კაკო ასათიანის აქტიურობა დუღილის ზღვარს აღწევს

კაკო ასათიანის აქტიურობა დუღილის ზღვარს აღწევს


   

    ტრადიციონალისტთა ლიდერი დარწმუნებულია, რომ მომავალი (1999 წლის) საპარლამენტო არჩევნები მისი აღორძინების ჟამი იქნება, ამიტომ სულ უფრო უმატებს აქტიურობას და სენსაციურ განცხადებებსაც ზედიზედ აკეთებს
  ასათიანის თქმით, აუცილებელია დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასება, ვინაიდან ყველა ეს გადატრიალება რუსეთისა და ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტიკოსის წისქვილზე ასხამდა წყალს.
    პასუხად, ის პოლიტიკოსები, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ 1991-92 წლების მოვლენებში, იხსენებენ ექსპრეზიდენტისა და მისი მეუღლის განცხადებებს ტრადიციონალისტთა ამჟამინდელი ლიდერის კგბ-ს აგენტობის შესახებ.
    ერთ-ერთ წერილში მანანა არჩვაძე-გამსახურდია კაკო ასათიანს საყვედურობდა, როგორ არ გრცხვენია ხუნტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შენ ხომ ზვიადმა კგბ-ს აგენტობა გაპატიაო. ამ წრეგადასულ მოსაზრებას თუ ირწმუნებ, კაკო ასათიანს საბჭოთა უშიშროებაში მეტსახელიც კი ჰქონია (малыш) - რაც ზვიად გამსახურდიამ «იცოდა, მაგრამ აპატია». ასევე «აპატია» ნემო ბურჭულაძესაც და უამრავ სხვასაც;
    თუ ამ ბრალდებათა ერთგვარ სისტემატიზაციას მოვახდენთ, უცნაურ სურათს მივიღებთ: იმ ცხონებულ ექსპრეზიდენტს გარშემო სულ კგბ-ს აგენტები ჰყოლია. სპეცსამსახურთა აგენტები იყვნენ ისინიც, ვინც ხუნტას შეურიგდა და ისინიც, ვინც მასთან ერთად გროზნოში გაიქცა, აგრეთვე ისინი, ვინც სამეგრელოს ტყეებში ებრძოდა «ხუნტის ჯარებს».
    ერთობ ტრაგიკომიკური სურათი მივიღეთ. მით უმეტეს უცნაურია, რომ თითქმის ყველა, ვინც კგბ-ს ფარულ აგენტობაში იმხილება, თავად უწოდებს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას იმავე რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტს. და რაც ყველაზე საგანგაშოა, ზვიად გამსახურდიას ყოველივე ეს კარგად სცოდნია (მეტსახელ-ფსევდონიმების ჩათვლით), მაგრამ «უპატიებია» - მათ შორის კაკო ასათიანისათვის. თავის მხრივ, «უზენაესი საბჭოს» ყოფილ თავმჯდომარეს დაჟინებით ეძახდნენ გროზნოში, მაგრამ ჯიუტად არ მიდიოდა და გამსახურდიას უთვლიდა, ირგვლივ მიმოიხედე, - ვის გარემოცვაში ხარო.
    კგბ-ს აგენტები საქართველოში, როგორც ჩანს, მოსახლეობაზე მეტი ყოფილან და ყველგან შეუღწევიათ. კგბ-ს აგენტი აღმოჩნდა ყველა: ცკ-ს პირველი მდივნიდან - ეროვნული მოძრაობის რიგით წევრამდე. თუ ასე გაგრძელდა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მთელ ქართველ ერს «კგბ»-ს აგენტი უნდა ეწოდოს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
    აკაკი ასათიანი იოტისოდენად არ ნაღვლობს (სავსებით საფუძვლიანადაც) და არ განიცდის მსგავს ბრალდებებს; საერთოდ სასაცილო იქნებოდა რაიმეს განცდა იმ ვითარებაში, როდესაც მთელი ქართველი ერი კგბ-ს აგენტი აღმოჩნდა, - მეტსახელად Грузины; ამიტომ იგი სულ უფრო მეტად უმატებს პოლიტიკურ ტემპერატურას და ასე გასტანს სულ მცირე 1999 წლის დასაწყისამდე.
    გასაგებია, რომ შემოდგომაც ახლოვდება, ანუ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ტრადიციონალისტებმა ვერ მიაღწიეს მთავარს - «ადგილებზე» მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოები აირჩევა და ძალთა რეალური განლაგება ქვეყანაში არ შეიცვლება.
    საპარლამენტო არჩევნებზე ასათიანი ალბათ «აღორძინებასთან» ერთად აპირებს აღორძინებას. თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ თუ მოისურვებს ვინმესთან შეკავშირებას ან თუ მოისურვებს - რა პირობებით.

მერიდიანი, 11 მარტი, 1998 წ.