საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ოქტომბერი.2023 წელი
ამერიკაში სულ უფრო `იძაბება`: რესპუბლიკელებმა, რომლებიც უმრავლესობა არიან ამერიკის კონგრესის ქვედა პალატაში, გადააყენეს სპიკერი კევინ მაკარტი. უპრეცედენტო შემთხვევაა ამერიკის დემოკრატიული პრაქტიკისა და ისტორიისთვის.
მაკარტის ამერიკელები ბრალად სდებენ, რომ სწორედ მან უზრუნველყო დროებითი, 45 დღიანი ბიუჯეტის მიღება, რის შედეგადაც ამერიკამ თავიდან აიცილა მთავრობის Shutdown.
გარდა ამისა, `რესპუბლიკელებმა` კონგრესში კევინ მაკარტის ბრალად დასდეს, რომ ის საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან, როგორ გაეგრძელებინათ უკრაინის ფინანსური დახმარება მიუხედავად იმისა, რომ 45 დღიან ბიუჯეტში ეს დახმარება გაწერილი არ არის.
როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიის პროცესში რესპუბლიკელთა რადიკალური ფრთა ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკამ უკრაინას დაპირებული ფინანსური დახმარება აღარ გამოუყოს. თუმცა ასეთი დაჟინების მიზეზები გაუგებარია.
მეორეს მხრივ, კევინ მაკარტის ისტორიამ ისიც დაადასტურა, რომ ბაიდენი, ასევე მისი მხარდამჭერი დემოკრატების გუნდი როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში, დარწმუნებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაში ამერიკის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ევროპასა და მთელს მსოფლიოში.
კევინ მაკარტი პირველი სპიკერია, რომელიც გადააყენეს. ამ საკითხზე კენჭისყრა ამერიკის კონგრესში 113 წელია არ ჩატარებულა. იმ კენჭისყრის დროსაც სპიკერის გადაყენებას ხმები არ ეყო.
უკვე გაჩნდა შემაშფოთებელი ცნობები, რომ უკრაინას ამერიკული ფინანსური დახმარების გარეშე უჭირს სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდა. ამის შესახებ დღეს წერს, მაგალითად Wall street Journal.
WSJ აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინამ დასავლეთისგან 65 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღეო.
ბევრია ეს თუ ცოტა? ფრთხილად თუ ვიტყვით, არც ისე ბევრია.
უნგრეთი ევროპაში ბლოკავს უკრაინისთვის ახალი ტრანშის გამოყოფას 50 მილიარდი დოლარის ოდენობით. `25 მილიარდიც საკმარისი იქნებაო` - ამტკიცებს ორბანი, რომელიც სულ უფრო აშკარად თამაშობს პუტინის მხარეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დააპატიმრა ამ სეპარატისტული რეგიონის სამი ე.წ. `პრეზიდენტი`: ბაკო სააკიანი, არკადი გუკასიანი და არაიკ არუთუნიანი.
სამივე მათგანი ყარაბაღში რჩებოდა აზერბაიჯანის სამხედრო გამარჯვების შემდეგ. აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან, რომ როგორმე გადაპარულიყვნენ სომხეთში. რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფლები` დაჰპირდნენ, თუმცა მოატყუეს: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სამივე `პრეზიდენტი` დააპატიმრეს და ბაქოში გადაიყვანეს. მათ ხანგრძლივი პატიმრობა ელით ტერორიზმის ბრალდებით.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაპატიმრებულთაგან, არკადი გუკასიანი აფხაზეთშიც ნამყოფია აფხაზ სეპარატისტთა მიწვევით. რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
განსაკუთრებული როლი ამ `ვიზიტის` ორგანიზებაში შეასრულა ჩვენი ქვეყნის `დაუძინებელმა მეგობარმა` კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსულ `გოსდუმაში` ე.წ `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის` კომიტეტს ხელმძღვანელობს.
არკადი გუკასიანს ახლა ბევრი დრო ექნება იფიქროს იმაზე, რამდენად სწორი იყო კრემლის ანტიქართულ თამაშებში მონაწილეობა.
დღეის მდგომარეობით, ყარაბაღში სულ 1 000 სომეხი დარჩა. ძირითადად მოხუცები. ზოგიერთები აზერბაიჯანის მოქალაქეობას თანხმდებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პარლამენტში რატიფიცირებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წესდება ანუ `რომის სტატუტი`.
კრემლში ნამდვილი ისტერიკაა: პუტინი ვეღარასოდეს ვეღარ ჩავა სომხეთშიო.
ვერ ჩავა იმიტომ, რომ ამ სტატუტის თანახმად სომხეთი იძულებული იქნება პუტინი დააპატიმროს.
პუტინის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო.
სომხეთის გადაწყვეტილება პუტინისთვის იმდენად გამაღიზიანებელია და იმდენად არის გაბრაზებული, რომ აზერბაიჯანმა ახლა ნახჭევანისა და თურქეთისკენ სახმელეთო დერეფანიც რომ გაჭრას სომხეთის ტერიტორიის გავლით, მოსკოვი როგორც ჩანს ხმის ამომღები და პროცესში ჩამრევი არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს პუტინი შეხვდება აფხაზეთის `პრეზიდენტს` ასლან ბჟანიას.
როგორც ჩანს, ეს შეხვედრა ბოლო გაფრთხილებაა, რომ სოხუმმა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსებას შეწყვეტს.
აფხაზეთის `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია აცხადებს, რომ `ჟენევის დისკუსიები` უნდა გაგრძელდეს და შესაძლოა უახლოეს მომავალში მათ დადებითი შედეგიც გამოიღონო. რა იგულისხმება, ცოტა არ იყოს გაუგებარია. იქნება საავტომობილო ტრანზიტის გახსნა აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით?
რამდენიმე დღის წინ, ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` პრეზიდენტმა გაგლოევმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრისას თქვა, რომ `სამხრეთ ოსეთი`, თურმე, რუსეთის `ფორპოსტია` სამხრეთის ფლანგზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ხელმძღვანელობს რუსულ გლობალურ ტელეარხს Russia today, როგორც ჩანს საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან: გუშინ მან განაცხადა, რომ რუსეთმა ციმბირის თავზე, ჰაერში, წყალბადის ბომბი უნდა ააფეთქოს თუ დასავლეთი არ შეწყვეტსო უკრაინის დახმარებას.
რატომ ციმბირის თავზე ანუ რუსეთის ტერიტორიაზე?
მარგარიტა სიმონიანი ასე ხსნის, რომ თურმე, ციმბირში წყალბადის ბომბის აფეთქება გამოიწვევს დედამიწაზე (მათ შორის ამერიკაში და ევროპაში) ელექტროიმპულსით ყველანაირი ელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლას: აღარ იმუშავებენ სმარტფონები და ამით დასავლეთი დაისჯებაო.
ეს `ჭკუის ნაჟური` იმდენად ოდიოზურია, რომ კრემლი იძულებული გახდა სპეციალური განცხადება გაეკეთებინა: `ეს ქალი ჩვენთან არ მუშაობსო`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა უკრაინის ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით უკრაინა და სხვა კანდიდატი ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირში შესვლას 2030 წელს. იმ შემთხვევაში, თუ `საშინაო დავალებას` კარგად შეასრულებენო. იქვე დააზუსტა, რომ გულისხმობს პირველ რიგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ადრე ევროკავშირში ბატონობდა დოქტრინა, რომლის თანახმად პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა შეძლებს ევროკავშირში შესვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაწევრდება NATO-ში, თუმცა ეს დოქტრინა ჩვენს თვალწინ იცვლება - იმდენად ტექტონიკური ძვრები ხდება რეგიონში.
გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროპა `შედგება ლისაბონიდან - ლუგანსკამდე`. მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინაში რუსეთის ოკუპირებული ლუგანსკის რაიონი.
ადრე ევროპელი ლიდერები ლაპარაკობდნენ ევროპაზე `ატლანტიკიდან - ურალამდე`. ამჟამად ნარატივი იცვლება. როგორც ცნობილია, იმავე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ახსენა `ევროპა ლისაბონიდან - თბილისამდე`.
ანალენა ბერბოკის ფრაზამ მოსკოვი გააღიზიანა: `ევროპა ლისაბონიდან - ლუგანსკამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ევროპა რუსეთის შემადგენლობაში შემოვაო` - განაცხადა რუსულმა `საგარეომ`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ ირანი გეგმავს `სახელმწიფოთშორის საავიაციო კომიტეტში` (სსკ) შესვლას, რომელიც მოსკოვის ინიციატივით შეიქმნა ჯერ კიდევ 1991 წელს და რამდენიმე ქვეყნის საავიაციო უწყებებს აერთიანებდა.
ამჟამად სსკ-ში შედიან რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი ყაზახეთი, ყირგიზეთი მოლდოვა (!) ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
საქართველომ ეს ორგანიზაცია დატოვა 2009 წელს - დსთ-სთან ერთად; ხოლო უკრაინამ - 2022 წლის რუსული აგრესიის შემდეგ.
რატომ არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი ირანის გაწევრება სსკ-ში? იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, აქამდე მასში მხოლოდ პოსტსაბჭოური ქვეყნები შედიოდნენ; ახლა კი მოსკოვი ცდილობს შემოიყვანოს ირანი, რაც პოსტსაბჭოური მოსკოვური დოქტრინის ცვლილებას ნიშნავს: ადრე კრემლი ცდილობდა `შემოესაზღვრა` ამგვარი გაერთიანებებით თავისი პრიორიტეტული ინტერესების სივრცე და ეს სივრცე იყო `პოსტსაბჭოური` სახელმწიფოები, რომლებიც ოდესღაც შედიოდნენ `საბჭოთა კავშირში`.
რეალურად ძალიან ნიშანდობლივი პრეცედენტია მართლაც: ირანი, თურქეთი და რუსეთი იწყებენ `თამაშს` ახალ ფორმატებში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია 3+3 ფორმატი (ირანი, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.......იგულისხმება ასევე საქართველო); თუმცა საქართველო 3+3 ფორმატის მონაწილე არ არის მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ძალიან სურს ჩვენი გაწევრება.
როგორც ჩანს, კრემლი ამჟამად უარს ამბობს მოძველებულ ფორმატებზე (დსთ მაგალითად) და ცდილობს რეგიონული ალიანსების შექმნას;
მათ შორის აპირებს 3+3 ფორმატის გაძლიერებას და სხვა რეგიონული სახელმწიფოების შემოყვანას პოსტსაბჭოურ სივრცეში; ბუნებრივია, მათი მონაწილეობით დასავლეთის გავლენის შემცირებას და საკუთარი პრეროგატივის გაძლიერებას;
სწორედ ამიტომ, ეს თითქოსდა უმნიშვნელო პრეცედენტი, როგორიცაა სსკ-ში დასავლეთთან დაპირისპირებული ირანის მოწვევა, ბევრის მომასწავებელი გადაწყვეტილებაა.
შეიძლება პროგნოზის სახით ითქვას, რომ უახლოეს მომავალში (განსაკუთრებით თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი ბრიუსელისგან) გაძლიერდება ზეწოლა 3+3 ფორმატში ჩვენი ქვეყნის შეთრევის მიზნით და აქ მოსკოვთან ერთად სხვა რეგიონული ზესახელმწიფოები (თურქეთი და ირანიც) გააქტიურდებიან, რათა შექმნან სხვადასხვა პროფილის რეგიონული ქსელები`.
ამ სტრატეგემაში `ფაზლის` სიზუსტით თავსდება მოსკოვის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება.