საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აპრილი. 2025 წელი
დონალდ ტრამპის მორიგი U-Turn ანუ 180%-ით შემობრუნება გლობალური მედიის მთავარი თემაა.
აშშ პრეზიდენტმა განაცხადა (ბევრისთვის, თუმცა არა ყველასთვის მოულოდნელად ვისაც იგი შესწავლილი ჰყავს), რომ The Liberation day-ზე გამოცხადებულ საბაჟო ტარიფების ზრდას „აპაუზებს“ 90 დღით.
ძალაში ტოვებს მხოლოდ „საბაზო“ 10%-იან ტარიფს თითქმის ყველა ქვეყნისთვის.
კანადას და მექსიკას დარჩათ 25%.
ამ „პაუზაში“ გამონაკლისია ჩინეთი, რომელსაც ტრამპმა თავდაპირველად 54%-იანი საბაჟო ტარიფი დაუწესა. შემდეგ, როცა ჩინეთმა უპასუხა, ეს ტარიფი ტრამპმა 105%-ზე ასწია. ახლა 125%-მდე უპირებს გაზრდას.
ანუ ჩინეთთან სავაჭრო ომი ძალაში რჩება და შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. მაშასადამე, ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის საერთოდ შეწყდეს (WTO პროგნოზით, 80%-მდე) რაც უბრალოდ კატასტროფა იქნება გლობალური ეკონომიკისთვის და თვით დოლარისთვისაც კი - ამ ორ გრანდიოზულ ეკონომიკას შორის სავაჭრო ბრუნვის მასშტაბთა გათვალისწინებით.
ამჯამად ექსპერტები ორ ძირითად მიზეზს აიდენტიფიცირებენ, როცა ცდილობენ ახსნან, რატომ მიიღო ტრამპმა მისი „ბობოქარი და მძვინვარე“ პოლიტიკური სტილიდან გამომდინარე მორიგი კონტრავერსიული გადაწყვეტილება „ისტორიული Liebration day-ს „დაპაუზების“ შესახებ.
სპეციალისტების აზრით ორი ფუნდამენტური მოტივისა და მიზეზის კომბინაციასთან გვაქვს საქმე:
დონალდ ტრამპს და მის გუნდს ნამდვილად ჰქონდა ინტენცია (განზრახვა) აიძულებინა ძირითადი სავაჭრო პარტნიორები გაემართათ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები არა მხოლოდ და არა იმდენად საბაჟო ტარიფებზე, არამედ სავაჭრო დეფიციტის შემცირებასა და განულებაზე.
მაგალითად, ტრამპის მიზანია აიძულოს ევროპა, შეიძინოს მეტი ამერიკული თხევადი გაზი იმის მიუხედავადაც კი, რომ ბრიუსელს უფრო იაფი ალტერნატივები აქვს და ამდენი არც გადასამუშავებელი (გაზის განმათხევადებელი) სიმძლავრეები გააჩნია.
ამ მხრივ ტრამპი სულაც არ ტყუოდა, როცა ძალიან უხეშად, არაკორექტულად თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ მიღებაზე სმოკინგში გამოწყობილმა: „ქვეყნები ტრ...ზე მკოცნიან და მოლაპარაკებებს მთავაზობენო“.
ყველანი ჩინეთის გარდა!!
მეორე მიზეზი კი ბევრად სახიფათოა სინამდვილეში: Liberation day-ს მოჰყვა US-Bonds ანუ ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციათა გასაყიდი ფასის „გაძვირება“, ესე იგი მათზე მოთხოვნადობის დაცემა მსოფლიო ბაზრებზე.
მარტივად ავხსნათ: რაც უფრო სანდოა ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფოს ობლიგაციები, მით უფრო „იაფია“ ისინი გასაყიდად ანუ ამერიკის სახელმწიფოს ჰქონდა საშუალება ეს ობლიგაციები ნაკლები პროცენტით გაესაღებინა.
თუმცა, როდესაც ნდობა იკლებს, ქვეყნები ნაკლებად ყიდულობენ ამგვარ ობლიგაციებს და თუ მაინც ყიდულობენ, მხოლოდ უფრო მაღალ პროცენტს მოითხოვენ.
არადა ამერიკის სახელმწიფოს 34 ტრილიონიანი ვალი აქვს და ამ ვალის დიდი ნაწილი სწორედ ე.წ. „სუვერენული ვალია“ ესე იგი დიდწილად იგივე სახელმწიფო ობლიგაციები.
