ქართული ნიჭის დეგრადაცია

ქართული ნიჭის დეგრადაცია

რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ავტორთან შემხვდა: „რით არისო გამოწვეული ანუ რითი ი ყ ო განპირობებული, რომ საქართველომ, რომელმაც საბჭოთა/რუსული მონობისას ხელოვნების, ზოგადად შემოქმედების რამდენიმე მიმართულებით, თეატრიდან - სპორტამდე ბრწყინვალე წარმატების ნიმუშები შექმნა (ზოგი მათგანი საკაცობრიო მნიშვნელობისაც კი იყო), მონობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან ვერც ერთი მიმართულებით ვერაფერი ფასეული ვერ „დადო“?

ხომ საინტერესო კითხვაა არა?

აბა როგორ შეიძლება, იდიოტის გარდა, ვინმემ დაიჯეროს, თითქოს მონობა „წაადგა“ ერის შემოქმედებას და კიდევ მოსკოვიდან გადმორიცხული საბჭოთა რუბლები, რის გარეშეც, უკვე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პირობებში, დაკნინდა ერის შემოქმედებითი პოტენციალი?!

ეს ხომ სრული აბსურდია?

არა ბატონო, ასე არ ხდება და არც მოხდებოდა..... ვერც მოხდებოდა: კი არ დაკნინდებოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, არამედ მონობიდან გათავისუფლების შემდეგ უნდა გაფურჩქნილიყო, აყვავებულიყო პირიქით, - ახალი სიმაღლეებისთვის მიეღწია: „მაგდანას ლურჯაზე“ უკეთესი გადაეღო, „კავკასიურ ცარცის წრეზე“ გენიალური დაედგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - ყველა სფეროში, ფეხბურთის ჩათვლით, რომელიც ასევე ეროვნული შემოქმედებაა.

მაშ რა მოხდა?

საგონებელშია ხალხი ჩავარდნილი და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათ კითხვას ისტორიცისტული დედააზრი აკლია!

და როდესაც ისტორიულ პროცესზე ვსაუბრობთ, თუ ისტორიციზმის პრინციპსა და პრიორიტეტს დავივიწყებთ, ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატურ პასუხს ვერ მივიღებთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ჭკვიანი ვარ. უბრალოდ ისტორიციზმის „ინსტრუმენტს“ ვიშველიებ და ერთმნიშვნელოვნად ვცემ პასუხს ამ ინსტრუმენტის „მადლით“ მოარულ კითხვას:

აღწერილი სავალალო უცნაურობის მიზეზი გახდა ის საზარელი, მარცხიანი (!), სტრესული „ოცწლეული“ 1988 წლიდან - 2008 წლამდე, როდესაც ერმა გადაიტანა უამრავი დამარცხება (!), საშინელი ომები, სოციალური ქსოვილის, თვით იდენტობის მატრიცის განადგურება, ანუ არა უბრალოდ სტრესი, არამედ მარცხიანი (!) სტრესი, რომელმაც გაანადგურა ერის სოციალური მდგენელი, მისი კოლექტიური გონი, მათ შორის მისი შემოქმედებითი პოტენციალი.

გამორიცხულია ამდენ სამარცხვინო დამარცხებას, მარცხიან სტრესს, დაწყებული 1989 წლის 9 აპრილის სამარცხვინო დამარცხებიდან („თუკი მოვედით და ქალები დაგიხოცეთ რუსებმა, მამაკაცები სად ეგდეთო“ - რუსები რომ დაგვცინოდნენ იქედნურად-დ.) ერის შემოქმედებითი პოტენციალი არ დაეკნინებინა.

სწორედ იმ კრიზისიდან (მათ შორის რეგვენი და უპასუხისმგებლო ელიტების გაჩაღებული სამოქალაქო ომიდან!) მომდინარეობს სრული „დაწრეტა/დაშრეტა“ ერის შემოქმედებითი ძალისა, რაც (ვიმეორებ) ყველა სფეროში გამოიხატა.

ოღონდ მთავარი მშვიდობა კი არ არის.

არა ბატონო.

კაცობრიობის ისტორია სავსეა მაგალითებით, როგორ „იფეთქებდა“ ხოლმე ერის შემოქმედებითი პოტენციალი სწორედაც ომის ქარცეცხლში ოღონდ.......ძლევამოსილი ომისა!!

და არა სამარცხვინოდ წაგებული ომების მთელი წყების, - გაუთავებელ დამარცხებათა 20 წლიანი სერიის.

და მაინც, ცალკეულ ინდივიდთა „გაბრწყინება“ მსოფლიო სცენებზე, ქორეოგრაფიაში თუ ტატამზე თუ მუსიკაში, თუნდაც მაღალი მოდის სფეროში თუ..... თუ...... თუ......ამტკიცებს, რომ გენეტიკის დონეზე ეს პოტენციალი შენარჩუნებულია.

იგი გადარჩა.

ასაღორძინებლად, ქვეყანას სჭირდება მხოლოდ ერთი, თუმცა მთავარი:

მშვიდობა და „წარმატების ისტორია“ მომდევნო 50 წლის მანძილზე, რათა იმ წყეული „ოცწლეულის“ გამანადგურებელი შედეგი გადაილახოს და უზადო ქართული ნიჭი კვლავ აელვარდეს მსოფლიოს გასაკვირად.

დათო