საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივლისი. 2023 წელი

როგორც ბევრი ვარაუდობდა და ჩვენც ვივარაუდეთ, ბელორუსის ავტოკრატი მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო არ აპირებს `კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` მასპინძლობას.

თავიდანვე წარმოუდგენელი იყო, ლუკაშენკოს დაეშვა მისი `სამფლობელოს` ტერიტორიაზე ამ უკონტროლო ბანდის განთავსება, რომლის ნახევარს ციხიდან გამოშვებული ბანდიტები შეადგენენ.

გუშინ ლუკაშენკომ განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, რომ `ვაგნერის` არც ერთი მებრძოლი ბელორუსში არ იმყოფება, ხოლო ევგენი პრიგოჟინი.....პეტერბურგში დაბრუნდა.

პრიგოჟინი პეტერბურგელია. იქედან იცნობს პუტინიც. პეტერბურგში იყო (და არის) განთავსებული ევგენი პრიგოჟინის უზარმაზარი იმპერიის შტაბ-ბინაც.

ამ იმპერიაში შედიოდა  `ტროლ-ბოტების` ქარხანაც, რისი მეშვეობითაც პრიგოჟინი (რა თქმა უნდა რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით) ახორციელებდა საინფორმაციო დივერსიებს ამერიკასა და ევროპაში.

როდესაც პუტინის პრეს-მდივანს, პესკოვს ჰკითხეს, სად არის პრიგოჟინიო, მან `ნაივურად` განაცხადა: `აბა ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ - მისი გადაადგილების მარშრუტებისთვის თვალის სადევნებლად არც საშუალება გვაქვს და არც სურვილიო`.

ანუ, ჯერ ერთი, არც უარყო და არც დაადასტურა პრიგოჟინის ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე (და ეს სამხედრო ამბოხის შემდეგაც კი!!!)

მეორეც: პესკოვმა მიანიშნა, რომ პუტინი აპირებს დაიცვას პირობა, რაც პრიგოჟინს მისცა სამხედრო ამბოხის შეწყვეტისას: მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. მაგრამ.....პუტინს ხომ იმის პირობა არ მიუცია პრიგოჟინისთვის, რომ რუსეთში იცხოვრებდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა?

წარმოუდგენელია ამას რუსი დიქტატორი შეურიგდეს. სავარაუდოდ, პრიგოჟინს გააგდებენ ლიბიაში ან სირიაში, სადაც `ვაგნერის` რამდენიმე ქვედანაყოფია დარჩენილი.

გუშინ რუსულ სამთავრობო არხებზე  გავიდა სიუჟეტი პრიგოჟინის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკის შესახებ. აღმოჩენილია ოქროს ზოდები, დიდი რაოდენობით ფული, ყალბი პასპორტები და....პარიკები.

როგორც ჩანს ეს ყოველივე პრიგოჟინს სჭირდებოდა მთელს  მსოფლიოში გადასაადგილებლად. მისი მარშრუტების შესახებ კი რუსულმა ФСБ-მ ყველაფერი იცოდა.

შესაბამისად, მას შემდეგ რაც პრიგოჟინი რუსეთს დატოვებს, არ არის გამორიცხული `ვაგნერის` რომელიმე სამხედრო ბაზაზე ან ნებისმიერ ქალაქში `მოულოდნელად` გარდაიცვალოს `უცნობი ქიმიური ნივთიერების` ზემოქმედების შედეგად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც გატყობინებდით,. ამერიკის ადმინისტრაცია კვლავინდებურად თავს იკავებს უკრაინისთვის `კასეტური ჭურვების` მიწოდებისგან, რაკი აშშ ბევრი მოკავშირე გმობს ამ იარაღს მისი არაჰუმანურობის, ასევე სამოქალაქო მოსახლეობისათვის დიდი საშიშროების გამო.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ მიზეზით წინააღდმეგია უკრაინას გადასცენ ეს იარაღი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა არ შეუერთდა `კასეტური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას, რომელსაც შეუერთდნენ NATO-ს წევრი სხვა სახელმწიფოები.

 პენტაგონს ამ იარაღის დიდი მარაგი აქვს.

