საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ნოემბერი 2024 წელი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დავალებით, ფინეთის ექს-პრეზიდენტმა ნიინისტემ მოამზადა Report ევროკავშირის სამხედრო და უსაფრთხოების მზადყოფნისა და მდგომარეობის შესახებ.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი კვლევა ევროკომისიამ მოითხოვა მაშინ, როცა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო NATO-ს ფარგლებში მოკავშირეა....უკვე განსაკუთრებულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, ფინეთის ექსპრემიერის მიერ შეკრებილი სპეციალისტები წერენ, რომ მიუხედავად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის „ქოლგისა“ ევროკავშირს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ადრეც ამბობდნენ ევროპის დედაქალაქებში, რომ ევროპას ცალკე სტრატეგია სჭირდება...„ევროპულ არმიაზეც“ კი ლაპარაკობდნენ ზოგჯერ, რისი „გულანიც“ უნდა გამხდარიყო გერმანულ-ფრანგული კონტინგენტი.
აქ ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდი კი არიან მოკავშირეები და ალიანსის მეთაურობა მათ „ფარავს“, მაგრამ ერთობლივი ფრანგულ-გერმანულ-ნიდერლანდური კონტინგენტი, როგორც ასეთი - „ველზე“ და საერთო ერთმმართველობით - არ არსებობს.
თუმცა დასკვნა, რაც ფინეთის ექს-პრემიერის მონაწილეობით და ორგანიზებით მომზადდა, ასე შორს არ მიდის.
მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რათა მოამზადოს მოსახლეობა რუსეთთან დიდი ომისთვის - რამდენი საკვები მოიმარაგონ, როგორ მოაწყონ თავშესაფრები ბომბებისგან დასაცავად და ა.შ.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ინიციატივები ინსპირირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით.
საბედნიეროდ, ევროკავშირის (ბრიუსელის) ელიტებს, მით უმეტეს ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსს და მოღვაწეს, როგორიც ქალბატონი ურსულაა (გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი) შესანიშნავად ესმის რა საფრთხეს უქადის მათ პუტინის რუსეთი.
მაშინ როდესაც ზოგიერთ ევროპელ ლიდერს ეს არ ესმის ელემენტარული პროვოკატორობის ან გონებრივი სიჩლუნგის გამო. მაგალითად ამ Report ის კომენტირებისას სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომ განაცხადა: „რა სიგიჟეა, თითქოს რუსეთი ევროკავშირს დაესმება თავსო“.
ანუ ეს სუბიექტი მხოლოდ იმაზე თვლის თავისი მარტივი „ინტელექტით“, რომ რუსული არმია სლოვაკეთამდე ვერ მიაღწევს თორემ იმას კი არ ფიქრობს, რომ რუსული არმია „იქვეა“ ევროკავშირის წევრ ლიტვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან და მუდამ მზადყოფნაშია.
მათ შორის კალინინგრადის ანკლავიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას პუტინი ვერ გაბედავდა უკრაინაში შეჭრას.
და თუ ახლა ტრამპი გახდება აშშ პრეზიდენტი, იგი დაურეკავს პუტინს და ეტყვის: „კმარა“.
რას ეფუძნება ეს რწმენა, ძნელი სათქმელია.
ყოველ შემთხვევაში, ჯონსონს უკვე უპასუხა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. „თუ ტრამპი პუტინს დაურეკავს ამ თემაზე, პუტინი უპასუხებს, რომ აუცილებელია ზელენსკი დაარწმუნოს კაპიტულაციის აუცილებლობაშიო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
The Economist წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ძალიან არ მოსწონს რუსეთისა და ჩრდილო კორეის დაახლოება.
პეკინი ამას ღიად არ გამოხატავს, მაგრამ ძალიან არ მოსწონს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის წყალობით, ჩრდილო კორეა ნაკლებად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.
დღემდე ტოტალურად დამოკიდებული იყო.
პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს, კრემლის ბინადარმა ხელი მოაწერა კიმთან ხელშეკრულებას, რომელშიც წერია: „თუ რომელიმე მხარეს თავს დაესხმება ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს მას სამხედრო დახმარებას ყველანაირი საშუალებით ჩრდილო კორეისა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად“ და შემდეგ ამავე ხელშეკრულებას „მიბმულია“ შეთანხმებები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
დღემდე, მარტივად თუ ვიტყვით, ჩრდილო კორეა მთლად შიმშილით არ იხოცებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის წყალობით.
ახლა ალტერნატივა გაუჩნდა და ეს პეკინს არ მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ ათასობით ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი უკვე გაემგზავრა უკრაინაში საომრად.
კონტრაქტით.
თუმცა ჯერ კურსკის ოლქში არიან: ქალაქ კურსკს და ატომურ ელექტროსადგურს იცავენ, რაკი პუტინს საკუთარი ძალები არ ჰყოფნის მათ დასაცავად.
ამ სიუჟეტს ისტორიული ასპექტიც აქვს:
1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა.
იმ ომში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კორეელები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ მაშინ, როდესაც დასავლეთი „თეთრგვარდიელთა მოძრაობას“ ეხმარებოდა, ანუ პირობითად თუ ვიტყვით „ანტიბოლშევიკებს“, მათ შორის მონარქისტებსა და დემოკრატებს.....
