ეროვნული კონგრესი

ეროვნული კონგრესი - ეროვნული მოძრაობა

ეროვნული კონგრესი

1989 – 1990 წლების მიჯნაზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის მომწიფება იწყო აზრმა «მოძრაობის» მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის თაობაზე. ამ დისკუსიას და მის შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის. ამიტომ უპრიანია, ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სამოქალაქო ომის პირველი მარცვალი სწორედ იმ მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური დისკუსიის დროს დაითესა. იქედან იღებს სათავეს მხარეთა შეურიგებლობა და ურთიერთსიძულვილი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს აქვე, რომ დაპირისპირებულ «დოქტრინათა» ადეპტებისათვის საკუთარ კონცეფციაზე უარის თქმა და სიმცდარის აღიარება შემდგომი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ რაციონალური განსჯა და ქვეყნის უზენაეს ინტერესთა გათვალისწინება სულ მალე გადადის მეორე პლანზე - იწყება ამბიციათა ურთიერთდაპირისპირება, რაც მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებდა პოლიტიკურ ხასიათს.
    აქვე კვლავ და კვლავ ვიმეორებ: 9 აპრილის შემდეგ საქართველოში ფაქტობრივად ხელისუფლება აღარ არსებობდა. კომუნისტური რეჟიმი დისკრედიტირებული და დადამბლავებული იყო: მას არც ილაჯი ჰქონდა, არც საშუალება და არც ნება, რაიმე ზემოქმედება მოეხდინა პროცესთა განვითარებაზე. ეს პროცესები თვითდინებაზე იქნა მიშვებული.
    შესაბამისად, ჩნდება პირველი ნიშნები ანარქიისა: «მხედრიონი» იზრდება და ძლიერდება, უახლოვდება პოლიტიკურ წრეებს, თავად იწყებს პოლიტიზირებას, ცდილობს გააკეთოს არჩევანი მათ დოქტრინებს შორის, - რასაკვირველია იმის მიხედვით, თუ რომელი დოქტრინა უფრო პასუხობს მის ინტერესებს.
    შეიქმნა ვითარება, როგორიც რევოლუციათა და სახელმწიფო გადატრიალებათა დიდმა თეორეტიკოსმა, ვლადიმერ ულიანოვ-ლენინმა ასე დაახასიათა : «ხელისუფლება აგდია გზაზე და უცდის, ვინ აიღებს ხელში».
    ეს ვითარება «9 აპრილის გმირებმა» უმალვე იგრძნეს, თუმცა მათ არაფორმალური ძალაუფლება არ აკმაყოფილებდათ - საჭიროდ მიაჩნდათ ამ ძალაუფლების გარკვეული ფორმალიზება და საკუთარი პოლიტიკური კონცეფციის განხორციელება.
    მაშინ ძირითადად ორი დოქტრინა უპირისპირდებოდა ერთმანეთს. პირველის ავტორები და აქტიური პროპაგანდისტები იყვნენ გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი. მათ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნდათ მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც საქართველოს იმდროინდელი «საბჭოთა» კონსტიტუციისა და იურიდიული სივრცის ფარგლებში ჩატარდებოდა.
    ჭანტურია-წერეთლის კონცეფციის თანახმად, საქართველო იყო ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორია და მას უნდა ებრძოლა დეკოლონიზაციისათვის. სამწუხაროდ, ამ «კონცეფციის» ავტორებს ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ «დეკოლონიზაცია» გულისხმობს სრულიად ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას, რომლის საზღვრების დადგენა დამატებითი მოლაპარაკებისა და განსჯის საგანი უნდა გახდეს - მეტროპოლიის მონაწილეობით.
    ამ ლოგიკით, თუ საქართველო «დეკოლონიზაციას» ითხოვდა «ხალხთა თვითგამორკვევის» საფუძველზე, მაშინ აღარ რჩებოდა არანაირი არგუმენტი აფსუათა და ოსთა მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც, იმავე უფლების საფუძველზე განაცხადებდნენ, რომ სულაც არ ეპიტნავებათ «დეკოლონიზაციის» შედეგად შექმნილ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება და მათი არჩევანის უფლებას, ასეთ შემთხვევაში, სავსებით კანონიერად აღიარებდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი, არამედ საერთაშორისო სამართალი და თვით საერთაშორისო გაერთიანებაც.
