საქართველო და „ზანგეზურის დერეფანი“. ხედი ვაშლის ხიდან.
საქართველო და „ზანგეზურის დერეფანი“
- - - - - - - - - - - - - - - - -
ერთი ძალიან საინტერესო თემაა, ბოლო დროს აქტუალიზებული ორმხრივი (!) პროპაგანდის მიერ......
(აქვე: პროპაგანდა მხოლოდ სახელისუფლებო როდია)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი.... რა იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, მართლა სჯეროდეს (ოღონდ „მართლა“, ანუ კი არ „თამაშობდეს“ პოლიტიკური მოტივაციებიდან გამომდინარე, არამედ მართლა სჯეროდეს ამის-დ.), რომ ამერიკელების უკვე მკაფიოდ გამოხატული სურვილი, გააკონტროლონ „ზანგეზურის დერეფანი“ (ცენტრალური აზია-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი) გამომდინარეობს...... საქართველოს ხელისუფლებაზე მათი „გაბრაზებიდან“.
და თურმე, „ვაშინგტონი“ რომ არ ყოფილიყო „გაბრაზებული“ „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინაზე, პაპუაშვილზე, კობახიძეზე, ამის სურვილი არ ექნებოდა ან ნაკლებად ექნებოდა....ხოლო თვით ეს „დერეფანიც“ არ იარსებებდა (რომ არა „ქართული ოცნება“) იმ გეოპოლიტიკურ რეალიებში, რაც 2020-23 წლების მოვლენათა შემდეგ ჩამოყალიბდა.
რა რეალიებია ეს?
მას შემდეგ რაც ყარაბაღში მოხდა, სადაც თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი შეტევის შედეგად, ბაქოს და ანკარას სრული სუვერენიტეტი/კონტროლი დამყარდა, მოსკოვმა მთლიანად ან თითქმის მთლიანად დაკარგა გავლენის ბერკეტი ორივე მხარეზე:
ამოჰკრეს „პანღური“ ბაქოდან, მაგრამ რაც კიდევ უფრო არსებითია, ამოჰკრეს „პანჩური“ ერევნიდანაც.
ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე სომხეთსაც ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, ზანგეზურზე ამერიკელთა კონტროლს „ხელი მოაწეროს“; რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ემბარგოს კი გაუმკლავდეს მრავალმილიარდიანი EU-USA გრანტებით (წამოვიდა ფული ერევნისკენ უკვე.... თანაც ზორბა ნაკადად) და, ასევე ზანგეზურის დერეფნიდან მიღებული ეკონომიკური ბენეფიტებით, როცა, პირველად 1991 წლის შემდეგ, გაიხსნება სომხეთისთვის თურქეთის საზღვარი!
ამერიკელებისთვის „ზანგეზურის დერეფანი“ (განსხვავებით საქართველოს, ანუ ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სტამბულის დერეფნისგან) იმითაა მიმზიდველი, რომ უკვე (!) აბსოლუტურად არანაირ რისკზე წასვლა არ მოუწევთ იქ კონტროლის დასამყარებლად:
„გიუმრის“ რუსული სამხედრო კონტინგენტი თავს წამოჰყოფს თუ არა...ან რაიმეს წამოიკნავლებს თუ არა, უშნოდ გაინძრევა თუ არა.......თვითონ სომხები ჩასცხებენ თავში!
აი „საქართველოს დერეფანი“ კი ამერიკელებისთვის პრობლემურია, - რუსეთთან პირდაპირი „შესკდომის“ რისკს მოიცავს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ......ოღონდ...... უდიდესი, თანაც უსინდისო, ურცხვი, თავხედური ტყუილია, თითქოს „საქართველოს დერეფანი“ ამერიკელებისთვის „გაპრობლემურდა“ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ან 2012 წლის შემდეგ.
არ დაიჯეროთ, ეს არის ტ ყ უ ი ლ ი!
მე ძალიან კარგად (ანუ ძალიან „ცუდად“) მახსოვს:
1998 წელი იყო...... ვაჟა ლორთქიფანიძემ პრეზიდენტ შევარდნაძეს მოახსენა:
-„რაღაც არ მოეწონა მოსკოვს მგონი, - გორთან რუსული „სამშვიდობო ძალები“ გადმოვიდნენ, ტრასა გადაკეტეს, ტანკი დააყენეს და რა ვქნაო“.
-„რა ქნა და მაგ ჯარების სარდალს შეეხვეწე ჯარი „ტრასადან“ გაიყვანოს სხვა რა ვქნათო“ - იყო პასუხი.
(საიდან და რატომ შეიძლებოდა მომესმინა მე ეს სიტყვა-პასუხი, ჩემმა მეგობრებმა იციან)
ანუ....... წყეული რუსული „პლაცდარმი“, თბილისი-ქუთაისის ავტობანიდან 400-იოდე (!!) მეტრში, 2008 წელს არ წარმოშობილა.
სინამდვილეში ეს „ფორპოსტი“, რომელსაც ამერიკელები მუდამ ანგარიშს უწევდნენ და უწევენ, იმის შედეგია, რომ საქართველომ ბევრად ადრე წააგო ის ომი რუსეთთან - ჯერ კიდევ 1991-1992 წლებში, როცა ზვიადმა გამოიყვანა ქართული მილიცია ცხინვალიდან (უფრო ზუსტად, ეს „მილიცია“ თვითონ გამოიძურწა იქედან სამარცხვინოდ: „ომი მილიციის საქმე არ არის, უკვე ცხრა მილიციელი დაიღუპაო“-დ.) და მერე, 1992 წელს, 24 ივნისს, ე.წ. „დაგომისის“ ხელშეკრულებით შევარდნაძემ დააკანონა იქ რუსის ჯარი, რომელიც ცხინვალში ისედაც იდგა - ვერტმფრენთა ბაზის და მისი სადესანტო დაცვის სახით!
არსად წასვლას არ აპირებდა, „დაგომისით“ შევარდნაძეს რომ არ გაეფორმებინა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ესე იგი რუსები იქ ყოველთვის იდგნენ, ოღონდ ცხინვალსა და ზანგეზურში გარემოებები თუ შესაძლებლობები ჰქონდათ/აქვთ განსხვავებული.
და საერთოდ, ნუ გვჩვევია მარცხის პერსონიფიცირება.
მუდამ ასე როდია.
ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, რას ნიშნავს უკონტროლო რუსული ჯარი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში (საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი ერგნეთია!) და მათ ნუ ვასწავლით ჭკუას.
მით უმეტეს ნუ ვიტყუებით ასე: „მიშას ბრალიააააა.....“ „ბიძინას ბრალიაააააა.....“
მაინც ვერ მოვატყუებთ. თავისი საქმე და ინტერესები მათ შესანიშნავად უწყიან.
ჩვენი მოსატყუებელი კბილი 1776 წელსვე მოიცვალეს.
ამერიკელები მუდამ „წავლენ“ მხოლოდ იქ და დადგებიან მხოლოდ იქ, სადაც არანაირი რისკი არ ექნებათ და არა იქ, სადაც „აუტკივარ თავს აიტკივებენ“ უაზროდ.
არც მიშას დროს არ უნდოდათ უჭიროდ თავის ატკივება (როცა ალტერნატივა აქვთ აგერ თურმე სამხრეთით - ზანგეზურში) არც მანამდე, შევარდნაძის დროს უნდოდათ და არც ბიძინას დროს არ უნდათ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენ რაღა ვქნათ?
რა და..... ხარაგოულის ერთ ლამაზ, მთაზე შეფენილ სოფელში, პატარა ბავშვები რომ აძვრებოდნენ (ხოლმე) ოდესღაც, შორეულ 1970-იან წლებში..... დიდ ვაშლის ხეზე და შორს, თბილისი-ქუთაისის ავტოტრასაზე მანქანების ქროლვას ადევნებდნენ თვალს მოხიბლულნი, ისე ვადევნოთ აწი თვალი, როგორ ჩაიქროლებს ჩვენგან შორეულ და სრულიად უსაფრთხო „ზანგეზურის დერეფანში“ - ამერიკელების, გერმანელების და ფრანგების აშენებულ ბრწყინვალე ავტობანზე - „დიდი გეოპოლიტიკა“ ცენტრალური აზიიდან - ატლანტიის ოკეანისკენ.
კაი ვსვათ და კაი ვჭამოთ
ელარჯიც გავწელოთ.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი