საერთაშორისო მიმოხილვა. 7 იანვარი. 2024 წელი

საფრანგეთის იმპერატორმა, ნაპოლეონ I ბონაპარტემ თქვა ჩინეთზე საოცრად წინასწარმეტყველური ფრაზა: „ჩინეთი მძინარე გოლიათია და თუ გაიღვიძა, მსოფლიოს შეაზანზარებს“.
ეს ითქვა იმ ეპოქაში, როცა ევროპულ ელიტებში ცოტამ თუ იცოდა საერთოდ ჩინეთის რაობა და მის არსებობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ; რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაპოლეონი გენიოსი იყო: მან არა მხოლოდ ჩინეთის არსებობა იცოდა, არამედ მისი იმანენტური ბუნებაც გამოიცნო: „მძინარე გოლიათი და თუ.....“
ჩინეთი არასდროს, არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ათასწლეულში არ ყოფილა ექსპანსიონისტური სახელმწიფო;
ასეთი იყო (!) მისი ბუნება, ვიმეორებ, ათასწლეულთა განმავლობაში:
თავად ხშირად ყოფილა აგრესიის (მაგალითად XIIIს. მონღოლთა, ჩინგიზ ყაენის აგრესიის, XX საუკუნეში კი იაპონიის აგრესიის) ობიექტი, მაგრამ რეგიონულ, მით უმეტეს გლობალურ დომინირებაზე პრეტენზია არასდროს განუცხადებია;
ოღონდ იმ ეპოქის თავისებურება, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ ის არის, რომ განვითარების კვალობაზე ჩინეთი იძულებულია (!) გადააფორმატიროს საკუთარი იმანენტური ბუნება, რაკი ცდილობს იქცეს „თანასწორუფლებიან აქტორად“ მსოფლიო სცენაზე.
„კონკურენტუნარიანობა“, როგორც ფენომენი და აქტუალური პროცესი, ბუნებრივად გულისხმობს დომინაციისკენ სწრაფვას: სხვაგვარად კონკურენტუნარიანობასაც ვერ შეინარჩუნებ.
ასეთია პოლიტიკის, უფრო ზუსტად გეო-პოლიტიკის ბუნება.
აბა გავიხსენოთ კლასიკური მაგალითი: სსრკ არსებობის ბოლო წლებში, უკვე გორბაჩოვის დროს, საბჭოთა კავშირმა უარი თქვა „კაპიტალიზმის დამარხვის და ისტორიის მოუსავლეთში გასტუმრების“ დიდ გეგმებზე, რაც ლენინმა და სტალინმა ჩამოაყალიბეს, ესე იგი უარი თქვა zero sum game -ზე (თამაში ნულოვანი ჯამით), ამით უარი თქვა დომინაციისთვის ბრძოლაზე, მოინდომა ყოფილიყო „უბრალოდ კონკურენტუნარიანი, თანაბარი აქტორი მსოფლიო ასპარეზზე“ და....მოისპო, განადგურდა, თავად ჩაიძირა ისტორიულ მოუსავლეთში.
ასევე ჩინეთი: XXI-XXII საუკუნეებში თუ მან არ იბრძოლა გლობალური დომინაციისთვის და „უბრალოდ კონკურენტუნარიანობა“ სცადა, აუცილებლად განადგურდება - ასეთია გეოპოლიტიკის ბუნება.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი თემისა „ჩინეთი ეპოქათა ზღვარზე“ ის არის, რომ ამ დიდი და მაღალკულტუროსანი (უდავოდ) სახელმწიფოს იმანენტური ბუნების შეცვლა გარდაუვალი ხდება იმ ეპოქაში, როდესაც რუსეთი ცდილობს აღდგეს, როგორც ევროპული (როგორც მინიმუმ) ზესახელმწიფო და უკრაინაში აგრესიის ფონზე მიმდინარეობს 1945 წლის იალტა-პოტსდამის ევრაზიული და გლობალური უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის „გადაფორმატირებაც“.
შესაბამისად, თუკი ამჯერად ჩინეთზე ვსაუბრობთ, მის ელიტებს ორი ურთულესი ამოცანის გადაჭრა მართებთ:
ერთის მხრივ, ჩინეთის ისტორიული ევრაზიული ფუნქციის და ბუნების შეცვლა, მეორეს მხრივ ვაშინგტონი-მოსკოვი-პეკინის „სამკუთხედში“ საკუთარი ადგილის პოვნა და მისი გამოყენება ისევ და ისევ დომინაციისთვის საბრძოლველად.
ხსენებული გეოპოლიტიკური სამკუთხედის“ რუსულ „წვეროს“ თითქოს მოუარა, პუტინის რუსეთი „ქვემდებარე სახელმწიფოდ“ აქცია, მაგრამ ვაშინგტონის მიმართ ამდენად უკომპრომისო ჯერ ვერ არის.
