საინფორმაციო კონტრშეტევა

საინფორმაციო კონტრშეტევა

            «იმედის» ეთერში გასული სიუჟეტი და ატეხილი გნიასი იმის მანიშნებელია, რომ დაიწყო საარჩევნო ომი თბილისის მერობისთვის. აშკარაა, რომ სწორედ ეს სიუჟეტი გახდა საწყისი წერტილი. და აქვე უნდა ითქვას, რომ გიგი უგულავას მოქმედება ამ სკანდალის დროს რა თქმა უნდა სცილდებოდა დედაქალაქში სამუშაო ადგილებისა და სკვერების მოწყობის მოვალეობას. ანუ, გიგი უგულავამ დაამტკიცა, რომ აქვს პოლიტიკური ალღო, რაკი სწორედ მისი განცხადება იყო პირველი, რამაც მოვლენებს მისცა ის მიმართულება, რასაც ისინი აუცილებლად ისედაც შეიძენდნენ. ამით უგულავა «მთავარ ტალღას» მოექცა სათავეში და აშკარად მოიგო თბილისელთა თვალში.
        რაც შეეხება «საზარელი მომავლის ქრონიკას», ნამდვილად ვერ დავეთანხმები შეფასებას, რომ იგი «უნიჭო» იყო. მართლა უნიჭო რომ ყოფილიყო, ასეთი რეაქცია არ მოყვებოდა. არათუ ქართული, არამედ რუსული და მსოფლიო მედია ლამის მთავარ «ნიუსად» გადმოსცემდა ამ ამბავს.
        «ტიტრი რატომ არ ედოო.» ჯერ ერთი, მოსახლების 99 პროცენტი ნამდვილად ვერ გაიგებდა ტერმინ «მოდელირების» ან «რეკონსტრუქციის» თუ «პროგნოზირების» მნიშვნელობას. ესე იგი ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, ხოლო რეაქცია (საზღვარგარეთ) ცოტა სხვაგვარი იქნებოდა.

აუტკივარი თავის ატკივება

        საყოველთაო გნიასში რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას, რომ სიუჟეტის ავტორთა მიზანი არა მხოლოდ (იქნებ არა იმდენად) საქართველოს მოსახლებისთვის მომავლის ჩვენება იყო, რამდენადაც მთელი მსოფლიოსთვის 2008 წლის შეხსენება.
        იმ მსოფლიოსთვის, რომელსაც, რასაკვირველია, ძალიან უნდა ეს ყველაფერი დაივიწყოს – ვითომ 2008 წელს არაფერი მომხდარა, ვითომ რუსული ტანკები არ დგანან თბილისიდან ოცდაათ კილომეტრში და ვითომ არ არსებობს ახალი აგრესიის საფრთხე.
        სინამდვილეში, მათ უბრალოდ თავის ატკივება და რუსეთთან დაპირისპირება არ უნდათ. ისე გაიკვირვა ზოგიერთმა «ახ, რომელი რუსული აგრესიაო», თითქოს სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ რუსული ტანკები არ დაშლიგინებდნენ ჩვენს ქალაქებში და ავტომაგისტრალებზე.
        «საზარელი მომავლის ქრონიკამ» რუსეთის საინფორმაციო ჯარებიც კი დააბნია. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2000 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შექმნა შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული სახეობა: «საინფორმაციო ჯარები(!!!)», რომლის შემადგენლობაში შედიან არა მხოლოდ კომპიუტერულ შეტევებზე დასპეციალიზებული «პაგონებიანი ხაკერები», არამედ საგანგებოდ მომზადებული ჟურნალისტები და მედია-ომებზე დასპეციალიზებული პროვოკატორები.
        ერთი ასეთი პროვოკატორი, ინგლისურენოვანი «რაშა თუდეი»-ს კავკასიური ბიუროს ხელმძღვანელი, ქალბატონი ირინა გალუშკო (როგორც მინიმუმ საინფორმაციო ჯარების პოდპოლკოვნიკი მაინც იქნება) ტელემაყურებლისთვის იმის ახსნას ცდილობდა, რომ ქართველებმა მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს «თეთრი და ფუშფუშა», უმანკო რუსეთისა და მისი ჯარების წინააღმდეგ.
        დიქტორთან საუბრისას გალუშკო ამბობდა «კადრებად გამოყენებული იყო ბოლო 10 წლის მოვლენებიო» და არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, რომ ამ კადრების თითქმის 100 პროცენტი 2008 წლის მოვლენებისას იყო გადაღებული! გადაცემის წამყვანი ამერიკიდან მოწვეული «აფროამერიკელი» გახლდათ, რომელიც დიდხანს უსმენდა გალუშკოს მსჯელობას «ბოლო 10 წლის კადრების შესახებ» და ბოლოს მხრების აჩეჩვით კითხა: «როგორც ჩანს 2008 წლის კადრებიც იყოო». ანუ, გალუშკოს კურტიზანობა იმდენად აშკარა გახდა, რომ იმ აფროამერიკელმა ჟურნალისტმაც ვერ მოითმინა. კი შეცბა ამის შემდეგ ქალბატონი პოდპოლკოვნიკი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა: მან უბრალოდ ვერ გათვალა, როგორ უნდა ელაპარაკა სიუჟეტზე ისე, რომ მაყურებელს მარტივი ასოციაციები არ გასჩენოდა 2008 წელთან და რუსულ აგრესიასთან.
        ანუ «ქრონიკის» სიუჟეტმა რუსეთის «საინფორმაციო ჯარებს» ნამდვილად შეუქმნა გარკვეული უხერხულობა და მსოფლიოს რუსული აგრესიის საფრთხე შეახსენა. იმ მსოფლიოს, რომელიც, როგორც ვხედავთ, თავს არ იტკივებს საიმისოდ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნაციონალური სამშვიდობო ჯარები მაინც შემოიყვანოს (თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიათა საზღვრებზე), რაკი «რუსეთი წინააღმდეგი იქნება».
        ბუნებრივია წინააღმდეგი იქნება, რაკი საბოლოოდ სწორედ ის აქვს დაგეგმილი, რაც «იმედმა» გადმოსცა. აბა სხვა რატომ უნდა იყოს წინააღდმეგი გაეროს ჯარები ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან განლაგდეს, როგორც ეს კვიპროსზე მოხდა თურქეთის მიერ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის დაპყრობის შემდეგ? თურქეთი ამის წინააღმდეგ არ წასულა, რაკი დანარჩენი კვიპროსის დაპყრობას არ აპირებდა – განსახვევებით რუსეთისგან.

