«ზვიადისტებმა» ერთმანეთი დაჭამეს

«ზვიადისტებმა» ერთმანეთი დაჭამეს

 

    ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა მოძრაობაში კვლავინდებურად ტრაგიკომიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ თავისი მეუღლის ყველა თანამებრძოლი «მოღალატედ» და «შევარდნაძის აგენტად» გამოაცხადა (კრემლის აგენტებზე აღარ საუბრობს, ვინაიდან თავად მოსკოვში ცხოვრობს), თბილისში შემორჩენილი «ზვიადისტური საზოგადოება» ერთმანეთს დაერია.
    თენგიზ კიკაჩეიშვილიც («მრგვალი მაგიდის» ლიდერი) მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა «სამშობლოს მოღალატედ» გამოაცხადეს. უკვე შეიქმნა რამდენიმე სხვადასხვა «მრგვალი მაგიდა», ისევე, როგორც რამდენიმე «ჰელსინკის კავშირი», «წმინდა ილია მართლის საზოგადოება» და ა.შ. ერთი სიტყვით, აირია მონასტერი და სწორედ ამ არეულობის შედეგად «ზვიადისტური» მოძრაობა დღეს ხელისუფლებისათვის უკვე არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
    თუ რამდენიმე წლის წინ «ზვიადისტური იდეისა» და ამ იდეის მატარებელთა განქიქება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო, დღეს ეს იდეა უკვე დავიწყებას ეძლევა. «ზვიადისტებმა» არჩევნების წინაც კი ვერ შეძლეს გაერთიანება - მათი რამდენიმე ორგანიზაცია რომ შეერთებულიყო, დღეს პარლამენტში იქნებოდნენ წარმოდგენილნი და საკმაოდ მნიშვნელოვან ძალადაც. სამაგიეროდ, მათ გულუბრყვილობას (თუ სიბრიყვეს) რუსეთის აგენტურა დღესაც აქტიურად იყენებს საქართველოში ახალი დაპირისპირების პროვოცირებისათვის.
    ეს მარტო «ზვიადისტებს» როდი ეხება, მაგრამ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არ გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ ამბიციებსა და წყენაზე «ამაღლდებოდა» - უპირველესად იმას გაითვალისწინებდა, თუ კონკრეტულად იმ მომენტში რა სჭირდებოდა ქვეყანას.
    «ზვიადისტურ» მოძრაობას საქართველოში ნამდვილად ჰქონდა შანსი, სერიოზული პოლიტიკური დივიდენდები მოეპოვებინა მოთმინებითა და შეკავშირებით. დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური თვალსაზრისით ყოფილი პრეზიდენტის დამარცხება ვერ შეძლო, მაგრამ მისმა მომხრეებმაც ვერ მოახერხეს «პოლიტიკური მემკვიდრეობის» გაყოფა და პიროვნულ კინკლაობას გადაჰყვნენ.
    კვლავინდებურად გრძელდება ბრიყვული დისკუსია იმის თაობაზე, ვინ უფრო მეტად «ერთგულია», ვინ უფრო მეტი «რადიკალია», ვინ - «უკომპრომისოა» და ვინ იჩენს საეჭვო «შემრიგებლობას».
    ქვეყნისათვის ამ იდეის შენარჩუნებას კი მართლაც შეეძლო მომავალში მისი მატარებლებისათვის წარმატება მოეტანა - საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჯერჯერობით ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ბალანსირებს. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემთხვევაში კი მომავალ თაობებს უეჭველად დასჭირდებათ «დროშა» - ბრძოლის გასაგრძელებლად.

მერიდიანი, 25 მარტი, 2997 წ.