აფხაზები საქართველოს კონფედერაციას სთავაზობენ

აფხაზები საქართველოს კონფედერაციას სთავაზობენ

 მოსკოვში გრძელდება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. უფრო სწორად, მოლაპარაკება კარგა ხანია შეწყდა, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელშიც ერთის მხრივ მონაწილეობს საქართველოს ელჩი რუსეთში, ვაჟა ლორთქიფანიძე, ხოლო მეორეს მხრივ - აფხაზეთის ე.წ. «პროკურორი», არძინბას სიძე - ანრი ჯერგენია.
    უნდა აღინიშნოს, რომ თუ ქართული მხარის პოზიციამ 1992 წლიდან- დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და საქართველო ამჟამად უკვე თანახმაა მიანიჭოს აფხაზეთს ასიმეტრიული ფედერაციის სუბიექტის სტატუსი, არძინბას ჯგუფს პოზიცია იოტისოდენადაც არ შეუცვლია: ისევე, როგორც 1992 წლის 14 აგვისტომდე, ისინი მოითხოვენ საქართველოსა და აფხაზეთის «თანასწორსუბიექტურობის» აღიარებას, ანუ (უბრალო ენით რომ ვთქვათ) იმის დადასტურებას, რომ აფხაზეთი სხვაა და საქართველო - სხვა. ამის შემდეგ, აფხაზები დიდსულოვნად თანახმანი არიან საქართველოსთან გააფორმონ «დიდი ხელშეკრულება» - «სამოკავშირეო სახელმწიფოს» შექმნის შესახებ.

    სწორედ ამ წინადადებით მიმართა რამდენიმე დღის წინ ქართულ დელეგაციას ანრი ჯერგენიამ. მის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველომ და აფხაზეთმა უნდა გააფორმონ «სამოკავშირეო ხელშეკრულება» (Союзный договор); დაახლოებით იმის მსგავსი, რომელიც არსებობდა რუსეთს, ამიერკავკასიის ფედერაციასა და სხვა რესპუბლიკებს შორის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და რომლის თაობაზეც ამდენი ლაპარაკი იყო გორბაჩოვის «პერესტროიკის» პერიოდში.
    «აფხაზური გეგმის» თანახმად, საქართველოსა და აფხაზეთის «სამოკავშირეო ხელშეკრულება» გაითვალისწინებს კონფედერაციული კავშირის (უნიის) შექმნას, რომელიც შედგება ორი თანასწორი სუბიექტის: საქართველოსა და აფხაზეთისაგან. ამგვარი სახელმწიფოს პრეცედენტი უკვე არსებობდა ევროპაში - «ჩეხეთ-სლოვაკეთის» სახით. ეს კონფედერაციული სახელმწიფო, როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ დაიშალა ყოველგვარი ხმაურისა და განსაკუთრებული შეხლა-შემოხლის გარეშე.
    არძინბას აზრით, ახალი სახელმწიფოს სახელწოდება დამატებითი მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს; ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად აღარ ერქმევა არც «საქართველო» და არც «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა».
    «საკავშირო სახელმწიფოს» ორი სუბიექტი შექმნის «საკავშირო პარლამენტს», რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს კონსენსუსით. ანუ, არავითარი საერთო მთავრობა, არავითარი საერთო ჯარი, ერთიანი ვალუტა და საერთო საზღვრები. მაშასადამე, ამ თვალსაზრისით, ქართულ-აფხაზური «სამოკავშირეო სახელმწიფო» უნდა განსხვავდებოდეს «ჩეხეთ-სლოვაკეთისაგან», რომელსაც ფედერაციის ყველა ნიშან-თვისება გააჩნდა.
    ყოველივე ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური მხარის წინადადებანი კატეგორიულად მიუღებელია და ის მოღვაწე, ვინც მას დაეთანხმება, მხილებული იქნება სამშობლოს ღალატში.

«მიმომხილველი», 9 დეკემბერი, 1995 წელი.