საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აპრილი. 2023 წელი
ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot უკვე უკრაინაშია. პოლონეთიდან შეიტანეს. გერმანიამ გადასცა უკრაინას ეს სისტემები, რომლებიც თავის დროზე ამერიკისგან მიიღო.
Patriot იმდენად ძვირადღირებულია, რომ მისი გამოყენება ირანული დრონების ჩამოსაგდებად მეტისმეტი მხარჯველობა იქნებოდა. მას აუცილებლად გამოიყენებენ, ოღონდ სამხედრო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად, ასევე.....ბალისტიკური რაკეტების, თუ რუსეთი გადაწყვეტს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას (ჩვეულებრივი საბრძოლო ნაწილით, - არაბირთვულის) უკრაინის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ფინეთმა დააყადაღა რუსეთის კულტურის ცენტრი, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები იყენებდნენ ფინეთში და ევროკავშირში პროვოკაციების მოსაწყობად. ეს არის პირველი შედეგი ფინეთის გაწევრებისა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუპერტ მერდოკის TV FoxNews (ერთ-ერთი უდიდესი ტელეკომპანია ამერიკაში) წააგო სასამართლო პროცესი კომპანიასთან Dominion Voting system, რომელიც ითვლის ხმებს არჩევნებში. უფრო ზუსტად, ტექნიკური უზრუნველყოფაა მისი.
საქმე ეხებოდა 2020 წლის არჩევნებს, რომელიც, ტრამპის განცხადებით, გაყალბდა.
დელავერის სასამართლომ დაადგინა, რომ არ ყოფილა გაყალბება და FoxNews-სს დააკისრა 787 მილიონი (!) დოლარის გადახდა `დომინიონისთვის` ჯარიმის სახით.
ეს ტელეკომპანია, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპთან არის ახლოს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ მას უჭერდა მხარს.
`დომინიონის` საჩივრის თაობაზე გამოტანილი განაჩენი დონალდ ტრამპის სერიოზული წარუმატებლობაა მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას.
სხვა საქმეა, რომ 787 მილიონი დოლარი თვით მილიარდერ , მედიამაგნატ რუპერტ მერდოკისთვისაც კი უზარმაზარი თანხაა!
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლური სამხედრო ანალიტიკის მთავარი თემა ამჟამად უკრაინული შეტევის პროგნოზირებაა.
ითვლება, რომ გადაწყვეტილებას გენერალური შეტევის შესახებ მიიღებს არმიის მთავარსარდალი ზალუჟნი, ხოლო უმაღესი მხედართმთამარი, პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც პოლიტიკური მიზანი დასახა (ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება) ამ გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა ანუ კონკრეტულად როდის დაიწყება უკრაინული შეტევა, ამას სამხედრო პროფესიონალები გადაწყვეტენ. პირველ რიგში ზალუჟნი.
დასავლელ სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით, მთავარი მიზეზი, რომელიც ჯერ აფერხებს უკრაინულ შეტევას, ავიაციაა.
რუსული ავიაცია ვერ მოქმედებს უკრაინის ცაში - იმ ტერიტორიებზე, სადაც უკრაინამ ძალიან ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა შექმნა დასავლური დახმარებით.
მაგრამ შეტევის დროს უკრაინული არმია უნდა გამოვიდეს ამ სისტემათა მოქმედების არეალიდან და რუსებს მიეცემათ შესაძლებლობა ეფექტიანად გამოიყენონ ავიაცია იქ, სადაც მათ უკრაინული სისტემები ვერ მისწვდება.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი უკრაინას ჰყავდეს მძლავრი საავიაციო დაჯგუფება (ავიაგამანადგურებლები) ამ შეტევის დროს.
ამიტომ ითხოვენ უკრაინელები თვითმფრინავებს დასავლეთისგან და უკვე იღებენ კიდეც.
როგორც ჩანს, შეტევა დაიწყება მაშინ, როდესაც უკრაინელები საკმარისი რაოდენობით სამხედრო თვითმფრინავებს დააგროვებენ ფრონტის ხაზზე და სიღრმეში გამოსაყენებლად.
აღმოსავლეთ ევროპის ყველა თითქმის სახელმწიფომ (უნგრეთის გარდა) უკვე მიიღო გადაწყვეტილება, გადასცეს უკრაინას საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ცივი ომის ეპოქიდან დარჩათ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ პუტინი დონბასში ჩავიდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო თათბირი ჩაატარა, რომელსაც არც თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და არც გენერალური შტაბის უფროსი. ოფიციალურად ეს იმით ახსნეს, რომ `ერთდროულად მთელი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთ ადგილას თავმოყრა საშიშიაო`.
პუტინის ჩასვლა საბრძოლო მოქმედებათა არეალში და საგანგებო თათბირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი მოვლენები მზადდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ენერგოგიგანტი «Газпром» ცდილობს თავი გაიმართლოს პუტინის წინაშე, რომ გასულ ზამთარს ევროპა ვერ `მოახრჩო` და ვერ გაყინა. კომპანიამ გაავრცელა განცხადება: ამ ზამთარს ევროპაში შედარებით თბილი ამინდები იდგა, თუმცა ყოველთვის ასე კი არ გაგიმართლებთო.
ნურას უკაცრავად: მართალია თბილი ამინდი იდგა და ზამთარი არ იყო სუსხიანი, თუმცა მთავარი ფაქტორი, რამაც ევროპა გაყინვას გადაარჩინა სხვა იყო: ევროპელებმა გაზარდეს თხევადი გაზის შესყიდვა ამერიკისგან და მოიძიეს ახალი წყაროები. ეს ფაქტორები მომავალ ზამთარს კიდევ უფრო დიდი წარმატებით იმუშავებენ, ანუ რა სუსხიანი ზამთარიც არ უნდა იყოს 2023 წლის სეზონი, რუსეთი მისი `ენერგეტიკული იარაღით` ევროპას უკვე ვეღარაფერს დააკლებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომლითაც `სახელმწიფო ღალატისთვის` დაწესდა სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო პატიმრობა.
