საერთაშორისო მიმოხილვა. 23 ივნისი 2022 წელი
გუშინ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა გააფთრებული ბრძოლები დონბასზე, ქალაქ ლისიჩანსკის მახლობლად, რომელიც მეორე უმნიშვნელოვანესი პუნქტია სევეროდონეცკის შემდეგ.
სამწუხაროდ, სევეროდონეცკს უკვე რუსები აკონტროლებენ.
ისინი რამდენიმე კილომეტრით მიუახლოვდნენ ასევე ბახმუტის საავტომობილო ტრასას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მთელი ლუგანსკის რეგიონისთვის.
თუ ეს ტრასა გადაკეტა რუსულმა არმიამ, უკრაინელები იძულებულნი გახდებიან ლუგანსკის რაიონი დატოვონ ალყის თავიდან ასაცილებლად და პუტინი აღწევს ტაქტიკურ მიზანს ანუ პროგრამა მინიმუმს: ლუგანსკის ე.წ. `რესპუბლიკის` და დონეცკის `რესპუბლიკის` საზღვრებზე გადის.
ამის შემდეგ, როგორც სჩანს, კიევს წაუყენებს ულტიმატუმს: მაქეთ აღარ მოვდივარ, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი მომიწერეთ და სანქციები მომიხსენითო.
ეს ნიშნავს უკრაინის 20%-ის ოკუპაციას და ზღვაზე გასასვლელის ბლოკირებულად დატოვებას ოდესასთან.
საეჭვოა ზელენსკი ამაზე წავიდეს: გუშინ ღამით უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა (ამერიკელებისგან რომ მიიღეს) როსტოვის ოლქში ნავთობსარეწი და ნავთობბაზა გაანადგურეს.
. . . . . . . . . .
ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის არმიამ `შესაძლოა მოაწყოს შეიარაღებული პროვოკაციები საზღვართან`, რაკი `არა აქვს ეკონომიკური ბერკეტები, რათა აიძულოს ლიტვა, აღადგინოს ტრანზიტი კალინინგრადში`.
ამავე დროს, ფინეთის შეიარაღებულ ძალთა სარდალმა, ტიმო კივინენმა თქვა, რომ ფინეთის არმია მზადაა წინააღდმეგობა გაუწიოს რუსეთს, თუ რუსეთი ფინეთს თავს დაესხმება.
ფინეთი პატარა ქვეყანაა (5,5 მილიონი). 1939 წელს, როდესაც სტალინი დაესხა თავს, სასწაული მოახდინა და ფაქტიურად დაამარცხა ეს უზარმაზარი `დერჟავა`. ძალიან წარმატებული თავდაცვითი ბრძოლები აწარმოა მაშინ.
ახლა ფინეთი ცდილობს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს შვედეთთან ერთად. თურქეთი ჯერ ჯერობით ბლოკავს ამ ასპირაციას, თუმცა კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის წინააღმდეგობა დაძლევადია.
ბოლოს და ბოლოს, არავინ და არაფერი უშლის ხელს ამერიკას, მიანიჭოს ორივე ქვეყანას `ბლოკგარეშე მოკავშირის` სტატუსი და განალაგოს ორივე ქვეყანაში სამხედრო-სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ან სამხედრო-საჰაერო ძალები.
საუკეთესო ვარიანტია ყველა ერთად.
სხვათა შორის, ამერიკას არავითარი NATO არ სჭირდება, რომ ზუსტად ასეთივე ტექნოლოგიით, იგივე გააკეთოს საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, არ აკეთებს. იმედი ვიქონიოთ, `ჯერ არ აკეთებს`.
. . . . . . . . . .
ჩეხეთმა აკრძალა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი სანქციაა, რადგან ჩეხეთი `შენგენის ხელშეკრულების`, იგივე `შენგენის ზონის` წევრია; ანუ ჩეხური ვიზა იმას ნიშნავდა რუსებისთვის, რომ შეეძლოთ ჩაფრენილიყვნენ პრაღაში და შემდეგ მთელს ევროპაში უპრობლემოდ ემოგზაურათ.
მაშასადამე, ევროპაში ერთ-ერთი ფანჯარა მათთვის დაიხურა.
სხვა ქვეყნები ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ ბედავენ, თუმცა პირდაპირი (!) ფრენები მაინც აკრძალულია რუსეთიდან.
. . . . . . . . . .