    გია ჭანტურიასა და ირაკლი წერეთლის აზრით, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმურობას ჰმატებდა «საოკუპაციო» რეჟიმს (რომელიც 1921 წლიდან დამყარდა საქართველოში) და ამით აფერხებდა ბრძოლას «ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის», რაც შეიძლებოდა მხოლოდ სრული დეოკუპაციის, დეანექსიისა და დეკოლონიზაციის შემდეგ განხორციელებულიყო.
    იმავდროულად, მათ სურდათ, ლეგიტიმურობა მიენიჭებინათ თვით ეროვნული მოძრაობისათვის, ამიტომ გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ «ეროვნული კონგრესის» არჩევნები. აქვე შევნიშნავ: «ეროვნული კონგრესი» ბალტიის ქვეყნებშიც აირჩიეს, მაგრამ არსად, საქართველოს გარდა, ამ არჩევნებისათვის საყოველთაო ხასიათი არ მიუნიჭებიათ. ესტონეთში, მაგალითად, ეროვნული კონგრესი იყო თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მაკოორდინირებელი ორგანო, მაგრამ არ გამორიცხავდა მონაწილეობას საბჭოთა არჩევნებში და არსებული სტრუქტურების გამოყენებას საბოლოო მიზნის მისაღწევად. მით უმეტეს, ყოვლად წარმოუდგენელია ესტონეთის ეროვნულ კონგრესს შეექმნა (თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა) «მხედრიონის» მსგავსი შეიარაღებული სტრუქტურა და ფაქტობრივად «პარალელურ ხელისუფლებაზე» განეცხადებინა პრეტენზია. ეროვნული კონგრესი ბალტიის ქვეყნებში საყოველთაო დაუმორჩილებლობის სიმბოლო (მაგრამ მხოლოდ სიმბოლო) გახლდათ. ქართველ რადიკალებს კი სურდათ, იგი სრული და საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის რეალურად განხორციელების ბერკეტად ექციათ.
    ირაკლი წერეთელი და გია ჭანტურია მენტალიტეტითა და მსოფლმხედველობით რევოლუციონერები იყვნენ - მათ სურდათ რევოლუციის ორგანიზება საქართველოში. ოღონდ, გარკვეულ ეტაპამდე ძალის გამოყენების გარეშე ანუ ე.წ. «მშვიდობიანი რევოლუციისა», როდესაც არსებული სტრუქტურები ინგრევა საყოველთაო დაუმორჩილებლობის შედეგად.
    რაც მთავარია, მტკიცედ სწამდათ, რომ «საბჭოთა საქართველოს» სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა გამოყენებით შეუძლებელი იქნებოდა ეროვნული მოძრაობის მიზანთა განხორციელება, ხოლო «იმპერიულ სტრუქტურებში» მონაწილეობა საშუალებას მისცემდა კრემლს, ემართა ეროვნული მოძრაობა ან მოეხდინა მისი დისკრედიტაცია. ამიტომ რადიკალები მოუწოდებდნენ მოსახლეობას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ «საბჭოური არჩევნებისათვის» და მონაწილეობა მიეღოთ მხოლოდ ეროვნული კონგრესის არჩევნებში.
    მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიასა და «მრგვალ მაგიდასთან» დაპირისპირების კონტექსტში გაჩნდა შესაძლებლობა ორივე არჩევნებში მონაწილეობისა (როგორც აქტიურად, - საარჩევნო ხმით, ასევე პასიურად ანუ საკუთარი კანდიდატურით), რაც, რასაკვირველია აბსურდი  იყო: როგორ შეიძლება ერთდროულად მონაწილეობდე «იმპერიულ სტრუქტურებშიც» და, ამავე დროს, იმ ორგანოში, რომელიც «დეკოლონიზაციას» მოითხოვს და ეროვნულ დაუმორჩილებლობას რეალურად ახორციელებს? (შეგახსენებთ: ესტონეთის ეროვნულ კონგრესს «დეკოლონიზაცია» არც დასცდენია) თუმცა, ეს აბსურდი 1990 წელს პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკიდან გამომდინარეობდა და არა სტრატეგიიდან: პოლიტიკური ელიტა (ქართული პოლიტოკრატია) ერთიანდებოდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ეს გაერთიანება კი კომპრომისს გულისხმობდა.
    რაც შეეხება თვით «კონგრესის კონცეფციას», ეს არ არის ისეთი იოლი საკითხი, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.
    ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაიქცა, ხოლო მოსახლეობაში გაიზარდა უკმაყოფილება და იმედგაცრუება «ფუნდამენტურ ღირებულებათა» მიმართ, ეროვნული კონგრესის დოქტრინისა და იდეოლოგიის შემოქმედთა ერთმა ნაწილმა (განსაკუთრებით, ცხონებული გია ჭანტურიას წრიდან) დაიწყო (ფრთხილად) ძალზე ეშმაკური და ჭკვიანური აზრის კულტივირება, რომლის თანახმად, თურმე, «კონგრესის» მიზანი იყო არა საქართველოში «მშვიდობიანი» რევოლუციის ორგანიზება და ვითარების მაქსიმალური დესტაბილიზაცია,  არაფორმალური ძალაუფლების მოპოვება და მისი მეშვეობით პროცესების მართვა, არამედ (თურმე ნუ იტყვით) საქართველოს პოლიტიკური კურსის რადიკალიზაციის და იმპერიის ზედმეტად გაღიზიანების თავიდან აცილება.
    ანუ, ამ კონცეფციის შესაბამისად, ეროვნული კონგრესის იდეა იმ მიზანს ისახავდა, რომ არ დაეშვა უზენაეს საბჭოში დამოუკიდებლობის მომხრეთა მოსვლა და თვით დამოუკიდებლობის უდროო გამოცხადებაც! - შესაბამისი რეაქციით იმპერიის მხრიდან და გარდაუვალი სავალალო შედეგებით საქართველოსათვის. მაგრამ რაკი გია ჭანტურია ამას პირდაპირ ვერ იტყოდა - «კონგრესის» იდეა გამოიყენა. სწორედ ეს იგულისხმებოდა ფორმულაში: «საქართველოს პირველი რესპუბლიკის შინდისფერი დროშა უნდა აღიმართოს ყველა შენობაზე - სახელმწიფო დაწესებულებათა გარდა».
    იმავე კონცეფციის მიხედვით, თურმე «კონგრესისტებს» ესმოდათ, რა უბედურებას მოუტანდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის დეკლარირება; რომ ეს გამოიწვევდა აფხაზეთისა და სხვა ტერიტორიების დაკარგვას, ამიტომ ამჯობინებდნენ «კონგრესის კონცეფციით» შეეფერხებინათ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა იმპერიულ ცენტრს საქართველო არ «შესკდომოდა». ოღონდ, ამას აკეთებდნენ ისე, რომ პოლტიკური იმიჯი არ დაეკარგათ - «უფრო რადიკალურობის» ილუზიის შექმნით.
    აქვე უნდა ითქვას, რომ რეალურ კომპრომისს (კონფედერაციულ ურთიერთობებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პირობით) «მრგვალი მაგიდის» თეორიული დოქტრინა კი ნამდვილად ითვალისწინებდა: «გარდამავალი პერიოდის» კონცეფცია სწორედ ამას გულისხმობდა. არ არის გამორიცხული, გამსახურდია-კოსტავა თავიდან სწორედ ამ იდეას იზიარებდნენ. შეგახსენებთ: 1988 წელს, უნივერსიტეტში გამართულ შეკრებაზე, ზვიად გამსახურდიამ, პასუხად «კომუნისტში» გამოქვეყნებული დებულებისა (რომ «კონფედერაცია მოძველებული ფორმაა») მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: «მეგობრებო, სინამდვილეში სახელმწიფოებრიობის ყველაზე მოძველებული ფორმა არის იმპერია!»
    დაკვირვებული ანალიზი ცხადყოფს, რომ აზრი «კონგრესის ფარული არარადიკალურობის» შესახებ - მაინც ბოლოდროინდელი «ნაეშმაკარია» და რეალობასთან (იმდროინდელ რეალობასთან) საერთო არაფერი აქვს.
    (გია ჭანტურია: «ჩვენ ვართ თანამედროვე მაძინისტები. . . . მეგობრებო, კრემლის მიზანია საბჭოთა რესპუბლიკების «ბულგარიზაცია» და ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა «ფინეთიზაცია» - მერედა განა ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვიბრძოდით, რათა საქართველო მსოფლიო რუქაზე სხვა ფერად ყოფილიყო გაფერადებული? . . სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთეულები ვიყავით, დღეს უკვე მილიონები ვართ! . . . ხოლო კომუნისტები საქართველოში «ძენი შეცდომილნი» კი არ არიან, მოღალატეები არიან და ხელმეორე ღალატი აღარ შერჩებათ» და ა. შ.)

