რომ ეს ბრალდება იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავად წინა ხელისუფლების დამხობის გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში, ელემენტარულად «ბოროტი ანეგდოტია»; ყოველ შემთხვევაში, ეს ბრალდება მას «მორალურ დივიდენდებს» ვერ მოუტანს. ამიტომ ყურადღება ძირითადად სხვა ბრალდებებზე მახვილდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მორალური გამარჯვების მიღწევას ცდილობს.

    ამ შემთხვევაში ამოსავალია იმ მოვლენის მორალური შეფასება, რომელიც საქართველოში ოთხი წლის წინ მოხდა: 1991 წლის მიწურულსა და 1992 წლის დასაწყისში, რუსეთის სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების დახმარებით, ბინძურმა კრიმინალურმა ხროვამ, რომელსაც არაფერი ამოძრავებდა პირადი ინტერესების, ანგარების, პიროვნული ანგარიშების გარდა, დაამხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება, რითაც დასაბამი მისცა საქართველოში სამოქალაქო ომს.
    კრემლის მითითებით მოქმედი ეს ხროვა მიზნად ისახავდა ხელისუფლების დაუფლებას, ხოლო თავად კრემლი - საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის დეფორმაციას, სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი პრეცედენტის შექმნას, საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაციას, «მართვადი ქაოსის» სისტემის ამოქმედებას და ა.შ.
    შემდგომმა ისტორიულმა პერიოდმა დაადასტურა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია მართალი იყო სტრატეგიულ საკითხებში. კერძოდ, იგი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ სახელმწიფოებრიობა პირველადია, ხოლო დემოკრატია - მეორადი; მართალი იყო, როცა ცდილობდა სტრატეგიული კომპრომისის მიღწევას აფხაზეთში, - საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს შორის; მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ საქართველო ვერ მოიპოვებს დამოუკიდებლობას ჩრდილოეთ კავკასიასთან დაპირისპირებით, ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასია ვერ დააღწევს თავს რუსეთის იმპერიას - საქართველოს ინტერესთა იგნორირებით; ზვიად გამსახურდია აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ე.წ. «რუსული დემოკრატია» სინამდვილეში შენიღბული შოვინიზმია და ჩვენი ქვეყნის მიმართ იმავე მიზნებს ისახავს, რასაც რუსული იმპერიული შოვინიზმი; ზვიად გამსახურდიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობას და «მართვადი ქაოსის» გამეფებას უეჭველად მოყვებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფოს წარმოშობა; მან იმთავითვე ზუსტად შეაფასა, თუ რას წარმოადგენდა ე.წ. «მხედრიონი» და რა მიზნებს ისახავდა იგი; ზვიად გამსახურდია მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ყოვლად აუცილებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა და ა.შ.
    რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიამ ბევრი შეცდომა დაუშვა - უპირველესი მათგანი საკადრო სფეროს შეეხება. საქართველოს პირველი პრეზიდენტი წინდაუხედავად ენდო რამდენიმე ნაძირალას, რომელიც თანამდებობაზე დანიშნა და რომელნიც შემდგომ «ГРУ»-ს ნომენკლატურად იქცნენ; მეორე ტაქტიკური შეცდომა უეჭველად იყო დაშვებული მაშინ, როდესაც ლოთი ქობალიას რაზმმა თბილისის ზღვაზე ალყა შემოარტყა ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ ბანდას - პრეზიდენტს მაშინ ნებისყოფა უნდა გამოეჩინა და ამ დაჯგუფების განიარაღების ბრძანება გაეცა. ეს რომ მაშინ გაკეთებულიყო, საქართველო ბევრ უბედურებას აიცდენდა თავიდან.
    სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გამსახურდიამ სათანადო სიმტკიცე ვერ გამოიჩინა. თუმცა, ამ მოვლენებში დიდი როლი შეასრულა ზოგიერთმა პოლიტიკანმა, ვინც ყველაფერი გააკეთა პუტჩისტთა გადასარჩენად და დღეს კი წუწუნებს: გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ საქართველო რუსეთში დააბრუნაო.

    1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად, საქართველოს სათავეში მოექცა ე.წ. «კანონიერი ქურდების» ბანდა, რომელმაც 1992-1994 წლების განმავლობაში, პირწმინდად გაძარცვა ქვეყანა. ყველაფერი, რისი გატანა და რუსეთის (თუ სხვა ქვეყნების) ბაზარზე გაყიდვა შეიძლებოდა - გატანილი და გაყიდულია. «კანონიერმა ქურდებმა» საქართველო დამნაშავე ელემენტთა სანაგვედ აქციეს, ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს უდიდესი ზიანი მიადგა. მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე პრეზიდენტმა გააკეთა იგივე, რაც ზვიად გამსახურდიამ - ჯერ კიდევ 1991 წელს. ანუ, გაანადგურა «მხედრიონი» და მის თავკაცებს სავსებით სამართლიანად ციხეში უკრა თავი. მაგრამ მაშინ ზემოთხსენებულმა პოლიტიკანებმა ეს კრიმინალები «პოლიტმატიმრებად» გამოაცხადეს, ხოლო მათი თავკაცი, თხემით-ტერფამდე ქურდი, რომელიც საქართველოში ამ ბინძური იდეოლოგიის დამკვიდრებას ცდილობდა - «სინდისის პატიმრად».
    ამრიგად, ისტორია ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, უეჭველად დადებითად შეაფასებს, ვინაიდან სტრატეგიულ საკითხებში იგი მართალი აღმოჩნდა; ასევე გაამართლებს იგი ყველა იმ მებრძოლს (მათ შორის ლოთი ქობალიას), რომელიც მის მხარეს იბრძოდა. სტრატეგიული, ისტორიული სიმართლე ამ შემთხვევაში გადაფარავს «ტაქტიკურ შეცდომებს»; ზოგადი გადაფარავს კერძოს.

    პროკურატურის წარმომადგენლები ლოთი ქობალიას ბრალს იმაშიც სდებდნენ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შეიარაღებული ფორმირებების საჭიროებისათვის იგი ითვისებდა სახელმწიფო ქონებას, ანუ ხორბალს, სატრანსპორტო საშუალებებს და ა.შ.
    მაგრამ ზვიად გამსახურდიას და მის მთავრობას თავი (არც თუ უსაფუძვლოდ) კანონიერ ხელისუფლებად მიაჩნდა და სრული უფლება ჰქონდა, ეღონა ყველაფერი თავისი ძალაუფლების აღსადგენად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ამგვარი ბრალდება ცოტა სასაცილოცაა იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის წარმომადგენლებმაც 1992-1994 წლებში პირწმინდად გაძარცვეს ქვეყანა.
    სწორედ ის «ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი» იყო, 1993 წლის 9 ოქტომბერს სევასტოპოლში რომ გადაფრინდა და «კაი პატივისცემის» ფასად ადმირალი ბალტინი ჩამოიყვანა საქართველოში - ორიათასხუთას რუს «საზღვაო ქვეითთან» ერთად; რუსმა საზღვაო ქვეითებმა, რუსეთის სპეცსამსახურების ელიტარულ სამხედრო ქვედანაყოფებთან და ე.წ. «მხედრიონთან» ერთად ააოხრეს სამეგრელო. სწორედ მათ გადაწვეს დარჩელი!!! - დარჩელის ტრაგედია კი უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ ლაქას საქართველო ვერასდროს ჩამოირეცხავს.

