9 აპრილის არჩევნები ფიქცია იქნება; «საპრეზიდენტო კლუბი» კი მაინც ყალიბდება

9 აპრილის არჩევნები ფიქცია იქნება; «საპრეზიდენტო კლუბი» კი მაინც ყალიბდება

        მას შემდეგ, რაც გრგვინვითა და გრიალით ჩაიარა საპარლამენტო არჩევნებმა, პოლიტიკური ისტებლიშმენტი ერთგვარად «მოდუნდა». შესაძლოა იგი ჯერ კიდევ არ გამოსულა შოკიდან. არადა, უდიდესი სისწრაფით გვიახლოვდება 9 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღე.

        ამ არჩევნებს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს (რეალური ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით), ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს; თუმცა, პარადოქსია, მაგრამ საპარლამენტო მარათონის შედეგმა ერთგვარად გადაწყვიტა კიდეც «საპრეზიდენტო ტურნირის» ბედი.
        ნამდვილი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გაიმართებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ «აღორძინება» მოქალაქეთა კავშირს საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხებდა.
        საეჭვოა, ასლან აბაშიძეს, თუნდაც ამ შემთხვევაში ეყარა კენჭი საპრეზიდენტოდ, მაგრამ «აღორძინება» ნამდვილად შეეცდებოდა «დაედგინა» ერთიანი კანდიდატი.
        რამდენად დაამარცხებდა იგი ედუარდ შევარდნაძეს ამგვარი «საპარლამენტო დისპოზიციის» შემთხვევაშიც კი - სხვა საკითხია. შესაძლოა, მაინც ვერ დაემარცხებინა, ვინაიდან «პიროვნებათა პაექრობა» განსხვავდება პარტიათა დაპირისპირებისაგან. ამომრჩეველი «საპრეზიდენტო არჩევანს» განსხვავებული კრიტერიუმით აკეთებს.
        ასეა თუ ისე, საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა, გამარჯვებული გამოვლინდა, რაც უეჭველად «ნომინალურად» აქცევს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს.
        ედუარდ შევარდნაძეს რეალური ალტერნატივა არ ეყოლება, ამიტომ «აღორძინება» მხოლოდ სიმბოლურ ალტერნატივას თუ წამოაყენებს. უფრო სწორად, ალტერნატივებს, ვინაიდან საეჭვოა, ასეთ შემთხვევაში ბლოკის ლიდერებმა არ სცადონ თავი დააფიქსირონ «საპრეზიდენტო კლუბში», სადაც უკვე არის ერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული (ყოველ შემთხვევაში, არაანეკდოტური) ფიგურა – ირინა სარიშვილი-ჭანტურია.
        «აღორძინებიდან» ასლან აბაშიძის წამოყენება გამორიცხულია. იგი ამას თვითონ არ მოინდომებს. რაც ეხება სხვებს – ისე ადვილად ვერ მოილაპარაკებენ, როგორც თავად მიაჩნდათ საპარლამენტო არჩევნების წინ.
        თავად განსაჯეთ: ვახტანგ რჩეულიშვილი, კაკო ასათიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, მამუკა გიორგაძე, ელიზბარ ჯაველიძე – თედო პაატაშვილს თითქოს სურვილი «არ დაუფიქსირებია», მაგრამ კაცნი ვართ, - რა იცი, რა ხდება?! ისევე, როგორც ჯემალ გამახარიას.
        ამ რანგის ფიგურა «აღორძინების ბლოკში» კიდევ ბევრია, ასე რომ, არაპროგნოზირებადი მოულოდნელობებიც არ არის გამორიცხული.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას: საპრეზიდენტო მარათონის დროს, თუნდაც სიმბოლური ურთიერთდაპირისპირება «აღორძინების ბლოკს» საბოლოოდ დაანგრევს და 31 ოქტომბრის არჩევნები მისთვის უკანასკნელი გახდება (მით უმეტეს, თუ მოქალაქეთა კავშირი იეშმაკებს და სამომავლოდ «კვოტას» შეამცირებს).
        «აღორძინების ბლოკი» მხოლოდ იმ პირობით შეძლებდა შეთანხმებულიყო ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე, თუ პარლამენტში უმრავლესობა ეყოლებოდა.
        ასეთ შემთხვევაში კომპრომისი სავსებით შესაძლებელი გახდებოდა, ვინაიდან სხვა «კანდიდატები» დათმობდნენ პრეზიდენტობას - ერთის სასარგებლოდ, სამაგიეროდ, «დაიბევებდნენ» ვინ - სახელმწიფო მინისტრობას, ვინ საგარეო საქმეთა მინისტრობას და ა.შ.
        ამჟამად კი, ასეთი კომპრომისი შეუძლებელია, რადგან ყველა ლიდერი მოინდომებს ზემოხსენებულ «საპრეზიდენტო კლუბში» თავის შეყოფას. ეს «კლუბი» 2005 წლის აპრილამდე უმოქმედო იქნება და მხოლოდ 5 წლის შემდეგ (მთელი ეპოქაა საქართველოსათვის) გაიმართება მასში უმოწყალო ბრძოლა კონკურენტებს შორის.
        ის, ვინც დღესვე არ იზრუნებს კლუბში მოსახვედრად – სამუდამოდ «ოფსაიდში» დარჩება; ამიტომ, სავსებით მოსალოდნელია, «აღორძინების» უკლებლივ ყველა ლიდერი ჩაერთოს საპრეზიდენტო მარათონში. ეს (ვიმეორებ), საპარლამენტო ბლოკს საბოლოოდ დაანგრევს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივით ატაცებულ ლიდერებს ამით ვეღარავინ შეაშინებს.