    ოღონდ ერთი რამ კი ნამდვილად უნდა ითქვას: «კონგრესისა» და მთელი «მოძრაობის» ლიდერები აშკარად გულისხმობდნენ, რომ საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება (გივი გუმბარიძე), რაკი დამოუკიდებლობის დეკლარირება ქვეყნისათვის დამღუპველად მიაჩნდა, ყველაფერს იღონებდა, რათა არ დაეშვა პროცესების განვითარება ამ მიმართულებით. აბა რა გია ჭანტურიას ბრალია, თუ პატიაშვილის შემდეგ მოსული კომუნისტური ხელისუფლება იმდენად რეგვენი გამოდგა, რომ თვითონ გამოაცხადა დამოუკიდებლობა? - სხვას რას ნიშნავდა გივი გუმბარიძის (ცკ-ს პირველი მდივნის!) ინიციატივით საქართველოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება «1921 წლის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო აქტების გაუქმების» შესახებ?
    გარდა ამისა, აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: გია ჭანტურიას («კონგრესის» იდეის მთავარ სულისჩამდგმელს) რატომღაც ეგონა, რომ თუ «მოძრაობა» უშუალოდ ხელისუფლებაში არ მოვიდოდა და «გარედან» (ქუჩიდან) მართავდა პროცესებს, მაშინ, საზოგადოების თვალში, დამოუკიდებლობის დამანგრეველი შედეგებისათვის (ტერიტორიების გარდაუვალი დაკარგვა და სხვა) პასუხისმგებლობა მას კი არ დაეკისრებოდა, არამედ ოფიციალურ ხელისუფლებას - არ არის გამორიცხული, გია ჭანტურია ხვდებოდა, «რა დაჯდებოდა» საქართველოს დამოუკიდებლობა.
    მაგრამ ეს გათვლაც მცდარი აღმოჩნდა: ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და მენტალიტეტიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტად მაინც «საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური» და პოლიტიკური დომინანტის თვით შემოქმედი აღიქმება და არა მისი (ამ დომინანტის) უშუალოდ განმახორციელებელი.
    ქართული მენტალიტეტი ვერ შეეგუა აზრს, რომ «ყველაფერში ყოველთვის ხელისუფლებაა დამნაშავე - მაშინაც კი, როდესაც იგი იმას აკეთებს და იმ კურსით მიჰყავს ქვეყანა, როგორითაც მისგან მოითხოვენ და რასაც დღენიადაგ უკიჟინებენ». კომუნისტები ხომ დამოუკიდებლობასთან არ ასოცირდებოდნენ? მაშასადამე მათ აიძულებენ ქვეყანა იმ გზით წაიყვანონ, რომელიც პრინციპში დამღუპველად მიაჩნიათ. ვინ არის დამნაშავე? - რასაკვირველია ის, ვინც აიძულებს და კურსიდან ყოველ გადახრას აცხადებს «ღალატად, სერგო ორჯონიკიძეობად» და ა.შ.
    არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ ფორმალურად «ეროვნულ კონგრესს» გუმბარიძის ხელისუფლებისაგან არასდროს მოუთხოვია დამოუკიდებლობის დეკლარირება. მაგრამ «მოძრაობა» ხომ თვით იდეისა და შესაბამისი «დომინანტის» ავტორი იყო?
    იგივე სტერეოტიპმა იმუშავა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით: ზვიად გამსახურდია ხომ «იმას აკეთებდა, რასაც მთლიანად «მოძრაობა» მოითხოვდა?» პოლიტიკურ დოქტრინათა ტაქტიკური სხვაობა კი ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღებოდა, რაც სავსებით ბუნებრივია.

 

მცირე გადახვევის სახით, კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო ნიუანსის შესახებ იმავე დისკურსში, რომ გია ჭანტურიას (ბევრი სხვისაგან განსხვავებით) ესმოდა «რა დაჯდებოდა» საქართველოს დამოუკიდებლობა და სწორედ ამის გამო (თავის დასაცავად) დაუახლოვდა მხედრიონს.
    თუ გახსოვთ, 1990 წლის გაზაფხულზე ჭანტურია «რუმინელ მეშახტეთა სინდრომზე» ალაპარაკდა.
