ფინანსთა მინისტრმა ონოფრიშვილმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლა
ფინანსთა სამინისტროდან სარწმუნო წყაროს ცნობით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში პრეზიდენტთან გაიმართა ორი საგანგებო თათბირი ბიუჯეტის თაობაზე, რომელთაც უაღრესად «ვიწრო წრე» ესწრებოდა: ზურაბ ჟვანია, ვაჟა ლორთქიფანიძე, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი მანაგაძე.
ორივე სხდომამ ლამის 2-3 საათამდე გასტანა. განიხილებოდა ბიუჯეტის შემდგომი შემცირების პრობლემა. როგორც ცნობილია, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რითაც შექმნა ერთგვარი «პროკრუსტეს სარეცელი». სწორედ ამ სარეცელში უნდა მოთავსდეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, აგრეთვე ხარჯვითი ნაწილი.
ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებით, გარდა იმ 70 მილიონი დოლარისა, რომლითაც ბიუჯეტი უკვე შემცირდა, კიდევ გამოსაძებნია 11 მილიონის რეზერვი, ანუ ბიუჯეტი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. თუ ხელისუფლება მოახერხებს ამ პარამეტრების დაცვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვპირდება «ისააფის» საკრედიტო ხაზის კვლავ გახსნას, ახალი კრედიტების გამოყოფას - ოღონდ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების განსამტკიცებლად.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კიდეც მივიღებთ კრედიტებს ფონდისგან, - მათ ვერ გამოვიყენებთ უშუალოდ ეკონომიკისათვის, არამედ ჩავდებთ ეროვნულ ბანკში რათა სავალუტო რეზერვმა «ფსიქოლოგიური ზეგავლენა» მოახდინოს საფინანსო ბაზარზე. რასაკვირველია, არც ესაა ცოტა. თუმცა, სავალუტო ფონდის კეთილგანწყობა «რეალურ ფულსაც» ნიშნავს, ვინაიდან ფონდის «დასტურით» შესაძლებელია ფინანსური დახმარების მიღება მსოფლიო ბანკიდან, აგრეთვე ევროკავშირის თუ სხვა ფინანსური ცენტრებისგან. მაგრამ საამისოდ საქართველო ვალდებულია შეასრულოს სავალუტო ფონდის მოთხოვნები და შექმნას «ძლიერი ბიუჯეტი» ანუ მკაცრად დაბალანსებული და გაწონასწორებული - დიდი პროფიციტით, რაც გამორიცხავს ფინანსური სიძნელეების წარმოშობას წლის განმავლობაში.
თავისთავად ეს ამოცანა ხელისუფლებისათვის რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა. მით უმეტეს მტკივნეულია იგი საარჩევნო წელს, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგი დიდწილად იქნება დამოკიდებული ბიუჯეტის «გულუხვობაზე» - არა მხოლოდ სოციალური ფენების, არამედ სხვადასხვა ფინანსური დაჯგუფებების მიმართ.
თუ ყოველივე ამის მიუხედავად მომავალ არჩევნებზე მაინც «მემარჯვენე» ძალები მიაღწევენ წარმატებას და არა უმაქნისი პოპულისტები, რომელთაც მხოლოდ «ფულის მოჭრა» ეხერხებათ, - შესაძლებელი იქნება დავასკვნათ, რომ დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმა საქართველოში ნამდვილად შეუქცევადი გახდა, ოღონდ საამისოდ (ვიმეორებ) წლეულს აუცილებელია «ქამრების მოჭერა»; თანაც ისე, რომ ამან წელში არ გაწყვიტოს მოსახლეობა.
«პროკრუსტეს სარეცელში» ბიუჯეტის ნორმატივთა ჩატევა ძალიან რთული აღმოჩნდა; იმავე წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტელ მოლაპარაკებათა შედეგად გამოიძებნა მხოლოდ მილიონი ლარის რეზერვი ანუ ხარჯვით ნაწილს მხოლოდ 4 მილიონი მოაკლდა - იგულისხმება სხვადასხვა სამინისტროთა ხარჯები, თანაც ეს გაკეთდა არა მთავრობის სხდომაზე, არამედ საგანგებო შეკრებებზე პრეზიდენტის მონაწილეობით.
გამოსაძებნია კიდევ 7 მილიონი მაინც, რათა ბიუჯეტის პარამეტრები შესაბამისობაში მოვიდეს წინასწარ შეთანხმებულ ციფრებთან. ამ ციფრების გაზრდა გამორიცხულია – არა მხოლოდ იმიტომ, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტს, არამედ კონსტიტუციური მიზეზით: ბიუჯეტი უკვე მიღებულია პირველი მოსმენით პარლამენტში, ამრიგად, პროცესი დაწყებულია და არ არსებობს არანაირი იურიდიული მექანიზმი მის შესაჩერებლად. შეჩერება უკვე უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.
ამრიგად, ბიუჯეტის პროექტი უეჭველად კიდევ უფრო შემცირდება - ეს გარდაუვალია; «ნაკლული» 7 მილიონი დოლარიც გამოიძებნება, ანუ ხარჯები მაინც შეუმცირდებათ სამინისტროებსა და უწყებებს.
მათი ხელმძღვანელების უმწვავეს რეაქციასაც როგორმე გაუძლებს ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროებისა და უწყებების დერეფნებში ამჟამად ნამდვილი ზვავი აგორდა. ფინანსთა მინისტრი ონოფრიშვილი კოლეგებისაგან თავის დასაცავად სრულ კონსპირაციაზე გადავიდა, - არ პასუხობს სატელეფონო ზარებს და ცდილობს დისკუსია საერთოდ არ გამართოს.
რასაკვირველია, ამა თუ იმ სამინისტროსათვის ასიგნებული თანხების შემცირება ყოველთვის მტკივნეულია. ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა ხელფასებისა და პენსიების დაგეგმილ მომატებაზე, რათა როგორმე «დაებალანსებინა» ბიუჯეტი; შექმნილ გამოუვალ ვითარებაში ეს მაინც «გმირული» და «თავგანწირული» გადაწყვეტილებაა საარჩევნო წელს.
ხარჯები უმცირდება თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც წინააღმდეგია პირადი შემადგენლობის შესაბამისი შემცირებისა, აგრეთვე პოლიციას, უშიშროებას, კულტურას, ჯანდაცვას და ა.შ. სპორტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, ქართველი სპორტსმენები მომავალი (ავსტრალიის) ოლიმპიადიდან ისეთივე «ტრიუმფით» დაბრუნდებიან, როგორ ამერიკიდან დაბრუნდნენ. მაგრამ რა დროს ოლიმპიადაა, როცა ქვეყანა ლამის თავზე დაგვექცეს?!
მავანი გაფაციცებით ცდილობს შთაგვაგონოს, რომ «სხვა გამოსავალი ელემენტარულად არ არსებობს - სხვა გამოსავალი მხოლოდ ემისიაა, რაც კიდევ უფრო ბნელ ჩიხში შეგვიყვანს». ემისია, რასაკვირველია, გამოსავალი არ არის, მაგრამ შექმნილ მდგომარეობას უფრო ყურადღებით შესწავლა სჭირდება.
თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: საქართველოში ვითარდება იგივე კრიზისი (ოღონდ ნაკლები მაშტაბით,) რამაც დანგრევისა და განადგურების პირას მიიყვანა რუსეთი. რა იყო რუსეთის ეკონომიკური კრახის ძირითადი მიზეზი? თავად რუსი რეფორმატორები აღიარებენ: მთავარი მიზეზი იყო მათი მცდელობა, გაეტარებინათ უმტკივნეულო(!) რეფორმა, ანუ რეფორმის აუცილებლობას აცნობიერებდნენ, მაგრამ ცდილობდნენ, იგი მოსახლეობისთვის სოციალურად ნაკლებმტკივნეული ყოფილიყო.
ასე არ გამოვიდოდა და არც გამოვა. უმტკივნეულო რეფორმა არასდროს არსად არ გატარებულა. რუსეთი მაინც იძულებული იქნება (პრიმაკოვის ფუჭი ექსპერიმენტების შემდეგ) დაუბრუნდეს რადიკალური რეფორმაციის იდეას. ამგვარი ექსპერიმენტი კი საქართველოს მხოლოდ დროს დააკარგვინებს, რაც, სახელმწიფოებრივი სისუსტის გათვალისწინებით, შეიძლება გაცილებით უფრო ძვირად დაგვიჯდეს, ვიდრე დაუჯდა რუსეთს.
ამიტომაც მოვიდა დრო, ითქვას სიმართლე: ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც ხელისუფლებამ სცადა შეენარჩუნებინა ის სოციალური ვალდებულებანი, რომელიც იკისრა სულ სხვა სახელმწიფომ - საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირმა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ, როგორც მისმა შემადგენელმა ნაწილმა.
გადავხედოთ უკანასკნელი წლებისა და მიმდინარე წლის ბიუჯეტს: გათვალისწინებულია ასიგნებები კოოპერატიული ბინათმშენებლობის, აგრეთვე ტროლეიბუსების მძღოლთა ბინებით დაკმაყოფილების, ანაბრების ინდექსაციისათვის.
არადა, გაუგებარია, რა შუაშია აქ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა და არსებობს 1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე? რატომ უნდა იკისროს ამ სახელმწიფომ ის ვალდებულებანი, რაც მას არ აუღია? მაგრამ მიზეზი უცნაურობისა ადვილად ასახსნელია: ამგვარი ვალდებულებები და ასეთი ხარჯები ხელს აძლევს იმ თხემით ტერფამდე კორუმპირებულ ბიუროკრატიას, რომელმაც სახსრები უნდა გაანაწილოს.
რა თქმა უნდა, ეს სახსრები არ ეყოფა ყველა მძღოლს, ვინც კომუნისტურ ეპოქაში თბილისის აღმასკომთან ხელშეკრულება გააფორმა, არც ყველა «კოოპერატორს», რომელმაც საბჭოთა ხელისუფლების უკანასკნელ წლებში დაიწყო კოოპერატიული ბინის მშენებლობა, ამიტომ «შერჩევისას» და «განაწილებისას» ამ ბიუროკრატიასაც დარჩება გვარიანი წილი.
აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული, თუ რატომ ითვალისწინებს გაძვალტყავებული ქვეყნის ბიუჯეტი ასეთ ხარჯებს! როცა ეკითხები, თვალებს «გულუბრყვილოდ» ნაბავენ: აბა რა ჩვენი ბრალია - პარლამენტის მიღებული კანონით ვმოქმედებთო. არადა, პარლამენტშიც ძლიერი «მემარცხენე ლობი» ჰყავთ, რომელსაც თვლა და გაყოფა არ ეშლება.
კიდევ უფრო უცნაურია, რომ კრიზისის მიუხედავად, იზრდება მაგალითად, ჯანდაცვის «სოციალურ პროგრამათა» მოცულობა; შესაძლოა ეს არ ეხებოდეს პირადად მინისტრს, მაგრამ «ქვედა» (გამანაწილებელ) ეშელონებს, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივე მოტივაცია აქვთ.
საერთოდ კი, უნდა შევურიგდეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას: მოსახლეობის სოციალური დაცვა სახელმწიფოსთვის ფუფუნებაა. ამ ფუფუნების უფლება და საშუალება კი აქვთ მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა შვედეთი, ამერიკა, გერმანია და ასე შემდეგ.
7 დღე, 15 მარტი, 1999 წელი