ტრამპამდე ყველა პრეზიდენტის დროს ამერიკას მუდამ ჰქონდა საშუალება არსებული სუვერენული ვალი და ძველი ობლიგაციები გადაეფარა ახალი „იაფი, დაბალპროცენტიანი“ ობლიგაციებით.
ეს იყო საფუძველთა-საფუძველი ამერიკის (დოლარის) ფინანსური ძლევამოსილებისა ბოლო 50 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში პრეზიდენტებმა ნიქსონმა და ფორდმა გააუქმეს დოლარის ოქროთი უზრუნველყოფა.
სწორედ ეს სტრატეგიული „ნდობა“ და რენომე განაპირობებდა ასევე ამერიკის Triple A ესე იგი AAA საკრედიტო სტატუსს ყველა საკრედიტო სააგენტოს მხრიდან.
ზოგიერთი ცნობით სწორედ Moody's Investors Service (Moody's), Fitch Ratings და Standard & Poor's (S&P) მიანიშნეს დონალდ ტრამპის გუნდს, მის თანაშემწეებს, რომ თუ გაგრძელდება US-Bonds „გაძვირება“ (იგულისხმება გაყიდვის გაძვირება და არა ყიდვისა-დ) ანუ ამერიკის სახელმწიფო (!) პროცენტის ზრდის ტენდენცია (მაშასადამე მათზე მოთხოვნის შემცირება), სარეიტინგო სააგენტოები იძულებულნი იქნებიან, შეამცირონ ამერიკის საკრედიტო რეიტინგი, რათა თავად არ დაკარგონ ნდობა:
სხვაგვარად თუ ვიტყვით, შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ ამერიკას ექნებოდა არა Triple A არამედ AA.
ეს შეიძლებოდა გამხდარიყო ამერიკის გლობალური კატასტროფის დასაწყისი.
ყველაზე უარესი ისაა, რომ სპეციალისტთა აზრით ტრამპის U-Turn-მა შესაძლოა ზიანი მხოლოდ შეამციროს, თუმცა ეს ზიანი უკვე რეალობაა.
ნ დ ო ბ ა და გადამხდელუნარიანობის რენომე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე საკვანძო ცნებაა.
წარმოუდგენელია მილიარდერმა ტრამპმა ეს არ იცოდეს და......სხვათა შორის ხსენებულმა „მილიარდერმა“ დონალდ ტრამპმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი დაკარგა.
ილონ მასკმა და სხვებმა კი - ათეულობით, ზოგიერთ შემთხვევაში (იმავე ილონ მასკმა) ასეულობით მილიარდი დოლარი დაკარგეს.
ტრამპის U-turn გამოცხადებისთანავე Dow ინდექსი ერთბაშად აიჭრა ზემოთ თავდაპირველი დაცემის შემდეგ.
ბევრმა „ბირჟებზე მოთამაშემ“ მთელს მსოფლიოში,, ვინც რამდენიმე დღის წინ, უოლ-სტრიტის დაცემისას აქციები იყიდა, მილიონები „გააკეთა“;
Dow გაიზარდა 2,900 პუნქტით ანუ 8%.
S&P - 9.5%. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ;
Nasdaq მაღალტექნოლოგიურ კომპანიათა აქციების ფასი გაიზარდა საშუალოდ 12%-ით.
მაგრამ...... ისევ და ისევ, ექსპერტთა დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ როდესაც სახელმწიფოს 34 ტრილიონი შიდა და სუვერენული (საგარეო) ვალი აქვს......მაშინ სწორედაც US-Bonds დაბალი პროცენტის შენარჩუნებაა მთავარი.
ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ ეძებს ამერიკელ მყიდველს ჩინური TikTok-ისთვის, რათა არ გამხდარიყო იძულებული დაეხურა ამერიკაში ეს ზე-პოპულარული რესურსი.
იგი ეკუთვნის ჩინურ ByteDance.
სხვათა შორის ჩინელები არ იყვნენ წინააღმდეგნი გაეყიდათ, ოღონდ „კარგ ფასად“.
მყიდველთა შორის მოიაზრებოდნენ ამერიკული გიგანტები Blackstone, Microsoft, Oracle და მილიარდერი ილონ მასკი.
თუმცა მას შემდეგ რაც ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი დაიწყო, ჩინეთის კომპარტიამ უბრძანა ByteDance ეს რესურსი აღარ გაყიდოს: „თუ ტრამპს ომი უნდა, გვეომოს და თუ დახურავს - დახუროსო“.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად „მჭიდროდ“ აკონტროლებს ჩინური კომპარტია ჩინურ ბიზნესს.