სწორედ პენტაგონი, ანუ ამერიკის თავდაცვითი უწყება ლობირებს ახლა უკრაინისთვის ამ იარაღის გადაცემას იმ ფონზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე მისი ადმინისტრაცია დაჟინებით ითხოვს `კასეტურ ჭურვებსა და ბომბებს` კონტრშეტევბის წარმატებით გასაგრძელებლად.

უკრაინის არგუმენტი ასეთია: შეტევის დროს, როცა მტერი (რუსები) სანგრებში არიან ჩამალულნი, ჩვეულებრივი ჭურვები და ბომბები მათ ზიანს ვერ აყენებს. `კასეტური იარაღი` კი საუკეთესო საშუალებაა, ისინი სანგრებში ჩაიხოცონ.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს (პენტაგონს) სუფთად პრაგმატული არგუმენტიც აქვს: უკრაინული არმია, მით უმეტეს შეტევის დაწყების შემდეგ, იმდენ ჩვეულებრივ საარტილერიო ჭურვს ხარჯავს ყოველ დღე (!) რაც სხვა ომებში 1 თვის განმავლობაში იხარჯება.

ამერიკამ უკრაინას არტილერიაც მიაწოდა და ჭურვებსაც აწვდის, მაგრამ....`ჩვეულებრივი ჭურვები` მეტისმეტად სწრაფად იხარჯება ისე, პენტაგონის მარაგებიც კი არ ჰყოფნის; ამიტომ `კასეტური ჭურვების` მიწოდება შესაძლოა მიზანშეწონილი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს: ერთის მხრივ უკრაინას დაეხმარება წარმატებით განაგრძოს კონტრშეტევა, მეორეს მხრივ, ხარჯიც ნაკლებია.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ყველაფრით ჩანს: ბაიდენი ცდილობდა გაეჭიანურებინა გადაწყვეტილების მიღება იმ იმედით, უკრაინა ამ იარაღის გარეშეც მიაღწევდა წარმატებას კონტრშეტევაში, თუმცა ეს იმედი არ გამართლდა.

ამიტომ მაინც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

სრული სურათის წარმოსადგენად აქვე აუცილებელია იმის თქმა, რომ რუსეთი რა თქმა უნდა აქტიურად იყენებდა და იყენებს `კასეტურ იარაღს` უკრაინის ფრონტებზე და ქალაქი ხარკოვიც კი დაბომბა.

საქართველოში, გორში, ეს საზარელი იარაღი რუსებმა გამოიყენეს 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც გორს ესროლეს რაკეტა `ისკანდერი` - `კასეტური` ჭურვით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში ერთმანეთს `დაეჯახა` ორი გიგანტი: ილონ მასკის `Twitter` და მარკ ცუკერბერგის `Meta` (Facebook).

საქმე ისაა, რომ მარკმა გადაწყვიტა, შექმნას თავის პლატფორმაზე მესენჯერი Thread, რომელიც Twitter-ის კონკურენტი იქნება.

ბუნებრივია, ილონს ეს არ მოეწონა.

პირდაპირ ვერ დაუშლის ალტერნატივის შექმნას (ამით ხომ ანტიპომოპოლიურ კანონმდებლობასაც დაარღვევდა), თუმცა Twitter-ის ტოპ-მენეჯერები აცხადებენ, რომ Meta-მ გადაიტყუა რამდენიმე სპეციალისტი მათი კომპანიიდან და ახლა სწორედ ამ სპეციალისტების მეშვეობით აპირებს ალტერნატიული მესენჯერის შექმნას.

`კონკურენცია კარგია, მაგრამ ქურდობა არ ვარგა`- დაწერა ილონ მასკმა.

საპასუხოდ `Meta`-ს მხარე აცხადებს, რომ არც ერთი სპეციალისტი, ვინც მანამდე მასკის კომპანიაში მუშაობდა, არ შედის `ინჟინერთა ჯგუფში, რომელიც Thread-ზე მუშაობს`.

ამერიკაში მიკრობლოგთა ბევრი კომპანია მუშაობს. მაგალითად Mastodon ან Bluesky, თუმცა ილონ მასკს ისინი არ აღელვებენ, რაკი კონკურენციას რეალურად ვერ გაუწევენ. ოღონდ.....Meta სულ სხვაა - გიგანტია და ცუკერბერგის პლატფორმას (Facebook) აქვს საშაულება მისი პრომოუშენი ისე განახორციელოს, Twitter რამდენიმე წელიწადში სულაც ჩაძიროს.

ყოველ შემთხვევაში ისე მაინც დაასუსტოს,  მან მისი მთავარი ფუნქცია ვეღარ შეასრულოს, რისთვისაც გადაიხადა ილონ მასკმა 44 მილიარდი დოლარი: მას სურდა ეს სოციალური ქსელი ექცია 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ `მოთამაშედ` და საყრდენად დონალდ ტრამპისთვის.

ამასობაში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Thread რეგისტრაციის პირველივე დღეს, 30 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა ახალ სოციალურ ქსელში.

სპეციალისტებს ეს სულაც არ უკვირთ იმის გათვალისწინებით, რომ Facebook-ს მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში და ბუნებრივია, ისინი დაინტერესდებიან ახალი სოციალური ქსელით.

Twitter -ის სასარგებლოდ კი ის მუშაობს, რომ ასეულობით მილიონი ამერიკელი მას წლების განმავლობაში მიეჩვია და ახალ პლატფორმაზე გადასვლას არ მოინდომებს.

ობიექტური დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მიკრობლოგთა ორი ძლიერი კომპანიის კონკურენცია შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ფეიკ-ნიუსისა და დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, რაკი ორივე შეეცდება რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს თუნდაც სიმართლის და რეალური ინფორმაციის საზიანოდ.

შესაბამისად, ამით აუცილებალდ ისარგებლებენ ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ძალები.

მით უმეტეს იმ გადაწყვეტილების ფონზე, რაზეც გუშინ მოგახსენეთ: ლუიზიანას ფედერალურმა სასამართლომ ფაქტიურად აუკრძალა სახელმწიფოს სოციალურ ქსელთა კონტენტში ჩარევა, რა დეზინფორმაცია და `ფეიკნიუსიც` არ უნდა ვრცელდებოდეს მათი მეშვეობით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ ფინასთა მინისტრი, ქალბატონი Janet L. Yellen ჩინეთში ჩავიდა. ამ ვიზიტს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სახელმწიფო მდივან ბლინკენის სტუმრობას პეკინში:

ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობა `ჭეშმარიტების მომენტს`უახლოვდება და ამერიკის ფინანსთა მინისტრის მისიაა გააფრთხილოს პეკინი, რომ თუ განაგრძობს რუსეთის დახმარებას, თუ კვლავაც ხელყოფს ამერიკის ინეტრესებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (უთანხმოება მხოლოდ რუსეთით არ ამოიწურება), ამერიკა იძულებული და ვალდებული იქნება მიიღოს სწორედაც ფინანსურ-ეკონომიკური ზომები თავისი ინეტრესების დასაცავად.

თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ჩინეთის კომპარტიის შემოდგომის ყრილობის შემდეგ, როცა სი ძინპინმა საერთოდ მოსპო ყოველგვარი ოპოზიცია, ჩინეთი საბოლოოდ შეტრიალდა კონფრონტაციისკენ, რაკი `სი`-მ განიმტკიცა პოზიციები და გაანადგურა ყველა სერიოზული ფიგურა ჩინურ ელიტებში, ვინც ამერიკასთან დაახლოების მომხრე იყო.

რაც შეეხება ამგვარი `გარდატეხის` სიღრმისეულ მიზეზებს, როგორც ჩანს ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი მაინც ტაივანია, რადგან ჯერ ერთი კუნძული ტაივანი ჩინური იდენტობის მნიშვნელოვანი ფაქტორია (`ორი ჩინეთის` არსებობა მტკივნეულად აზიანებს ამ იდენტობას) და მეორეც, `ტაივანის დაბრუნება` სი ძინპინმა მისი მოღვაწეობის ქვაკუთხედად აქცია.

ამერიკის პოზიცია არანაკლებ შეუვალია: თუ ჩინეთი გამოიყენებს ძალას ტაივანის წინააღმდეგ, დაიწყება ომი ჩინეთსა და ამერიკას შორის!