საერთაშორისო მიმოხილვა. 25 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 იანვარი. 2024 წელი

ტრამპმა მოიგო რესპუბლიკური პრაიმერიზი ნიუ ჰემფშირის შტატში, სადაც შედარებით მაინც იოლად დაამარცხა ნიკი ჰეილი.

მიუხედავად ამისა, მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპს მაინც აქვს სერიოზული პრობლემები. განსაკუთრებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფის რესპუბლიკელთა შორის.

საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა NYT-მა, რომ ის ამერიკელები, რომლებმაც 1976 წელს ხმა მისცეს დიდ რონალდ რეიგანს, 90%-ით უარს აცხადებენ ხმა  მისცენ დონალდ ტრამპს.

აღსანიშნავია კარდინალური სხვაობა რეიგანისა და ტრამპის Wording-ში.

საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ იმ შორეულ ეპოქაში (1970-80-იანებში) უბრალოდ წარმოუდგენელია, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ვინმე ქალს ბრალად დაედო „მაღაზიის გასახდელში შემათრიაო“ და ის მაინც დარჩენილიყო კანდიდატად. ოღონდ არა ფემინისტური მოსაზრებებით, არამედ ოჯახური ღირებულებებიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, რეიგანი სულ სხვა „სტილს“ იყენებდა. რად ღირს თუნდაც მისი მიმართვა ამერიკელებს თეთრი სახლის დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მძიმედ ავადმყოფმა (ალცჰეიმერი) გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იყო ასეთი ფრაზა: „გმადლობთ ამერიკელებო, რომ დამდეთ ესოდენ დიდი პატივი, მემსახურა თქვენთვის პრეზიდენტად“ (To serve you as president) ანუ  „ვყოფილიყავი თქვენი პრეზიდენტი“ კი არა, ან/და „ამირჩიეთ პრეზიდენტად“ კი არა, არამედ To serve you as president!

კვინტესენციაა ამერიკული დემოკრატიის საუკეთესო თვისებების და მისი დიდი, ეპოქალური ლიდერის.

 

რაც შეეხება ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზს, უკვე სრულიად ცხადია, რომ ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ახლა ბევრს აინტერესებს, დათანხმდება თუ არა დონალდ ტრამპი მასთან დებატებს.

ესეც დიადი ამერიკული ტრადიციაა და ამომრჩევლის პატივისცემა, რომ რაოდენ შესამჩნევიც არ უნდა იყოს უპირატესობა, კანდიდატები აუცილებლად მონაწილეობენ დებატებში: „წამყვანი“ (Leader)  კანდიდატი „გაიწურება“ და „ხორცის საკეპ მანქანაში“ გატარდება სხვა კანდიდატების შეკითხვებით, ბულინგით, ზოგჯერ ლანძღვით, თუმცა ეს არის დემოკრატია! ასე მუშაობს დემოკრატია!

თუ დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ნიკი ჰეილისთან საჯარო დებატებზე იმის მომიზეზებით, რომ მისი უპირატესობა მეტისმეტად დიდია და არ თვლის ამას საჭიროდ, მაშინ ეს ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური Style დარღვევა იქნება და ამას ტრამპს რესპუბლიკური პარტიის მიღმა სხვა ამომრჩევლები (მათ შორის Undecided ანუ გადაუწყვეტელნი) არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ.

თუმცა.....ტრამპმა უკვე დაანგრია ბევრი „აქამომდე“ არსებული „ჩარჩო“  და არ არის გამორიცხული, ესეც დაანგრიოს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

 აშშ კონგრესის „საერთაშორისო“ კომიტეტმა 20 ხმით 1 ხმის წინააღმდეგ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩამოართვას რუსეთს ამერიკაში არსებული აქტივები და გადასცეს უკრაინას.

მას შემდეგ რაც კონგრესი ამ კანონს საბოლოოდ მიიღებს, ხოლო პრეზიდენტი ბაიდენი მას ხელს მოაწერს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ამერიკამ ჩამოართვა აქტივები იმ ქვეყანას, ვისთანაც ოფიციალურად (!) თვითონ არ იმყოფება საომარ მდგომარეობაში.

მაგალითად, მას შემდეგ რაც 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია თავს დაესხა ამერიკის პერლ-ჰარბორის ბაზას (ჰავაიზე), ამერიკის კონგრესმა, პრეზიდენტის მოწოდებით, იაპონიას ომი გამოუცხადა და ყველა იაპონური აქტივი ამერიკის ბანკებში არათუ გაიყინა, არამედ მათი კონფისკაცია მოხდა.

ამერიკას პუტინის რუსეთისთვის ოფიციალურად ომი არ გამოუცხადებია.

თუმცა, დღეს ამერიკული ელიტები უკვე დემონსტრირებენ, რომ ომის გამოცხადება არ არის აუცილებელი პირობა: ამერიკა, სინამდვილეში, აქტიურად მონაწილეობს ომში უკრაინის მხარეს: იცავს უკრაინას აგრესიისგან - უგზავნის უკრაინას ამერიკულ იარაღს და ა.შ.

პრობლემა ისაა, რომ დაახლოებით 280-300 მილიარდი რუსული აქტივებიდან, მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შენახული უშუალოდ ამერიკულ ბანკებში; დანარჩენი კი „წინდახედულმა“ პუტინმა განათავსა (დოლარსა  თუ ევროში) ევროპული ბანკების ანგარიშებზე, რაკი იცოდა, რომ ევროკავშირს, მისი სტრუქტურის სირთულიდან გამომდინარე, გაუჭირდება ესოდენ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება: ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა დაბლოკონ უნგრეთმა ან სლოვაკეთმა.

თუმცა მეორეს მხრივ, პუტინს მისი მილიარდები უნგრეთის ან სლოვაკეთის ბანკებში ხომ არა აქვს განთავსებული? - ინახავდა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის ბანკებში;

ანუ „ნაციონალურ დონეზეც“ შეიძლება სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ევროპული საბჭოს რეზოლუცია, სადაც გადაწყვეტილებები ერთხმად და მხოლოდ ერთხმად მიიღება: ასეთია EU უცვლელი წესდება.

ევროპარლამენტმა მართლაც შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ხმების უმრავლესობით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპარლამენტი, იმავე წესდებით, მხოლოდ „მოდელურ კანონებს“ იღებს და მის გადაწყვეტილებებს, მის რეზოლუციებს, ოდენ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ ანუ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

 გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გერმანია გადასცემს (მიჰყიდის) დიდ ბრიტანეთს რაკეტებს Taurus, რათა ბრიტანეთის არმიამ „გამოათავისუფლოს“ რაც შეიძლება მეტი რაკეტა Storm shadow უკრაინისთვის გადასაცემად.

ანუ..... მეორდება იგივე სქემა, რაზეც წინა მიმოხილვაში მოგახსენებდით: თუ ამერიკას არა აქვს ჯერ საშუალება მიაწოდოს იარაღი უშუალოდ უკრაინას, რაკი კონგრესმა არ დაამტკიცა 61 მილიარდი დოლარის დახმარება, მაშინ ამერიკა აწვდის იარაღს დიდ ბრიტანეთს უკვე მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში ხოლო ბრიტანეთი აწვდის ამ ან მის ჩამნაცვლებელ იარაღს - უკრაინას.

ზუსტად ასევე, რაკი გერმანიის ბუნდესტაგი არ თანხმდება ჯერ ჯერობით Taurus შორსმწვდომი რაკეტების მიწოდებას უკრაინას, მაშინ გერმანიის მთავრობა აწვდის ამ იარაღს ბრიტანეთს NATO-ს ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, ხოლო ბრიტანეთი მიაწვდის ბევრად მეტ Storm Shadow-ს უკრაინას.

საქმე ის გახლავთ, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როდესაც ერთი ქვეყანა აწვდის მეორე ქვეყანას შეიარაღებას, ამ პარტიას შესაძლოა „მიჰყვებოდეს“ მოთხოვნა მესამე ქვეყნისთვის მისი არგადაცემის შესახებ, თუმცა შეიძლება არ მიჰყვებოდეს.

მაგალითად, როდესაც ამერიკა აწვდის თურქეთს თვითმფრინავებს ან რაკეტებს, ამ პარტიას „მიჰყვება“ მოთხოვნა, რომ თურქეთმა  შეიარაღება მესამე ქვეყნებს არავითარ შემთხვევაში არ გადასცეს.

თუ მაინც გადასცემს, ეს კონტრაქტის დარღვევა იქნება და კომპენსაცია მოეთხოვება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის ბელგოროდის ოლქში რაკეტით ჩამოაგდეს რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ИЛ-76. რუსები ამტკიცებენ, რომ ამ თვითმფრინავით  გადაჰყავდათ უკრაინელი ტყვეები და 65 უკრაინელი დაიღუპა.

თუმცა ზუსტად ჯერ არ არის გამოძიებული რა მოხდა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ეთნიკური წარმომავლობით უკრაინელი ქალი, კაროლინა სიინო Miss Japan გამარჯვებული გახდა.

ვინც იცნობს იაპონიას, ეს არა ექსკლუზიური, თუმცა მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა და აშკარად უკავშირდება უკრაინის ომს.

თუმცა არანაკლებ „ილინკება“ აგრეთვე იაპონელთა მრავალსაუკუნოვან წარმოდგენებთან და მათ ტრადიციულ ეთნო-კულტურულ კარჩაკეტილობასთან.

იაპონიამ დიდი ომი XX საუკუნეში სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ „უცხო რასანი“ (რასა) აღმოსავლური რასის დაჩაგვრას ცდილობდნენო - ამტკიცებდა საიმპერეტორო იაპონიის პროპაგანდა;

ნაწილობრივ მართლებიც იყვნენ თუ გულწრფელნი ვიქნებით და გავიხსენებთ ჩინეთის „ოპიუმის ომთა“ საზარელ ისტორიას, რასაც დიდი ბრიტანეთი აწარმოებდა.

ამ ისტორიული ნარატივისა და ტრადიციის გათვალისწინებით, „მის იაპონიის“ კონკურსში არააღმოსავლური რასის წარმომადგენლის გამარჯვება ნამდვილად შესანიშნავი ფაქტია. ოღონდ......ოღონდ...... ეს გოგონა 5 წლის ასაკიდან იაპონიაში ცხოვრობს და იაპონურად ჩვეულებრივ ლაპარაკობს. ამ მხრივ იაპონელი ქალისგან ვერ გაარჩევთ.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

CNN აქვეყნებს საინტერესო რუკას, ამერიკის სამხედრო „ყოფნის“ შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ამერიკული კონტინგენტები მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელ-ღაზის კონფლიქტის შემდეგ, თუმცა რაოდენობა ძალიან დიდი არ არის, რაც არაა გასაკვირი, რაკი ამერიკის ძალა ძირითადად ფლოტს, ავიაციას და შორსმწვდომ რაკეტებს ეფუძნება და არა ფეხოსანთა კონტინგენტს. 

თუმცა ცოცხალი ძალაც მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით აქტიურად რეგიონში ამერიკული სპეცდანი ოპერირებს

გიგზავნით რუკას. თავისთავად საინტერესოა რომელ ქვეყნებში ჰყავს ამერიკას კონტინგენტი და რომელში - არა. ან რა რაოდენობისა.

სულაც არ არის დიდი რიცხვები.