ეროვნულ-დემოკრატებმა საარჩევნო მარათონი დაიწყეს

ეროვნულ-დემოკრატებმა საარჩევნო მარათონი დაიწყეს

    «ედეპეს» თავმჯდომარის, ირინა სარიშვილის თქმით, მისი პარტია მნიშვნელოვნად გააქტიურდება საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბუნებრივია, ედეპე იგივე მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა არჩევნებს.
    მიმდინარე წლის 15 ნოემბრის «ლოკალური არჩევნები», რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ორგანიზაციული თვალსაზრისით (პარტიებისათვის) გაცილებით რთული იქნება, ვიდრე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებში ერთი 220-კაციანი საარჩევნო სიის წარდგენაა აუცილებელი (პროპორციულის და მაჟორიტარულის); ადგილობრივი არჩევნების დროს კი პარტიამ თითოეულ რაიონში უნდა დააკომპლექტოს საკრებულო.
    გარდა ამისა, ირინა სარიშვილის თქმით, ედეპე არ აპირებს რაიმე ბლოკში გაერთიანებას და დამოუკიდებლად იყრის კენჭს. არც ეს უნდა იყოს გასაკვირი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, შეიძლება ითქვას, ყველაზე სტაბილური ორგანიზაციაა საქართველოში ელექტორალური თვალსაზრისით, ანუ მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც ყველა არჩევნებში უეჭველად ედეპეს უჭერს მხარს.
    სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი 14-15 პროცენტია. ეს კი ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია; შესაძლოა, ეს თბილისის მონაცემები იყოს მხოლოდ და არ გამოხატავდეს მთელი საქართველოს მაშტაბით ეროვნულ-დემოკრატთა ელექტორატის სიმრავლეს ან რიცხოვნებას. მაგრამ ეს პარტია 5-პროცენტიან ზღვარს რომ აჭარბებს, უეჭველია.
    საერთოდ, საარჩევნო ბლოკში გაერთიანება ამა თუ იმ პარტიისათვის შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ გაცილებით უფრო პრესტიჟულია დამოუკიდებლად კენჭისყრა.
    მომავალ არჩევნებში წვრილ-წვრილი პარტიები უეჭველად ეცდებიან გაერთიანებას (უახლესი წარსულის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ცალ-ცალკე ვერ გადალახეს ბარიერი) და ედეპე ამ თვალსაზრისითაც მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება - ირინა სარიშვილის პოზიცია იმასაც გულისხმობს, რომ 5-პროცენტიანი კვოტა არ შემცირდება.
    სუსტი პარტიები (მათ შორის, ზოგიერთი საპარლამენტო პარტიაც) უეჭველად დაიწყებენ ბრძოლას კვოტის შესამცირებლად, შეუტევენ მმართველ პარტიას. «სმკ» ამ შემთხვევას მარტო, ალბათ, ვერ გაუძლებს და მაინც შეამცირებდა კვოტას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების «უზურპირების» იარლიყს ვერ აიცდენდა, მაგრამ როდესაც კვოტის შემცირების წინააღმდეგ გაილაშქრებს ოპოზიციური პარტიაც - ეს სულ სხვა პოლიტიკურ ვითარებას შექმნის.
    სარიშვილს, როგორც ჩანს, არ აშინებს «სახალხოს» ხმები. ედეპეს ყოფილ ელიტას (მამუკა გიორგაძეს, ვანო ხუხუნაიშვილს, გიორგი კობახიძეს) საკუთარი ელექტორატი ჰყავდათ. რამდენად მრავალრიცხოვანია იგი, მომავალი არჩევნები გვიჩვენებს.

მერიდიანი 9 სექტემბერი, 1998 წ.