მოსკოვს რჩება ბერკეტი, რათა დააშანტაჟოს ამერიკა და დასავლეთი: `სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის ხელშეკრულება`(იგულისხმება ბირთვული არსენალი) , რომელსაც 2026 წელს ეწურება ვადა, გულისხმობს, რომ რუსეთი და ამერიკა ბირთვულ არსენალს არ გაზრდიან. მათ ისედაც იმდენი ბომბი აქვთ, რამდენჯერმე ზედიზედ შეუძლიათ მთელი კაცობრიობის მოსპობა.
გუშინ ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელსაც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია (თავმჯდომარე თავად პუტინია) მორიგი სენსაციური განცხადება გააკეთა: `ხვეწნა-სლუკუნით მოფორთხდებიან ახლა ამერიკელები ჩვენთან და მუდარას დაგვიწყებენ, გავაგრძელოთ ეს ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენ უარი უნდა ვუთხრათო`. მერე მედვედევმა დაამატა: `ამერიკელებს სხვა ენა არ ესმით, - მაგათ ისე უნდა ელაპარაკო...აი.....ხრუშჩოვმა რომ ნიუ იორკში, გაეროს სხდომაზე ფეხსაცმელი გაიხადა და ბრახუნი ატეხაო`.....
აი, ამგვარი მენტალობის ადამიანი ითვლება პუტინის მემკვიდრედ!
ცდილობს პუტინზე რადიკალური განცხადებები გააკეთოს, რომ უფრო `მაგარი` გამოჩნდეს.
რაც შეეხება ხრუშჩოვს, ეს ეპიზოდი აუცილებლად მოსაყოლია: 1960 წლის 1 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ხელმძღვანელი, ნიკიტა ხრუშჩოვი გაეროს სესიას ესწრებოდა. სესიაზე განიხილებოდა უნგრეთის საკითხი: 4 წლით ადრე, 1956 წელს, იმავე ხრუშჩოვის ბრძანებით სისხლში ჩაახრჩვეს უნგრეთის დემოკრატიული მოძრაობა.
ნიკიტა ხრუშჩოვს ერთ-ერთი გამომსვლელის სიტყვები არ მოეწონა: აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის უნგრეთიდან ჯარი გაიყვანეთო` და...პროტესტის ნიშნად უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, მაგიდაზე, სადაც იჯდა, მუშტების ბრახუნი ატეხა. მერე ჩათვალა, რომ საკმარისად ხმამაღალი არ იყო ეს ბრახუნი, ამიტომ ფეხსაცმელი (ტუფლი) გაიხადა, წვეროში მოკიდა ხელი და ქუსლით დაიწყო მაგიდაზე ბრახუნი. გადაირია მთელი დარბაზი. ხრუშჩოვის წინ მომდევნო მაგიდაზე ესპანელები ისხდნენ და წინ გადაიწიენ შიშით, მერე წამოხტნენ - ემანდ ამ იდიოტმა თავში არ ჩაგვცხოს ეს ფეხსაცმელიო.
არა, ეს კომედიური ფილმი არ არის - ნამდვილი ამბავია: `რუსი დათვი ფეხსაცმელს იხდის, წვეროთი იჭერს და მაგიდაზე ქუსლით აბრახუნებს`.
ამ ფოტომ მსოფლიო მოიარა. და...არაფერი.
სირცხვილის გარდა რასაკვირველია, თუმცა ნიკიტას არაფრის რცხვენოდა. ისევე, როგორც მის ქვეყანას.
და დღეს რცხვენია რაიმესი?
ბუჩაში 9 თვის ბავშვის გაუპატიურებისა რცხვენია?!!!
დამტკიცებული ამბავია.
. . . . . . . . . .
როგორც ცნობილია, Samsung-მა აკრძალა თავისი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. იმიტომ, რომ ეს მისგან მოითხოვა ამერიკამ. თუ სამხრეთ კორეა არ დაემორჩილებოდა, მაშინ ამერიკული კომპენიებისგან მიკროჩიპებს ვეღარ მიიღებდა და მათ გარეშე ამ ტიტანური კომპანიის ყველა ქარხანა გაჩერდებოდა ყველგან.
მიუხედავად ამისა, რუსეთში გამოჩნდა რიტეილორი სახელად Связной, რომელმაც განაახლა არა მხოლოდ Samsung არამედ APPLE ახალი პროდუქციის შემოტანა.
თან გარანტიასაც იძლევა. სათადარიგო ნაწილებიც აქვს. ოთონდ, პროდუქცია 20%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ომამდე და სანქციებამდე.
კი მაგრამ, საიდან, როგორ?
გამორიცხულია, Samsung-ს მით უმეტეს APPLE სანქციები დაერღვია.
ესე იგი, ხორციელდება რეექსპორტი...საიდანღაც....რომელიღაც პოსტსაბჭოური ქვეყნიდან!
. . . . . . . . . .
ავღანეთში ათასობით ადამიანი დაიღუპა 6,1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. `თალიბანი` უუნარო და უნიჭოა უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს უშველოს ან დაეხმაროს. NATO და ამერიკა კი იქ აღარ არიან.
. . . . . . . . . .
ერთ-ერთი უცნაურობა, რაც პუტინს ახასიათებდა ბოლო დრომდე, უფრო ზუსტად კი დასავლეთს ახასიათებდა მის მიმართ ზოგადად, ის იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი წლების განმავლობაში (2022 წლის 24 თებერვლამდე ანუ უკრაინაში შეჭრამდე) ინარჩუნებდა მოწონების მაღალ რეიტინგს დასავლეთში.
აბა გავიხსენოთ, რამდენჯერ გამოუცხადებიათ იგი დასავლეთის ყველაზე გავლენიან რესურსებს (მაგ. Newsweek) ბოლო 20 წლის მანძილზე `წლის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად` და `წლის ადამიანადაც` კი.
ფანტასტიური რეიტინგები ჰქონდა: 70-80% მდე ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი
ახლა ყველგან მინიმუმზე დაეცა - 8-9%მდე.
შესაბამისად, კატასტროფულად არის გაზრდილი მისი ნეგატიური შეფასების კოეფიციანტიც - 80-90%.
ოღონდ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ მისი სიმხეცე და პირსისხლიანობა, მხოლოდ ქალების და ბავშვების ხოცვა, მხოლოდ საზარელი სისასტიკე და ყოველგვარი საერთაშორისო წეს/კანონის დარღვევა კი არ არის, არამედ უპირველესად ის, რომ თვით მასობრივი (!) დასავლელი, ევრო/ამერიკელი ობივატელის, მეშჩანის თვალშიც კი, პუტინი დამარცხდა! ვერ გაიმარჯვა, ომის ჭაობში ჩაეფლო და სრულიად მარაზმატულ სიტუაციაში ჩააგდო საკუთარი ქვეყანა - ნაცვლად `ელვისებური ომისა`, რაც აშკარად უნდოდა, თუმცა საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.
რუსების თვალშიც ასე იქნებოდა, თუმცა რუსებს სიმართლეს არავინ ეტყვის მათი ტელევიზიით.
ამაზე არსებითი კი ის არის, რომ კატასტროფულად დაეცა თვით რუსეთის, როგორც ქვეყნის და ცივილიზაციის რეიტინგი მსოფლიოს თვალში: 85% ნეგატიურ შეფასებამდე.
პუტინის პრობლემას კიდევ ეშველება რამე: ბოლოს და ბოლოს უკვდავი არ არის ან გაუყენებენ საიქიოს გზას, მაგრამ ქვეყნის რეიტინგის ხელახალი `ამოწევა`, როგორც ეს 1985 წლიდან მოხდა გორბაჩოვისეული `პერესტროიკის` წყალობით, უკვე ძალიან რთული იქნება. ერთი 100 წელი კიდევ.
ანუ, ევროპასა და ამერიკაში რუსეთი, საუკუნეების განმავლობაში, აღიქმებოდა, როგორც `ბნელი` ქვეყანა, `აგრესიული ცოფიანი დათვი`.......მერე ეს იმიჯი გორბაჩოვმა და ელცინმა გარკვეულწიდად გააკეთილშობილეს...`გორბიზე` ევროპელები და ამერიკელები გიჟდებოდნენ......... ელცინს კონგრესში, ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის უფლებაც კი მისცეს, ოვაციები მოუწყვეს (ამაზე დიდი პატივი ამერიკაში არ არსებობს) მაგრამ....ელცინმა `რატომღაც` КГБ-ს ოფიცერი დანიშნა მემკვიდრედ და...მან პლინტუსს ქვემოთ ჩამოიყვანა ისევ რუსეთის რეიტინგი მსოფლიოში.
მის იმიჯად კი იგივე ტყაპუჭიანი დათვი დააბრუნა, რომლის კარიკატურასაც ხშირად ნახავდით XVIII-XIX საუკუნეების ევროპული გაზეთების ფურცლებზე.
დათო