როგორც ცნობილი ჩინოლოგი პაატა ჩეკურიშვილი აღნიშნავდა ერთ-ერთ პუბლიკაციაში, ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობისა და ელიტური ოპოზიციის გაძლიერების პირობებში (საკმარისია გავიხსენოთ ჩინეთის თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის „გაქრობა“-დ) სი ძინპინი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ შეიძლება გაურიგდეს დასავლეთს, „ხურდაში დაუბრუნოს“ ქვემდებარე პუტინი“ და ამით „გამოივაჭროს მორიგი ეკონომიკური თუ საინვესტიციო პრეფერენციები ვაშინგტონისგან“, რათა „გადაფაროს ტაივანის ვერდაბრუნება“.
მართლაც: შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ჩინური ოფიციოზი პირდაპირ ემუქრებოდა ტაივანს, თუმცა ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტმა მნიშვნელოვანი მანევრები მოაწყო და ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.
მეორეს მხრივ, როგორც პაატა ჩეკურიშვილი მართებულად აღნიშნავს ჩრდილო კორეის მიერ სამხრეთ კორეის კუთვნილი კუნძულის დაბომბვის კომენტირებისას: „ჩრდილოკორეული კიმების რეჟიმი - სამხრეთ კორეის მიმართ პეკინთან შეთანხმების გარეშე არაფერს აკეთებს“.
გასულ შაბათს მომხდარი ეს სერიოზული სამხედრო ინციდენტი ამჟამინდელი „სამწვეროვანი“რეალობის მკაფიო ილუსტრაციაა;
დავაკვირდეთ:
პეკინი „მწვანე შუქს“ უნთებს ჩრდილო კორეას, გააძლიეროს აგრესია სამხრეთ კორეის, მაშასადამე ამერიკის მიმართ, იმავდროულად პუტინი ჩრდილო კორეისგან, საერთაშორისო სანქციათა დარღვევით, ყიდულობს (!) ბალისტიკურ რაკეტებს, ხოლო ჩინეთი ვერ ბედავს ბოლომდე „გაუხსნას“ ჩინური ბანკების კარი პუტინს, რაკი ვაშინგტონის ანტისაბანკო სანქციების ეშინია.
ეს ძალიან მერყევი წონასწორობაა, რომელიც სულ ადვილად შეიძლება დაირღვეს იმ ვითარებაში, როცა პეკინი იძულებულია იბრძოლოს დომინაციისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ წონასწორობის სწრაფი და გამოუსწორებელი დარღვევაც არ აძლევს ხელს დაუყოვნებლივ, რაკი დასავლეთზე ჯერ კიდევ დიდწილად არის დამოკიდებული.
მთავარი დახმარება, რასაც ამჟამად სი ძინპინის ჩინეთი უწევს პუტინს, ჩრდილო კორეული რაკეტების მიწოდება კი არ არის, არამედ ცხოვრების „ნორმალურობის“ ილუზიის შექმნაა, რაც კრემლის ბინადარისათვის ახლა (მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც იცით, დასავლური სანქციების რამდენიმე ტალღის განმავლობაში, რუსეთი დატოვეს დასავლურმა ინდუსტრიებმა: მანქანათმშენებლობიდან, - ტანსაცმლისა და ავეჯის წარმოებამდე. პუტინმა ეს ინდუსტრიები დაუყოვნებლივ ჩაანაცვლა ჩინური ფსევდოანალოგებით, რომლებიც რასაკვირველია არ არის ძველი ხარისხისა, მაგრამ რუს „ობივატელს“ უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის ომი „შორეული ომია“, ანუ მას არ შეეხება, ის ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას ესე იგი მისი „ცხოვრების წესი“ ურღვევი იქნება.
აი კონკრეტული მაგალითი: ელიტური ავტომობილების 99% რუსეთში ჩინეთიდან შედის. დასავლეთი ამას ვერ უმკლავდება; არის სანქციები თუ არა - რუსები ვერ გრძნობენ.
აქ იგულისხმება „ელიტური რუსები“, რომლებსაც სურთ შეიძინონ „ლამბორჯინი“ ან „ბუგატი“. აღარაფერს ვამბობ თვით ჩინეთში წარმოებულ დასავლურ მანქანებზე.
იგივე მაგალითების მოყვანა შეიძლება მასობრივ პროდუქციასთან დაკავშირებით. IKEA ხომ წავიდა რუსეთიდან? მაგრამ ჩინეთმა ჩაანაცვლა და ფურნიტურას მწარმოებელი არც ერთი ქარხანა არ გაჩერებულა.
