აფხაზეთში სეპარატისტული ტერორი მძვინვარებს

 აფხაზეთში სეპარატისტული ტერორი მძვინვარებს

    გასულ კვირას, აფხაზ სეპარატისტთა ფორმირებებმა, რომლებიც კვლავინდებურად აკონტროლებენ გალის რაიონს, რუსეთის ეგრეთ წოდებული «მშვიდობისმყოფელთა» თვალწინ და, ფაქტობრივად, მათი ხელშეწყობით დააპატიმრეს თაგილონისა და დიხაზურგას ორმოცამდე მცხოვრები.
    აფხაზთა ეგრეთ წოდებული «უშიშროების სამინისტროს» მონაცემებით,  უმწეო ადამიანები დააკავეს «ვინაობის დასადგენად», რადგან, თურმე არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ «ისინი არღვევდნენ აფხაზეთში მოქმედ საპასპორტო რეჟიმს».
    ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს და ნათელყოფს გალის რაიონში უდიდესი რისკის ფასად დაბრუნებული 30-40 ათასი ქართველის საბედისწერო მდგომარეობას - ისინი, ფაქტობრივად, სეპარატისტთა მძევლები არიან.
    არძინბას მთავრობას აფხაზეთში მათი დაბრუნების «ნებართვა» ოფიციალურად არ გაუცია. მაშასადამე, სეპარატისტებს ყოველთვის შეუძლიათ ამ ადამიანებს ბრალი დასდონ «საპასპორტო რეჟიმის დარღვევაში» და დააპატიმრონ, ან თუნდაც «წინააღმდეგობის გაწევის» მოტივით ადგილზე დახვრიტონ.
    არძინბას ხელისუფლება ამ მდგომარეობას იყენებს ქართველ პარტიზანთა წინააღმდეგ: როგორც კი პარტიზანები აქტიურდებიან, სეპარატისტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გალში იწყებენ რეპრესიებს, რათა გამოიწვიონ პანიკური შიში ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაში, განაწყონ იგი პარტიზანთა წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებას კი რაიმე კონტრზომის მიღება არ ძალუძს: რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არა აქვთ უფლება ჩაერიონ «ადგილობრივი აფხაზური ადმინისტრაციის საქმიანობაში», ხოლო, ეგრეთ წოდებული, «გაეროს დამკვირვებლები» ამგვარ ინციდენტებს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, ვინაიდან (მათი განმარტებით) «კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით».
    აფხაზური მილიცია თუ გენოციდს ახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს თურმე «აფხაზეთის საშინაო საქმე ყოფილა და გაეროს კომპეტენციაში არ შედის.
    შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად «რეალურია» აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა და სამშვიდობო ძალთა ჩანაცვლება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება წლეულს აფხაზეთში «ბოსნიის» მსგავსი ოპერაციის ჩატარების თაობაზე, რომლის მიზანი იქნებოდა «მშივდობისადმი იძულება». ანუ აფხაზური მხარის იძულება დაეთანხმონ ქართველ ლტოლვილების დაბრუნებას, ნაცვლად «მშვიდობის შენარჩუნების» ოპერაციისა, რომელიც ამჟამად ტარდება აფხაზეთში და რომლის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა დაშორიშორება ანუ (ფაქტობრივად) საქართველოსა და აფხაზეთს შორის ხელოვნური საზღვრის შექმნა.
    «მშვიდობისადმი იძულების» ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება.
    ამგვარი გადაწყვეტილების მიღება კი შეუძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთის თანხმობით, ვინაიდან რუსეთს, ისევე, როგორც ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს - აქვს ვეტოს უფლება.