    ლოთი ქობალიას ბრალი ედება ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობაში. ხელისუფლება განსაკუთრებით ამ ფაქტის გამოყენებას ცდილობს მორალური უპირატესობის მოსაპოვებლად. მაგრამ, აქაც ამაოდ დაშვრება, რადგან (ვიმეორებ) ისტორიისათვის ზოგადი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო. თუ ლოთი ქობალიას ასამართლებენ დათო ბოლქვაძეს დახვრეტისათვის (თუმცა ეს ჯერ კიდევ გასარკვევია), მაშინ რატომ არ ასამართლებენ გოჩა ჯიქიას მკვლელს, რომლის ვინაობაც ყველასათვის ცნობილია?
    ლოთი ქობალიას ასამართლებენ აგრეთვე «სამთავრობო ჯარების» წარმომადგენელთა მკვლელობისათვის... ეს უკვე სრული აბსურდია. მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ომი მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია. საბოლოო ჯამში, დამნაშავეა ის, ვინც ეს ომი დაიწყო; ომი კი დაიწყო საქართველოში კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობით.
    თუ ლოთი ქობალიას ასამართლებენ სამთავრობო წარმომადგენელთა მკვლელობისათვის, რატომ არავინ ასამართლებს მაშინდელ ე.წ. «დემოკრატიული გვარდიის» სარდლებს, რომლებიც ამჟამადაც დიდ თანამდებობებზე იმყოფებიან - «მეორე მხარეს» მებრძოლი ახალგაზრდების მკვლელობისათვის?
    გამოდის, ლოთი ქობალიას ასამართლებენ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დამარცხდა სამოქალაქო ომში, ანუ გამარჯვებულები ასამართლებენ დამარცხებულებს, მაგრამ თუ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ (რუსეთის დახმარებით) ფიზიკური გამარჯვება მოიპოვა - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მორალურ გამარჯვებას.

    ახლა, რაც შეეხება აფხაზეთის ომს. ჯერ ერთი, ამ ომის დაწყება იმთავითვე უდიდესი პროვოკაცია იყო. რა თქმა უნდა, «აფხაზური პრობლემა» საქართველოში რეალურად არსებობდა, მაგრამ ომის ინიციატორები ამ პრობლემის გადაწყვეტას როდი ისახავდნენ მიზნად (ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო მათი მთავარი მიზანი). ჩემი ღრმა რწმენით, ომის დაწყების მთავარი მოტივი იყო ხელისუფლების მცდელობა, აფხაზეთში ფართომასშტაბიანი ომის პროვოცირების გზით «საბოლოო გამარჯვება» მოეპოვებინათ სამოქალაქო ომში. ომის ინსპირატორებმა ხომ ძალიან კარგად უწყოდნენ: ეთნიკური სიძულვილით დაბრმავებული აფხაზები არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდნენ ქართველების დაყოფას «ძველი» და «ახალი» ხელისუფლების მომხრეებად. ისინი დაუპირისპირდებოდნენ მთლიანად საქართველოს, ყველა ქართველს. ანუ აფხაზეთის ქართველობა, რომელიც დიდწილად კანონიერ ხელისუფლებას უჭერდა მხარს, იძულებული გახდებოდა მხარი დაეჭირა თბილისის ფაქტობრივი ხელისუფლებისათვის, რათა თავი გადაერჩინა. ეს ძალიან ზუსტად გათვალეს ომის პროვოკატორებმა; თავად ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო.
    აფხაზეთის ომი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო დეკემბერ-იანვრის გადატრიალება და თუ მაინც იქნებოდა, ისე არ წარიმართებოდა როგორც წარიმართა.
    აფხაზეთში ომის დაწყებით დაირღვა ის მყიფე ბალანსი, კომპრომისი, რომელსაც უდიდესი ძალისხმევით მიაღწია ამ რეგიონში ზვიად გამსახურდიამ; დაუყოვნებლივ ამოქმედდა ყველა ის იმპერიული მექანიზმი, რომელთა მოქმედება ზვიად გამსახურდიას «ჩეჩნური ფაქტორის» გამოყენებით ჰქონდა განეიტრალებული. აფხაზეთში ინასკვებოდა ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ინტერესები, საქართველოს პრეზიდენტმა მიაღწია კომპრომისს, რომელიც დაარღვია ძალადობით მოსულმა ხელისუფლებამ, - ამით კი შესანიშნავად ისარგებლა «მესამე ძალამ», ანუ რუსეთმა.
    ბრალდების მიხედვით, «ლოთი ქობალია აწარმოებდა მოლაპარაკებებს არძინბას ხელისუფლებასთან». უპირველეს ყოვლისა, გაურკვეველია, როდის, სად, რა ფორმით და, რაც მთავარია, რა მიზნით წარმოებდა მოლაპარაკება? თბილისში არსებული ხელისუფლება არძინბასთან არათუ მხოლოდ «მოლაპარაკებას აწარმოებდა», არამედ ხელშეკრულებებს დებდა, გაგრადან და სოხუმიდან ჯარები გამოჰყავდა და აფხაზეთს დაუცველს ტოვებდა «რუსეთის გარანტიების» იმედად. შედეგი ცნობილია.

