საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მარტი. 2025 წელი

ევროკომისიამ ევროკავშირის ყველა მოქალაქეს ურჩია, მოიმარაგოს 3 დღის სამყოფი პროვიანტი. ანუ საჭმელი, სასმელი.....საპონი, ასანთი, ბენზინი, ნავთი....და ა.შ და ა.შ.

პირდაპირ არ ამბობენ, რომ მარაგი აუცილებელია რუსული აგრესიის დაწყების შემთხვევისთვის, მაგრამ ეს ყველასთვის ცხადია.

ევროკავშირის ნებისმიერი წევრი-სახელმწიფოს მოქალაქე იმავდროულად ევროკავშირის მოქალაქედ ითვლება.

ოღონდ  ამ სახელმწიფოებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ სუფთა სამხედრო  თვალსაზრისითაც კი.

მაგალითად, საფრანგეთი საკმაოდ შორსაა რუსეთიდან და მოსალოდნელი „საბრძოლო მოქმედებების“ თეატრიდან.

თუმცა ევროკავშირის სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფში არიან სპეციალისტები ვინც შესანიშნავად იცის, რომ თუ ომი დაიწყო ევროპას და რუსეთს შორის (ამერიკა სულაც რომ არ ჩაერიოს ამ ომში, რაც სინამდვილეში გამორიცხულია) ეს ომი ადრე თუ გვიან არ შეიძლება არ გადაიზარდოს ბირთვულ დარტყმებში, რაკი ევროპის ორ სახელმწიფოს (საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს) აქვთ ბირთვული იარაღი.

 

ხოლო ლიტვაში, მაგალითად, რომელიც რუსეთთან ახლოსაა, მობილური აპლიკაციაც კი გამოიმუშავეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ლიტველები რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ლიტვურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

პოლონეთში მიიღეს კანონი „სამშობლოს დაცვის შესახებ“, რომლითაც „ვოისკო პოლსკოგო“ ესე იგი პოლონეთის არმია უნდა გაიზარდოს 300 000 მეომრამდე.

ანუ დაახლოებით იმ მასშტაბამდე რაც ამჟამად „შეხებაშია“ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. თანაზომადია ყოველ შემთხვევაში რუსულ და უკრაინულ ძალებთან უშუალოდ ფრონტის ხაზზე.

 

გერმანული Bild აქვეყნებს ამასთან დაკავშირებით საინტერესო ანალიტიკას. ექსპერტები მართებულად აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია განსხვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა მონაკვეთზე და ევროპის სხვადასხვა რეგიონში.

მაგალითად, თუ რუსული არმია ლიტვას შეუტევს ბელორუსიიდან, პოლონეთი ლიტვას დაეხმარება ცოცხალი ძალით.

მაგრამ თუ ესტონურ ნარვას შეუტევს, იქ რუს აგრესორებს მეტი შანსი ექნებათო.

 თუმცა Bild-ს მოჰყავს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნის გამონათქვამი: „აბა ერთი შემოგვიტიოს რუსეთის არმიამ, მოსკოვში ყველა ლიფტს გავაჩერებთო“.

ანუ კიბერ კონტრ-შეტევის იმედი აქვთ.

ცოტა არ იყოს უცნაური განცხადება კია: ნუთუ მართლა სჯერათ, პუტინს იმის დარდი ექნება, მოსკოველები იძულებულნი გახდებიან ფეხით ავიდნენ 25-ე სართულზეო?

ეს უტრირებაა რასაკვირველია, თუმცა სატანკო დივიზიათა შემოტევის მოგერიება აგრესორი ქვეყნის დედაქალაქზე კიბერ კონტრ-შეტევით ძალიან უცნაური სტრატეგია თუ ტაქტიკაა მაინც.

Bild ბულვარული გამოცემა არ არის. სერიოზული რესურსია. ყველაზე მთავარი პრობლემა რუსეთის შესაძლო/მომავალი აგრესიის დისკურსში მაინც ის არის, რომ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, როცა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი NATO-ში მიღეს, დასავლეთმა არ იზრუნა ამ პატარა ქვეყნების უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შექმნაზე. იქ მიზერული, ძალიან მცირე, უსუსური ცოცხალი ძალაა განლაგებული ალიანსის წევრი ქვეყნებისა. იმდენად სუსტი, რომ სახმელეთო ბრძოლისას სერიოზულ წინააღმდეგობას რუსეთს ვერ გაუწევენ და შემდეგ დამატებითი ძალების გადასროლა უკვე გვიან იქნება.

 

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დანიის არმიაში ქალებსაც გაიწვევენ. ოღონდ ყველას არა. „ლოტორიის ტექნოლოგიით“ - ცოცხალი ძალის დანაკლისის შესავსებად.

სამხედრო ექსპერტები იმასაც აღიარებენ, რომ დასავლეთ (!) გერმანიამდე NATO-ს სერიოზული ძალები აღმოსავლეთ ევროპაში არც გააჩნია.

დასავლეთ გერმანიაში კი ბატონო - ცივი ომის ეპოქიდან არსებობენ და დისლოცირებიდან სერიოზული სამხედრო ძალები.

ეს ელცინის ეპოქის „მემკვიდრეობაა“, როდესაც დასავლეთს რუსეთი მეგობრად მიაჩნდა და არ უზრუნია არსებითი ძალების განლაგებაზე აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსაველთ გერმანაიშიც კი,  რაკი ამის რეზონი (ეს ტერმინია გამოყენებული პრიმაკოვ-ოლბრაიტის შეთანხმებაში - 1997წ) თითქოს არ გააჩნდა.

შესაბამისად, აბსოლუტურად ეჭვმიუტანელია დასკვნა, რასაც სამხედრო ექსპერტები „დებენ“, რომ სწორედ რუსეთ-ამერიკის შეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლოა იქცეს „ტრიგერად“, რათა ევროპის ზესახელმწიფოებმა (საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდი) დაიწყონ აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ბევრად მეტი ძალა განალაგონ იქ მათ შორის უკრაინაში, რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ნაწილად უნდა იქცეს.

მაგრამ......არ არსებობს პასუხი მარტივ კითხვაზე: განა პუტინს ეს ყოველივე არ ესმის? რატომ დათანხმდება მაშინ ცეცხლის შეწყვეტას, თუკი ამის პასუხად მიიღებს აღმოსავლეთ ევროპაში დასავლური თავდაცვითი ზღუდის გაძლიერებას?

არც თანხმდება.

პასუხად კი, აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს: „რუსეთს ახალ ნავთობის ტარიფებს დავუწესებო“.

სასჯელის სახით.

სრულიად გაუგებარია რა ტარიფებზეა ლაპარაკი რუსული ნავთობისთვის? საბაჟო ტარიფებზე? ამერიკის ბაზრებზე ნავთობის შეტანისას? ამერიკა რუსეთისგან არც ოდესმე ყიდულობდა ნავთობს რაიმე არსებითი ოდენობით და მით უმეტეს ახლა არაფერში სჭირდება საერთოდ.

ხოლო ფასზე შეზღუდვები ამჟამადაც მოქმედებს თუმცა პუტინი მათ არღვევს მისი „ნაცრისფერი, ჩრდილოვანი სატანკერო ფლოტით“ და ამ ფლოტის წინააღმდეგ ერთადერთი საშუალება ამერიკული ფლოტის მიერ მსოფლიო ოკეანეში რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაპატიმრებაა, რაც პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევს და ტრამპი ჯერ ჯერობით ვერ ბედავს.

 

ყველა მარკერი არსებობს იმის დასადასტურებლად, რასაც უამრავი დამკვირვებელი ვარაუდობდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კიევის თემაზე ურთიერთქმედების დაწყებისას, რომ პუტინი არანაირ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება მანამ, სანამ არ მიიღებს გარანტიას, რომ უკრაინაში დასავლური ძალები არსებითად არ შევლენ ესე იგი „ხელები გახსნილი“ ექნება 5, 10, ან 15 წლის შემდეგ მორიგი აგრესიის გასაჩაღებლად.

ხოლო ტრამპი, მას შემდეგ რაც დე-ფაქტო, თუნდაც გაუსიტყვებელ ანუ არადეკლარირებულ უარს მიიღებს მოსკოვისგან, რეალურად ბევრს ვერაფერს გაუბედავს პუტინს და გადაერთვება მისთვის ბევრად უფრო იოლ, კომფორტულ, მოხერხებულ დღის წესრიგზე: გრენლანდია...კანადა.....ავტომობილებზე გაზრდილი საბაჟო ტარიფები.....ევროკავშირთან სავაჭრო ომი......და ა.შ

ამაზე მეტყველებს VICE ვენსის ვიზიტი გრენლანდიაში და ისიც, რომ ტრამპისეული MAGA-ს ნარატივში გაჩნდა ახალი ტერმინი: Fortress America! -ამერიკის ციხე-სიმაგრე, რომელიც, ტრამპისტების აზრით, საბოლოოდ ჩამოყალიბდება როგორც კი აშშ კანადას და გრენლანდიას შემოიერთებს.

