საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მარტი. 2024 წელი

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში განხორციელებული ტერაქტის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია. პასუხისმგებლობა ISIL-მა იკისრა. მინიმუმ 140 ადამიანი დაიღუპა.

ასეთი მასშტაბის ტერაქტი მოსკოვში  2002 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა, როდესაც ჩეჩენმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ათასობით ადამიანი თეატრალურ დარბაზში დუბროვკაზე.

ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ამ სისხლიან ისტორიაში ისაა, რომ როგორც ჩანს აშშ CIA-მ წინასწარ გააფრთხილა რუსული სპეცსამსახურები მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, რაკი თავისი წყაროებიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია. მაგრამ....ახლა რუსებს წამოსცდათ: „კი გაგვაფრთხილეს, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამთო“.

„კონკრეტულს“ არ ეტყოდნენ ბუნებრივია, რადგან ამით საკუთარ წყაროებს გასცემდნენ და ამის გაკეთება არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არ უყვარს.

ოღონდ აქ მეორე მომენტიცაა: CIA-მ შესაძლოა ამ „არაკონკრეტულებით“ სამაგიერო გადაუხადა რუსებს იმისთვის, რომ 2013 წელს, როცა ბოსტონის მარათონზე ჩეჩენმა ტერორისტებმა (!) ორი ბომბი ააფეთქეს, რუსულმა სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ საკუთარი წყაროებიდან, თუმცა კონკრეტიკა დაუმალეს ამერიკელ კოლეგებს.

ანუ აცნობეს „რაღაც მზადდებაო“, ჩეჩნების ვინაობაც კი დაუსახელეს, თუმცა ის არ უთქვამთ, რომ ეს ჩეჩნები არა სეპარატისტები, არამედ ისლამისტები იყვნენ, რაც სხვადასხვაა.

ამერიკელებმაც მაშინ იფიქრეს: „ჩეჩენი სეპარატისტები ჩვენ რას გვერჩიანო“, არადა ისინი ისლამისტები აღმოჩნდნენ და არა სეპარატისტები, რაც (ვიმეორებ) სხვადასხვაა.

 

ოთხივე ტერორისტი, ვინც კლუბ „კროკუსში“ ხოცვა-ჟლეტა მოაწყო უკვე დააკავეს. ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

პუტინი „გულისყურით აკვირდება“ ე.წ. „რუსული საზოგადოების მოწოდებებს“ რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

სიკვდილით დასჯა რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა (პუტინის პოლიტიკურმა „ნათლიამ“, - რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, - რაკი ელცინი „დემოკრატობანას“ თამაშობდა) გააუქმა 1990იან წლებში, როცა რუსეთი ევროპის საბჭოში გაწევრებას ცდილობდა, ხოლო ევროპის საბჭოს წესდება გამორიცხავს სიკვდილით დასჯას.

ახლა რუსეთი გაგდებულია ევროპის საბჭოდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და პუტინი თვლის, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტერაქტის უკრაინაზე „გადაბრალება“ სრული ფეიკი აღმოჩნდა. არავითარი კავშირი უკრაინას ან მის სპეცსამსახურებს ამასთან არ ჰქონია. უკრაინამ გუშინვე მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ და რა მეთოდებით იძიებს შურს რუსეთზე აგრესიის გამო: ძლიერად დაიბომბა ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები. მათ შორის სევასტოპოლი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

დაბომბვისას უკრაინის არმიამ გამოიყენა ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები Storm shadow.

გრძელდება დარტყმები ბელგოროდზე. ამ ქალაქში და მიმდებარე რუსულ რეგიონებში ვრცელდება და ძლიერდება „ფლეშმობი“: «Крым – наш. А чей Белгород?» ანუ „ყირიმი ჩვენიაო, რომ ამბობთ - ბელგოროდი ვიღასია?“

 

მოსკოვის ტერაქტი კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთში პუტინით უკმაყოფილებას, რაკი „პარალელდება“ უკრაინის ომით გამოწვეულ სტრესთან: 6 000 რუსი ობივატელი იმიტომაც მივიდა დიდ საკონცერტო სივრცეში პოპულარული ჯგუფის კონცერტზე, რომ მოენატრა მშვიდობა, მოენატრა უზრუნველი ცხოვრება და....იქაც სროლა ატყდა.

 

ძალიან სერიოზულად განიხილება რესპექტაბელურ დასავლურ მედიაში  ვერსია: ხომ არ მოაწყო ეს ყოველივე თვითონ პუტინმა, რათა რუსეთში სიკვდილით დასჯა აღადგინოს და, ფაქტობრივად წაგებული ომის ფონზე, რეპრესიული რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიეროს.

დღემდე არსებობს ვერსია, რომ 1999 წლის საზარელი ტერაქტი, როდესაც ტერორისტებმა მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს, თვით პუტინმა დააორგანიზა, რათა ძალაუფლება ჩაეგდო ხელთ.

სწორედ ამას ამბობდა რუსულ სპეცსამსახურთა ყოფილი აგენტი ლიტვინენკო, რომელიც პუტინმა ლონდონში მოწამლა რადიოაქტიული პოლონიუმის გამოყენებით.

 

არის კიდევ ერთი არსებითი და ნიშანდობლივი მომენტი, რომელიც მეტყველებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი პუტინის აგრესიის შედეგად: კლუბ „კროკუსში“, სადაც ტერაქტი მოხდა, არც ერთი შეიარაღებული რუსი „ძალოვანი“ არ ყოფილა.

ეს რაზე მეტყველებს? უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს მთელი მისი რესურსები გადასროლილი აქვს იმ ობიექტების დაცვაზე, რომელსაც სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს და აღარ გააჩნია, არარ ჰყოფნის რესურსები მასობრივი ღონისძიებების დასაცავად, სადაც ათასობით უბრალო, უდანაშაულო ადამიანი იკრიბება.

ანუ ეს გარემოებაც მისი აგრესიის შედეგია.

ისიც საინტერესოა, რომ ოთხივე ტერორისტი არა რუსულმა სპეცსამსახურებმა ან პოლიციამ, არამედ ბრიანსკის  გზაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კერძო დაცვის სამსახურმა დააკავა ხელოვნური ავარიის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის სამიტზე ვიდეო-კავშირით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამსწრეთა ყურადღება მიაქცია იმ აღმაშფოთებელ და დისკრიმინაციულ სიტუაციას, რაც იქმნება ევროპაში უკრაინული ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით:

პოლონელი ფერმერები და სხვა აქტივისტები ბლოკავენ გზებს, არ უშვებენ უკრაინულ პროდუქციას, ყრიან ხშირად გზებზე და ა.შ და ა.შ ამ დროს კი......რუსული პროდუქცია, ბელორუსის გავლით, თავისუფლად შედის ევროკავშირის ბაზრებზე იმის მიუხედავად, რომ  არანაკლებ დემპინგურ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს.

მიუხედავად ამისა, პოლონელი აქტივისტები, რომლებიც ასეთი „თამამები“ არიან უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ბლოკირებისას, „რატომღაც“ ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე, საიდანაც იმავე პოლონეთში და ევროპაში რუსული საქონელი შედის ასეთივე  დემპინგური ფასებით, იმავეს ვერ ბედავენ ან..... „არ ბედავენ“ ისინი, ვინც მათ ზურგს უკან დგას და ორკესტრირებს ამ ანტიუკრაინულ „პროტესტს“. უფრო ზუსტად ს ა ბ ო ტ ა ჟ ს   სისხლისგან დაცლილი მეომარი ქვეყნსი წინააღმდეგ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესო და მრავლისმომასწავებელი ისტორიაა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი ავსტრალიას ეწვია და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი ავსტრალიელ კოლეგასთან

თან მრავალმნიშვნელოვნად დასძინა: „საოცრებაა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის ამგვარი ხელშეკრულება (თავდაცვისა და არმიის მშენებლობის სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ) დღემდე არ არსებულაო“.