    ყველაზე ბინძური და უსინდისო ბრალდება ლოთი ქობალიას მიმართ არის ის, თითქოს იგი არძინბას შეიარაღებული ფორმირებების მხარეზე იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ.
    მოდით, ფაქტები გავიხსენოთ: 1993 წლის 2 ივლისს, აფხაზებმა ტამიშთან გადმოსხეს მძლავრი დესანტი, რითაც გადაკეტეს ოჩამჩირე-სოხუმის ტრასა; ლოთი ქობალიას ფორმირებებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს საბრძოლო მოქმედება მათ წინააღმდეგ და ძალიან დიდი როლი შეასრულეს ტრასის გახსნაში - მაშინ ამას ოფიციოზიც კი არ უარყოფდა, თუმცა, იმავე ოფიციოზმა, სწორედ იმ დროს, სამეგრელოს მხედრიონის «დამსჯელი რაზმები» შეუსია.
    ლოთი ქობალიას რაზმმა, ტამიშთან ბრძოლაში, რამდენიმე ათეული მებრძოლი დაკარგა. სამაგიეროდ, სოხუმის დაცემის საფრთხე იმ დროს თავიდან იქნა აცილებული. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზებმა დაარღვიეს «რუსეთის ეგიდით» დადებული ე.წ. «სამშვიდობო ხელშეკრულება» და განაახლეს შეტევა სოხუმზე; ნიშანდობლივია, რომ მათ ამჯერად დესანტი გადმოსხეს არა ტამიშთან და ანუარხუსთან, არამედ კოდორის შესართავთან. რამდენიმე დღის განმავლობაში, აფხაზურმა დესანტმა მოასწრო გამაგრება ახალდაბასა და აძიუბჟაში. ამასობაში, განხორციელდა მძლავრი შეტევა სოხუმზე ჩრდილოეთიდან - შრომა-კამანის მიმართულებით. 1993 წლის 20 სექტემბრისათვის ოჩამჩირეში მოხდა ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია. აქ იყვნენ როგორც ე.წ. «სამთავრობო ჯარები» გუჯარ ყურაშვილისა და ჯემალ ჭუმბურიძის მეთაურობით, ასევე ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირებები.
    20-26 სექტემბერს, აძიუბჟასთან მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები; სამწუხაროდ, ქართულმა ჯარებმა ვერ შეძლეს მტრის კარგად გამაგრებული პოზიციების გარღვევა. თუ ლოთი ქობალიას (რომელმაც ამ ბრძოლაში რამოდენიმე ათეული მებრძოლი დაკარგა) ბრალად ის ედება, რომ იგი «სოხუმს არ მიეშველა», მაშინ ასეთივე ბრალდება უნდა წარედგინოს «სამთავრობო ჯარების» სარდლებსაც.
    რაც შეეხება გია ყარყარაშვილის მიერ შემოვლითი გზით სოხუმში გადაყვანილ რამოდენიმე ათეული მებრძოლს - ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. სამხედრო თვალსაზრისით, ამ მანევრს არ შეეძლო დასაცემად განწირული ქალაქის გადარჩენა. ამგვარი სიმბოლური ნაბიჯი ლოთი ქობალიამაც გადადგა ჯერ კიდევ 17 სექტემბერს, როდესაც ფოთიდან თვითმფრინავით გააგზავნა სოხუმში რამოდენიმე ათეული მებრძოლი.

    ყოველივე ზემოთთქმული იმას როდი ნიშნავს, თითქოს ამ სტატიის ავტორი ედუარდ შევარდნაძის მოწინააღმდეგეა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ბოლო დროს რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ კრიმინალური ხროვების განადგურება, რომლებმაც განაპირობეს ბოლო წლების საზარელი ეროვნული ტრაგედია. მაგრამ ეს ხელისუფლება ტყუილად ცდილობს მორალური გამარჯვების მოპოვებას; მორალური თვალსაზრისით იგი დამარცხებულია და ამ რეალობას ვერანაირი «საჩვენებელი პროცესი» ვერ შეცვლის.

«მსგეფსი», 18 თებერვალი, 1996 წელი.