აქ უკვე ციფრებსაც ვერ გავექცევით: 2023 წელს საქონელბრუნვა რუსეთსა და ჩინეთს შორის 2022 წელთან შედარებით 26,7%-ით გაიზარდა და $218,17 მიაღწია. თანაც (ამ მომენტს დავაკვირდეთ) ჩინეთს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან ბუნებრივ აირსა და ნავთობს ყიდულობს.
და აქვე: მართალია ყიდულობს დაბალ ფასად, არსებითად დაბალ ფასად, ვიდრე პუტინი ევროპაში ყიდდა, მაგრამ....ესეც სი ძინპინის „პოლიტიკური ინვესტიციაა“ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში, რადგან 20 წელია ჩინეთმა იმდენად მოიძლიერა პოზიციები ცენტრალურ აზიაში (უპირველესად, ენერგომატარებლებით ზღაპრულად მდიდარ ყაზახეთში), რომ აქვს საშუალება სულაც არ შეიძინოს რუსეთისგან, თუმცა ბალანსის დაცვას ცდილობს.
თვით ეს „ბალანსიც“ ძალიან რეზულტატიურია On the ground - მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით:
მრავალი ექსპერტის აზრით, ჩინეთს ხელს აძლევს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების არა „გაყინვა“, არამედ „გაწელვა“ ანუ მუდმივ ფაქტორად ქცევა, რადგან ეს აძლიერებს ჩინეთის პოზიციებს ხსენებულ „სამკუთხედში“.
შესაბამისად, ჩამოყალიბდა ჩინეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგემა: სანამ ჩინეთს არა აქვს იმის უნარი, უშუალოდ ჩაერიოს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, მისთვის ხელსაყრელია მათი გაჭიანურება და „გაწელვა“;
ასევე, სანამ არა აქვს იმის საშუალება, უშუალოდ ჩაერიოს უკრაინის კონფლიქტში და იქ დომინანტური როლი შეასრულოს, მისთვის ხელსაყრელია ამ კონფლიქტის არა „გაყინვა“, არამედ გაწელვა.
ამ კონფლიქტებმა ჩინეთის გაძლიერებას შეუწყო ხელი ორი სხვა „წვეროს“ დასუსტების ხარჯზე: ისინი პირდაპირ ან „პროქსი“ ომობენ, ჩინეთი კი ორივესგან იღებს სარგებელს.
ახლა შევხედოთ ჩინეთის ბრძოლას დომინაციისთვის მსოფლიო-საკაცობრიო გამოცდილების ჭრილში:
ჩინეთმა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როცა მისი ისტორიული „მძინარე“ პარადიგმის შეცვლის აუცილებლობა გააცნობიერა, დაიწყო საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ძალის პროეცირება ჯერ საკუთარ სამეზობლოზე, შემდეგ კი უფრო ფართოდ, გლობალური მასშტაბითაც: ევროპიდან - სამხრეთ ამერიკამდე.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ეკონომიკურ ექსპანსიას თან არ მისდევს სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი, იგი, საბოლოოდ ფუჭია: ამას გვასწავლის დიდი ბრიტანეთის გლობალური იმპერიის გამოცდილება: XVII საუკუნიდან დაწყებული ინგლისი თანდათან აფართოებდა სავაჭრო სივრცეს ყველა ოკეანეზე, მაგრამ ვალდებული და იძულებული გახდა ძალის პროეცირებაც მოეხდინა საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად.
ჩინეთმა დაიწყო სამეზობლოში „მარგალიტის მძივად“ წოდებული სამხედრო-პოლიტიკური „საყრდენი წერტილების“ შექმნა და....როგორც კი დაიწყო, მაშინვე გაუმწვავდა ურთიერთობა იაპონიასთან, ფილიპინებთან, ხოლო ამერიკამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა უმალვე შექმნეს AUKUS – „წყნარი ოკეანის NATO“, რომელშიც, არ არის გამორიცხული, სულ მალე იაპონია და სამხრეთ კორეა ვიხილოთ, რადგან სეულში, მაგალითად, ყველა ჭურვს, რასაც „კიმების რეჟიმი“ ესვრით, პეკინიდან ნასროლად მიიჩნევენ და მართლებიც არიან.
ის, რომ პეკინს ჯერ რესურსები არ ჰყოფნის „თანასწორ ძალად“ ჩაერიოს, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მუდმივი კონსტანტაა.
პეკინის „წვეროს“ გაძლიერებას ხსენებულ „სამკუთხედში“ ხელს უწყობს ვაშინგტონის დასუსტება: ჰუსიტებმა უკვე რამდენჯერმე ესროლეს რაკეტები მშვიდობიან გემებს სპარსეთის ყურეში, ამერიკა ამ რაკეტებს აგდებს მაგრამ ისე არ იქცევა, როგორც „ძველი ამერიკა„ მოიქცეოდა ანუ არ ბომბავს პროირანელი შიიტი ჰუსიტების პოზიციებს უშუალოდ იემენის ტერიტორიაზე, რადგან ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ძალის პროეცირებისთვის რესურსები მართლა აღარ ჰყოფნის.
ეს არის თვით დასავლელი ექსპერტების შეფასება.
ამავდროულად, ჩინეთის ძალიან სერიოზული რესურსია დემოგრაფიული ექსპანსია: როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში და ციმბირში.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია (რასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღება ანალიზისას) რასობრივი და კულტურული სიახლოვე ჩინეთის დომინანტურ ეთნო-კულტურულ მასასა და წყნარი ოკეანის, ასევე ინდოჩინეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის.
ზუსტად ამ გარემოებით საზრდოობდა იაპონური მილიტარიზმი XX საუკუნეში
და ბოლოს, ამ თემაზე მსჯელობისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის ნაშრომი The Grand Chessboard (დიადი საჭადრაკო დაფა), რომელიც ძირითადად ჩინეთის გლობალურ ამბიციებს ეძღვნება.
ავტორი ასკვნის, რომ ჩინეთს არ გააჩნია რესურსი, რათა ამერიკის დომინაციას შეეწინააღმდეგოს. ოღონდ.....აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ეს წიგნი იწერებოდა 1990-იანი წლების დამდეგს; სულ სხვა ეპოქაში, როდესაც დასავლეთი ცივ ომში გამარჯვებული იყო, ხოლო ჩინეთი ჯერ მხოლოდ „იღვიძებდა“ დენ სიაპინის რეფორმების შედეგად;
დაახლოებით იმ დროს ფრენსის ფუკუიამა წერდა მეორე არანაკლებ გახმაურებულ და „გაფიარებულ„ ნაშრომს „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“.
ჩვენს განსახილველ საკითხთან მიმართებაში The Grand Chessboard საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მასში მკაფიოდ და დამაჯერებლად არის ჩამოყალიბებული გლობალური დომინაციის ოთხი აუცილებელი პირობა და მარკერი
1) ეკონომიკური, მათ შორის ფინანსური ძლევამოსილება მთელს მსოფლიოში
2) ტექნოლოგიური ინოვაციურობა
3) სამხედრო დომინირება მთელს მსოფლიოში ანუ ძალის გლობალურად პროეცირების უნარი
4) კულტურულ-ცივილიზაციური მიმზიდველობა
ახლა დავაკვირდეთ: კი გაიღვიძა ჩინეთმა, მაგრამ ჯერ ჯერობით რომელს აკმაყოფილებს?
1) განა ჩინური GDP Per-capita (ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი) თუნდაც შესადარია ამერიკულთან და განა იუანი თუნდაც ახლოს მოვა დოლართან? - არა!
2) ჩინეთი აქტიურად და წარმატებით ითვისებს დასავლურ ტექნოლოგიებს, მაგრამ..... განა თავად არის ამ ტექნოლოგიების ავტორი? განა ინტერნეტი, Google და Tesla ჩინეთმა შექმნა? არა!
3) სპარსეთის ყურეში ამჟამად ჩინური სამხედრო ხომალდები პატრულირებენ თუ ამერიკული სამხედრო ხომალდები?
4) ჩინელები უყურებენ NBA-ს თუ ამერიკელები უყურებენ რომელიმე ჩინური ისტორიული გუნდური ასპარეზობის ტურნირს? ჩინელებს აცვიათ ევროპული ტანსაცმელი თუ ევროპელებს (ამერიკაც „ევროპაა“ ამ აზრით) ჩინური ტანსაცმელი? „ჩინეთში შეკერილი“ ტანსაცმელი ჩინეთში კია შეკერილი, მაგრამ ევროპული ტანსაცმელია და ევროპული Style.
ამრიგად, „გაღვიძებული ჩინეთის“ გლობალურმა ამბიციამ შესაძლოა ნამდვილად „შეაზანზაროს“ სამყარო იმ შემთხვევაში, თუ ბჟეზინსკის ოთხკომპონენტიანი ფორმულიდან სამხედრო ძალის კომპონენტი ამოვარდება ან/და დასავლეთი უკრაინაში დამარცხდება ან/და ისრაელი ჰამასთან ომს წააგებს, ჩინეთი კი ტაივანს დაიპყრობს.
კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა, რომ „წიგნი“ და „ვაჭრობა“ მხოლოდ „მახვილს“ სდევს თან. მის გარეშე უძლურია საბოლოოდ.
სწორედ ამიტომ, ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, უდიდესი მნიშვნელობის ეპოქალური პროცესია.
არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე სსრკ დანგრევა და ცივი ომის დასრულება.
დათო