მართლაც საოცარია: ავსტრალია, ხომ დღემდე, ფ ო რ მა ლ უ რ ა დ   დიდი ბრიტანეთის მონარქიის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნად ითვლება?!  ფ ო რ მა ლ უ რ ა დ   ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაური არის ბრიტანეთის მონარქი. ზუსტად ამიტომ, არც ავსტრალიას, არც ახალ ზელანდიას სახელმწიფოს მეთაურები არ ჰყავთ. ჰყავთ მთავრობები და პრემიერ-მინისტრები. მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრალიელები აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ბრიტანეთის მხარეს - ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

და ამის მიუხედავად, მხოლოდ ახლა ფორმდება ისტორიული ხელშეკრულება, რითაც დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია იღებენ ვალდებულებას, ერთმანეთს აღმოუჩინონ სამხედრო დახმარება, მათ შორის საბრძოლო მოქმედებებშიც და არმიის მშენებლობაშიც.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ხელშეკრულება ერთგვარი გაგრძელებაა შეთანხმებისა, რომლის საფუძველზეც 2021 წელს შეიქმნა არაოფიციალურად „წყნარი ოკეანის NATO-დ წოდებული ორგანიზაცია AUKUS - ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

2021 წლის პაქტის ერთ-ერთისაფუძველი გახდა ინგლისის და ამერიკის ვალდებულება, გადაეცათ ავსტრალიისთვის ატომური წყალქვეშა ნავები, შემდეგ კი დახმარებოდნენ ავსტრალიას ატომური წყალქვეშა ნავების მთელი ფლოტის შექმნაში.

ბუნებრივია ეს პაქტი მიმართული იყო და არის ჩინეთის მზარდი ამბიციების წინააღმდეგ, ოღონდ აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როგორც კანბერაში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას გაირკვა, AUKUS-ში გაწევრებას გეგმავს იაპონიაც!

ეს უკვე პირდაპირი დარტყმა-გამოწვევაა პეკინზე: ბოლოს და ბოლოს, ჩინეთი, ამერიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია მოკავშირეები იყვნენ WWII დროს, ხოლო იაპონია ჩინეთის მოსისხლე მტერი იყო, თუმცა ამჟამად დასავლური ცივილიზაციის და ანგლოსაქსური სამყაროს ერთგული მოკავშირეა.

შეზღუდვები იაპონური არმიის განვითარებაზე, რაც 1945 წელს დაწესდა, წარსულს ბარდება და აქტუალობას კარგავს. პირიქით: ანგლოსაქსები დაინტერესებულნი ხდებიან იაპონიის სამხედრო-ტექნოლოგიური გენია მათი ერთობლივი გლობალური ძალის განუყოფელ  ნაწილად იქცეს.

AUKUS-ში გაწევრებას გეგმავენ ასევე კანადა და ახალი ზელანდია, რაც ამ ბლოკს კიდევ უფრო აძლიერებს.

ირკვევა აგრეთვე, რომ იაპონია (რაც არანაკლებ არსებითია) გეგმავს შესვლას სპეცსამსახურთა გაერთიანებაში „5 თვალი“, რომელიც ხუთ  ინგლისურენოვან ქვეყანას  აერთიანებს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და კანადა.

მასში იაპონიის მიღება შესაძლოა არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე AUKUS-ში მისი გაწევრება.

ცხადია, ეს ყოველივე მეტყველებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამერიკელები და ინგლისელები წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის საწინააღმდეგო „სტრატეგიული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობას  და აქ ყურადღებას იქცევს ასევე ის გარემოებაც, რომ ჩინეთს, რომელიც უდავოდ არა მხოლოდ რეგიონული არამედ უკვე გლობალური ზესახელმწიფოა, ასეთი „ბლოკები“ არ გააჩნია!!!

„შანხაის ორგანიზაცია“, სადაც შედიან პატრონყმა პუტინი და ჩინეთის დიდი ოპონენტი ინდოეთი, AUKUS-სს ვერ შეედრება.

ამ მხრივ ჩინეთი წყნარი ოკეანის აუზშიც კი „უმოკავშირო“ სახელმწიფოა, რაც მისი გრძელვადიანი პოლიტიკის სისუსტეზე მეტყველებს უდავოდ.

შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ წყნარი ოკეანის აუზის სახელმწიფოებს (ფილიპინები, ინდონეზია და ა.შ) ისევე აშინებთ  ჩინეთის გაძლიერება, როგორც თავის დროზე იაპონიის გაძლიერება და მზარდი ექსპანსია აშინებდათ.

დათო