დეკემბერ-იანვრის „გმირები“.

დეკემბერ-იანვრის „გმირები“.


    «უკანასკნელი მოჯაჰედინი»
   
   

    «ბებერი მოჯაჰედინი» მარტოსულად ზის ცივ საკანში, რომელში მზის სხივიც ვერ აღწევს. რაზე ფიქრობს იგი დღეს, როდესაც დასრულდა მისი ცხოვრება? დასრულდა ისევე, როგორც დაიწყო - ციხის საკანში. ოღონდ თუ 16 წლის პატარა ჯაბას სულ რაღაც ძველბიჭობა თუ ნამცეცა ქურდობა ედებოდა ბრალად - 70 წლის ჯაბა იოსელიანი (პროკურატურის ცნობით) იმხილება ოცამდე უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელთაგან 15 ითვალისწინებს სასჯელის უმაღლეს და განსაკუთრებულ ზომას - სიკვდილით დასჯას.
    ჯაბას ბრალი ედება ყაჩაღური ფორმირებების ორგანიზებაში, სამეგრელოს გაძარცვაში, მკვლელობებში, ტერორისტულ აქტებში და ა.შ. დღეს იგი ფაქტობრივად ყველამ მიატოვა, ყველამ დაივიწყა; ყოველ შემთხვევაში აღარ დუღს ჩვენი «კეთილშობილი ინტელიგენციის» აღშფოთება «პოლიტპატიმარ» ჯაბა იოსელიანის დასაცავად, როგორც ეს იყო 1991 წელს; აღარც სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დარბიან მოსკოვში «საქმის ჩასაწყობად»; დღეს ზურგსუკან ამბობენ მასზე: ეს ვინ ყოფილა - არ ვიცოდით, ვერც კი წარმოგვედგინაო.
    მიატოვა ჯაბა ელიტამ, - გამოიყენა და მიაგდო, როგორც ჩვარი, მაგრამ ეს მხოლოდ მას (ელიტას) ჰგონია, რომ გამოიყენა ჯაბა იოსელიანი, რადგან ყოველთვის ანგარება და მერკანტილური მისწრაფება ამოძრავებდა. ჯაბა კი, თავისი არსითა და ბუნებით გაცილებით უფრო რთული და ღრმა მოვლენაა, ვიდრე მთელი ეს «ელიტა» ერთად აღებული.
    ისტორიას უცნაური ლოგიკა აქვს, - ეპოქას ხშირად რამდენიმე ადამიანი ანსახიერებს. იმ ეპოქას, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, განასახიერებს ზვიადი, ჯაბა, მერაბი, თენგიზი, გია. მათ დადგეს გრანდიოზული სპექტაკლი, რომელშიც ათეულობით ათასი მსახიობი მონაწილეობდა. ჯაბა იოსელიანი კი ამ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.
    თავდაპირველად, ჯაბას ცხოვრება აეწყო ისე, როგორც ჩვეულებრივი «პრესტუპნიკისა». ასეთი «პრესტუპნიკი» ათასობით და ათიათასობით იყო საქართველოში, - დაპატიმრება, ციხე, საქმის გარჩევა, შავი ავტორიტეტი, გავლენა . . . . მაგრამ ჯაბა იოსელიანს ერთი რამ განასხვავებდა სხვა «კანონიერი ქურდებისაგან» - იგი საზოგადოებრივ ელიტას გადაეჭდო. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი და ცნობილი თეატრალური მოღვაწე იყო, არამედ იმიტომაც, რომ ჯაბა ბავშვობიდან შეეზარდა ამ წრეს, რომელიც შემდეგ 50-70-იან წლებში საქართველოს საზოგადოებრივი ელიტა, ანუ ელიტარული ინტელიგენცია გახდა.
    ის ბიჭები, რომლებიც ჯაბას ჭაბუკობაში აღმერთებდნენ, უსიტყვოდ აღიარებდნენ ლიდერად და სცნობდნენ მის პირველობას, - შემდგომ, როდესაც დავაჟკაცდნენ, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდნენ, კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაახლოვდნენ, თუმცა ვერ ივიწყებდნენ ახალგაზრდობის განცდებს და თავიანთ იმდროინდელ კერპს.