    იგი უეჭველად ისარგებლებს ამ უფლებით იმ მოტივით, რომ «აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამშვიდობო ოპერაციის ახალი ფორმატით განხორციელებას, ხოლო ძალის გამოყენებამ შეიძლება მკვეთრად დაძაბოს ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც აფხაზთა მონათესავე ხალხები ცხოვრობენ».
    საეჭვოა, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა ან საფრანგეთმა რუსეთს ამ საკითხში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ - საქართველოს მოთხოვნა მათთვის უბრალოდ მორიგი «გასათამაშებელი კოზირი» იქნება, რომელსაც რუსეთის მხრიდან სხვა რაიმე საკითხში დათმობისთვის გამოიყენებენ.
    დაიწყება ჩვეულებრივი ვაჭრობა დიდ სახელმწიფოთა შორის (გაეროს უშიშროების საბჭოში ეს ნორმად არის მიჩნეული), რის შედეგადაც უშიშროების საბჭო საქართველოს წინადადებას ან საერთოდ არ განიხილავს, ან მომავლისათვის გადადებს და გაუთავებელი «შემოწმების», «კონსულტაციების» საგნად აქცევს.
    გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო (ისევე, როგორც მთლიანად, პოსტსაბჭოური სივრცე ბალტიის გარდა) რუსეთის «პასუხისმგებლობის ზონად» მიაჩნიათ.
    ბალკანეთში კი სხვა ვითარება იყო. ამიტომაც გახდა იქ შესაძლებელი ნატოს ოპერაციის ჩატარება. ეს ვითარება ნავთობსადენის, მთლიანობაში, «ევრაზიული კორიდორის» ამოქმედების შედეგად ალბათ, შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.
    თუმცა, დავუშვათ ერთი წუთით, რომ უშიშროების საბჭომ მართლაც მიიღო საქართველოსთვის სასურველი რეზოლუცია. მხოლოდ რეზოლუციის მიღება ხომ არ კმარა? ვიღაცამ იგი რეალურად უნდა განახორციელოს, ანუ აუცილებელია სამხედრო ძალა, რომელიც აიძულებს სეპარატისტებს, დაემორჩილონ გაეროს გადაწყვეტილებას.
    ბოსნიაში ასეთ ძალად იქცა ნატო (ოღონდ ნუ დავივიწყებთ, რომ ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სამხედრო შენაერთების ამოქმედებამდე, ბოსნიის კონფლიქტში ჩაბმული ყველა მხარე, მათ შორის, სერბებიც აიძულეს, ხელი მოეწერათ დეიტონის შეთანხმებისთვის, ანუ ეკისრათ გაეროს რეზოლუციის შესრულების ვალდებულება).
    ვინ და რამ უნდა აიძულოს აფხაზური მხარე გაეროს რეზოლუციას დაემორჩილოს? ნატოს ჯარების შეყვანა აფხაზეთში აშკარად არარეალურია და არარეალური იქნება კიდევ 5-10 წლის განმავლობაში. რუსეთი კი არაფრის დიდებით არ განახორციელებს გადაწყვეტილებას საკუთარი ძალებით. ჯერ ერთი, აფხაზი სეპარატისტები რუსებსაც ესვრიან, ამერიკელებსაც და ფრანგებსაც.
    გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ აიტკივებს რუსეთი აუტკივარ თავს მას შემდეგ, რაც საქართველო უარყოფს «დსთ»-ს ეგიდით მის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო მისიას?
    პირიქით, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც კი საქართველო ოფიციალურად დასვამს გაეროში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის საკითხს, რუსეთი მოხსნის ბლოკადას ფსოუზე და შეიძლება ჯარიც გაიყვანოს ენგურიდან - პროვოკაციული მიზნით, რათა შემდგომ ისევე დაეხმაროს სეპარატისტებს გარდაუვალ ომში, როგორც ადრე ეხმარებოდა.
    ყოველივე ზემოთქმული არასასიამოვნო რეალობაა. მაგრამ რეალობა უნდა ვაღიაროთ ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია. აფხაზეთში ამჟამად არსებული ვითარების ერთადერთი ალტერნატივა ახალი ომია. სხვა ალტერნატივა ჯერჯრეობით არ არსებობს. თუ ომი არ გვსურს, ამჟამინდელ რეალობას უნდა შევურიგდეთ.
   