კორეელები (იმ დროს ჯერ არ იყო „ჩრდილო“ და „სამხრეთ კორეა“) იბრძოდნენ ბოლშევიკთა, ესე იგი ლენინის, ტროცკის და სტალინის მხარეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამხედრო - საავიაციო სფეროს ჰყავს თავისი ფანატები. მილიონობით ადამიანი მსოფლიოში აფანატებს სამხედრო თვითმფრინავებზე და ეს არ არიან მხოლოდ სპეციალისტები. თუმცა სპეციალისტებიც ახლა ძალიან აქტიურად მსჯელობენ (მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე): „რამე რომ იყოს“ აჯობებს თუ არა რუსული უახლესი „მეხუთე თაობის“ სტელს-თვითმფრინავი Су-57 ამერიკულ F-35 Lighting-ს.
ბევრს ეჭვი ეპარება, რომ რუსული თვითმფრინავი მეხუთე თაობისაა. უფრორე განაკუთვნებენ „4+“ თაობას, რაკი „უხილავად“ კი ითვლება, თუმცა გამორიცხულია რუსულ სამხედრო ინდუსტრიას შესძლებოდა მასზე იმ დონის ავიონიკა და პროგრამირება დაეყენებინა, რაც აქვს ამერიკულ ანალოგს, რომელიც მაღალტექნოლოგიურ სფეროში გენიალური ამერიკული ინდუსტრიის მიღწევებს ეფუძნება.
მაგრამ მთავარი მაინც სხვაა ამჟამად: რუსები თითქმის არ იყენებდნენ СУ-57-ს იმ სამხედრო კონფლიქტებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ: სირიასა და უკრაინაში.
სირიაში გამოჩნდა ეს ნაკეთობა, თუმცა მხოლოდ დემონსტრაციულად, რათა რუს პროპაგანდისტებს დაეწერათ ამაზე.
აი F-35-ს კი ისრაელი იყენებს ძალიან აქტიურად ამჟამინდელ კონფლიქტებში.
სწორედ ამ თვითმფრინავით გაანადგურეს ჰესბოლლას ლიდერი ნასრალლა.
ასევე უტევენ ირანის ობიექტებს და სამიზნეებს ლიბანსა და იემენში.
არც ერთი თვითმფრინავი ამ რეიდების დროს ისარელს არ დაუკარგავს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „მეხუთე თაობას“ განსაზღვრავს „სტელს“ ტექნოლოგია ანუ ის კი არა (მხოლოდ) რა რაკეტებით არის აღჭურვილი ან ბომბებით და რამდენად შორს შეუძლია მისწვდეს ჰაერში ან მიწაზე სამიზნეს და არც მხოლოდ მანევრირების უნარი, არამედ რამდენად უ ხ ი ლ ა ვ ი ა მოწინააღმდეგის საზენიტო და სარადარო საშუალებებისთვის.
შესაბამისად, რაკი ამერიკის მოკავშირე ისრაელი აქტიურად იყენებს, ამერიკულ თვითმფრინავს აქვს „საბრძოლო გამოცდილება“, ხოლო რუსულს - არა.
ამერიკული დაზვერვა ფლობს ინფორმაციას, რომ ირანი (!) გეგმავს ან ცდილობს იყიდოს СУ-57 თუმცა პუტინი აიათოლებს და მათ გენერლებს ჯერ უარს ეუბნება.
თანაც უარს ეუბნება ძალიან საინტერესო არგუმენტით: „ცოტა გვაქვს ეს თვითმფრინავი, ვერ გამოვუშვით ბევრი, ვერ მოვასწარით, სანამ დასავლეთი სანქციებს შემოიღებდაო.“ ანუ „მაკომპლექტებელი“ დეტალებით რუსული სამხედრო ინდუსტრია მაინც დიდად დამოკიდებულია დასავლურ ინდუსტრიაზე და ამ „დასავლურ ინდუსტრიაში“, რასაკვირველია, ამერიკისა და NATO-ს აზიელი მოკავშირეებიც იგულისხმება: ტაივანი მისი მიკროჩიპებით, სამხრეთ კორეა და ა.შ.
გარდა ამისა, სპეციალისტები წერენ, რომ თუ რუსეთი ირანს მიაწვდის ამ თვითმფრინავებს, მაშინ ამერიკა არაბულ ქვეყნებს (იმ ქვეყნებს ძალიან „არ უყვართ“ შიიტური ირანი) მიაწვდის დიდი რაოდენობით იმავე F-35-ს.
ოღონდ იმ არაბულ ქვეყნებს, რასაკვირველია, რომლებიც ისრაელის მოსისხლე მტრები არ არიან: კატარს, ქუვეითს, საუდის არაბეთს და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ცენტრალური ბანკის თავქალმა, ელვირა ნაბიულინამ სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას თქვა, რომ ცენტრობანკი (ანუ კრემლი რეალურად) იძულებულია გადავიდეს „მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე“.
თუ „გადმოვთარგმნით“ ბიუროკრატიული ენიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის სანქციები მ უ შ ა ო ბ ს!
რუბლს ძალიან გაუჭირდა და მის „შესაკავებლად“ კრემლს უხდება იმ დოლარის და ევროს ხარჯვა, რაც შერჩა მას შემდეგ, რაც აქტივების დიდი ნაწილი ამერიკასა და ევროპაში დაუპატიმრეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
94 წლის (!) კლინტ ისტვუდმა გადაიღო ფილმი „ნაფიცი მსაჯული-2“, რომელმაც, კრიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა რამდენიმე ოსკარი მიიღოს.
ნამდვილად ფენომენია ეს ადამიანი - გენიალური არტისტი და გენიალური კინორეჟისორი