საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივნისი 2022 წელი

აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვიდან დაბრუნდა როგორც იქნა და პირველი, რაც განაცხადა: ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება გავაადვილოთო. ანუ მთლად მისი გაუქმების მოთხოვნა ვერ გაბედა (რასაც მოსკოვი მოითხოვს) მაგრამ დაადასტურა, რომ ეს პრობლემა არსებობს და თუ არ მივხედეთ, რუსეთში გადასვლას საერთოდ ვერ შევძლებთო.

ამჟამად ე.წ. `რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე` ანუ მდინარე ფსოუზე კილომეტრიანი რიგებია, რაც საკურორტო სეზონის წინ აფხაზებს ძლიერ ამწარებს.

. . . . . . . . . .

მთავარ გლობალურ თემად კვლავინდებურად რჩება უკრაინული ხორბლის გატანა მსოფლიო ბაზრებზე ოდესადან და ილიჩოვსკიდან.

ეს პორტები რუსეთს აქვს ბლოკირებული, როგორც ცნობილია.

სხვა შემთხვევაში ბევრი ქვეყანა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება: თუ ფრანგებს უბრალოდ `ბაგეტის` ხარისხი დაამწუხრებთ და წონა, აფრიკაში ათასობით ბავშვი შიმშილით მოკვდება

ანუ რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის გაუგონარ შანტაჟს ამ მკვლელობით: არაფერსაც არ გავატარებ, სანამ მე სანქციებს არ მომიხსნიანო.

სამწუხარო ისაა, რომ გუშინ ლავროვს, ანკარაში ყოფნისას, ამაში მხარი დაუჭირა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ: `მოხსენით სანქციები რუსეთს და გაატარებს ხორბალსო`.

თურქეთი მზადაა დაიცვას ეს გემები თავისი საზღვაო ფლოტის ძალებით.

მაგრამ დასავლური სანქციების გაუქმება რუსეთის წინააღმდეგ შეუძლებელია თუნდაც ხორბლის გამო - ეს სრული კაპიტულაცია და კრახი იქნებოდა. მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მათ შემოღებას? განა ყველამ არ იცოდა, რომ მოსკოვი საპასუხო პროვოკაციულ ზომებს მიიღებდა?

ზოგადი დასკვნის სახით იძულებული ვართ დავასკვნათ, რომ ეკონომიკური სანქციები, რაც თებერვლიდანვე შემოიღო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ, არ მუშაობს!!!

რუბლი კი არ დაეცა, ფანტასტიურად მყარდება ჯერ-ჯერობით.

და ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ახერხებს `მესამე მსოფლიოში` ხვრელების პოვნას  სანქციათა გვერდის ასავლელად.

დოლარით ოპერირებაც რომ აუკრძალონ, ბოლოს და ბოლოს ბარტერით შეუძლია ვაჭრობა: ხე ტყის სანაცვლოდ მაგალითად და უამრავი სხვა რამ აქვს....მეტისმეტად დიდი და მდიდარი ქვეყანაა ეგ ოხერი.

. . . . . . . . . .

ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის ბედი ახლა ქალაქ სევეროდონეცკში წყდება.

ეს ქალაქი უკრაინულმა ძალებმა სანახევროდ დაიბრუნეს კვირის დასაწყისში, თუმცა რუსებმა საარტილერიო ცეცხლით იგი პირწმინდად გაასწორეს მიწასთან და უკრაინელები იძულებულნი არიან უკან დაიხიონ, ანუ ბრძოლები უკვე სევეროდონეცკის გარეუბნებში მიმდინარეობს, ხოლო ქალაქს პუტინისტები აკონტროლებენ.

ცოტა არ იყოს გაუგებარია, რატომ აკეთებს ზელენსკი ასეთ განცხადებას, რაც შინაარსობრივად იმას ნიშნავს, რომ `....თუკი სევეროდონეცკი დაიკარგა, მთელი დონბასი დაკარგულიაო`.

არადა სევეროდონეცკიდან კიდევ საკმაოდ დიდი მანძილია იმ პუნქტებამდე, სადაც რუსები შეძლებენ ალყის შეკვრას უკრაინულ ძალებზე

როგორც სჩანს, ზელენსკი აცნობიერებს, რომ მისმა ბრძანებამ, ჩაბარებულიყვნენ ტყვედ მარიუპოლში, არ იმოქმედა კარგად მთლიანობაში უკარინული არმიის საბრძოლო მოტივაციაზე, ამიტომ ეს განცხადება იგივეა რაც...`არც ერთი ნაბიჯი უკან`!

