«ანტითევზაძისტური» აურზაური თითქმის არაფრის გამო

«ანტითევზაძისტური» აურზაური თითქმის არაფრის გამო

      

        თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პროკურატურას შორის ატეხილმა სკანდალმა კიდევ ერთხელ ნათელჰყო, რომ საქართველოში ყველაფერი «ბეწვზე ჰკიდია», ხოლო ზოგიერთ მოხელესა და მოღვაწეს კარგად არა აქვს გაცნობიერებული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა (გარდა ვიწრო უწყებრივი ინტერესებისა)
        მაგალითად, სამხედრო პროკურატურა აცხადებს, რომ თურმე «სისხლის სამართლის დანაშაულში როდი ამხელს» თავდაცვის მინისტრს, უბრალოდ, ეჭვს გამოთქვამს ზოგიერთი (შესაძლოა, მართლაც საეჭვო - მ.გ.) მომენტის გამო; სისხლის სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი მასალები კი არა აქვს.
        ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა: თქვე ოჯახაშენებულებო, თუ სისხლის სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი მასალები არა გაქვთ, ამოდენა სკანდალსა და გნიასს რაღას ტეხდით, თავდაცვის მინისტრია, გეოდეზია-კარტოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ხომ არ არის?!
        რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის სამინისტროს ამის შემდეგ?! თუ რაიმე საეჭვო იყო - გამოგეკვლიათ ჩუმად, უხმაუროდ და თუ რეალური ფაქტები იარსებებდა, მაშინ აგეტეხათ გნიასი.
        ახლა კი რა გამოვიდა - ჯარში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა მთლიანად დაბრალდა თავდაცვის სამინისტროს, რომელიც, თურმე, რაღაც «საეჭვო ოპერაციებს აწარმოებს» კერძო ბანკებთან.
        აწარმოებს, აბა, რა ქნას? რუსეთის არმიაც კი, როდესაც რუსეთში საბიუჯეტო კრიზისი იყო, იძულებული გახდა კერძო ბანკებისათვის მიემართა, რათა ხელფასები დაერიგებინა.
        ამ ნიადაგზე სერიოზული კონფლიქტიც კი მოხდა ალექსანდრე ლებედსა და იგორ როდიონოვს შორის, რომლებიც 9 აპრილიდან მეტად «შეხმატკბილებულნი» იყვნენ.
        რა გასაკვირია, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ეძებს სახსრებს? წარმოუდგენელია, დავით თევზაძე (ან მისი უახლოესი გარემოცვა) ისეთი სულელი იყოს, ამგვარი მეთოდებით სცადოს «ფულის გაკეთება», ფულის გასაკეთებლად უამრავი ფარული ხრიკი და მეთოდი არსებობს.
        რაც შეეხება «არმიის თანადგომის საზოგადოებას» - ასეთი საზოგადოების შექმნა იმთავითვე შეცდომა იყო, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში ვერავის ვერაფრით დაარწმუნებ, რომ ეს საზოგადოება ფინანსური მაქინაციებისათვის არ იქმნება - მაშინაც კი, როცა მართლა არ იქმნება ამ მიზნით და არმიის სატკივართა გადაწყვეტას აპირებს.
        პრობლემის თავი და თავი არმიის მიზერული დაფინანსებაა. ჯერ რა ხელფასი აქვთ ოფიცრებს და იმასაც ვერ იღებენ თვიდან-თვემდე;
        ბიუჯეტში შარშანდელ ასმილიონიან «გარღვევას» კიდევ 100 მილიონი ემატება, შეიარაღებულ ძალებში ივნისის ხელფასებია გაუცემელი. ასეთ არმიას ომში გამარჯვებას კი არა, იმას ვერ მოსთხოვ, მშვიდად იდგეს ყაზარმებში და ქუჩაში არ გამოვიდეს იარაღით ხელში.
        დავით თევზაძე არის პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართულად მაინც ლაპარაკობს. დავუშვათ გადადგა, ვინ არის შემცვლელი? ან რატომ უნდა გადადგეს? როგორც ჩანს, მას თვით სამინისტროშიც ჰყავს «ოპოზიცია», რომელიც თანდათან აძლიერებს შეტევას.
        არ არის გამორიცხული, რომ ამის ერთგვარი კატალიზატორი გახდა გენერალ ნიკოლაიშვილის გადაყენება სამხედრო ატაშეს პოსტიდან. დავით თევზაძე დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მაინც «უცხო სხეულად» რჩება და, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ექსცესები ამით არ დამთავრდება.
        თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ექსცესებისათვის ობიექტური პირობაც არ უნდა იქმნებოდეს სრული ფინანსური კოლაფსის სახით. არც ამ პრობლემას აქვს მხოლოდ სუბიექტური მიზეზი (საბიუჯეტო გარღვევა) - იმ რაოდენობის არმიას, როგორიც დღეს გვყავს, საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. არმიის შემცირება (ოპტიმალურ ოდენობამდე) უბრალოდ გარდაუვალია. აქ ძალზე მარტივი ლოგიკა მოქმედებს: რაოდენ მრავალრიცხოვანი არმიაც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, ვერც თურქეთსა და ვერც რუსეთს (თუკი ისინი პირდაპირ აგრესიას გადაწყვეტენ) მაინც ვერ გაუმკლავდება. 50 ათასი ჯარისკაცი გვეყოლება თუ 100 ათასი - მნიშვნელობა არა აქვს.
        რადგან ასეა, იმ ამოცანათა გადასაწყვეტად, სავსებით საკმარისია 10-ათასიანი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული არმია - «მაძღარი» პირადი შემადგენლობით და არა აღრენილი ოფიცრებით.
        ერთადერთი, ვისაც მენტალიტეტით შესწევს უნარი ამგვარი რეფორმა განახორციელოს, მხოლოდ დავით თევზაძეა. სხვებს ამგვარი რამ აზრადაც არ მოუვათ.

მერიდიანი, 6 დეკემბერი, 1999 წელი