ახლა 20-25 წელია ციხე.
სწორედ 25 წელი მიუსაჯეს რუს ოპოზიციონერს ვალდიმერ კარა მურზას.
ეს კანონი რომ ცოტა უფრო ადრე მიეღოთ, ალბათ უვადო პატიმრობასაც მიუსჯიდნენ.
რუსეთში სულ უფრო აქტიურობენ ძალები, რომლებიც სისკვდილით დასჯის აღდგენასაც მოითხოვენ. მათი ლოგიკა და თეორია ისაა, რომ რუსეთი გარიცხეს ევროპის საბჭოდან; არადა თავის დროზე სიკვდილით დასჯა რუსეთში გაუქმდა სწორედ ევროპის საბჭოს მოთხოვნით და `თუ გაგვრიცხეს ევროპის საბჭოდან, რაღა აზრი აქვს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმსო`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან უცნაური და სამწუხარო ფაქტი: უკრაინამ ბელორუსიაში მისი ელჩი გაიწვია კიევში კონსულტაციებისთვის მას შემდეგ, რაც ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო შეხვდა დონბასელი სეპარატისტების ლიდერს პუშილინს და ტელეკამერების წინ გამომწვევად კითხა: `როგორ გ ვ აქვს საქმე ფრონტზე`?
სამწუხარო და უცნაური კი ისაა, რომ უკრაინამ მხოლოდ ახლაღა გაიწვია ბელორუსიიდან ელჩი კონსულტაციებისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზები აგრძელებენ, უხეშად თუ ვიტყვით, რუსი ინვესტორების `გადაგდებას` მათ მიერ განხორცეილებული ინვესტიციების მითვისების ფორმით.
აფხაზეთის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს იმ 19 ობიექტის პრივატიზების გადაწყვეტილებას, რაც აფხაზეთის მთავრობამ მიიღო წინა წლებში - რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის` აღიარების სანაცვლოდ.
სულ 19 ობიექტია ასეთი - სანატორიუმები, რომლებიც სსრკ დროს ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს.
ანუ `აფხაზური სქემა` ასეთია: ჯერ ინვესტორი (რუსები მხოლოდ) ყიდულობს სანატორიუმს, იქ დებს ფულს, ასხამს ინვესტიციებს, შემდეგ გამოვარდებიან აფხაზი დეპუტატები, აცხადებენ, რომ ინვესტიცია უკანონოა, რადგან პარლამენტს მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. ინვესტორს ართმევენ ქონებას ამ საბაბით, თუმცა ფულს არ უბრუნებენ.
აქ ყველაზე საინეტრესო ისაა, რომ ხსენებულ საქემაში თავიდანვე ჩართულია მთავ5ობა. ანუ მათ ძალიან კარგად იციან, რით დამთავრდება ეს `პრივატიზება` და ინვესტორებს წინასწარ უბრალოდ ატყუებენ.
შემდეგ კი ნაივურად შლიან ხელებს: `აბა რა გავაკეთოთ - პარლამენტმა თავისი მოითხოვა და.....`
რასაკვირველია სრულებით ახია იმ `რუს ინვესტორებზე`
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკული დაზვერვა ზოგჯერ თვითონაც აწვდის ჟურნალისტებს საიიდუმლო ინფორმაციებს, როდესაც ეს მიზანშეწონიალდ მიაჩნია.
მაგალითად, გუშინდელი დღიდან ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციაა რუსეთის გენერალური შტაბის ზესაიდუმლო ანალიტიკური ცნობა, რომელშიც რუსული გენშტაბის ანალიტიკოსები აფრთხილებენ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მას შემდეგ რაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები გავიდნენ რუსული ბაზრიდან ანუ რუსეთი დატოვეს კომპანიებმა Google, Apple ასევე ნაწილობრივ კორეულმა Samusng, ჩინელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და ჩინურმა კომპანიებმა Huawei და China Mobile Ltd შესაძლოა მონოპოლისტები გახდნენ, რაც რუსი ანალიტიკოსების აზრით, უბრალოდ საშიშია რუსეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
როგორც ცნობილია `არსებობენ მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფოები, თუმცა არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები`.
ანუ ახლაღა გაახსენდათ, რომ ანტიდასავლური პოლიტიკა ჩინეთის ლუკმად გახდის რუსეთს მალე ყველა თვალსაზრისით და Huawei მხოლოდ `პირველი მერცხალია`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია წარადგინეს გასული წლის შემოსავლების შესახებ.
ირკვევა, რომ გასულ წელს ამ ოჯახის ერთობლივი შემოსავალი იყო $579 500, საიდანაც $169 800 საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადეს.
საშემოსავლოს განაკვეთი 23%
. . . . . . . . . . . . . . . . .
21 წლის სოციოპათ ტეიშერას გამოქვეყნებული საიდუმლო ფაილებით ირკვევა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.
ამ ფაილებში არა მხოლოდ მისი საუბრების გაშიფვრაა როგორც გაეროს თანამშრომლებთან, ასევე მსოფლიო ლიდერებთან, არამედ ამერიკელ ანალიტიკოსთა დასკვნებიც საუბართა შინაარსის შესახებ.
ირკვევა, რომ ჯეკ ტეიშერას საქციელმა ამერიკას იმაზე არანაკლები ზიანი მიაყენა, ვიდრე ედვარდ სნოუდენმა
სნოუდენი გაქცეულია და ახლა მოსკოვში ცხოვრობს..