ტრაგიკული ვითარებაა სევეროდონეცკში - უკრაინულ არმიას აშკარად უჭირს რუსების შეკავება, ახალი საარტილერიო სისტემები კი ამერიკიდან ჯერ სრულად არ ჩამოსულა.

აგვიანებს დასავლეთი, აგვიანებს...სწორ გადაწყვეტილებებს კი იღებს საბოლოოდ, მაგრამ ა გ ვ ი ა ნ ე ბ ს!

დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ვაითუ მერე ითქვას `რაღა დროსო`.

. . . . . . . . . .

ამერიკაში პოლიტიკური მიწისძვრაა: ხუთშაბათს, ანუ დღეს, ოღონდ ამერიკული დროით, ესე იგი ხუთშაბათს საღამოს თბილისის დროით, ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში, იწყება უმნიშვნელოვანესი მოსმენა (Hearing) კონგრესის კომიტეტისა, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს დონალდ ტრამპის როლი 2021 წლის 6 იანვრის `აჯანყების` და ტრამპის მომხრეთა კონგრესის შენობაში შეჭრის საქმეში.

შესაძლოა ეს გამოძიება ისეთივე სენსაციური გამოდგეს, როგორც უოთერგეიტის სკანდალი იყო 1970-იან წლებში პრეზიდენტ ნიქსონისთვის. (Watergate scandal 1972)

თუ დონალდ ტრამპის რომელიმე ყოფილი თანამშრომელი გამოვა, ხელს დაადებს ტრამპს და იტყვის, რომ ის შარშან  სპეციალურად აკეთებდა ხმაურიან განცხადებებს, რათა მომხრეები კონგრესის შენობაზე `მიექსია` და ისინი იქ შეჭრილიყვნენ, ან მით უარესი, სულაც დაგეგმილი ჰქონდა ამ მიტინგის მოწვევა კონგრესის წინ (თვითონაც აპირებდა იქ გამოსვალს) რათა კონგრესში შეჭრა დაეპროვოცირებინა, მაშინ....დონალდ ტრამპს უბრალოდ ციხეში ჩასვამენ.

 

`უოთერგეითის` სკანდალის დროს, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა, რომ რესპუბლიკელი ნიქსონი როგორც მინიმუმ, საქმის ყურში იყო, მისი სპეცსამსახურები, მათ შორის პირადი დაცვა რომ დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში (სასტუმრო `უოთერგეითში`) მოსასმენ აპარატურას ამონტაჟებდნენ.... ნიქსონი გადადგა და ციხეში ჩასმას მხოლოდ იმით გადარჩა, რომ მისმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ამერიკის კონსტიტუციით პრეზიდენტი გახდა, ნიქსონი შეიწყალა! ანუ სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა.

ამერიკის კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს უფლება ეჭვმიტანილი შეიწყალოს გამოძიების პროცესში...... კიდევ უფრო მეტიც: გამოძიების დაწყებამდეც კი!!!

საქართველოს კანონმდებლობით ასე არაა: ქვეყნის პრეზიდენტს კანონით შეუძლია შეიწყალოს მხოლოდ ის, ვისაც უკვე მისჯილი აქვს სასჯელი და არა გამოძიების, მით უმეტეს წინასწარი მოკვლევის ფაზაში.

მაგრამ....შეიწყალებს კი ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მის წინამორბედ პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც უკვე აღარ არის პრეზიდენტი?

ეს უდიდესი პოლიტიკური ინტრიგაა: ტრამპი არც მალავს, რომ აპირებს მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატებს მისი ეშინიათ და შესაძლოა ძალიანაც უნდოდეთ, საშიში კონკურენტი ციხეში იჯდეს.

ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება ამას 2022 წლის შემოდგომაზე კონგრესის საშუალედო არჩევნებისთვის, როდესაც `რესპუბლიკელებმა` შეიძლება მოიპოვონ უმრავლესობა, ეს კი ძალიან გაართულებს პრეზიდენტ ბაიდენის მდგომარეობას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბაიდენი ჯერ დაელოდება, რა დასკვნას დადებს კონგრესის კომიტეტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას - შეიწყალოს თუ არა.

ანუ კომიტეტზე, (ესე იგი Hearing-ზე) ტრამპსაც დაიბარებენ აუცილებლად და შეეცდებიან `გაწურონ`, `დაამცირონ` მაინც ; უარს ვერ იტყვის მისვლაზე....მტრისას და ავისას: ეს კონგრესის შეურაცხყოფა იქნება კანონით და ეგრევე ციხეა - ულაპარაკოდ.

ამიტომ უდიდესი სკანდალები გველის ამერიკაში, შესაძლოა დაპირისპირებამ იფეთქოს ქუჩებში ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის  მაშინ, როცა უკრაინის და საქართველოს ბედი წყდება......

. . . . . . . . . .

ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ბენზინზე მომუშავე მანქანების (მათ შორის ჰიბრიდების) გაყიდვა ევროკავშირში მთლიანად, 100%-ით   აიკრძალება 2035 წლიდან!

 ეს ეპოქალური, რევოლუციური სიტუაციაა, რომელიც მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკასაც კი. არ არის მხოლოდ ეკოლოგიური თემა. საბედისწერო საკითხია.

თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უნდა, ამ რევოლუციისთვის ახლავე უნდა მოვემზადოთ. მაგრამ გვაქვს კი ამის უნარი?

. . . . . . . . . .

ძალიან რთული თამაში იხლართება ვაშინგტონსა  და ლათინურ ამერიკას შორის.

როგორც ცნობილია ლათინური ამერიკა (დაწყებული მექსიკიდან და ყველა ქვეყანა მის სამხრეთით) ამერიკის სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ ითვლება.

არსებობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს `უსაფრთხოების დოქტრინა`(1823 წელს - ანუ `მონროს დიქტრინა`), რომლითაც აშშ უკრძალავდა ნებისმიერ ევროპულ თუ სხვა სახელმწიფოს დასავლეთ ნახევარსფეროში` ცხვირის შეყოფასაც` კი, რადგან ეს ნახევარსფერო ამერიკის სასიცოცხლო ინტერესების სფეროა.

წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ომით ემუქრებოდა

დღეს, ბუნებრივია, ეს დოქტრინა ძველებურად მაინც ვერ მუშაობს, თუმცა ამერიკა მაინც ცდილობს ამ ხაზის გატარებას.

ვაშინგტონში ტარდება `ამერიკათა` სამიტი.

მიწვეულია ყველა ლათინურამერიკული სახელმწიფო სამის გარდა:  კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა.

სამივე მათგანი `სხვა ნახევარსფეროდან მართულად` ითვლება - ანუ მოსკოვის მიერ. და ეს ასეც არის ნამდვილად.

მოსკოვი ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან ცდილობს ამ სახელმწიფოთა გამოყენებას ამერიკის  წინააღმდეგ: კუბას კასტროთა შთამომავლები მართავენ....ნიკარაგუას მმართველი დანიელ ორტეგა ჯერ კიდევ ბრეჟნევის დანიშნული იყო (1982 წელს) იქ ამერიკის მტრად და ახლახანს დემოკრატიული არჩევნებით დაბრუნდა ხელისუფლებაში!!!

 ვენესუელას კი მართავს დიქტატორი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც ისეა მიბმული მოსკოვზე, რომ ამას წინათ უარი უთხრა პრეზიდენტ ბაიდენს ნავთობის მოპოვების ზრდაზე - რუსული ნავთობის დასაბალანსებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად და ფინანსურად ძალიან აწყობდა.

მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ `ამერიკების სამიტზე` არ მიიწვიეს, ვენესუელას პრეზიდენტი მადურო გაფრინდა....თურქეთში, რათა პრეზიდენტ ერდოღანს შეხვედროდა და... `უცნაური დამთხვევით`ვიზიტი დაიწყო ამშინ, როცა ანკარაში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

არსებობს შეშფოთების საგანი: ხომ არ ცდილობს მოსკოვი, თურქეთის ფარული მხარდაჭერით, რაიმე პროვოკაციის მოწყობას ვენესუელაში, რათა ამერიკას მისი სასიცოცხლო ინტერესების ზონაში აურიოს საქმე?

თუმცა სამხრეთ ამერიკის დიდი ქვეყნები (არგენტინა, ბრაზილია) ამ შემთხვევაში ამერიკის მხარეს არიან, სამიტშიც მონაწილეობენ და ამით სტაბილურობის გარანტიასაც ქმნიან.