    მოდით ყურადღებით დავაკვირდეთ ამ მომენტს. იგი უეჭველად მეტყველებს, რომ ედპ-ს ლიდერს გაუჩნდა შიში, ვაითუ 9 აპრილის შემდეგ «მოძრაობას» დაპირისპირებოდა არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკვე იმ პერიოდისათვის იმედგაცრუებული იყო და რადიკალიზმი არ ეპიტნავებოდა, - რაკი ქვეცნობიერად იგრძნო პიროვნული მსხვერპლის გარდაუვალობა.
    «რუმინელ მეშახტეთა სინდრომში» კი ჭანტურია აი რას გულისხმობდა: 1990 წელს, ჩაუშესკუს შავ-ბნელი დიქტატურის დამხობისთანავე, რუმინეთის ხელისუფლების სათავეში, ხალხის მხარდაჭერით, ზომიერი ძალები მოვიდნენ. ისინი პრიორიტეტს სოციალ-ეკონომიკურ რეფორმებს და საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალიზაციას (ანუ პიროვნების გათავისუფლებას) ანიჭებდნენ.
    ეს პოლიტიკა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერას იმსახურებდა. მაგრამ მას დაუპირისპირდნენ რადიკალი რუმინელი ნაციონალისტები, რომლებიც, ეროვნულ-დემოკრატიული ლოზუნგებით, რუმინეთის სამეფოს აღდგენას, მეფის დაბრუნებას და ბესარაბიის (მოლდოვის) შემოსაერთებლად მოსკოვთან რადიკალურ დაპირისპირებას მოითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს ძალიან სერიოზული პრობლემებიც შექმნეს არცთუ მრავალრიცხოვნების მიუხედავად. თუმცა, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ უძლური იყო, ვინაიდან რეპრესიების შემთხვევაში «ჩაუშესკუს მეთოდების» გამოყენაბაში დაადანაშაულებდნენ (იგივე «სტალინის ქართველობის სინდრომი» 1988 წლის ქართველი კომუნისტებისათვის).
    მაშინ, რუმინეთის მოსახლეობამ შესაშური პასიონარობა გამოამჟღავნა და პრობლემა თავად გადაწყვიტა: ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში შეიკრიბნენ რუმინელი მეშახტეები (სწორედ ისინი, ვინც თავდავიწყებით ებრძოდა საზიზღარ კომუნისტურ დიქტატურას), მიიჭრნენ «ძველი რუმინეთის» პარტიათა შტაბ-ბინაში და ლოზუნგით «გვაცალეთ ადამიანური ცხოვრება!» იქაურობა გაანადგურეს, ხოლო «რადიკალებს» ცხვირ-პირი დაამტვრიეს. არავინ მოუკლავთ, მაგრამ გვარიანად კი მიბეგვეს.
    ეს უკანასკნელნი მას შემდეგ სად, რომელ სოროში არიან შემძვრალნი, რუმინეთში არავინ იცის. სამაგიეროდ ქვეყანამ ევოლუციური განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების საშუალება მიიღო. რუმინეთის ძირითადი ეროვნული ინტერესიც სწორედ ეს იყო და არა «რუმინეთის სამეფოს აღგდენა 1938 წლის საზღვრებში» და ბესარაბიის დაბრუნება, რომელიც ისტორიულად ნამდვილად რუმინული მხარეა.
    რუმინელ «რადიკალებს», რასაკვირველია, «მხედრიონი» არ შეუქმნიათ ამ სინდრომისაგან თავის დასაცავად, ვინაიდან სახელმწიფოებრივად კულტურულ საზოგადოებაში მათ ამის საშუალებას და ნებას არავინ მისცემდა.
   


    1990 წლის მარტში, გუმბარიძის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში უნდა ჩატარებულიყო «სახალხო დეპუტატთა საბჭოების» (მათ შორის უმაღლესი საბჭოს) არჩევნები. ეს იქნებოდა ნამდვილი საბჭოთა «არჩევნები», კომუნისტური «დემოკრატიის» ტრადიციათა სრული დაცვით, როდესაც კანდიდატებს ასახელებდნენ შრომითი კოლექტივები, არსებობდა «პარტიულთა და უპარტიოთა ურღვევი საარჩევნო ბლოკი» და სხვა. ფორმალურად, საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყოველთვის ჰქონდათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ოღონდ 1989-1990 წლამდე ისინი ამ უფლებით ვერ ისარგებლებდნენ, ვინაიდან საერთოდ არ არსებობდნენ საბჭოთა სინამდვილეში.
    1990 წელს, ნოდარ ნათაძის «სახალხო ფრონტმა» სცადა, ამ შესაძლებლობით ესარგებლა. ცდა სრული კრახით დასრულდა - არჩევნები გუმბარიძის დედალმაშო ხელისუფლებამ შემოდგომისათვის გადადო. საინტერესოა, რომ არჩევნების გადადების ინიციატორი გახდა არა «კონგრესი» (ვიმეორებ, იგი ყოველგვარი არჩევნების წინააღმდეგი იყო დეოკუპაციამდე, ნებისმიერი საარჩევნო სისტემით, - თუ არჩეული ორგანო საბჭოთა უმაღლეს საბჭოს ჩაენაცვლებოდა) არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ის ნაწილი, რომელიც «რადიკალებს» არ ეთანხმებოდა და თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, ოღონდ ნოდარ ნათაძის ლიდერობა არ ეპიტნავებოდა და სურდა მიეღწია ისეთი არჩევნებისათვის, რომელშიც არა მხოლოდ საბჭოთა კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული «სახალხო ფრონტი» მიიღებდა მონაწილეობას, არამედ სხვა პარტიებიც.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, მარტის არჩევნები ჩაიშალა იმის გამო, რომ ელიტისა და პოლიტიკურად აქტიური სოციუმის უმრავლესობამ არ გაიზიარა «რადიკალთა» მაქსიმალიზმი, არ უარყო «ლიტვის გზა» და ხელისუფლებისაკენ „გაიწია“.
    ზვიად გამსახურდიასათვის აქ რაიმე პრიორიტეტის მინიჭება არ შეიძლება. ელემენტარული სმართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: ზვიად გამსახურდია «კონგრესის» არჩევნების მოსამზადებლად შექმნილი «ეროვნული ფორუმიდან» რომც არ გასულიყო, მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში მაინც გაიმართებოდა. მასში მონაწილეობას მიიღებდნენ შემდგომ საარჩევნო ბლოკ «მშვიდობაში» და «თავისუფლებაში» გაერთიანებული ძალები.
    მაგრამ ზვიად გამსახურდიას გასვლა «ეროვნული ფორუმიდან» გია ჭანტურიამ და ირაკლი წერეთელმა იმიტომაც აღიქვეს ესოდენ მტკივნეულად, რომ განსხვავებით მრავალპარტიული არჩევნების მომხრე სხვა ძალებისაგან, რომლებიც სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ და სულ ადვილად «წამოარტყავდნენ თავში», ზვიად გამსახურდია ხსენებულ «ბლოკებთან» შედარებით ძლიერ ფიგურად მიაჩნდათ. მას ასე ადვილად ვერ დაიბრიყვებდნენ და ვერ ატარებდნენ თავიანთ ჭკუაზე.
    კონგრესის ლიდერები იმასაც შესანიშნავად ხვდებოდნენ, რომ თუ კომუნისტურ «უმაღლეს საბჭოს» შეცვლიდა დემოკრატიული «უზენაესი საბჭო», ამით, თვისებრივად მათთვის არაფერი შეიცვლებოდა, ხოლო უზენაეს საბჭოში «დემოკრატთა» ლაყბობას ყურადღებას არ მიაქცევდნენ. მაგრამ თუ გადედალმაშოებული კომუნისტების შემდეგ ხელისუფლებას დაეუფლებოდა გარკვეული ქარიზმის მქონე ზვიად გამსახურდია, იგი უეჭველად შეეცდებოდა (ბუნებრივია) უზენაესი საბჭოსათვის ნამდვილი ძალაუფლება მოეპოვებინა, რაც კონგრესის არაფორმალური ძალაუფლების აღსასრულს მოასწავებდა.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, მარტის არჩევნების ჩაშლის შემდეგ, 1990 წლის შემოდგომაზე, პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად გარდაუვალი იყო. ზვიად გამსახურდია მიიღებდა თუ არა მონაწილეობას, თვით არჩევნების ჩატარება – არჩატარების თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებდნენ ის ძალები, რომლებიც 1990 წლისათვის (ვიმეორებ) გაერთიანდნენ პოლიტიკურ ბლოკებში «თავისუფლება» და «დემოკრატიული საქართველო» ანუ ელიტარული ინტელიგენციისა და ახლადშობილი ქართული პ ო ლ ი ტ ო კ რ ა ტ ი ი ს, აგრეთვე საბჭოთა პერიოდში «ზომიერად მოდისიდენტო» ინტელექტუალთა ერთი ნაწილი.
    ამდენად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების დაკავშირება მაინც და მაინც ზვიად გამსახურდიასთან და ის აზრი, თითქოს საქართველო საბჭოთა სტრუქტურათა ლეგიტიმაციამ დაღუპა (რასაც «კონგრესის» იდეის ავტორები ამკვიდრებენ) – მტკნარი სიცრუეა. ზვიად გამსახურდია საერთოდაც რომ არ არსებულიყო ბუნებაში, - 1990 წლის შემოდგომაზე საბჭოთა სტრუქტურათა ლეგიტიმაცია მაინც გარდაუვალი იქნებოდა. ანუ გარდაუვალი იყო მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება და «ლიტვური გზის» გაზიარება.
    სინამდვილეში გია ჭანტურიას (კონგრესისტთა შორის ყველა თვალსაზრისით უძლიერეს ფიგურას) მიაჩნდა, რომ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც განვითარდა. უზენაესი საბჭოსადმი მისი დამოკიდებულებაც იდენტური იქნებოდა, მაგრამ მას უბრალოდ ხელს აძლევდა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს სწორედ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა, ხოლო «დემოკრატიულ ძალებს» რომ გაემარჯვათ იმ არჩევნებში – მათთან „კონსტრუქციულად ითანამშრომლებდა“.
    არ დაიჯეროთ.
    ურყევად დარწმუნებული ვარ: არჩევნებში არა ზვიად გამსახურდიას, არამედ «ზომიერად ლიბერალურ» ძალებს რომ გაემარჯვათ (იმავე «დემოკრატიულ საქართველოს», «თავისუფლებას» და ა.შ.) დაპირისპირება კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის მაინც ასეთივე შეურიგებელი და მძვინვარედ პათოლოგიური იქნებოდა, ვინაიდან ობიექტურად გამომდინარეობდა თვით «ორხელისუფლებიანობის» ვითარებიდან.
    ზვიად გამსახურდიას გასვლას ეროვნული ფორუმიდან წინ უძღოდა «იმელის» შენობის წინ ამტყდარი სროლა – შეიარაღებული დაპირისპირება გამსახურდიას მომხრეებსა და «მხედრიონელებს» შორის. პირველად მაშინ იხილა თბილისმა ამაზრზენი სურათი: ადამიანები ერთმანეთს ტყვიას ესვრიან (მთავარი ტელეგრაფის შენობასთან), ქუჩის მეორე მხარეს «ჯოგად დამდგარი» ბრბო კი პირდაღებული შესცქერის მანამდე არნახულ სანახაობას.
    თუმცა, ეს «პერესტრელკაც» მხოლოდ საბაბი იყო – ზვიად გამსახურდიას სურდა, გამიჯვნოდა არა მხოლოდ ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონს, არამედ მთლიანად «კონგრესს» და ჭანტურია-წერეთლის პოლიტიკურ კონცეფციას. ანუ საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მეორე კონცეფცია გაიზიარა. შესაძლოა იმიტომაც, რომ «ხელისუფლება სურდა», თუმცა მოტივი ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. მთავარი კონცეფციის რაობაა.
    «ლეგიტიმისტთა» პოლიტიკური დოქტრინის თანახმად, საქართველოში უნდა გამართულიყო ლეგალური, მრავალპარტიული არჩევნები, რათა ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლება (უზენაესი საბჭო), რომელიც ლეგალური გზებითა და საშუალებებით, არსებული სახელმწიფოებრივ-სახელისუფლებო სისტემების გამოყენებით, იბრძოლებდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამ დოქტრინის ადეპტებს მიაჩნდათ, რომ უნდა მომხდარიყო არა იმჟამად არსებული სტრუქტურების იგნორირება და მათი პარალელური სტრუქტურების შექმნა, არამედ არსებული სტრუქტურების, ასე ვთქვათ, «გაპატიოსნება» ანუ შინაარსის შეცვლა და მათი გამოყენება.
    «კონგრესისტებს» კი ეს შეუძლებლად ეჩვენებოდათ. თითქოს ანგარიშგასაწევი არგუმენტაციაც ქონდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არგუმენტი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეროვნული მოძრაობა ვალდებული გახდებოდა ეკისრა მთელი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, ხოლო კრემლი უეჭველად შეძლებდა მის დისკრედიტაციას.
    ამ შეხედულების სერიოზულობას არავინ უარყოფს, მაგრამ კონცეპტუალური თვალსაზრისით იგი მაინც ვერ უძლებს არსებით კრიტიკას: პარალელური სტრუქტურების შექმნა (იხ. ზემოთ) მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა გამართლებულად თუ, მაგალითად, (უხეშად თუ ვიტყვით) საქართველოში არც ერთი ქართველი მილიციელი არ იქნებოდა, ადმინისტრაცია ყველა დონეზე იქნებოდა «რუსული» იმდენად, რომ მისი «გაპატიოსნება» გამორიცხული აღმოჩნდებოდა, ასევე «შეუქცევადად რუსული» იქნებოდა ბიუროკრატიული აპარატი და ა.შ. ანუ არ იარსებებდა იმედი ამ სტრუქტურების გამოყენებისა იმავე იმპერიის წინააღმდეგ. მაგრამ საქართველოში ხომ ასეთი ვითარება არ იყო?
    ბალტიის ქვეყნებში ეროვნული მოძრაობა ამას ადვილად მიხვდა და თავიდანვე აიღო კურსი კომუნისტურ ეპოქაში ფორმალურად არსებული სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის რალური შინაარსის მინიჭებისა და მათი «გაპატიოსნებისაკენ». საქართველოში კი რადიკალებს ეს ყოველივე «ტაკიმასხარაობად» მიაჩნდათ და «ბალტიის» გზას «პოლიტიკურ ანანიზმად» მიიჩნევდნენ.
    აქაც მჟღავნდებოდა ელემენტარული უმეცრება და ინტელექტუალური სიმწირე. ნებისმიერი დაპყრობილი ერისათვის «დაუმორჩილებლობა» ან თუნდაც აჯანყება მისაღები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ძალუძს არსებული ლეგალური სტრუქტურების გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამ პრინციპით მოქმედებდა უკლებლივ ყველა ერი საბჭოთა კავშირში - ჩვენს გარდა.
    არ დაიჯეროთ კონგრესის მომხრეთა და შემოქმედთა გვიანდელი თვალთმაქცური ტყუილი : «რა მოხდა, კონგრესიც ყოფილიყო და უზენაესი საბჭოც. კარგი ტანდემი იქნებოდა, მაგრამ აი ზვიადამ არია ყველაფერი. . . აკი ესტონეთში ასე მოიქცნენ?!»
    ეს არის (ვიმეორებ) გვიანდელი თვალთმაქცობა. ესტონეთში კონგრესს მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული რაზმი არ შეუქმნია არაფორმალური ძალაუფლების მოსაპოვებლად. ესტონეთში კონგრესის არჩევა ორხელისუფლებიანობას არ ნიშნავდა, საქართველოში კი სწორედ ასე გამოვიდა!
   

     (მოვა დრო და სწორედ ის ხალხი, ვინც პირზე დუჟმორეული ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ ნაბიჯს, რაც საქართველოს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ აღიარებდა, ასეთივე დუჟმორევით იბრძოლებს ე.წ. საბჭოთა ქონების გაყოფის «ნულოვანი ვარიანტის» წინააღმდეგ ანუ ამ საკითხში დაიკავებს იმ პოზიციას, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს - სსრკ სამართალმემკვიდრედ აღიარებას გულისხმობდა)
       

    ის, რაც 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა საქართველოში, «კონგრესის იდეის» გამართლებად ვერ გამოდგება. პირიქით, ადასტურებს კიდეც შეხედულებას, რომ თუნდაც დეკლარირებული ორხელისუფლებიანობა სამოქალაქო ომის წინაპირობაა. უკლებლივ ყველა «მოკავშირე რესპუბლიკამ» დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეროვნული ინტერესები დაიცვა სწორედ იმ «ლეგალურ სტრუქტურათა» გამოყენებით, რომლებთან თანამშრომლობა ან მათში მონაწილეობაც «ღალატად» ცხადდებოდა საქართველოში რადიკალთა მიერ.
    ზვიად გამსახურდიას შეცდომები ან თუნდაც მისი «ოდიოზურობა» თვით კონგრესის კონცეფციის მართებულობას არ ადასტურებს. მეტიც: ზვიად გამსახურდიას დამხობაში კონგრესმენებმა იმიტომაც მიიღეს მონაწილეობა, რათა საკუთარი კონცეფცია გაემართლებინათ – ხომ ხედავთ, მართლები ვყოფილვართო.
    პრობლემას აქვს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს «ლეგალურ სტრუქტურათა» გამოყენების მომხრეთა სიმართლეს.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა