საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ნოემბერი. 2023 წელი
ისრაელის არმია აგრძელებს სპეცოპერაციას ღაზას სექტორში. უკვე უშუალოდ ქალაქ ღაზაშიც.
უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს.
მთავარი სირთულე ისაა, რომ `ჰამასს`, როგორც უკვე ვწერდით აქვს ასეულობით და შესაძლოა ათასობით რუსულ-საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-7.
იაფი, უბრალო, თუმცა Безотказный, როგორც ავტომატი `კალაშნიკოვი`
და ისევე, როგორც `კალაშნიკოვის` ავტომატი მოჰპარეს რუსებმა გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასევე ყუმბარმტყორცნიც იგივე გერმანული `ფაუსტ-პატრონია` - იმ დროს მოპარული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პირველად (!) გამოაქვეყნა (ამერიკული ABC-ს ეთერში) თავისი პროექტი ღაზის ომისშემდგომი მოწყობისა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც `ჰამასს` გაანადგურებს, ისრაელი ღაზას სექტორში საკუთარ ადმინისტრაციას შექმნის. ეს ადმინისტრაცია გააკონტროლებს, ღაზაში აღარ შევიდეს იარაღი და რადიკალური ჯგუფებიც არ წარმოიშვას.
ბაიდენის ადმინისტრაციას ამგვარი პროექტი უპერსპექტივოდ მიაჩნია: აშშ უშიშროების საბჭოს სფოუქსპერსონმა, კირბიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუჭერს მხარს ღაზის ოკუპაციას.
ანუ ვაშინგტონი ისრაელს ურჩევს, გაანადგუროს ჰამასი, გამოიყვანოს ჯარი, ააშენოს დიდი კედელი და ის კედელი უკეთ გააკონტროლოს, ვიდრე აკონტროლებდა 7 ოქტომბერს; რაკი ფაქტია, რომ კონტროლი არ იყო საკმარისი და დღემდე გაუგებარია, როგორ მოახერხეს ტერორისტებმა იმ კედლის გადალახვა, ებრაულ კიბუცებში შეჭრა და იქ მშვიდობიანი ადამიანების დედა-წულიანად ამოწყვეტა.
ამ კითხვას მომავალი გამოძიება გასცემს პასუხს, რომლის ფიგურანტები იქნებიან იგივე ნეთანიაჰუ, ასევე ისრაელის სპეცსამსახურთა მესვეურები და ძალიან ძნელია აქ ახლა `ვერ დავინახოთ` ანუ `არ შევამჩნიოთ`, რომ მომავალი სასტიკი გამოძიების ფიგურანტები ამჟამად ცდილობენ მაქსიმალურად `რადიკალურები` იყონ `წინმსწრებით` - იმ მომავალი გამოძიებისას `სათქმელის` დასაბევებლად.
ოღონდ ეს ძალიან არ მოსწონს ამერიკას.
ბაიდენი შესანიშნავად იცნობს ახლო აღმოსავლეთს; იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო დაკავებული ამ რეგიონის პრობლემატიკით: ჯერ კიდევ 1970/80-იანი წლებიდან დაწყებული, როცა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ; შემდეგ უკვე ვიცე-პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტ ობამას გუნდში. სწორედ ის ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას, რადგან თუ გულწრფელნი ვიქნებით, ჩიკაგოელ იურისპრუდენციის პროფესორ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.
შესაბამისად, ჯო ბაიდენმა ზუსტად იცის, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია აუცილებლად გამოიწვევს მუდმივ დაძაბულობას, მუდმივ `არეულობას`, ანტიამერიკულ მოძრაობებს მთელს ახლო აღმოსავლეთში და ისლამურ სამყაროში.
მეორეს მხრივ, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ისრაელის პროექტი სულაც არ არის მოკლებული Common sense ანუ საღ აზრს.
დავაკვირდეთ რა არის ნეთანიაჰუს წინადადების არსი: 2006 წელს, ისრაელმა (პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა) გამოიყვანა `ცახალი` ღაზის სექტორიდან, რის შემდეგაც იქ არჩევნებით გაიმარჯვა `ჰამასმა`; დაიწყო ღაზის სექტორში იარაღის შეტანა გვირაბებით, ახალგაზრდობის რადიკალიზაცია, რის გამოც ისრაელი იძულებული გახდა, 2008-2009 წლიდან გამოეცხადებინა ღაზის ბლოკადა: ცდილობდა `გარედან` გაეკონტროლებინა ღაზა, მაგრამ ამან გამოიწვია სექტორის მოსახლეობის ისეთი გამწარება, რადიკალები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ბოლოს 7 ოქტომბრის `აფეთქებაც` მოხდა.
ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ნეთანიაჰუ ახლა მსოფლიოს და ამერიკას სთავაზობს შემდეგს: აღარ იარსებებს ღაზის ბლოკადა; ყველაფერი გააგზავნონ არაბულმა ქვეყნებმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რაც სურთ გარდა.....იარაღისა. უსაფრთხოებას კი ღაზას სექტორში გააკონტროლებს ისრაელი, ოღონდ არა `გარედან` ანუ ბლოკადის მეთოდით, არამედ `შიგნიდან` - საკუთარი ადმინისტრაციის მეშვეობით.
ისრაელი არ შეზღუდავს, თუმცა გააკონტროლებს ღაზის მოსახლეობის დაპურებას, სახლების აღდგენას, განვითარებას, ოღონდ..... როგორც კი რადიკალები თავს წამოყოფენ, იქვე ჩაერევა და იმ თავს `წააცლის`.
ეს არის ნეთანიაჰუს პროექტი.
აქ არჩევანია `ცუდსა` და `უარესს` შორის.
ახლა, როცა `ჰამასის` ბედი უკვე გადაწყვეტილია და ისრაელი ნამდვილად გაანადგურებს მას, ვაშინგტონი და იერუსალიმი მხოლოდ იმაზე დავობენ, რა არის `ცუდი` და რა არის `ცუდზე უარესი`. ბაიდენს და მის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანს `უარესად` ღაზის ოკუპაცია მიაჩნია. ნეთანიაჰუს და მის გუნდს - პირიქით.
ზოგადად კი, აქ კვლავ უნდა ითქვას, რომ ბაიდენი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია: იგი ყოველდღიურად გრძნობს ტრამპის `ქშენას კეფაში`.
დონალდ ტრამპი მას არათუ ეწევა, არამედ ზოგიერთი `Poll`-ით უსწრებს კიდეც უკვე წინასაარჩევნოდ.
და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ `დემოკრატები`, - სწორედ ისრაელის ამბების გამო, - კარგავენ ამერიკის მაჰმადიანური, ასევე აფროამერიკული, ასევე ტრადიციულად `მემარცხენე` ამომრჩევლის მხარდაჭერას. მაშასადამე ტრამპმა შესაძლოა კიდეც მოიგოს 2024 წლის არჩევნები
სასაცილოა იმის ფიქრიც კი, რომ მხცოვან, ძალიან დამსახურებულ, პატრიოტ ამერიკელ პოლიტიკოსს, ჯო ბაიდენს ახლა ძალაუფლების დაკარგვა აშფოთებს და ამიტომ ეპოტინება `მეორე ვადას`.
ამერიკელ პოლიტიკოსებს ასეთი მენტალობა საერთოდ არა აქვთ: ბაიდენს ისტორიაში თავისი ადგილი აღელვებს და არა`მეორე ვადა` მაგრამ....მას მიაჩნია, რომ ტრამპი `გიჟია` და ამერიკას დაღუპავს!
პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასზე მოხდა თავდასხმა. მის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს.
ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ერთ-ერთმა პალესტინურმა დაჯგუფებამ, რომელიც მაჰმუდ აბასს იმაში ადანაშაულებს, რომ პალესტინის ავტონომია (ანუ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ადმინისტრაცია) არ ეხმარება `ჰამასს` მათ ტერორისტულ ბრძოლაში.
თავდასხმის შედეგად აბასის პირადი დაცვის ერთი წევრი დაიღუპა.
ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ, თუმცა ღაზაში მიმდინარე ბრძოლის პარალელურად, სიტუაცია ძალიან დაიძაბა პალესტინის ავტონომიაშიც: მიმდინარეობს ნაკლებ მასშტაბური, თუმცა ძალიან სასტიკი შეიარაღებული შეტაკებები ისრაელელ `ახალმოსახლეებსა` და ადგილობრივ არაბებს შორის. ათეულობით ადამიანია დაღუპული.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უკრაინის ფრონტზე: უკრაინამ ამერიკული HIMARS რაკეტებით დაბომბა დონეცკი, სადაც 20 რუსი დაიღუპა.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს დაბომბვა არის პასუხი (!) გაუთავებელ მხეცობებზე, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინული ქალაქების და სოფლების უმოწყალო დაბომბვით.
გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო შეტევას დონეცკზე კიდევ რამდენიმე ასპექტი აქვს:
დასავლეთში უდიდესი რეაქცია გამოიწვია მთავარსარდალ ზალუჟნის განცხადებამ, რომ ფრონტზე სიტუაცია `ჩიხში შევიდა`. ზალუჟნი ამის გამო პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ გააკრიტიკა.