შამილ ბასაევი საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებს ეძებს
   

    ჩეჩნეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ იჩქერიის პრემიერ-მინისტრად ცნობილი «საველე მეთაურისა» და ტერორისტის, შამილ ბასაევის დანიშვნის შესახებ, თბილისშიც და მოსკოვშიც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
    არ არის გამორიცხული, იჩქერიის მმართველი ელიტა ამ ფიგურის წინ წამოწევით ცდილობდეს იმ ძალზე ეშმაკური, შორსმჭვრეტელური და გონებამახვილური თამაშის გააქტიურებას, რომელსაც იგი აწარმოებს მოსკოვსა და თბილისს შორის.
    გროზნო აშკარად ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული სირთულენი, რათა ორმხრივი პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შამილ ბასაევი ორმხრივი, ორმაგი დანიშნულების ფიგურაა. მისი დანიშვნით იმპერია ერთდროულად სთავაზობს კომპრომისს რუსეთსაც და საქართველოსაც.
    თუ საქართველოსათვის ბასაევი აფხაზეთში ქართველთა გენოციდის სიმბოლოა, რუსეთისათვის იგი ბუდიონოვსკის «გმირია». ამდენად, ბასაევის დანიშვნით მასხადოვი ცდილობს, აგრძნობინოს თავის ჩრდილოელ და სამხრეთელ მეზობლებს (რუსეთსა და საქართველოს), რომ ჩეჩნეთი მზად არის, თუ საჭირო გახდება, ორივესთან იომოს, ანუ დაუკავშირდეს ერთ-ერთ მათგანს მეორის წინააღმდეგ - თუ ამას მოითხოვს მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები.
    რუსეთში ტერორისტული აქტების ორგანიზების გამოცდილება ბასაევს უკვე გააჩნია, მაგრამ მას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოცდილებაც აქვს.
        თუ, მაგალითად, საქართველო ახალ ომს წამოიწყებს აფხაზეთში, ჩეჩნეთისა და რუსეთის ინტერესები კვლავ დაემთხვევა და ისინი კვლავ ერთობლივად იმოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. ახლახან დასრულებული საზარელი სისხლისღვრა (ჩეჩნეთში) ახალ, დროებით ალიანსს ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ თუ (ვთქვათ) საქართველო დათანხმდება, ააგოს საავტომობილო გზა ჩეჩნეთისათვის ჩვენი ქვეყნის გავლით, ხოლო რუსეთი შეეცდება ამას ხელი შეუშალოს, მაშინ ჩეჩნები (იგივე ბასაევი) უკვე რუსეთთან იომებს და საქართველოს დაეხმარება.
    აი, ასეთი «გეოპოლიტიკური ქარაგმა» დევს შამილ ბასაევის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაში. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აქტიურად ეძებს კონტაქტებს ოფიციალურ თბილისთან, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები ჯერჯერობით ამგვარი კონტაქტებისაგან თავს იკავებენ.
    თუმცა, ზოგიერთი ნიშნით, საქართველო უფრო შეიძლება შეეგუოს ბასაევთან ურთიერთობის აუცილებლობას, ვიდრე რუსეთი. ამასთანავე, პროკურატურაში ძალიან ჭირს ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, არის თუ არა შამილ ბასაევის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე.
    პროკურატურა არც უარყოფს და არც ადასტურებს ამ ინფორმაციას, - მაშასადამე, თბილისიც იტოვებს აუცილებელ სივრცეს, საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური მანევრისათვის.
   