ამის თაობაზე ვწერდით, რომ დანია და კანადა ნებით არ დათანხმდებიან, მაგრამ......აკი თქვა ვენსმა გრენლანდიაში ყოფნისას: იმედია (!!) ძალის გამოყენება არ დაგვჭირდებაო.

 

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი საიდუმლო ვიზიტით ჩაფრინდა ფლორიდაში, ეთამაშა გოლფი ტრამპს და, როგორც ირკვევა, შესთავაზა 20 აპრილი დაუთქვას პუტინს „დედლაინად“ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების გასაფორმებლად, რაკი 20 აპრილს კათოლიკური და მართლმადიდებელი სამყარო ერთად აღნიშნავენ აღდგომას.

 სხვათა შორის სტუბს ისიც უთქვამს: „თუ გრენლანდია ამერიკის შტატი გახდება და არქტიკის ათვისება დაგჭირდებათ, ყინულმჭრელებს ფინეთი მოგყიდითო“.

ფინეთს გენიალური გემთმშენებელი ინდუსტრია აქვს.

 

ამასობაში კი Associated Press რომელიც ნამდვილად არ არის „ყვითელი“ რესურსი და მუდამ სანდო წყაროებით სარგებლობს (უპირველესად სპეცსამსახურებიდან და პენტაგონიდან) აქვეყნებს ცნობას რუსეთის მოსალოდნელი ფართომასშტაბური შეტევის შესახებ 1000 კილომეტრიან ფრონტზე.

მაშასადამე...... ტრამპი რომ „მერსედესთან“ ომითაა დაკავებული, AP წყაროთა ცნობით, პუტინი გეგმავს შეუტიოს დონბასზე ჯერ კიდევ არაოკუპირებულ ტერიტორიებს, ხოლო უკრაინის „გადარჩენილ“ ტერიტორიაზე პუტინი ე.წ. „გაეროს მანდატის“ შემოღებას მოითხოვს ანუ კიევში უნდა დაჯდეს მმართველი (არაუკრაინელი), რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს (მაშასადამე იმავე მოსკოვის) მანდატით მართავს უკრაინის გადარჩენილ (!_) არაოკუპირებულ ტერიტორიას.

დაახლოებით იმის მსგავსად, დიდმა ბრიტანეთმა რომ მიიღო „ერთა ლიგის“ მანდატი პირველი მსოფლიოს ომის შემდეგ პალესტინის სამართავად. ასეთი მანდატი უნდა დე-ფაქტოდ პუტინსაც უკრაინაში.

რასაკვირველია იგულისხმება ზელენსკის წასვლა და უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება - „სამანდატო ტერიტორიად“ ქცევა.

 

The Washington Post (ესეც უაღრესად რესპექტაბელური რესურსია) ამტკიცებს, რომ აშშ თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეტმა პენტაგონის სტრატეგიული დაგეგმარების უწყებებს უბრძანა, დაგეგმარებისას პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილონ არა რუსეთი, არამედ ჩინეთი. „რუსეთს ევროპამ მიხედოსო“ - ნათქვამია მითითებაში.

იგულისხმება აშშ-ჩინეთის შესაძლო ომი ტაივანისთვის.

მასალაში ნათქვამია, რომ თავდაცვის მინისტრი ჰეგსეთი ამერიკის კონსერვატიული ფონდის, Heritage Foundation კვლევით და დასკვნებით ხელმძღვანელობდა.

 

ტრამპმა NBC -ს განუცხადა რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლტცს არ „გაუშვებს“ სამსახურიდან Signal-ის ჩათთან დაკავშირებული სკანდალის გამო (ვწერდით წინა მიმოხილვებში) რათა „დემოკრატები და დემოკრატიული პრესა არ აალაპარაკოს“.

ანუ, იგულისხმება „არ სურს სისუსტე აჩვენოს“. ეს სისუსტედ იქნება აღქმული.

 

NBC-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპი ირანს კვლავ დაემუქრა „არნახული დაბომბვებით“ თუ ბირთვულ პროგრამას არ შეწყვეტს.

აქ იგრძნობა, რომ ისრაელი მართლა ძალიან ნერვიულობს ირანის ბირთვული პროგრამის გამო.

სულ ცოტა აკლია ფანატიკოს აიათოლათა რეჟიმს ატომური ბომბის შესაქმნელად, ხოლო მისი „მატარებელი“ რაკეტები ირანს აქვს უკვე.

თანაც საკმაოდ შორსმწვდომი და ხარისხიანი.

ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ტრამპი იმუქრება....იმუქრება....საქმე კი არ ჩანს ჯერ არც ერთი მიმართულებით - საბრალო გრენლანდიის და მშვიდობიანი, მოძმე კანადის გარდა.