ვიდრე «აღორძინების ბლოკი» დაიშლებოდეს...

ვიდრე «აღორძინების ბლოკი» დაიშლებოდეს...

     

        მძვინვარე წინასაარჩევნო კამპანიასთან შედარებით, საკუთრივ საპარლამენტო ცხოვრება მეტად უღიმღამოდ დაიწყო. რამდენიმე «პოლიტიკურ ექსცესს» თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება - ყოველ შემთხვევაში, იმ დაქადნებებთან შედარებით, რაც არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში გაისმოდა.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასევე დუნედ და საკმაოდ უღიმღამოდ (მთლიანობაში) წარიმართება ამ მოწვევის პარლამენტის მთელი ცხოვრება.
        ასე გადაწყდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რომლის შედეგად ალტერნატიული ძალა დამარცხდა. თანაც, დამარცხდა ერთხელ და სამუდამოდ, ვინაიდან ამ შემდაგენლობით იგი აღარასოდეს გამოვა არჩევნებში (თუმცა, სხვა შემდაგენლობით, ცალ-ცალკე, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის).
        უკვე ჩამოყალიბდა რამდენიმე ფრაქცია (სოციალისტები, მაჟორიტარები, აღორძინება, 21-ე საუკუნე), რომლებიც ფორმალურად გაერთიანებულნი არიან ერთ კოალიციაში, მაგრამ მათ ნამდვილად გაუჭირდებათ ერთობის დემონსტრირება პრინციპულ საკითხებში, რაც პირველივე სხდომაზე გამოჩნდა, როდესაც «ტრადიციონალისტმა» დავით კოვზირიძემ მოითხოვა რუსეთის ჯარების სრული შემადგენლობით დაუყოვნებელი გაყვანა საქართვლეოდან. ამით ტრადიციონალისტებმა თავიანთი პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს, რასაც (წესით) «აღორძინება» და სოციალისტები არ უნდა ეთანხმებოდნენ, ვინაიდან ყოველთვის რუსეთთან კომპრომისული ურთიერთობების მომხრენი იყვნენ. მეტიც - «აღორძინებას» სულაც არ ეპიტნავება ბათუმიდან რუსეთის დივიზიის გაყვანა;
        ამიტომ, ცოტა არ იყოს კომიკური ვითარება იქმნება: «აღორძინების» ბლოკი პრინციპულ საკითხებში ერთიანი პოზიციის დაკავებას აპირებდა, მაგრამ იმაზე პრინციპული საკითხი, როგორიცაა რუსეთთან დამოკიდებულება და რუსეთის ჯარების გაყვანა, სხვა რაღა უნდა იყოს? ამ საკითხში თუ არა აქვთ თანხმობა, - სხვა რაღაზე შეიძლება ჰქონდეთ?
        «აღორძინების კოალიცია» სწორედ იმიტომ დამარცხდა არჩევნებში, რომ არ გააჩნდა არანაირი ალტერნატიული პროგრამა, რომელსაც შესთავაზებდა მოსახლეობას, ნაცვლად მოქალაქეთა კავშირის კურსისა.
        ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ უმცირესობაში დარჩენილი ბლოკი ასეთ პროგრამას ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პოზიციათა შეუთანხმებლობა დაასუსტებს ალიანსის წევრ პარტიებს, ვინაიდან სანამ ბლოკი ფორმალურად მაინც არსებობს, ესა თუ ის პოზიცია ბლოკის პოზიციად აღიქმება, საჯარო გამიჯვნა კი (მიუღებელი პოზიციისგან) ბლოკის საბოლოო დაშლას გამოიწვევს.
        თუ ისევ დავუბრუნდებით ტრადიციონალისტთა მაგალითს - დათო კოვზირიძის (1992-1995 წლების დაუვიწყარი პარლამენტის აქტიური წევრის) კატეგორიული მოთხოვნა რუსეთის დაუყოვნებელი გაძევების შესახებ სხვებს, შესაძლოა, არ მოსწონდეთ, მაგრამ რაკი ამის თქმა (ზემოხსენებული მიზეზით) ხმამაღლა არ ისურვეს, ტრადიციონალისტთა მოთხოვნა და პოზიცია მათთანაც ასოცირდება.
        ასე იქნება ყველა საკითხში მანამ, ვიდრე რომელიმე ფრაქცია ვეღარ მოითმენს და განსხვავებული პოზიციის დააფიქსირებს. ქართველი ამომრჩევლისა და, მთლიანად, ქართული საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომდინარე, განსხვავებული აზრის თუნდაც ერთხელ დაფიქსირება (ნებისმიერ, არცთუ პრინციპულ საკითხში) საბოლოო წერტილს დაუსვამს ბლოკის არსებობას.
        ამ პროცესს მაქსიმუმ 6 თვე დასჭირდება. შესაძლოა, იგი დააჩქაროს 2000 წლის ბიუჯეტის განხილვისას ინტერესთა გარდაუვალმა შეჯახებამ; ისევე, როგორც პოლიტიკურ პოზიციათა განსაზღვრის აუცილებლობამ: «მემარჯვენე» ტრადიციონალისტთა და «მემარცხენე» სოციალისტთა პოზიციები ნამდვილად ვერ იქნება თანხვედრი - აქედან გამომდინარე, მთლიანად ბლოკიც დაკარგავს «ერთიანობის ქარიზმას», რაც მისი წინასაარჩევნო იმიჯის ქვაკუთხედი იყო.
        შექმნილი ვითარებით სულ ადვილად ისარგებლებს «მოქალაქეთა კავშირი» და მოახერხებს უთანხმოების თანდათანობით გაღვივებას «აღორძინების ბლოკის» ფრაქციებს შორის.
        აქვე უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობა «მოქალაქეებსა» და «აღორძინებას» შორის, რაზეც ამჟამად ძალიან ბევრს საუბრობენ, შეუძლებელია;
        როგორც ჩანს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სკურპულოზური სიზუსტით განმეორდება ვითარება, როდესაც «მოქალაქეთა კავშირი» ხან სახალხოელებთან თანამშრომლობდა (კონკრეტულ საკითხებში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე), ხან «ედპ» - სთან, სოციალისტებთან და ა.შ.
        იგივე დისპოზიცია იქნება ახალ პარლამენტშიც, ოღონდ ოპოზიციურ პარტიათა სახელწოდებები და შემადგენლობა შეიცვლება.

მერიდიანი, 29 ნოემბერი, 1999 წელი