რუსეთი საქართველოს სამხედრო ქონებას არ უბრუნებს

    რუსეთის სამხედრო დელეგაციის «საშუალედო» ვიზიტი საქართველოში ამჯერად უშედეგოდ დასრულდა. გენერალ-პოლკოვნიკი ივაშოვი, რომელთანაც საქართველოს სამხედრო უწყება მოლაპარაკებას აწარმოებდა სამხედრო ტექნიკისა და უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე - არ იყო აღჭურვილი რეალური უფლებამოსილებით, რათა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღო.
   ივაშოვის მისია მხოლოდ მარშალ სერგეევის (რუსეთის თავდაცვის მინისტრის) თბილისში ვიზიტის მომზადება იყო. უფრო ზუსტად, იმის გარკვევა, თუ საერთოდ რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამგვარი ვიზიტი, - გამომდინარე რუსეთის ინტერესებიდან.
    საქართველოს ხელისუფლება პრინციპულად მოითხოვს 1992-1993 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გატანილი სამხედრო ქონების თუნდაც ნაწილის დაბრუნებას. ამ ქონების საერთო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია, მაგრამ საქართველო ალბათ თანახმა იქნებოდა ეს თანხა 200-300 მილიონ დოლარამდე შეემცირებინა, თუ რეალურად მიიღებდა საჭირო სამხედრო ტექნიკასა და მოწყობილობას.
    უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება სამხედრო გემებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის განხორციელება, რათა ჩვენი «მეგობარი თურქეთი» ყოველდღიურად არ აწვდიდეს აფხაზ სეპარატისტებს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლად არსებობისთვის არის საჭირო.
    ასევე შორსმსროლელ საარტილერიო დანადგარებს, ვერტმფრენებს და ქვეითსაწინააღმდეგო, აგრეთვე, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების გასაუვნებელ მოწყობილობას.
    ეს მოწყობილობა შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს აფხაზეთში საომარ მოქმედებათა განახლებისას. აფხაზურ ფორმირებებს, რა თქმა უნდა, არ ძალუძთ ენგურის მთელი ფრონტის შეკავება, ამიტომ, ძირითადად, ნაღმების მეშვეობით ცდილობენ სტრატეგიული სამხედრო ამოცანის შესრულებას და ყოველნაირად უშლიან ხელს საერთაშორისო ორგანიზაციებს ენგურის აუზის განაღმვაში.
    არანაკლები მნიშვნელობა აქვს უძრავ ქონებას, ანუ პოლიგონებს, საწყობებს, სარემონტო საამქროებს და ასე შემდეგ. თუ მათ გადმოგვცემენ, ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდება.
    გენერალმა ივაშოვმა ყველა ამ საკითხზე ორჭოფული პასუხი გასცა მასპინძლებს. სავსებით აშკარაა: რუსეთს არც მოძრავი, არც უძრავი სამხედრო ქონების საქართველოსთვის გადმოცემა დიდად არ ეპიტნავება, ვინაიდან ამან შეიძლება დაარღვიოს მყიფე სამხედრო-სტრატეგიული ბალანსი ამიერკავკასიაში.
    რუსეთის გავლენა კი სწორედ ამ ბალანსს ეფუძნება. 1988 წელს საქართველოში დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური შედეგი სომხეთის განუზომელი გაძლიერება იყო.
    საეჭვოა, სომხეთს ასეთი «განსაცვიფრებელი გამარჯვებები» მოეპოვებინა, რომ არა რუსეთის დაინტერესება «უკანასკნელი მოკავშირის» შენარჩუნებით ამიერკავკასიაში.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ამ ტენდენციამ მიზანმიმართული პოლიტიკის სახე შეიძინა. ამჟამად სომხეთი, სამხედრო თვალსაზრისით, უძლიერესი სახელმწიფოა ამიერკავკასიაში.
    ზოგიერთ სამხედრო ექსპერტს მიაჩნია, როს სომხეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ერთდროულად საქართველო და აზერბაიჯანი. მოსახლეობის რაოდენობა ამჯერად განმსაზღვრელი არ არის - განმსაზღვრელია შეიარაღების ოდენობა და ხარისხი.
    თუ საქართველო რუსეთისგან მიიღებს იმ შეიარაღების თუნდაც მეათედს, რასაც იგი მოითხოვს, სამხედრო ბალანსი კავკასიაში დაირღვევა და რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეს (სომხეთს) აღარ ექნება უპირატესობა. რაც, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთის «დერჟავულ» პოზიციებზე რეგიონში.
    ამდენად, საქართველომ რუსეთისაგან შეიარაღება შეიძლება მიიღოს მხოლოდ მიზანმიმართული, მძლავრი პოლიტიკური პრესინგის შედეგად, რაც გულისხმობს არა მხოლოდ დიპლომატიურ ნოტებსა და შესაბამის დემარშებს საერთაშორისო არენაზე, არამედ გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას საქართველოში დისლოცირებული რუსული არმიის ქვედანაყოფებისათვის მოქმედების გართულების თვალსაზრისითაც.
    ვგულისხმობ, მათი ფუნქციონირების გართულებას - ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზომამდე და შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით. სხვაგვარად არაფერი გამოვა - რუსეთი, სრულიად ნებაყოფლობით, ქართული არმიის გაძლიერებას არ დაუშვებს, ვინაიდან აფხაზეთის პრობლემის გამო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჯერ არ გამოსულა «გამყინვარების პერიოდიდან».
    ამ პროცესის კიდევ ერთი თანამდევი შედეგი იქნება ვარდიკო ნადიბაიძის გავლენის გაძლიერება. რაც, აგრეთვე, იქონიებს ზეგავლენას ქართულ პოლიტიკაში ძალთა განლაგებაზე.
   

