საქართველოს ხელისუფლებამ პროსტიტუციას ომი გამოუცხადა.

საქართველოს ხელისუფლებამ პროსტიტუციას ომი გამოუცხადა.

ნეტავ თავად თუ ხვდებიან რამდენად კომიკურია ახლა ეს „ჯვაროსნული ლაშქრობა“ უძველესი საკაცობრიო „პროფესიის“ წინააღმდეგ?

არ არსებობს დედამიწაზე ასე თუ ისე ცივილიზებული ქვეყანა დღეს, სადაც პროსტიტუცია დასჯადი იყოს.

და რომც იყოს დასჯადი (ირანში დასჯადია).......ამ „უძველეს პროფესიას“ ჰიტლერმა, სტალინმა და პოლ პოტმა ვერაფერი დააკლო და.... „ქართული ოცნება“ რას დააკლებს?

ოქრუაშვილის 2004 წლის „რეიდს“ ჰგავს გორში რა....და იმან როგორც დაამთავრა - ვიცით.

არც საქართველოშია დასჯადი, მაგრამ „ბრძენმა“ ქართველმა კანონმდებელმა ასეთი ხრიკი მოიფიქრა: თვით პროსტიტუცია კი არაა დასჯადი, არამედ ამ მიზნით „სივრცის გადაცემა“. ვთქვათ ბინის მიქირავება.

ანუ რა გამოდის: ბინის გამქირავებელი თვითონ სულ უმანკო რომ იყოს უნდა ილაპარაკოს „მე პირადად ვემსახურებოდიო“, თორემ დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ!!

არ არის სასაცილო?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იყო დრო, ევროპაში პროსტიტუცია უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა. შუა საუკუნეებზე არ ვამბობ - აგერ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე.....

იმიტომ, რომ მას უკავშირებდნენ (მართებულადაც ) საზარელი დაავადების, ათაშანგის, სიფილისის გავრცელებას, რომელიც მაშინ უკურნებელ სენად ითვლებოდა.

მაგრამ მერე და მერე.....რაც მედიცინა განვითარდა, ლიბერალური მიდგომა წესი გახდა, ოღონდ ევროპულმა ცივილიზაციამ გარკვეული „ბალანსი“ იპოვა სოციალურ მორალსა და მიზანშეწონილობის ელემენტარულად რაციონალურ პრინციპს შორის:

„რაკი შეუძლებელია აკრძალვა, სჯობს რეგულირება და ჩარჩოებში მოქცევა“.

ჰოდა უამრავიდან ერთ-ერთი ასეთი „ჩარჩოა“ ლოკალიზება - კლოაკაში გადასროლა.

ამაზე მახსენდება: 1997 წელი იყო, ბრიუსელში მოვხვდი.

ვიცოდი, რომ ბელგიის დედაქალაქშიც, ისევე როგორც ამსტერდამში იყო ე.წ. „წითელი ფანრების“ ქუჩა.

სუფთა ჟურნალისტური ინტერესით (---1997 წელია..... ჯერ კიდევ ლამის „საბჭოთა ადამიანები“ ვართ „ობლიკო მორალე“) გადავწყვიტე მენახა.

მძღოლი გვემსახურებოდა სამენოვანი („საკუთარ თავს ვერც ვამჩნევ ფლამების ენიდან ინგლისურზე და ფრანგულზე ფიქრში როგორ გადავდივარო“-დ) იმან მიმასწავლა:

ჯერ მეტროთი უნდა იმგზავრო გარეუბნამდე, მერე ფეხით უნდა გაჰყვე რკინიგზის ხაზს და აი მართლა ბანძი, ჭუჭყიანი, ჩაოხრებული ქალაქის უბანი რომ დაიწყება, იმავე რკინიგზის გასწვრივ, არის ის ქუჩა ბრიუსელში:

ჰოდააააა.......დგანან ვიტრინაში გოგოები.

საცვლების ამარა.

აი მანეკენები ხომ გინახავთ მაღაზიის ვიტრინაში დაახლოებით იმ სიმაღლის ვიტრინებია.

მთლიანად სჩანან.

თუმცა ზოგი ზის, ზოგი დგას.

ისევ და ისევ სუფთა ჟურნალისტური ინტერესით ერთს გამოველაპარაკე...... „ვიტრინა “ისეთნაირადაა მოწყობილი, ვერბალურ კომუნიკაციას ხელს არ უშლის.

„მომსახურების საფასური“ ვკითხე.

იმ დროს ევრო ჯერ არ იყო. დოლარზე ბელგიური ფულის გადაანგარიშებით დაახლოებით 30-40 დოლარი გამოდიოდა.

ოღონდ ეს ასე ვთქვათ „საბაზო ტარიფი“. ხოლო To change position - კიდევ ერთი ამდენი ემატება და მოკლედ....მთელი პრეისკურანტია - ბოლოს 100 დოლარმდეც ადის.

ამ გოგოს ვეკითხები: სადაური ხარ მეთქი. „ბულგარელი ვარო“.

ჯერ არ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ Radio free Europe საბუთი ვაჩვენე და აჭიკჭიკდა.

- „შენი პროფესიით თუ ამაყობ მეთქი“ დავუსვი „გრუზინული“ კითხვა და..... აი ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ამაყი ყელმოღერებით ( ლამაზი გოგო იყო დაახლოებით 25 წლისა) მომიგო: „დიახ, ვამაყობ ჩემი პროფესიითო“

ნამცეცი სიყალბისა არ ყოფილა მის სიტყვებში.

„ჯიბრზე ნათქვამობა“ იყო, მაგრამ სიყალბე - არა.

მას მართლა გულწრფელად მიაჩნდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ეწევა. 

მერე ისიც მითხრეს (არ ვიცი ახლაც ასეა თუ არა), რომ ბრიუსელში იმ დროს ადგილობრივ მოქალაქე ქალებს იქ მუშაობა ეკრძალებოდათ. მხოლოდ ემიგრანტები. ანუ ამ აზრით ფრანგებიც „ემიგრანტებად“ ითვლებოდნენ.

შორიახლოს ჩავსაფრდი, რაკი მაინტერესებდა რა „კონტინგენტს“ ემსახურებოდნენ. ძირითადად რეისავიკებს ანუ ტრაილერების მძღოლებს.

კეთილშობილი და „კარგი ოჯახის შვილი“ ბელიგიელი იქ როგორ მივააააა!!!!

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა.

ასე მოუარა ამ საკითხს ბრძენმა ევროპამ.

საქართველოში ეს არ გამოვა რასაკვირველია.

თუნდაც იმიტომ არ გამოვა, რომ თბილისში „წითელი ფანრების“ ქუჩა სად უნდა მოაწყო?

არ არსებობს უბანი ან თუნდაც გარეუბანი, მაგალითად „აფრიკა“ (ბოდიში აფრიკელებს მე დიდხანს ვიცხოვრე იქ) ხალხი არ გადირიოს, ქუჩაში არ გამოვარდეს და ქვეყანა არ დააქციოს

მართლებიც იქნებიან.

მაგრამ მთლიანობაში ევროპა მაინც ბრძენია: მან რომ გამოიარა ქალების კოცონზე დაწვით დაწყებული - იმ „წითელ ფანრებამდე“ ჩვენ არ გამოგვივლია........საბედნიეროდ.

ხუმრობა იქით იყოს და ამგვარ აკრძალვას და „ჯვაროსნულ ლაშქრობებს“ კიდევ უამრავი სიმახინჯე ახლავს თან და უარესი შედეგი მოაქვს..... თუმცა ეს სხვა თემაა.