აჭარის საბაჟო სეპარატიზმი – სახელმწიფოებრიობის სანგრევი მანქანა

 აჭარის საბაჟო სეპარატიზმი – სახელმწიფოებრიობის სანგრევი მანქანა

        მას შემდეგ, რაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, თამაზ მაღლაკელიძემ, მიიღო გადაწყვეტილება გოგი შევარდნაძის აჭარის საბაჟოს უფროსობიდან გათავისუფლების თაობაზე, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ვინმე ბადრი ნაკაშიძემ აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა: «საქართველოს ხელისუფლებას ისევე არა აქვს უფლება გადაწყვიტოს აჭარის საბაჟოს უფროსის საკითხი, როგორც აჭარის ხელისუფლება ვერ დანიშნავს და გაათავისუფლებს (ვთქვათ) საქართველოს იუსტიციის მინისტრს».
        ეს კი უკვე არძინბას არგუმენტაციაა!!!
        ხედავთ, სადამდე მივიდა საქმე? ამის მთქმელს შესაძლოა, თვითონ არა აქვს გაცნობიერებული, რა საშინელი დამანგრეველი ძალა აქვს მის სიტყვებს. ხოლო თუ ესმის - მით უარესი ქვეყნისათვის!
        განა ჩვენ ორი სხვადასხვა სახელმწიფო ვართ? განა აჭარა საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის? განა არ არსებობს ზღვარი, სადაც მთავრდება ავტონომია და იწყება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა?
        საბაჟო სისტემა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ (თუნდაც ფედერაციულ) სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლების წმიდათაწმინდა უეჭველი, ხელშეუხებელი პრეროგატივაა. ქვეყანა, სადაც ყველა (უკლებლივ ყველა) საკითხს, დაკავშირებულს საბაჟო პრობლემებთან, მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება არ წყვეტს, არ არსებობს, ვინაიდან თუ იგი საბაჟო სისტემას ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი «მაგრამ»-ის გარეშე არ მართავს - მაშინ არც ქვეყანაა და არც სახელმწიფო.
        აი, ასეთ «არც-ქვეყნად» და არც «სახელმწიფოდ» სურთ გადააქციონ საქართველო.
        კიდევ კარგი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება «წინასაარჩევნო ანგარებით» მაინც, მოეგო გონს და იძულებული გახდა (სამწუხაროდ, «იძულებული გახდა») გადაედგა ნაბიჯები ქვეყნის უზენაესი ინტერესების დასაცავად ანუ «გაებრძოლა» იმ უფლებების დასაბრუნებლად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ცენტრალურ ხელისუფლებას უეჭველად, «ულაპარაკოდ» ეკუთვნის.
        აქ კიდევ ერთხელ მჟღავნდება, რომ არა ვართ სახელმწიფო, ვერ ჩამოვყალიბდით, როგორც სახელმწიფო, ვინაიდან ქვეყანა, რომელიც საბაჟო სისტემის ცენტრალიზაციას ვერ მოახერხებს, სახელმწიფო არ არის!
        ნებისმიერ (თუნდაც ფედერაციულ) სახელმწიფოში არსებობს სახელმწიფოებრივი სისტემები, რომლებიც უეჭველად უნიტარული უნდა იყოს. მაგალითად ფედერაციულ სახელმწიფოებშიც უნიტარული უნდა იყოს (აუცილებლად) შეიარაღებული ძალები, საზღვრის დაცვა, საფინანსო სისტემა, საბაჟო და ა.შ.
        ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ საპირისპირო მაგალითს.
        გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში «მიწებს» უზარმაზარი უფლებები აქვთ - მოქმედებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, სასამართლო და ა.შ. მაგრამ არასდროს, არავის აზრადაც არ მოუვა ეჭვქვეშ დააყენოს საბაჟო სისტემის უნიტარულობა.
        არავინ, არასდროს, არსად დაეკითხება რეგიონულ ხელისუფლებას, ვინ დანიშნოს და ვინ გაათავისუფლოს საბაჟოს ამა თუ იმ რგოლის ხელმძღვანელი პოსტიდან.
        ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სახელმწიფო არის საბაჟო!
        სახელმწიფო იწყება საბაჟოთი!
        არ არის შემთხვევითი, რომ მედიევისტურ ეპოქაში, ევროპულ მონარქიებში, საბაჟოს პირადად მონარქი განაგებდა.
        პარლამენტარიზმის გაძლიერების შემდეგაც კი, საბაჟო სისტემა მონარქის პრეროგატივად დარჩა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა.
        ეს ბუნებრივიცაა – მონარქი განასახიერებდა სახელმწიფოებრიობას; საბაჟოს დეცენტრალიზაცია, დაქუცმაცება კი უეჭველად გამოიწვევდა სახელმწიფოებრიობის ნგრევას.
        ეს დებულება «სამართლიანია» და უცვლელი ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წყობის პირობებში – დემოკრატიული, მონარქიული, ტირანული, ტოტალიტარული და ა.შ.
        ამაზე ორი აზრის არსებობა ნიშნავს ორი აზრი არსებობდეს თვით სახელმწიფოებრიობის საკითხზე! ვითომ არ იციან ეს ყოველივე ე.წ. ბათუმური კოალიციის წევრებმა «თბილისურმა» პარტიებმა? რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ, როგორც ჩანს, მზად არიან ყველაფერზე თვალი დახუჭონ, ყველაფერს შეურიგდნენ, ოღონდ კი პარლამენტში შეძვრნენ.
        თანაც, ზოგიერთ მათგანს საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენზიაც აქვს. იმ ქვეყნის პრეზიდენტობის პრეტენზია, რომელსაც დღეს ზურგში დანას სცემს.
        ამასთან დაკავშირებით, 1988 წლიდან არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი უფლება გვაქვს ვთქვათ: ასეთი უზნეო, ასეთი ნამუსგარეცხილი, ასეთი ურცხვი და უსინდისო პოლიტიკური ელიტა დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არ ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება ალბათ.

მერიდიანი, 20 სექტემბერი, 1999 წელი