სიმართლე და პოლიტკორექტულობა

            «უჰ, ჯარის ნაწილები მტრის მხარეზე ვირტუალურად რატომ გადაიყვანესო». ეს უდავოდ ავტორთა შეცდომა იყო. ასეთი პროგნოზი არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მხოლოდ პოლიტკორექტულობის გამო. თორემ რეალურად, პატიოსნად თუ ვიმსჯელებთ, - რა, არ გადასულა ქართული საჯარისო ნაწილები მტრის მხარეს ბოლო 20 წლის განმავლობაში და არ უსვრია ტყვია საკუთარი მთავრობისა თუ ხალხისთვის?
        ისე გაიკვირვეს, თითქოს ასეთი რამ სინამდვილეში არასდროს მომხდარა.
        კიდევ ერთი სამწუხარო მომენტი იყო მოსახლეობის რეაქცია. გასაგებია, რომ ადამიანებს შეეშინდათ. ბუნებრივია, რომ მაღაზიებს მიცვივდნენ და სურსათის შესყიდვა დაიწყეს, მაგრამ ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ იმ ასეულობით ათას ადამიანს შორის, ვინც სიუჟეტი დაიჯერა, არ აღმოჩნდა თუნდაც პატარა ჯგუფი, რომელიც მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად და მაკარონის მოსამარაგებლად კი არ გაიქცეოდა, არამედ სარეზერვო პუნქტში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას მივიდოდა და იკითხავდა: «ომი დაიწყო და სად მივიდეთ ან არმიას რაში შეიძლება გამოვადგეთო».
        ესეც პატიოსნად უნდა ითქვას და ამ მომენტის გამომჟღავნებისთვის «ქრონიკის» ავტორებს ნამდვილად მადლობა ეთქმით.
        «ცნობად სახეთა» კომენტარებიდან კი ყველაზე კომიკური გამოდგა განცხადება, რომ იმედის სიუჟეტი (თურმე ნუ იტყვით) «მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორია». ასეთივე განცხადება გააკეთა დღეს ეთერიდან გაძევებულმა «რუსთავი-2-ის» ზოგიერთმა ჟურნალისტმა.
        თითქოსდა, ის ტელევიზია, რომელიც მან (მათ) შექმნეს თავის დროზე, წლების განმავლობაში სწორედ ფსიქოლოგიურ ტერორს არ აწარმოებდა მოსახლეობის წინააღმდეგ და თითქოს სწორედ იმ ტელევიზიის ჩამოყალიბებული არ არის საქართველოში «ტელეკილერობის» «ტელედივერსიის» და «ტელესკანდალის» ტრადიცია.
        რაც შეეხება სიუჟეტის შედეგს, დღევანდელი ისტერია ჩაივლის, მაგრამ თუ 30 მაისის შემდეგ თბილისში მიტინგები დაიწყება, მოსახლეობა ძალაუნებურად გაავლებს პარალელებს.
       
2010