ამ ხმაურიანი ამბების შემდეგ დონეცკის დაბომბვა იმის მანიფესტირებაა, რომ სიტუაცია `ჩიხში` სულაც არ არის: ავდეევკას, რომელიც დონეცკის მახლობლად მდებარეობს, კვლავ უკრაინა აკონტროლებს. რუსების ყველა შეტევა ავდეევკაზე მოგერიებულია, ხოლო ავდეევკადან დონეცკის დაბომბვა რეგულარულად არის შესაძლებელი;
როგორც ჩანს, უკრაინამ ახლა გადაწყვიტა `საპასუხო ტკივილი` მიაყენოს რუსებს, რათა არ ეგონოთ, რომ ეს `ფრონტის გაყინვა` მათთვის მშვიდობასა და კომფორტულ ცხოვრებას ნიშნავს.
იზრდება უკმაყოფილება პუტინის მიმართ არა მხოლოდ დონეცკში, არამედ რუსეთში: `ხომ ხედავთ რუსებს ხოცავენ და პუტინი არაფერს აკეთებს სიტუაციის გაყინვის გარდაო`.
ამით უკრაინა რუსეთს აიძულებს, კიდევ უფრო მეტი `საზარბაზნე ხორცი` შეაწყვიტოს უკრაინულ არმიას არა მხოლოდ ავდეევკაში, არამედ ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც, რათა როგორმე ფრონტის ხაზი `გასწიოს` რაც შეიძლება შორს დონეცკიდან.
როგორც ვხედავთ, ავდეევკაში კრემლს ეს არ გამოუვიდა. ლამის მთლი დივიზია დაეხოცა იქ და....არაფერი: უკრაინამ წარმატებით დაბომბა დონეცკი.
ამით კიევმა მოსკოვსაც და დასავლეთსაც აჩვენა, რომ `სტატუს-ქვო` არ იქნება. ნურას უკაცრავად! ეგება დასავლეთშიც ბევრს `აწყობდეს` კიდეც ახლა (ახლა- ისრაელის ფონზე) სტატუს-ქვო, მაგრამ უკრაინის არმია ამას არ შეურიგდება.
ამავდრულად, მოსკოვის ისტერიკა `მშვიდობიანი დონეცკელების` დაღუპვის თაობაზე არადამაჯერებელი იქნება ისევ და ისევ იმის ფონზე, რასაც რუსეთი სჩადიოდა და სჩადის უკრაინაში.
უკრაინული გენერალიტეტი სინამდვილეში დიდი ხანია მოითხოვს ზელენსკისგან: `სანამ რუსებს ისეთივე ტკივილს არ მოვაყენებთ, როგორსაც რუსები გვაყენებენ, მოსკოვი ომს არ შეწყვეტსო`. მაგრამ დასავლეთი კატეგორიულად უკრძალავდა ზელენსკის დასავლური იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე.
დონეცკი, მისი მილიონიანი რუსული მოსახლეობით და სევასტოპოლი, მისი აგრეთვე მილიონიანი მოსახლეობით რუსეთის ტერიტორია არ არის.
ანუ, ვაშინგტონელ და ევროპელ `მშვიდობის მტრედებს` სათქმელი-სადემაგოგიოც ბევრი არაფერი ექნებათ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული სამხედრო თვითმფრინავი რამდენიმე კილომეტრით შეიჭრა ლატვიის საჰაერო სივრცეში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა აქ აღსანიშნავია, როგორ და რით პასუხობს ყველა პროტესტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: `ერთი დღით ადრე სამი ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავი ყირიმის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდაო`.
ყირიმის (!!!) საჰაერო სივრცესო.
ანუ საოცრად მკაფიო ილუსტრაციაა, როგორ აზროვნებს რუსული ისტებლიშმენტი - რამდენად ღრმადაა მათში ჯერ ერთი იმპერიული მენტალობა, მეორეც ანტიდასავლური რესენტიმენტი და მესამე - `ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის` უბადრუკი განცდა: `ყირიმის(!) საჰაერო სივრცეს ბრიტანული თვითმფრინავები მიუახლოვდნენ და ამის პასუხად რუსული ავიაცია ლატვიის (!) საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
დასკვნა: ამათ არაფერი ეშველებათ.
ყოველ შემთხვევაში, ისტორიული ევოლუციის მიმდინარე ეტაპზე.
საკაცობრიო გამოსავალი პუტინის რუსეთის ისეთივე ისტორიული, უსასტიკესი დამარცხებაა, როგორიც ჰიტლერულმა გერმანიამ განიცადა 1945 წელს, მაგრამ.....ჰიტლერს 5 ათასი ბირთვულ ბომბი არ ჰქონია.