დავა ედპ-ს შტაბ-ბინაზე ორმაგი სტანდარტი

დავა ედპ-ს შტაბ-ბინაზე ორმაგი სტანდარტი

 

    «ედპ»-ს შტაბ-ბინის თაობაზე ატეხილი აურზაური მასში მონაწილე მხარეებს კარგს არაფერს უქადის. «მხარეებში» იგულისხმება როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ასევე ხელისუფლება (და არა თეატრალური ინსტიტუტი), რომელმაც თავად ჩაიყენა თავი გამოუვალ მდგომარეობაში.
    ირინა სარიშვილი-ჭანტურია ალბათ მართალია, როდესაც ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და მისი პარტია «ცოცხალი თავით» ამ შენობას არ დათმობს. ეს უკვე პრინციპისა და პრესტიჟის საკითხია. თუ ხელისუფლებამ ვერ შესძლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ეს მისი მორალური კრახი იქნება. გამოდის, ხელისუფლება მხოლოდ «ზვიადისტებთან» არის «ვაჟკაცი» და «პრინციპული»: როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრენი «კანონს არღვევენ» (ხელისუფალთა აზრით), მათ არავინ ინდობს და მათ წინააღმდეგ ყველა მეთოდი გამართლებულია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება არა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა სუსტ მოძრაობას, არამედ «ძლიერ» და «გავლენიან» ედპ-ს, მაშინ იგი ჭოჭმანობს - ეშინია «დესტაბილიზაციის», ეშინია, რომ ედპ-ს დარბევა მას შეიძლება უფრო ძვირად დაუჯდეს, ვიდრე საცოდავი «ზვიადისტების» შეურაცხყოფა.
    გამოდის, საქმე კანონში კი არ ყოფილა, არამედ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში. ხელისუფლება სუსტთან არის «პრინციპული», ძლიერთან კი («ძლიერში» ფიზიკურ ძალას არ ვგულისხმობ, რასაკვირველია - ავტ.) უმალ უკან იხევს.
    აქედან გამომდინარე, შეიძლება ვინმემ ურჩიოს ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, არ მოერიდონ ასეთი პოლიტიკური მორალის მქონე, უპრინციპო ხელისუფლებასთან უფრო რადიკალურ დაპირისპირებას და არ დაემორჩილონ «კანონის აღმასრულებელს», რომელიც მათი უკანონო მიტინგის აღკვეთას მოინდომებს მაშინ, როდესაც ედპ-ს უკანონო ქმედებას ითმენს მხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაციის გართულების ეშინია.
    უბედურებაა, როდესაც ხელისუფლება მოქმედებს არა კანონის, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამგვარი ხელისუფლება ვერ შექმნის სამართლებრივ სახელმწიფოს. ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო კი უნდა ეფუძნებოდეს რომაულ პრინციპს - «ქვეყანა რომ დაიქცეს, კანონი უნდა შესრულდეს».
    და მაინც, აზრადაც არავის მოუვიდოდა ხელისუფლებისათვის ესაყვედურა, იგი რომ «სიმკაცრეს» და (ზოგჯერ) სისასტიკეს არ იჩენდეს სხვა (გაცილებით უფრო სუსტი) პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. არადა, თუ ედპ უარს ამბობს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ მოტივით, რომ «ბიჭები ვართ და ძალაც შეგვწევსო», მაშინ სხვა რატომ უნდა დაემორჩილოს იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებას?
    როგორც ვთქვით, ედპ-ს სასამართლოს გადაწყვეტილება «უსამართლოდ და უკანონოდ» მიაჩნია. ასევე «უსამართლოდ» და «უკანონოდ» მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს თუ გაერთიანებას, რომელიც სასამართლომ რაიმე საქმეში გაამტყუნა. მაგრამ მათ წინააღმდეგობა აზრადაც არ მოუვათ. იმიტომ კი არა, რომ არ სურთ წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას, არამედ იმიტომ, რომ იციან - მათ წინააღმდეგობას ხელისუფლება ადვილად გატეხავს, რაკი პოლიტიკური გავლენა (ანუ ძალა) არ გააჩნიათ.
    გამოდის, მთავარი ძალა (გავლენა) ყოფილა და არა კანონი! არადა, ქვეყანას, რომელშიც ძალა და კანონი ერთმანეთს შორდება, სახელმწიფოებრივი მომავალი არ გააჩნია. სახელმწიფოს საფუძველია მოქალაქის რწმენა, რომ მისი სახელმწიფო სამართლიანია და ურყევად იცავს თანასწორუფლებიანობის პრინციპს. თუ მოქალაქემ ეს რწმენა საბოლოოდ დაკარგა, ახალი სამოქალაქო ომი და კრიმინალური ანარქია გარდაუვალი გახდება.

მერიდიანი, 20 ივნისი, 1997 წ.