მათ შორის ამერიკაშიც.
TikTok-ით ასეულობით მილიონი ამერიკელი ერთობა. განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც ამერიკული სოციუმის ყველაზე პასსიონარული ნაწილია. მისი „გადამტერება“ ტრამპს არც თუ შორეულ მომავალში პრობლემებს შეუქმნის.
ჩინელმა კომუნისტებმა ეს იციან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს 1 ტრილიონ დოლარამდე.
რამდენიმე წლის წინ აშშ თავდაცვის ბიუჯეტი სულ 500-600 მილიარდი იყო და მაშინაც უდიდესად ითვლებოდა მთელს მსოფლიოში.
ტრამპის თქმით, პენტაგონმა გამოიმუშავა „ახალი იარაღი, რომელიც უძლიერესია და მსოფლიოში არავის აქვს ჩვენს გარდა“.
რა იარაღზეა ლაპარაკი არ უთქვამს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის დაზვერვა BND სენსაციური განცხადებით კიდევ უფრო მეტად აშინებს პატარა ბალტიის ქვეყნებს: აცხადებს, რომ პუტინმა შესაძლოა (ციტატა) „გამოსცადოს, თუ რამდენად არის NATO მზად აამოქმედოს წესდების მე-5 პუნქტი კოლექტიური თავდაცვის შესახებ და ამ მიზნით შეიყვანოს ტანკები ესტონეთში“ (ციტატის დასასრული)
ანუ ესტონეთის წინააღმდეგ აგრესია წამოიწყოსო.
სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნები რეალურად სუსტად არიან დაცულნი რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან: ესტონეთშიც საკმაოდ მცირე კონტინგენტია განლაგებული.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა სირსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა საოკუპაციო არმიამ დაიწყო სტრატეგიული შეტევა სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე.
რამდენიმე დღის წინ ეს შეტევა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც დააანონსა.
როგორც ჩანს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და ეს ინფორმაცია მას CIA-მ მიაწოდა რასაკვირველია - კოსმოსურ თანამგზავრთა მონაცემებით, თუ სად ხდებოდა რუსული საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია.
რუსები ჯერ არ ადასტურებენ შეტევას და ალბათ არც დაადასტურებენ მანამ, სანამ (თუ, ღმერთმა ნუ ქნას) სერიოზული წინსვლა არ ექნებათ ხარკოვის მიმართულებით.
უკრაინული ძალები კი კურსკის შემდეგ რუსეთის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან.
ესეც რუსული ოლქია მაგრამ კურსკის ოლქისგან იმით განსხვავდება, რომ რუსულ-უკრაინული საზღვრის მახლობლად იქ დიდი რუსული დასახლებული პუნქტები არ არის. ქალაქი კურსკი შედარებით ახლოს იყო საზღვრიდან, მაგრამ უკრაინულმა არმიამ რეალურად არ შეუტია არც ამ ქალაქს არც კურსკის ატომურ ელექტროსადგურს.
ორი მიზეზით:
ა) პუტინმა დაიქირავა ჩრდილო კორეელები, რომლებიც საკმაოდ ბრძოლისუნარიანნი აღმოჩნდნენ და ეს არც არავის უნდა უკვირდეს - ტოტალიტარული „მუშტრა“ მაინც სხვაა. „ბიო-რობოტები“ არიან.
ბ) დასავლეთმა აუკრძალა უკრაინის არმიას ამ მიმართულებებზე წინ წაწევა. პირველ რიგში დასავლური იარაღის გამოყენება.
ამასობაში, უკრაინამ ორი ჩინელი ჩაიგდო ტყვედ დონბასზე ბრძოლისას.
პეკინმა მაშინვე გამოაცხო პანიკური განცხადება: ჩვენს მოქალაქეებს არაერთხელ მოვუწოდეთ თავი შეიკავონ უცხოეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისგანო.
„დიპლომატიური ენიდან“ თუ გადმოვთარგმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყვეობის ფაქტს არ უარყოფენ, რაკი ეს ფაქტია, თუმცა ამბობენ „ჩვენ არაფერ შუაში ვართ - ოფიციალურად არ გაგვიგზავნიაო“.
ასე ჩრდილო კორეაც უარყოფდა და პუტინი ხომ ისედაც სულ ყველაფერს ყოველთვის „უარყოფს“.
შერცხვება თუ რა.