საერთაშორისო მიმოხილვა. 6 სექტემბერი. 2024 წელი
დონალდ ტრამპმა უცნაური კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებაზე, რომ კრემლი „კამალა ჰარისს უჭერს მხარს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან“.
„არც კი ვიცი რა ვთქვა - შეურაცხყოფილი უნდა ვიყო თუ ეს პირიქით, ჩემი მხარდაჭერაა......“ - ცოტა არ იყოს დაბნეულად და უხერხულად ამბობს ტრამპი პუტინის ფრაზის პასუხად.
რეალურად მართლა უცნაური ვითარება იქმნება: ამერიკული მეინსტრიმული მედია სავსეა აბსოლუტურად კომპეტენტური და „საქმის მცოდნე“ ავტორთა ტექსტებით, რომ რუსეთი აქტიურად ერევა არჩევნებში უპირატესად დონალდ ტრამპის მხარეს.
მიზეზსაც ასახელებენ ზუსტად; იმიტომ, რომ ტრამპი არის „ამრევი“ ანუ „გარე სისტემური“ პოლიტიკოსია“, განსხვავებით „სისტემური“ და ამერიკული ისტებლიშმენტის დამჯერე კამალა ჰარისისგან.
ამიტომ კრემლს როგორც მინიმუმ აწყობს ახლა სხვაობა კანდიდატებს შორის მინიმალური იყოს, - არჩევნების დღეს ახალი დაპირისპირება წარმოიშვას ხმების დათვლის გამო და „გაყალბებაზე“ ბრალდებებით.
ასე იყო ერთხელ უკვე ამერიკაში:
არა მხოლოდ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ტრამპმა არ ცნო არჩევნების შედეგი რასაც 2021 წლის 6 იანვარს, მისი მომხრეების კონგრესის შენობაში შეჭრა მოჰყვა.
ამერიკის ისტორია სხვა, არანაკლებ (თუ მეტად არა) სახიფათო პრეცედენტსაც იცნობს. შეგახსენებთ:
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი და ჯორჯ ბუშ-უმცროსი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ფლორიდის შტატში (რომლის გუბერნატორი ჯორჯის უფროსი ძმა იყო) დაიწყო დაპირისპირება, რაკი მოწინააღმდეგე მხარეები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო კომისიამ ხმები არასწორად დათვალა, გააყალბა და კინაღამ სროლამდეც კი მივიდა შტატის საარჩევნო კომისიის შენობაში საქმე.
საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა (კიდევ კარგი ამერიკას აქვს ეს უდიდესი ავტორიტეტის ინსტიტუტი-დ) რომ ბუშმა რამდენიმე ასეული ხმით მოიგო ფლორიდა, შესაბამისად მოიგო ამ შტატის „ხმოსანთა“ მთელი კონტინგენტი და გახდა აშშ პრეზიდენტი.
ოღონდ......ეს მოხდა 2000 წელს. სულ სხვა ატმოსფერო იყო იმ დროს ამერიკაში და რაც მთავარია ელ გორი ვერ შეედრება ფენომენალურად დონალდ ტრამპს.
დონალდ ტრამპი სულ სხვა პოლიტიკური, სოციალური, ბოლოს და ბოლოს პერსონალური ფენომენია და რაღაც 2000 წლის მსგავსი ვითარება თუ შეიქმნა ნოემბრის არჩევნებზე ამერიკაში, კაცმა არ იცის, როგორ მოიქცევა.
უფრო ზუსტად, ძალიან მაღალი ალბათობით უმწვავეს დაპირისპირებამდე მივა საქმე და დონალდი, ვისაც ციხე ემუქრება, იბრძოლებს ბოლომდე.
ამრიგად, დამკვირვებლებს იოტისოდენა ეჭვი არ ეპარებათ, რომ კრემლი, ანუ მისი ტროლ-ბოტების არმია, რაც პუტინის რომელიღაც სხვა ოლიგარქმა გადმოიბარა ახლა ლიკვიდირებული ევგენი პრიგოჟინისგან, ორივე მხარეს დაეხმარება სინამდვილეში, რაც არ უნდა განაცხადოს პუტინმა.
ანუ კამალასაც და დონალდსაც.
უფრო ზუსტად, ორივეს „შეუგდებს“ არგუმენტებს ერთმანეთის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის პარლამენტის (სახელმწიფო სათათბირო - Государственная дума) ქალი დეპუტატები პუტინს მიმართავენ: „სპეციალური დემოგრაფიული ოპერაცია უნდა განვახორციელოთ რუსეთში, თორემ ცუდად არის საქმე - ბავშვები არ იბადებიან, მეტი რუსი კვდება ვიდრე იბადება, რუსი ერი მცირდებაო“.
„სპეციალური დემოგრაფიული ოპერაცია“ არის უკრაინაში პუტინის აგრესიის ოფიციალური სახელწოდების, Специальная военная операция-ს ალუზია.
მაგრამ რას გულისხმობენ გაუგებარია.
ალბათ თავადაც არ იციან კარგად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის შეიარაღებულ ძალთა მხედართმთავარმა სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინული არმიის საპასუხო შეჭრა კურსკის ტერიტორიაზე გამართლებული იყო, რაკი რუსეთი იძულებული გახდა ჯარის ნაწილი გადაესროლა დონბასიდან კურსკშიო.
ეს განცხადება ნიშანდობლივია ჯერ ერთი იმით, რომ სულ უფრო ხშირად უხდება სირსკისაც და ზელენსკისაც „კურსკის ოპერაციაზე“ ლაპარაკი, როდესაც ამ ოპერაციის სამხედრო-ტაქტიკური, მით უმეტეს სამხედრო-სტრატეგიული შედეგები ცხადი სულაც არ არის:
მათ შორის დასავლეთისთვის არ არის ცხადი და იქ ხშირად გამოითქმის კრიტიკა, რადგან კურსკში უკრაინამ ვერ გადაკეტა სტრატეგიული მაგისტრალები, რაც რუსეთს ოკუპირებულ დონბასთან აკავშირებს და უკრაინული არმია არც წინ მიიწევს - დიდ ქალაქ კურსკისკენ.
გარდა ამისა, სირსკი ალბათ იმასაც გულისხმობს, რომ თუ უკრაინული არმია არ განთავსდებოდა კურსკის ოლქში, ხოლო რუსეთი ჯარის ნაწილს არ გადაიყვანდა დონბასიდან - კურსკში, მაშინ რუსული არმიის შეტევა პოკროვსკზე და ტორეცკზე კიდევ უფრო ინტენსიური იქნებოდა, ვიდრე ახლაა, როცა რუსეთის არმია, მიუხედავად კურსკის ოპერაციისა, უახლოვდება ორივე სტრატეგიულ პუნქტს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე დღის წინ გატყობინებდით, რომ FBI-მ დაიწყო გამოძიება ამერიკელი/რუსი პუტინისტი პროპაგანდისტის, დიმიტრი საიმსის მიმართ.
საიმსი რუსეთის Первый канал-ზე პროპაგანდისტული შოუს თანაწამყვანია.
გუშინ აშშ იუსტიციის სამინისტრომ (ანუ პროკურატურამ) საიმსს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა: ანტირუსული სანქციების გვერდის ავლა.
USA DOJ საიმსს (და მის ცოლს) ედავება, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლაში, სანაცვლოდ რუსეთის სახელმწიფოსგან მიიღო მილიონი დოლარი, ბინა მოსკოვის პრესტიჟულ უბანში, მანქანა და მოსამსახურეების 10 კაციანი სტაფი.
ხოლო საიმსის ცოლი რუსი ოლიგარქებისთვის ყიდულობდა ანტიკვარიატს და ნახატებს.
დიმიტრი საიმსს ამ ბრალდებით 60 წლამდე ციხე ელის.
ისტორიის ირონიაა: 1973 წელს დიმიტრი საიმსი ემიგრირდა სსრკ-დან, ამერიკაში ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, მიიღო თავშესაფარი და ახლა „უკან იმიგრირდა“ მოსკოვში, სადაც მიიღო „თავშესაფარი“ და ამერიკაში აღარც წავა, რაკი იქ ციხეში ჩასვამენ.