    ჯაბას გავლენა ამ ხალხზე განსაცვიფრებელი იყო. მით უმეტეს, რომ კომუნისტური რეჟიმის პირობებში ტრადიციული მორალი შეირყა, - წაიშალა ზღვარი ბოროტსა და კეთილს შორის; საზოგადოება რომელიც გაჟღენთილი იყო სიყალბითა და კორუფციით, არ სცნობდა არანაირ ზნეობრივ მაქსიმას - ყველაფერი ნებადართული იყო, ვინაიდან არ არსებობადა ლეგალური მორალი და ზნეობა. არალეგალური მორალის თანახმად კი, ჯაბა კაცი იყო! და არა თუ კაცი, არამედ - გმირი!!!
    ამ ვითარებაში სრულიად არ არის გასაკვირი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ჯაბა იოსელიანს დანაშაულად არ ჩაუთვალა ლენინგრადში ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობა, რომლის დროსაც ჯაბას და მის ძმაკაცებს უდანაშაულო ადამიანი შემოაკვდათ.
    კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ მომენტს, იგი ძალზე ბევრის მთქმელია: საზოგადოება, რომელმაც უდიდეს დანაშაულად ჩაუთვალა ზვიად გამსახურდიას ე.წ. «მონანიება», საზოგადოებამ, რომელსაც არც ახსოვდა, არც უყვარდა და არც თუ ძალიან პატივს სცემდა მერაბ კოსტავას - ჯაბა იოსელიანს დანაშაულად არ ჩაუთვალა უმწეო ადამიანის სიკვდილი.
    იგივე საზოგადოება ჯაბას მოიძულებდა, თუ იგი ძმაკაცს «ჩაუშვებდა» და ამით შავ სამყაროში გავლენას დაკარგავდა. სწორედ აქ იმალება პირველი კვანძი: ჯაბა იოსელიანი ე.წ. ქართული ინტელიგენციისთვის არაფორმალურ ურთიერთობათა გარანტი იყო. ამგვარი ურთიერთობანი კი საქართველოში ყოველთვის არსებობდა. თვით სტალინურ ეპოქაშიც კი.
    დღეს რომ ვინმეს უთხრა: კომპარტიის ცკ-ს მდივნები საქმეს კანონიერ ქურდებს არჩევინებდენო, - არავინ დაგიჯერებს. არადა, სწორედ ასე იყო! აბა კომუნისტური ელიტა პარტიის პლენუმზე ხომ ვერ გაარჩევდა, ვის რამდენი უნდა «წაეღო» და ვის რამდენი «მოეტეხა», - ამგვარ საქმეებს ჯაბა და მისი ძმა-ბიჭები არჩევდნენ. ჯაბა ერეოდა ცნობილი პოეტების, მწერლების, მსახიობების, რეჟისორების, მხატვრების, მოქანდაკეების მიერ გახსნილი «ლევი» ცეხების საქმეებში; იცავდა მათ «ქვემოდან», ანუ შავი სამყაროს შემოტევისაგან. სამაგიეროდ ინტელიგენციაცა და პარტნომენკლატურაც უხვად აჯილდოვებდნენ ჯაბა იოსელიანს.
    როგორც ჩანს, მას იმდენად ფული და სიმდიდრე არ აინტერესებდა, რამდენადაც საზოგადოებრივი მდგომარეობა და პრესტიჟი. აქ ჩანს ჯაბას ჭეშმარიტად არტისტული ბუნება: კაცი, რომელმაც ორმოცი წლისამ დაამთავრა საშუალო სკოლა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახდა.
    ვინც არ იცის, რა ძნელია (მითუმეტეს ამ დარგში) არა თუ სადოქტორო, არამედ საკანდიდატო დისერტაციის დაცვა, ვერასდროს გაიგებს, რომ ამგვარი წარმატება ჯაბა იოსელიანისთვის შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი და კიდევ ერთი, უმთავრესი, მაგრამ ყველაზე დიდი იდუმალებით მოსილი: საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უდიდესი ყურადღებით სწავლობდა და აკვირდებოდა რუსეთის (კრემლის) სპეც-სამსახური. უეჭველია, რომ ჯაბა იოსელიანი ჯერ კიდევ 50-იან წლებში მოხვდა მისი თვალთახედვის არეში სწორედ იმ მიზეზით, რომ ეს ფიგურა ქართული საზოგადოების მართვის ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლებოდა ქცეულიყო.
    გავიხსენოთ მნიშვნელოვანი დეტალი: ჯაბა იოსელიანს თავდაპირველად სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ოცდახუთწლიანი სასჯელით შეუცვალეს სასჯელის უმაღლესი ზომა.

 – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
   

 1988 წლამდე, ყველა მოვლენა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი თითქოს დრამის მთავარი აქტის შემზადებას ჰგავდა, ეს აქტი დაიწყო ეროვნული მოძრაობის პირველი მიტინგით, რომელიც 12 ნოემბერს იპოდრომზე გაიმართა; ერთბაშად აფეთქდა ათწლეულობით ჩამპალი და ჩამყაყებული ჭაობი, მოვარდა ნიაღვარი და სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაანგრია არსებული სისტემა. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლება ფაქტობრივად აღარც არსებობდა საქართველოში - ხუხულასავით დაიშალა რეპრესიული სისტემა, მაგრამ განახლებისა და თავისუფლების დამათრობელი სურნელი უპირველესად სწორედ «პრესტუპნიკებმა» შეიგრძნეს... მათ უმალვე აუღეს ალღო მიმდინარე პროცესს, უმალვე იგრძნეს, რომ ეს პროცესი დაეხმარებოდათ სახელმწიფოსთან მარადიულ ბრძოლაში.
    პირველი მცირერიცხოვანი ჯგუფები მომავალი «მხედრიონისა» უკვე 1988 წლის ბოლოსთვის იქმნებოდა, - ვითომდაც «ქვემო ქართლიდან თათრების გასაყრელად», სინამდვილეში კი ერთმანეთის გასაცნობად, შესაკავშირებლად, ნათლობის მისაღებად.. . . ასე იკრიბებოდნენ ვერელები, ვაკელები, ოქროსუბნელები, პლეხანოველები - თავდაპირველად ჯაბა იოსელიანი არც ყოფილა მათი ლიდერი, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა, იგი უმალვე აღიარეს მეთაურად, - რაკი მისი ცენზი და გამოცდილება სასარგებლოდ ჩათვალეს.
    1990 წელს, მხედრიონის შტაბ-ბინა ჭადრაკის სასახლეში მდებარეობდა. - იქ იკრიბებოდა ასეულობით შეიარაღებული ახალგაზრდა თბილისიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან და ა.შ. ჯაბა იოსელიანის სიტყვა უკამათო და შეუბრუნებელი იყო. მის გარშემო თანდათანობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელმაც იმთავითვე იცოდა, საით უნდა წაეყვანა «მხედრიონი». რიგით წევრთა უმრავლესობას კი რომანტიკული სულისკვეთება და საკმაოდ მყარი გარანტია იზიდავდა.
    ჯაბა იოსელიანი კვლავ დასჭირდა იმ საზოგადოებას, რომელმაც იგი შობა 1990-1991 წლებში.
    როდესაც საქართველოს «ელიტარულმა ინტელიგენციამ» ომი გამოუცხადა ზვიად გამსახურდიას, ჯაბა და მისი «მხედრიონი» ამ ბრძოლის ავანგარდში იყვნენ, თუმცა დემოკრატიისადმი ერთგულება სინამდვილეში მათ ნაკლებად ამოძრავებდათ.
    იმ დროს დუღდა ცხოვრება თბილისში, - იმართებოდა ეროვნული კონგრესის კრებები და კონფერენციები, მიმდინარეობდა გაცხოველებული დისკუსია პოლიტიკურ საკითხებზე, ჯაბა იოსელიანს ეს საკითხები იოტისოდენად არ აღელვებდა და არ აწუხებდა. მას თავისუფლების სურნელი ათრობდა, თავისუფლებისა, რომელზეც მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა.
    საოცარი პარადოქსია: მერაბ კოსტავას და ჯაბა იოსელიანს თავისუფლება სხვადასხვანაირად ესმოდათ, - ისინი სხვადასხვა თავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ თავისუფლება ერთი და განუყოფელი იყო სინამდვილეში.
    ჯაბა იოსელიანი ტკბებოდა თავისუფლებით, რომელიც მის ძალასა და გავლენას ზრდიდა. მისი არტისტული ბუნება მოითხოვდა მოქმედებას, აღმაფრთოვანებელ ჟესტებს, მოითხოვდა მაყურებელს, აპლოდისმენტებს; ტყუილია, თითქოს ჯაბა იოსელიანს სიხარბე და გამდიდრების სურვილი ამოძრავებდა, - ეს მისთვის მეორეხარისხოვანი თანამდევი იყო. მთავარი კი - გაუთავებელი სრბოლა, ქროლვა - საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში, იარაღით, მძლავრ რაზმთან ერთად; ბავშვობის, ახალგაზრდობის ოცნების ასრულება; საძულველი ხელისუფლების (ხელისუფლებისა როგორც ასეთის), საძულველი სახელმწიფოს, მილიციის დამცირება, საკუთარი ძალითა და ავტორიტეტით ტკბობა.
    ეს პიროვნება თხემით-ტერფამდე «პრესტუპნიკი» იყო თავისი ბუნებით, არსით, მენტალობით, სისხლითა და ხორცით. ამ შემთხვევაში «პრესტუპნიკში» ვგულისხმობ მხოლოდ განსაკუთრებულ ფსიქოლოგიას, მხოლოდ განსაკუთრებულ ფსიქიკურ წყობას. სრულიადაც არ არის შეუძლებელი, რომ მართალი იყოს ჯაბა იოსელიანის და, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯაბა იოსელიანს არაფერი გააჩნდა, არავითარი სიმდიდრე არ დაუგროვებია, არ დაუხვავებია ოქროს ზოდები და არ გაუხსნია მილიონიანი ანგარიშები შვეიცარიის ბანკში.
    ამ აზრით, ჯაბა იოსელიანი იყო კაცი - იდეა. იგი იყო განსაკუთრებული ანტისახელმწიფოებრივი მუხტის, გენეტიკური კოდის მატარებელი. კომუნისტურმა წყობამ, საზოგადოების განწყობამ მხოლოდ გააღვივა ეს კოდი, მაგრამ თვისობრივად იგი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, - განურჩევლად საზოგადოებრივი წყობის და სოციალური სისტემისა.
    ეს არის განსაკუთრებული სოციალური ტიპი, რომელიც არსებობდა, არსებობს და კვლავაც იარსებებს. ჯაბა იოსელიანი უბრალოდ დრომ, გარემოებამ აქცია განსაკუთრებულად, ანუ აქცია გმირად.

    ბებერი მოჯაჰედინი (როგორც მას გია ჭანტურიამ უწოდა), მარტოსულად წევს საკანში და ჭერს მისჩერებია. სახეზე ოდნავ შესამჩნევი, ზიზღნარევი ღიმილი დასთამაშებს . . . იგი არაფერს ნანობს  და არაფერზე წუხს . . . პირიქით, ბედნიერია, - მაგრამ ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ.

«კვირიონი», 28 ივლისი, 1996 წელი.