ბიზნესმენებთან ომის პირველი მსხვერპლი შერჩეულია - გოგი თოფაძე

ბიზნესმენებთან ომის პირველი მსხვერპლი შერჩეულია - გოგი თოფაძე

      

        ამერიკელ ინდიელთა ტერმინოლოგიით, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ «ამოთხარა საბრძოლო ნაჯახი» და ქართველ ბიზნესმენებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაბმას აპირებს. სხვა გამოსავალი მას უბრალოდ არა აქვს, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდს, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო. უკანასკნელმა მისიამ პრეზიდენტს პირდაპირ განუცხადა, რომ თუ გაგრძელდება პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს «არ გააღიზიანოს გავლენიანი ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფები», რათა არ გადაიმტეროს ისინი საარჩევნო პროცესში - სავალუტო ფონდი საქართველოსთან ყოველგვარ თანამშრომლობას შეწყვეტს, ვინაიდან ჩათვლის მას სრულებით უპერსპექტივო სახელმწიფოდ.
       სხვათა შორის, უსინდისობამდე უსამართლოა აზრი, თითქოს სავალუტო ფონდი «დიქტატის» პოლიტიკას ატარებდა საქართველოს მიმართ, არ ითვალისწინებდა ობიექტურ პირობებს და ა.შ. სინამდვილეში, 1996 წლის შემდეგ საქართველომ ვერ შეძლო შეესრულებინა «ფონდთან» შეთანხმებული ვერც ერთი წლიური პროგრამა. ბიუჯეტი ყოველწლიურად «ფლავდებოდა», რისი მიზეზიც ისევ და ისევ ის იყო, რომ ხელისუფლებას ეშინოდა გავლენიან ჯგუფებთან ურთიერთობის გამწვავებისა, ვინაიდან ისინი (ასეთ შემთხვევაში) «ოპოზიციას» ამოუდგებოდნენ მხარში.
       მიუხედავად ამისა, 1996, 1997, 1998 და 1999 წელსაც კი, საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა «ტრანში» - «ისააფისა» და «სტენდ-ბაის» პროგრამებით - უკანასკნელ ცენტამდე.
       აქვე უნდა ითქვას: უდიდესი დამსახურება ამ საქმეში მიუძღვის ორ სუბიექტს: საქართველოს პარლამენტს (მან ნამდვილად შეძლო რეფორმისტული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება «ფონდთან» შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად) და ეროვნულ ბანკს, რომელმაც მაფიოზურ-სამრეწველო ხროვის უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ე.წ. «შეღავათიანი კრედიტების» პრაქტიკაზე და შეძლო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება;
       ისევ და ისევ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მნიშვნელოვანი რესურსი იყო აგრეთვე შევარდნაძის პირადი ავტორიტეტი და დასავლეთის პოლიტიკური ინტერესები.
       მაგრამ ამჟამად ეს რესურსები თითქმის ამოიწურა;
       ისევე, როგორც ნებისმიერ კორპორაციას, საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს კორპორაციული ინტერესები. არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის მიღმა უკვე იწყება ფუნდამენტური პრინციპების დისკრედიტაცია. ამ ზღვარს მიღმა სავალუტო ფონდმა არათუ საქართველოს, რუსეთსაც კი შეუწყვიტა ფინანსური დახმარება და აღარ გაითვალისწინა მისი «ბირთვული პოტენციალი.»
       ამრიგად, 2000 წლიდან იწყება ახალი ეპოქა ჩვენს ურთიერთობებში სავალუტო ფონდთან. ჯერჯერობით ფონდმა უარი თქვა მხოლოდ ახალი პროგრამის დამუშავებაზე, მაგრამ მას არ გამოუცხადებია საქართველო გაკოტრებულად ან «არასაბაზრო ეკონომიკის» მქონე ქვეყნად, რის შედეგადაც ჩვენთან საერთოდ აღარავინ ითანამშრომლებდა არც ერთი თვალსაზრისით.
       ფაქტობრივად, სავალუტო ფონდმა ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი: უახლოესი 6 თვის განმავლობაში გამოასწორებთ ვითარებას და დაუპირისპირდებით იმ ძალებს, რომელთაც ვგულისხმობთ «გავლენიან» დაჯგუფებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვწყვეტთ თქვენთან ყოველგვარ ურთიერთობას.
       ხელისუფლებას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. იგი მართლაც აპირებს დაიწყოს ომი. პირველი მსხვერპლი კი «ყაზბეგის» მფლობელი, გოგი თოფაძეა. უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმად თოფაძემ 7 მილიონ 300 ათასი ლარი უნდა დაუბრუნოს ბიუჯეტს. ამ თანხის გადახდას თოფაძე არ აპირებს, რაკი სასამართლოს განაჩენი უსამართლოდ და არაობიექტურად მიაჩნია. იგი ჯერ კიდევ მოქმედებს პრინციპით: «მე მართალი ვარ და ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრით».
       ეს საქმე უკვე მთელი ხელისუფლების პრესტიჟს დაუკავშირდა, ვინაიდან პრეზიდენტმა რადიოინტერვიუში განაცხადა: «დედიმისის შვილია და არ გადაიხდისო», მაგრამ რა შეუძლია მოიმოქმედოს ხელისუფლებამ თოფაძის წინააღმდეგ? იგი უკვე დეპუტატია და რამდენიც უნდა არკვიოს «საბაჟომ» ყალბი დოკუმენტების ისტორია - პირადად ვერავინ შეეხება.
       დავუშვათ, «ყაზბეგის» ანგარიშებს დაედო ყადაღა - ასეთ შემთხვევაში, წარმოება უბრალოდ გაჩერდება, ხოლო პირადად თოფაძეს ბევრი არაფერი დააკლდება. ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი, მათი უკმაყოფილება მიმართული იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ.
       აქვე უნდა ითქვას, რომ ანალოგიური მოტივი «აჩერებს» ხელისუფლებას სხვა საწარმოთა მიმართ ასეთივე მეთოდების გამოყენებისაგან, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს, «ყაზბეგი» «რაღაცას» ხომ მაინც იხდის - საწარმოს სრული გაჩერების შემთხვევაში კი ვინ რას მოიგებს? ბიუჯეტი დაკარგავს იმ თანხასაც კი, რასაც «მაინც» იღებდა. მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს «რაღაც» არ აკმაყოფილებს - იგი მოითხოვს თანხის სრულ ამოღებას და «შიდა პრობლემები» არ აინტერესებს.
       აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას რჩება ერთადერთი გამოსავალი: არა მხოლოდ ყადაღა დაადოს საწარმოს ანგარიშს, არამედ აამოქმედოს «კანონი გაკოტრების შესახებ», რომელიც იმავე «ფონდის» დაჟინებული მოთხოვნით მიიღეს.

   სავალუტო ფონდის მისიის განცხადებით, ყველაზე ზუსტი ინდიკატორი იმისა, თუ რა ხდება საქართველოში, არის ის ფაქტი, რომ დღემდე ეს კანონი (ბანკროტობის შესახებ) ერთხელაც არ ყოფილა გამოყენებული.
       თუ ხელისუფლება გაბედავს (თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში) «ყაზბეგი» გაკოტრებულად გამოაცხადოს და თოფაძის იმპერია აუქციონით «გაყიდოს «- მყიდველი შეიძლება მხოლოდ უცხოელი იყოს, რომელსაც ჩვენში დამკვიდრებული «კაცური» კანონებისა არა გაეგება რა.
       დასავლეთი იმიტომაც აყვავდა, რომ «კაცურ» კანონებს არ სცნობს.

7 დღე, 15 დეკემბერი, 1999 წელი