საერთაშორისო მიმოხილვა. 7 სექტემბერი 2021 წელი.

ის, რაც მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი:
კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება ევროპაში ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით. რუსეთი ცდილობს გამოიყენოს გაზის მიწოდების გეოპოლიტიკური `ბერკეტი`, რათა აიძულოს დასავლეთი კაპიტულაციაზე უკრაინის საკითხში.
რუსულმა კომპანიამ Газпром მაქსიმალურად შეამცირა ბუნებრივი აირის რეზერვები ევროპულ გაზსაცავებში. ახლოვდება ზამთარი. ბუნებრივი აირის ფასი ევროკავშირში 600 დოლარს გადასცდა 1000 კუბომეტრისთვის. შესაბამისად, ევროპის ბევრ ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის ფასი. ეს უკვე ეკონომიკური ფაქტორი ხდება. შესაბამისად პოლიტიკური. დღემდე ცნობილი იყო, რომ რუსული გაზი ევროპაში მოხმარების 30%-ია. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ესეც ძალიან ბევრია. ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა ალბათ უახლოეს კვირეებში, როდესაც უნდა ამოქმედდეს ბალტიის ზღვის ფსკერზე გატარებული გაზსადენები Nord stream-1 და Nord stream - 2. მილების შედუღება უკვე მოხდა.
მეორე ფაქტორი იქნება უკრაინასთან მოახლოებული ომი. შესაძლოა პუტინმა საერთოდ შეუწყვიტოს ევროპას ზამთარში გაზის მიწოდება.
`ჭეშმარიტების მომენტი` ახლოვდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლიტიკაში სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. უკრაინაში ოფიციალურად დაანგრიეს რუსეთ-უკრაინის ძმობისა და მეგობრობის მონუმენტი. ეს გააკეთეს არა აქტივისტებმა, არამედ ერთ-ერთი რაიონის ოფიციალურმა ხელისუფლებამ.
რასაკვირველია ცენტრალურ უკრაინულ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
ეს ეპიზოდი ადასტურებს, რომ რუსული დემაგოგიური ნარატივი `ჩვენ უკრაინელ ხალხს კი არ ვებრძვით, არამედ..........` უკრაინელებისათვის არის მიუღებელი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ კიევი და მოსკოვი დიპლომატიური არხებით `ცდიან ნიადაგს`, შესაძლებელია თუ არა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა. ალექსეი პუშკოვმა, რომელიც ჟურნალისტია და ახლახანს ხელმძღვანელობდა რუსეთის სენატში (ფედერაციის საბჭოში) საგარეო საქმეთა კომიტეტს, გაამხილა რატომ არ თანხმდება პუტინი ამ შეხვედრას: `შევხვდეთ, ვილაპარაკოთ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმზე ხმა არ ამოიღოს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დახურულია: ყირიმი რუსეთია და წერტილიო`.
რა თქმა უნდა ზელენსკი ამას არ დაეთანხმება.
ეს იმას ჰგავს, 1983 წელს რუსებმა რომ ჩამოაგდეს ამერიკული მშვიდობიანი თვითმფრინავი ალიასკასთან (`სადაზვერვო გვეგონაო`), აშშ საგარეო საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა მოითხოვა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და ანდრეი გრომიკომ უპასუხა: `კი, შევხვდეთ, მაგრამ იმ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე არ ვილაპარაკებთო`.
აბა რაზე უნდა გელაპარაკო?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის `პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ სამარცხვინო წერილი გაუგზავნა ჩეჩნეთის ხელდასმულ დიქტატორს, რამზან კადიროვს და მიულოცა `ჩეჩნეთის რესპუბლიკის დღე`. ამ წერილში, აფხაზეთის `პრეზიდენტმა` ჩეჩნეთის `პრეზიდენტის` მამას, აჰმად კადიროვს `ჩეჩენი ხალხის სულიერი გმირი` უწოდა.
არადა, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებმა აჰმად კადიროვს `ჩეჩენი ერის ისტორიაში უდიდესი მოღალატე` უწოდეს 2000 წელს, როცა პუტინმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახალი ომი წამოიწყო.
აჰმად კადიროვი პუტინმა დააყენა ჩეჩნეთის მმართველად და მერე თვით რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს. ამის შედეგად გახდა რამზანი ჩეჩნეთის ლიდერი
ეს ყოველივე საინტერესოა იმდენად, რამდენადაც აფხაზეთის ელიტათა და ხელისუფლების დეგრადაციაზე და `კადიროვიზაციაზე` მეტყველებს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანია: მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი ყარაბაღელი სომეხი სეპარატისტების მხარდაჭერაში, აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო მანევრები ლაჩინის რაიონში, რომელიც შარშანდელი ომის შედეგად გაათავისუფლა აზერბაიჯანმა.
სწორედ ლაჩინის რაიონზე გადის ერთადერთი გზა, რაც სომხეთს და რუსეთის სამხედრო ბაზას აკავშირებს ყარაბაღთან და რუს ე.წ. `მშვიდობისმყოფლებთან`.
მაშასადამე, პრეზიდენტი ალიევი არ გამორიცხავს ამ გზის გადაკეტვას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გაუგონარი ამბავი მოხდა ისრაელში: არაბი ტერორისტები `ალ აქსას წამებულთა ბრიგადიდან` გაიქცნენ ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან მას შემდეგ, რაც ერთი კოვზით გათხარეს დიდი გვირაბი საკნის იატაკში და მერე მიწის ქვეშ.
ამ ამბავს შესაძლოა ისრაელის მთავრობა გადაჰყვეს.
გაქცეულებს სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი ტერორიზმისათვის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აიღეს თუ ვერა თალიბებმა `ფანჯშერის ხეობა?`
ეს ხეობა იყო უკანასკნელი ბასტიონი იმ ძალებისა, ვინც ებრძოდა ისლამისტ ფანატიკოსებს. ხეობის დაცვას მეთაურობდა `ფანჯშერის ლომად` წოდებული ლეგენდარული აჰმად შაჰ მასსუდის შვილი, აჰმად მასსუდი. მისი მეომრები ძირითადად ტაჯიკები და ნაწილობრივ უზბეკები არიან.
თალიბებმა განაცხადეს, რომ აიღეს ხეობა. მასსუდმა ეს განცხადებები უარყო, თუმცა ორშაბათს საღამოს ქსელში გაჩნდა ფოტოები: როგორ პოზირებენ თალიბები მასსუდის საფლავთან და ფანჯშერის გუბერნატორის რეზიდენციასთან.
ალბათ საბოლოოდ ჯერ არ აუღიათ ეს დიდი ხეობა, მაგრამ სერიოზულ წარმატებებს რომ მიაღწიეს, ფაქტია.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაკისტანის სპეცდანი და მისი საჰაერო დაზვერვა ეხმარებოდა თალიბებს ხეობის მცველთა განადგურებაში, ხოლო რუსეთმა, ამერიკამ, ირანმა არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს მასსუდის ხალხს.
რატომ? იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ამ თამაშის `ფსონი` ასეთია: არავის არ გვაწყობს სეპარატიზმის მხარდაჭერა ავღანეთში. ჯერ-ჯერობით გვაწყობს იყოს ერთიანი და განუყოფელი ავღანეთი, ცენტრალიზებული მმართველობით.
დათო