კლარა შუკვან თავისი უბედურებაც ეყოფა

    საქართველოში ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსამართლე პოლიტიკურ ფიგურად იქცევა.
    იგი დღეს უკვე შედარებით დამოუკიდებელია და პოლიტიკურ პროცესებზე რეალური ზეგავლენის მოხდენა ძალუძს. კლარა შუკვანის გათავისუფლება (მისთვის პირობითი სასჯელის გამოტანა), რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იურიდიული და სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, - მას პოლიტიკური ჟღერადობა აქვს.
    შუკვანის ფენომენმა (ეს ფენომენი, რასაკვირველია, თავად ამ ქალბატონისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა) დაადასტურა, რომ ვითარება ქვეყანაში მართლაც სტაბილური ხდება და, რაც მთავარია, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ნეგატიური სტერეოტიპების ჩამოყალიბება სულ უფრო რთულია. ეს კი, სტაბილიზაციის უტყუარი ნიშანია.
    შუკვანის გათავისუფლება მხოლოდ განამტკიცებს ხელისუფლების პოზიციებს, ხოლო მის მიერ მიტინგზე გამოტანილი სკაბრეზული პლაკატი «ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე», ხელისუფლების იმიჯზე ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს.
    ედუარდ შევარდნაძემ მიაღწია იმგვარი ვითარების შექმნას, როცა მისი პიროვნული შეურაცხყოფა ერთდროულად საზოგადოების შეურაცხყოფა ხდება.
    ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთში დამარცხება ყველა ჩვენთაგანის ბრალია. აფხაზეთში მთელი საქართველო დამარცხდა და ამ დამარცხების პერსონიფიცირება შეუძლებელია.
    კლარა შუკვანი და ლეილა ცომაია ასოციალური მოძრაობის კრიზისს განასახიერებენ, მაგრამ ამასთანავე, ერთგვარად აბალანსებენ ლეგალურ, ცივილურ ოპოზიციასაც, რომელიც ამჟამად მომავალი არჩევნებისთვის ემზადება.
    რაც შეეხება პირობით სასჯელს. სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით სავსებით მიზანშეწონილია. შუკვანის ციხეში გაგზავნა მაინც შექმნიდა სუსტ ნეგატიურ სტერეოტიპს, რომელიც კრიზისულ ვითარებაში შეიძლებოდა კიდეც გაძლიერებულიყო.
    პრობლემა საინტერესოა საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის განვითარების მხრივაც. ცივილურ საზოგადოებაში პრეზიდენტის შეურაცხყოფა, თუნდაც სკაბრეზული ფორმით, სერიოზულ ზეგავლენას ცნობიერ პროცესებზე ვერ ახდენს და ლუმპენიზებული სოციალური ელემენტის აქტივობად აღიქმება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, «სიგიჟედ» ეთვლება იმას, ვინც ასეთი ფორმით გამოხატავს ოპოზიციურ განწყობას - რაც თვით საზოგადოების მხრივ სავსებით ნორმალური რეაქციაა; თუმცა კლარა შუკვანის მოქმედებაც შეესაბამება მის ინტელექტსა და მორალურ კრედოს.
    ისიც გასათვალისწინებელია, რომ კლარა შუკვანმა და მიმა მხარდამჭერებმა (იდეურ მხარდამჭერთ ვგულიხმობ და არა იმათ, ვინც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევდა მხოლოდ პლაკატისთვის ადამიანის დასჯას) უეჭველად ძალიან გაახარეს ვლადისლავ არძინბა, რომლისთვისაც თბილისში ჩამოსვლა «საუკეთესო არჩევანი» ნამდვილად არ იქნებოდა. მაგრამ არძინბა გულს იმით მოიოხებდა, რომ მისმა თბილისში ჩამოსვლამ გააღვივა დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, «შუკვანის საქმემ» დაადასტურა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლების პოზიციები კვლავინდებურად მყარია და ოპოზიცია ან ვერ ახერხებს შესაბამისი ნეგატიური სტერეოტიპის ჩამოყალიბებას, ან ეს სტერეოტიპი მხოლოდ ლუმპენიზებულ სოციალურ ელემენტთა არგუმენტი ხდება.

დილის გაზეთი, 12 იანვარი, 1998 წ.