ანტიკორუფციული «ინკვიზიცია» ავტოინსპექტორებს დაერევა

ანტიკორუფციული «ინკვიზიცია» ავტოინსპექტორებს დაერევა

        გუშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს მორიგი მასალა წარუდგინა საგზაო ინსპეციაში, როგორც უწინ იტყოდნენ, «ნეგატიური მოვლენებისა» და კრიმინალური ელემენტების (მექრთამე თანამშრომლების) წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. მასალა «მამხილებელი» იყო ამ თანამშრომელთა მიმართ და, პირიქით, ადასტურებდა, რომ პოლიცია უმალვე რეაგირებს პრეზიდენტის მოთხოვნებზე. როგორც ცნობილია, წინა დღით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგზაო ინსპექცორებს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა: ან 15 ივლისამდე შეწყვეტენ მექრთამეობას და საერთაშორისო ფონდის წყალობით მათთვის დაწესებულ მაღალ ხელფასებს დასჯერდებიან, ან დატოვებენ სამსახურს, თანაც, არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად.
        კოლექტიური პასუხისმგებლობის მექანიზმი, უნდა ვაღიაროთ, ბევრად ქმედითი იქნება, ვიდრე კონკრეტული მექრთამეების დევნა, რადგან საშუალებას იძლევა, მთლიანად სისტემის კორუმპირებულობა დადასტურდეს და მისი «ადამიანური შემადგენელი» 100 პროცენტით შეიცვალოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ საგზაო პოლიციელები გადაწყვეტენ მასაში, არ აიღონ ქრთამი და პატიოსნად იმუშაონ, ესე იგი, ადამიანებს სისხლი არ გაუშრონ, ისინი შემდგომ თავადაც შეძლებენ «ნეგატიური მოვლენების» აღმოფხვრას და საგზაო პოლიცია მთლიანად თუ არა,, დიდწილად გაიწმინდება კორუფციისაგან.
        თავის მხრივ, ამას ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაკი სწორედ საგზაო პოლიცია იყო არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ კორუფციის «სახე». იგი ითვლებოდა «კორუფცირებული საქართველოს» ერთგვარ «სავიზიტო ბარათად», აუღებელ ციხე0სიმაგრედ. იმდენად, რომ საქართველოს ნორმალურ (არაკლინიკურ) მოქალაქეს დედამიწაზე მთვარის დაშვებას უფრო დააჯერებდი, ვიდრე საგზაო პოლიციაში (მანამდე «ავტოინსპექციაში») კორუფციის მოშლას. ხელისუფლებამ კი ეს თემა ერთგვარ «საჯილდაო ქვად» მიიჩნია და, როგორც ჩანს, მას აღარც მოეშვება, ვინაიდან «საგზაო კორუფციას» ერთი სპეციფიკური თვისება აქვს: მისი დამარცხება ძნელია, თუმცა, მისი შემცირების შემთხვევაში, ეფექტი უდიდესი გამოდის: ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დინამიკური და აქტიური (აგრეთვე გავლენიანი) ნაწილი უმალვე გრძნობს გზებზე წნეხის შემსუბუქებას და აღიარებს ხელისუფლების წარმატებას ანტიკორუფციური ბრძოლის პირველ ფრონტზე.
        მეორე მხრივ, აქ ოპტიმისტური გათვლები, ალბათ, მაინც ჩასაშლელად არის განწირული, ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ, რა «სტავკები» არსებობდა საგზაო პოლიციაში მოსაწყობად და ამჟამინდელი კონტიგენტის მნიშვნელოვან ნაწილს რა ფული აქვს გადახდილი «მსუყე» ადგილის მოსაპოვებლად (მით უმეტეს «ზედა ეშელონებში», მაღალ თანამდებობზე და არა მხოლოდ მათ შორის, ვინც მშიერი ტურასავით თოვლსა და წვიმაში გარეთ გამოდის «საშოვარზე»), 400 და 500-ლარიანი ხელფასი მათ სასაცილოდ არ ეყოფათ. აქედან გამომდინარე, ხელქვეითებსაც აიძულებენ ძველებურად იმუშაონ და თითქოს არაფერი შეიცვლება, ოღონდ დღევანდელ ჩვენს პრეზიდენტს, «თაფლაკვერთან» ერთად მათრახიც უჭრის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი რეიდი იმის მაჩვენებელია, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, სისტემაში «ინკვიზიციის კოცონი იგიზგიზებს», თანაც, ხელისუფლება სპეციფიკურ ხერხებსა და მეთოდებს გამოიყენებს სისტემის კორუფცირებულობის დასადასტურებლად, რათა გაამართლოს მომავალი (ალბათ, მაინც გარდაუვალი) გადაწყვეტილება საგზაო პოლიციის სრული შემადგენლობის დათხოვნის შესახებ, უკმაყოფილოთ და საპროტესტო მიტინგების მოსურნეთ კი ცხვირ-პირი დაამტვრიოს.
        ფარული კამერა ერთ-ერთი ხერხთაგანია, გარდა ამისა, მიმდინარე «დამრღვევმა მძღოლემბა» «გულკეთილ საგზაო ინსპექტორებს» შეიძლება შეაჩეჩონ სპეციალური საღებავით დანიშნული ფული და სხვა. რამდენიმე ამგვარი ფაქტისა და საჩვენებელი პროცესის შემდეგ, ეს უძველესი კორუფცია სულ ადვილად, განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე დაიშლება, რითაც ხელისუფლება შექმნის მისთვის ძალზე მნიშვნელოვან პრეცედენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ანალოგიური სქემის ამოქმედება საბანკოსა და საგადასახადო სისტემებში, სხვა ინსტიტუტებში ანუ, ხსენებულ კორპორაციათა ასევე მთლიანად განადგურება და მათი «ადამიანური შემადგენლის» სრული განახლება. ესე იგი, მიხეილ სააკაშვილმა წარსული სახელისუფლებო სისტემიდან შემორჩენილი ინსტიტუტების დაშლის სრულიად ორიგინალურ ხერხს მიაგნო, რისი მეშვეობითაც ახალი ხელისუფლება ძველი რეჟიმის სახელისუფლებო ბერკეტებისაგან გათავისუფლდება. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია მთლიანად, პოლიტიკური და სახელისუფლები სტაბილურიბის შესანარჩუნებლად.

2 ივნისი, ოთხშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი