სტამბოლის სამიტი და ქართული დიპლომატია
ივნისის ბოლოს, სტამბოლში გაიმართება ევროატლანტიკური ალიანსის ლიდერთა სამიტი, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც, უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ალბათ, კიდევ უფრო დიდი, ვიდრე 1999 წლის ნოემრის სამიტს იმავე ქალაში, როდესაც ხელი მოეწერა ცნობილ ოქმს «საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის» _ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების ლიკვიდაციის შესახებ. საქარტველოს ხელისუფლება ამ ბაზების ლიკვიდაციისათვის 2 წელს საკმარისად მიიჩნევს, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ჯარების მოთხოვნა უკვე ლამის 5 წელია გრძელდება, რაც, ცოტა არ იყოს, კომიკურ ვითარებას ქმნის.
მსოფლიოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იყო, რომ 1999 წლის სტამბოლის სამიტზე ხელი მოეწერა 1990 წლის, «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ» პარიზის ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს. ამ გრანდიოზული ხელშეკრულების (მას 4 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად 60 ქვეყნის ათასობით დიპლომატი და ექსპერტი ამზადებდა) ადაპტაციის აუცილებლობა კი საბჭოთა კავშირის დაშლამ, აგრეთვე, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა. ადაპტირებული ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს, ეგრეთ წოდებული, «ფლანგური შეზღუდვების» შესახებ. სწორედ ეს პუნქტი და მისი კონცეფცია იქცნენ იმ დიდი გეოპოლიტიკური ინტრიგის განმაპირობებებ ფაქტორად, რაც ამჟამად ვითარდება და რომლის «კვანძის გახსნა», რამდენიმე კვირის შემდეგ, სტამბოლშია მოსალოდნელი. საქართველო (საბედნიეროდ თუ საუბედუროდ) ხსენებული გეოპოლიტიკური თამაშის ცენტრში მოექცა. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებმა განახორციელონ ხელშეკრულების რატიფიცირება, რათა ძალაში შევიდეს «ფლანგური შეზღუდვები» და ნატომ ვერარ შეძლოს თავისი ჯარების განლაგება პოსტსაბჭოური სივრცის (მათ შორის, თვით რუსეთის) საზღვრებზე, უპირველესად კი ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც უკვე ჩრდილოატლანტიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან. მაგრამ რატიფიცირებას ხელს უშლის საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ბაზების შენარჩუნება, რაკი ხელშეკრულების ერთ-ერთი ფუნდამენტური დებულების შესაბამისად, არც ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება, განალაგოს თავის ჯარები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე _ მისი თანხმობის გარეშე. ამრიგად, რუსეთი დღეს ყველანაირად ცდილობს, ერთი მხრივ, მიაღწიოს ხელშეკრულების რატიფიცირებას (და ამით ხელი შეუშალოს ნატოს ჯარების განლაგებას ბალტიის სახელმწიფოებში), მაგრამ, იმავდროულად, არც საქართველოდან გაიყვანოს ჯარები. სწორედ ამ თემაზე აწარმოებდნენ მაღალჩინოსანი რუსი დიპლომატები მოლაპარაკებებს ბოლო თვეების განმავლობაში არა სქართველისთან, არამედ დასავლელ პარტნიორებთან. როგორც ჩანს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, მომავალ სამიტს პრეზიდენტი პუტინი არ დაესწროს, რაც ძალიან სერიოზული ანტიდასავლური დემარში იქნება: საკმარისია გავიხსენოთ, რომ 1999 წლის სტამბოლის სამიტში თვით ბორის ელცინიც კი იღებდა მონაწილეობას. არადა, იმ დროს იგი უკვე საკუთარ ცოლ-შვილს ვეღარ სცნობდა. ესე იგი, სტამბოლის 2004 წლის სამიტი საგანგებოდ იმისთვის ეწყობა, რაღა დაადასტუროს 1999 წლის სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულება-შეუსრულებლობა.
ერთი შეხედვით, თითქოს, საქართველოსთვის მეტად ხელსაყრელი ვითარებაა, რაკი გვაქვს საშუალება, კვლავ უმაღლეს დონეზე მოვითხოვოთ რუსეთის ჯარების გაყვანა. თუმცა, ალბათ უფტო მეტად გონივრული იქნებოდა, გავაანალიზოთ, რა მოგვცა დაჟინებულმა მოთხოვნამ 5 წლის განმავლობაში, რას მივაღწიეთ და ერთი სანტიმეტრით მაინც თუ წავიწიეთ წინ ქვეყნის სტრატეგიული პრობლემების (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის) მიმართულებით? სინამდვილეში, დასავლეთს იმდენად საქართველდან რუსეთის ჯარების გაყვანა კი არ აინტერესებს (ისევე, როგორც არასდროს მოუთხოვია, მაგალითად, მათი გაყვანა სომხეთიდან), არამედ საკუთარი ჯარების შეყვანა ბალტიის ტერიტორიაზე _ რუსეთის სამხედრო ტრატეგიუ «მზის წნულთან» ახლოს, _ პეტერბურგიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში. მაგრამ საამისო საბაბად(!) ევროატლანტიკური კავშირი (რომელიც, საქართველოს წევრად მიღებას პერსპექტივაშიც არ განიხილავს) იყენებს სწორედ ჩვენი პატარა და სუსტი ქვეყნის (ვაჟკაცურ» უარს, დაეტანხმოს რუსეთის ჯართა საბაზო განლაგებას თავის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, დიდი ხელშეკრულების არარატიფიცირებულობას, რაც «ფლანგური შეზღუდვების» ძალაში შესვლას უშლის ხელს. ესე იგი, დასავლელი პარტნიორები, მათთვის ჩვეული პრაგმატიზმით (განსაკუთრებით ეს თვით პალტიელებზე და ევროპაში მათ ლობისტურ ჯგუფებზე ითქმის), მთელი ამ წლების განმავლობაში, ძალიან ოსტატურად ახერხებდნენ «ისრების გადმოტანას» საქართველოზე, რათა რუსეთის რისხვა ჩვენსკენ მოემართათ, თავად კი ორმხრივი ურთიერთიბები არ გაეფუჭებინათ ზემძლავრ სახელმწიფოსთან. მოლდოვას რა ენაღვლება, როდესაც ზურგს უკან სისხლით ნათესავი (ტყუპისცალი), რეალურად ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთი ჰყავს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ისმის კითხვა: ხომ არ მოვიდა დრო, საქართველომაც შეცვალოს ადრინდელი, ჩლუნგად სწორხაზოვანი დამოკიდებულება რუსეთის ბაზების პრობლემისადმი და უფრო მეტად საკუთარ ინტერესებზე იზრუნოს, ვიდრე თუნდაც იმავე ბალტიის ქვეყნების, ან მთლიანობაში, ნატოს ალიანსის?! თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ამ შემთხვევაში ნატოსა და საქართველოს ინტერესები ერთი და იგივეა _ ასე რომ იყოს, ალიანსი ბევრად უფრო სერიოზულად განიხილავდა ჩვენი ქვეყნის წევრობის საკითხს (რაც ამჟამად, არცთუ კეთილგანწყობილი ანეკდოტების დონეზე თუ იხილება ბრიუსელში) და ბევრად აქტიური იქნებოდა, თუნდაც, იმავე კონფლიქტების პრობლემათა გადაწვეტისას, რაშიც, დღემდე, «შორიდან გულგრილად მაცქერალის» როლს სჯერდება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, გაავებულ რუსეთს იგი ჩვენს თავს აჩეჩებს «ხახაში», თვითონ კი აუტკივარი თავის ატკივება ატ სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გადაწყვეტაში რეალურის (და არა მოჩვენებითი) ჩარევით. ამ ვითარებაში, ბევრად უფრო გონივრული, შორსმჭვრეტელური და მიზანშეწონილი იქნებოდა, საქარტველოს პრეზიდენტს სტამბოლში მკაფიო (თუმცა, დიპლომატიურად რაფინირებული და ვუალირებული) განცხადებით მიენიშნებინა რუსეთისა და დასავლეთისათვი, რომ იგი მზად არის (არ გამორიცხავს) განიხილოს მოსკოვთან კომპრომისის შესაძლებლობა, განურჩევლად იმისა, მოეწონებათ ეს თუ არა ბრიუსელში, ამ ბალტიის დედაქალაქში. თავის მხრივ, რუსეთმაც უნდა იცოდეს, რომ თბილისის ერთადერთი (და საკმარისი) პირობა იქნება რეალური მხარდაჭერა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გადაწყვეტაში, სადაც მოსკოვს, ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე დასავლეთს.
ამ პირობით კი, საქართველო დაიწყებს მოლაპარაკებას არა ჯარების გაყვანის, არამედ მათი «საბაზო განლაგების» ვადების თაობაზე _ რაც უკვე სულ სხვა სამხედრო-სტრატეგიული რეალობის დადასტურება იქნება. იმედი ვიქონიოთ, ქართული დიპლომატია ამიერიდან ბევრად უფრო პრაგმატულად იმოქმედებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად სწორედ სტამბოლის სამიტის მომზადების ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებას დასავლელ პარტნიორებთან, _ მათ მტკიცედ განუცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისათვის «ხურდაში დასაბრუნებელი არგუმენტი» არ არის და აღარც არასდროს იქნება. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ ჟვანიას ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ დასავლეთს ძალიან კარგად იცნობენ და მათ ცივ პრაგმატიზმთან დაკავშირებით ილუზიები ისევე არა აქვთ, როგორც რუსეთის იმპერიული ამბიციების მიმართ.
9 ივნისი, ოთხშაბათი, 2004 წელი
დილის გაზეთი