ბორის კაკუბავა - «ეროვნული მოძრაობის» ევოლუციის სიმბოლო

ბორის კაკუბავა - «ეროვნული მოძრაობის» ევოლუციის სიმბოლო

 

        მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატების მომავალ პარლამენტში ხელახალი «კოოპტირების» შესახებ, ცხადი გახდა, რომ სხვებთან ერთად ბორის კაკუბავასაც გაუგრძელდებოდა უფლებამოსილება (სწორედ «კოოპტირების» წესით მოხვდა იგი 1995 წლის პარლამენტშიც, თუმცა 1992 წელს არჩეული იყო «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» სიით).
        აფხაზეთიდან არჩეულ დეპუტატთა პერმანენტული «კოოპტირება» საკანონმდებლო ორგანოში გამოწვეულია სურვილით, არ გაწყდეს იურიდიული კავშირი აფხაზეთთან. ამ მოტივაციაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილად არის – ოღონდ, ეს სხვა თემაა.
        ბორის კაკუბავა, ალბათ, შემდეგ საკანონმდებლო ორგანოშიც იქნებოდა და იმის შემდეგშიც, რომ არა საქართველოს პარლამენტის მიერ 11 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილ პარლამენტარს იმუნიტეტი მოეხსნა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.
        ბორის კაკუბავას პიროვნება, უპირველესად, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი განასახიერებს «ეროვნული მოძრაობის» მიმართ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობის შეცვლას. მათ შორის, იმ ადამიანთა მხრიდან რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ «მოძრაობაში».
        რაც მთავარია, განწყობა შეეცვალათ არა მხოლოდ იმათ, ვინც თვითონ მონაწილეობდა და პირადად «დაზარალდა», რაკი ყველაფერი დაკარგა (როგორც ბორის კაკუბავამ), არანაკლებ «გულაცრუებულნი» არიან სხვები, ვისაც პირადად არაფერი დაუკარგავს, სახლი არ დანგრევია, ლტოლვილად არ ქცეულა და ა.შ.
        ყველაფრის ახსნა მხოლოდ იმით, რომ «შევარდნაძის პოლიტიკამ დამოუკიდებლობის დისკრედიტაცია მოახდინა» (სწორედ ასეთი არგუმენტაცია მოჰყავთ «მოძრაობის» შემორჩენილ ლიდერებს) – ნამდვილად არ შეიძლება; ბევრი «რიგითი» მოქალაქისათვის საქართველოს თავს დამტყდარი უბედურება სწორედ იმ «ეროვნული მოძრაობის» ლოგიკური შედეგია, რომელიც 1988 წელს დაიწყო საქართველოში.
        შემთხვევითი არ არის, თუ ედუარდ შევარდნაძე სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობას. რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ საქართველოს თავს დამტყდარი უბედურებები არ უკავშირდება დამოუკიდებლობის ჯერ მოთხოვნას (1988 წლიდან), შემდეგ კი დამოუკიდებლობის რეალურ განხორციელებას - ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ დაიჯერებს.
        მასობრივ ცნობიერებაში მკვეთრად და მკაფიოდ ჩაიბეჭდა სტერეოტიპი: არაფერი მოხდებოდა, ყველა უბედურებას თავიდან ავიცილებდით, რომ არ ყოფილიყო «ეროვნული მოძრაობა», რომ არ გაგვეღიზიანებინა რუსეთი და ა.შ.
        რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე ყალბი სტერეოტიპია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს – ძალიან ბევრი კატაკლიზმი გარდაუვალი იყო, - განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკას გაატარებდა საქართველო ან იქნებოდა თუ არა საერთოდ «ეროვნული მოძრაობა», მაგრამ რაც მთავარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე სჯერა ამ სულელური სტერეოტიპისა (შინაგანად უნდა სჯეროდეს კიდეც, ვინაიდან მასას ახასიათებს მისწრაფება პრობლემის გამარტივებისაკენ, რათა სულიერი შვება იგრძნოს).
        ოღონდ ეს არ არის ყველაზე მთავარი - მთავარი ის გახლავთ, რომ «გული აუცრუვდათ» თვით ამ «მოძრაობის» აქტიურ ლიდერებსა და იდეოლოგებს, რაც უკვე მიუტევებელია.
        «ბათუმური კოალიციის» ჩამოყალიბება სწორედ ამ პროცესის შედეგია. კიდევ ერთი შედეგია ბორის კაკუბავას ფენომენი.
        არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მან პირველმა განაცხადა ღიად, რომ საქართველო სწორედ ეროვნულმა მოძრაობამ დაღუპა, ვინაიდან ბოლშევიკებმა მას შესძინეს ტერიტორიები და აქციეს ქვეყნად, მაშინ, როდესაც ბოლშევიკურ ოკუპაციამდე (მისი თქმით) საქართველო იყო მხოლოდ «ონი, ხონი, ზესტაფონი».
        ეს განცხადება «ეროვნული მოძრაობისათვის» გულში დანის ჩაცემაა, ვინაიდან სხვას (ბორის კაკუბავას გარდა) არ გაუბედავს «მოძრაობის» ძირითადი, ფუნდამენტური დოქტრინის ეჭვქვეშ დაყენება, - რომ 1921 წლის ოკუპაცია იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.
        კაკუბავას თქმით კი, პირიქით, ბოლშევიკებმა საქართველო გადაარჩინეს და გაამთლიანეს.
        რაც ყველაზე უცნაურია, «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას» ჯერ არ გაურიცხავს ბორის კაკუბავა თავისი რიგებიდან. ყოველ შემთხვევაში, ღიად ამის თაობაზე არ განუცხადებია, - რაც აგრეთვე ძალზე ნიშანდობლივი ფაქტია.
        შეუძლებელია ამის მიზეზი თამრიკო ჩხეიძის «შემწყნარებლობა» იყოს, ვინაიდან «ჭავჭავაძის საზოგადოების» ფაქტობრივი ლიდერი განსაკუთრებული «შემწყნარებლობითა» და ფშვინიერი ხასიათით არასდროს გამოირჩეოდა.
        როგორც ჩანს, «ჭავჭავაძის საზოგადოებას» არ სურს «ხელისუფლება გაახაროს კაკუბავას გარიცხვით», მაგრამ ეს უკვე სასაცილო აბსურდამდე მიდის, - კაცი აცხადებს, რომ კომუნისტებმა საქართველო გადაარჩინეს, ხოლო «მოძრაობამ» ქვეყანა დაღუპა, აშკარად გამოხატავს სიმპათიებს პანტელეიმონ გიორგაძის, აგრეთვე გოგუაძე-კვარაცხელიას მიმართ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე «ახალი კავშირის» აღდგენას მოითხოვენ.
        მაშასადამე, საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ თვით ამ «მოძრაობამ» სრული კრახი განიცადა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თვალში, არამედ (რაც მთაეარია) – იგი ვეღარ ახერხებს და ვეღარც ბედავს დაიცვას ის ფასეულობები, რომელთა განხორციელებას (მოსახლეობის აზრით) შეეწირა აფხაზეთი, სამაჩაბლო, ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე.
        საქართველოში 1988 წელს დაწყებული «მოძრაობის» კრახი უპირველესად იმაში გამოიხატება, რომ ქართულ საზოგადოებაში საბოლოოდ დამკვიდრდა აზრი: «ის, რასაც მივაღწიეთ, არ ღირდა იმად, რა ფასადაც დაგვიჯდა».
        და თუ ხალხი აშკარად არ მოითხოვს 1988 წელში «დაბრუნებას», რათა თავიდან დაიწყოს ცხოვრება, აღარ აჰყვეს უტვინო მანიაკებს, აღარ დააღუპინოს მათ თავი და ქვეყანა – მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მაინც ესმის: ორჯერ იმავე მდინარეში ვეღარ შეხვალ, წარსულში ვერ დაბრუნდები და სამუდამოდ დაკარგულს ვეღარასოდეს დაიბრუნებ.

მერიდიანი, 13 სექტემბერი, 1999 წელი