რაც ამ გარეწარმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ შხამი ანთხია, კია ნამდვილად „მადლი“ მასზე, რაც ახლა დაემართება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, პირველ რიგში გერმანიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ 115 ათასი Residence permit ანუ ცხოვრების უფლება გასცეს რუსებისთვის.
მიუხედავად ომისა....მიუხედავად ყველაფრისა......
ამ 115 ათასიდან რამდენია „კრასიკოვი“, რომელმაც ბერლინის ცენტრალურ პარკში ადამიანი დღისით, მზისით მოკლა - ალბათ მხოლოდ უფალმა და პუტინმა უწყის...... აბსოლუტურად გაუგებარი პროცესია, რომელიც მხოლოდ აძლიერებს პუტინს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ სანქციები დაუწესა კომპანიებს Gotik Energy Shipping და Plio Energy Cargo Shipping, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციების გვერდის ავლაში.
ეს თითქოს დიდი ვერაფერი ბედენა სიახლეა, მაგრამ...... აქ საინტერესო ის არის, რომ როგორც ირკვევა, ეს ორი კომპანია ტანკერით New energy ახორციელებდა არა ნავთობის, არამედ თხევადი გაზის ექსპორტს.
თანაც იმავე სქემით, რითაც სანქციებს გვერდს უვლის ე.წ. „ჩრდილოვანი ტანკერ/ფლოტი“, რომელზეც ბევრჯერ ვწერდით.
ანუ ეს ტანკერი გადიოდა ოკეანეში ან ზღვაში რუსული თხევადი გაზით, შემდეგ ღია ზღვაში გადატვირთავდა თხევად გაზს სხვა ტანკერზე ან აურევდა გაზს სხვა წარმოშობის გაზში და ასე გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე.
იგივე სქემაა, რაც ნავთობზე, თუმცა უფრო „ექსკლუზიურია“.
დიახ, ძალიან კი წვალობს პუტინი ამ „აღრევებით“ თუ ზღვაში გადატვირთვა-გადმოეტვირთებით, მაგრამ მოგება მაინც აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ცოტა არ იყოს თავხედური განცხადება გააკეთა პაველ დუროვმა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ციხიდან გამოუშვეს გირაოთი-სასამართლომდე.
დუროვის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აქვს ფრანგულ გამოძიებას კითხვები მასთან და არა მის კომპანიასთან, როგორც იურიდიულ პირთან.
თუ ჩვენი მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ, ეთქვათ და წავიდოდით საფრანგეთიდან ანუ ჩვენი სოციალური ქსელი საფრანგეთში მუშაობას უბრალოდ შეწყვეტდა, როგორც რუსეთში შეწყვიტა მუშაობა, როგორც ირანში შეწყვიტა მუშობაო.
მართლაც კატასტროფული თავხედობაა:
საფრანგეთის სახელმწიფოს, განსხვავებით ირანისა და რუსეთისგან, დუროვის კომპანიასთან იმაზე კი არა აქვს პრეტენზია, საფრანგეთში მიტინგების ორგანიზებას უწყობ ხელსო, არამედ იმის თაობაზე, რომ სადღაც მალაიზიაში ორი ტერორისტი თუ პარიზში ტერაქტს გეგმავდა, მათ შესახებ რატომ არ გვაწვდი ინფორმაციასო.
რა მნიშვნელობა აქვს Телеграм საფრანგეთში იმუშავებდა თუ არა, თუკი ტერორისტები მალაიზიაში გეგმავენ - ტერაქტი როგორ მოაწყონ პარიზში?
გარდა ამისა, „კომპანიასთან უნდა ჰქონოდათ კითხვები და არა ჩემთან ანუ კომპანიის მფლობელთანო“ იმას ჰგავს: CEO და ტოპ-მენეჯერები დაიჭირეთ, მე რატომ მიჭერთო;
არადა ის ტოპ-მენეჯერები მფლობელის ნებას ასრულებდნენ და მის პოლიტიკას ატარებდნენ, როდესაც სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ.