საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ოქტომბერი. 2024 წელი
ზოგიერთი ცნობით, სამწუხაროდ, უგლედარში უკვე რუსული დროშა აღიმართა, ხოლო უკრაინულმა ძალებმა მიღეს ბრძანება ალყიდან გამოსულიყვნენ.
საბედნიეროდ, ამის საშუალება მათ აქვთ ჯერ კიდევ.
The Washington post წერს, რომ აგვისტოდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო არმიამ დონბასზე 823 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო და ასეთი ტემპები მას არც არასდროს არ ჰქონია.
მთავარი მიზეზი, სპეციალისტთა აზრით ისაა, რომ რუსეთის არმია ახალ ტაქტიკას იყენებს - შედარებით მცირერიცხოვან დაჯგუფებათა დარტყმებით ფლანგებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
თეთრი სახლის Situation room მუდმივად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ბოლო 24 საათის განმავლობაში.
მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენის მონაწილეობითაც, რომელიც ისეთ ფორმაშია, თითქოს „მეორე სუნთქვა გაეხსნა“.
შესაძლოა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო კრიზისის დროს ახლო აღმოსავლეთში მედიკამენტუზურადაც ეხმარებიან ხნიერ პრეზიდენტს, თუმცა ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ჯო ბაიდენი მთელი ცხოვრება ახლო აღმოსავლეთზე „სპეციალიზდება“.
ეს არის მისი მრავალწლიანი „ამპლუა“ და აქ ამერიკულ ელიტებში ყველაზე კომპეტენტურ მოღვაწედაც ითვლება სრულიად სამართლიანად.
ბაიდენი ახლა გრძნობს (სწორედ იმიტომ, რომ იცნობს რეგიონს, იცნობს ისრაელს, იცნობს ირანს და არაბულ სამყაროს), რომ ისრაელი ამჟამად ისტორიულად ყველაზე ახლოსაა საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებისგან: დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს, სადაც ურანის გამდიდრება ხდება 90-95%-მდე, რაც საკმარისია უკვე ატომური მუხტის დასამზადებლად.
მრავალი წელია ისრაელი იმუქრება, იმუქრება, იმუქრება....რომ გაანადგურებს ირანის ატომურ პროგრამას მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით.
ჰესბოლლას ლიდერის, ჰასან ნასრალლას მიწისქვეშა ბეტონის ბუნკერში განადგურებით „ცახალმა“ დაამტკიცა, რომ აქვს შესაბამისი ტექნოლოგიები, - ბომბები, რაკეტები, რაც თუნდაც მიწისქვეშ ღრმად დამალულ ცენტრიფუგებს (ურანის გამამდიდრებელ მოწყობილობებს) „მისწვდება“ ბეტონის მრავალმეტრიანი საფარის მიუხედავად......მაგრამ დიდ პოლიტიკაში, საომარი კონფლიქტისას გარემოებებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ახლა ირანი თავად უტევს ისარელს რაკეტებით (უკვე მეორედ მცირე ხნის განმავლობაში) და რა უშლის ხელს ისრაელს, რათა უძლიერესად „დაარტყას“ ირანს მთელი მისი საშუალებებით და ამით....„ფაქტის წინაშე“ დააყენოს მისი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკა, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მოუწევს „ჩართვა“ ისრაელის დასაცავად?!
„ცახალს“ არა მხოლოდ უძლიერესი ავიაცია და ჰაერი-ზედაპირის რაკეტები აქვს, რომელთა საწვავით შევსება ბენზინმზიდი თვითმფრინავებიდანაც შეიძლება (რაკი F-16 და F-35 ფრენის სიშორე არ ჰყოფნით), არამედ უახლესი ბალისტიკური რაკეტები.
მაშ რატომ ნერვიულობენ თეთრ სახლში ასე ძალიან და ესოდენ აშკარად დღევანდელი ვითარების გამო და უკვე მერამდენედ მოუწოდებენ ისრაელის მთავრობას, არ დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს?
იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არ აქვთ ზუსტი პროგნოზი ამ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს ირანი, ხომ არ დაიწყებს იგი სახმელეთო ოპერაციას სირიის გავლით და მეორე მიზეზი, რაზეც არასდროს დაგვიწერია: ხომ არ აპირებს „ცახალი“ გამოიყენოს (პირველად ისტორიაში) ბირთვული იარაღი ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად?!!!
რა თქმა უნდა „ცახალს“ აქვს შეიარაღებაზე ზემძლავრი რაკეტები, მაგრამ მთლიანად ირანის ბირთვული პროგრამის ტოტალურად გასანადგურებლად ისინი საკმარისნი ან საკმარისად ქმედითნი შესაძლოა არ აღმოჩნდნენ.
რა შეუშლის ხელს ისრაელს აღიჭურვოს ბალისტიკური რაკეტები ბირთვული მუხტით?
შეგახსენებთ: ისრაელის პოზიცია მის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ისაა, რომ ისრაელის არც ერთი მთავრობა არც უარყოფდა (!) მაგრამ არც ადასტურებდა ბირთვული არსენალის ქონას.
ისრაელელმა მეცნიერმა, მორდეხაი ვანუნუმ 1985 წელს ლონდონურ Sunday times-ს დაუდასტურა, რომ ისრაელს აქვს ბირთვული იარაღი და ფოტოებიც გამოაქვეყნა იმ ბირთვული ობიექტიდან, სადაც მუშაობდა.
1986 წელს ვანუნუ „მოსსადმა“ მორიგი ბრწყინვალედ განხორციელებული სპეც-ოპერაციის შედეგად მოიტაცა....... ისრაელში გაასამართლეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 18 წელი მიუსაჯეს, მთლიანად მოიხადა და გამოვიდა.
რაკი ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ქონას (არაოფიციალური ცნობებით, უკვე 200 მუხტი აქვს, რომელთაგან თითოეული ათჯერ და მეტჯერ აღემატება ძალით 1945 წელს ჰიროსიმაში აფეთქებულს) , მისი „ბირთვული დოქტრინაც“ უცნობია ანუ რას ითვალისწინებს ის დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა ვითარებაში გამოიყენებს და რა ვითარებაში არ გამოიყენებს ისრაელი ბირთვულ იარაღს.
ეს დოქტრინა ისარელს რა თქმა უნდა აქვს.
სხვაგვარად გამორიცხულია, რაკი არმიას ამგვარი დოქტრინა სჭირდება ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ.
მაგრამ დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და ღრმა სეიფშია ჩაკეტილი სადღაც.
ამერიკული ანალოგიური დოქტრინა ცნობილია, რუსული ცნობილია, ჩინური ცნობილია, რაკი მათი ბირთვული პროგრამა დადასტურებულია.
ისრაელის ბირთვული დოქტრინაც მაღალი ალბათობით ითვალისწინებს პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას! ახლა მთელი მსოფლიო სწორედ ამ ალბათობაზე მსჯელობს: „გაბედავს“ ბენიემინ ნეთანიაჰუ თუ ვერა.
მას პიროვნული მოტივაცია აქვს: შესაძლოა გაასამართლონ 7 ოქტომბრის გრანდიოზული ტერაქტი რომ „გამოეპარა“ ღაზადან.
მაგრამ თუ „ჰამასის“ პრობლემა გადაწყვიტა.....„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლა.....„ჰესბოლლას“ ლიდერი ჰასან ნასრალლა მოკლა......ახლა ირანის ბირთვულ პროექტს ტოტალურად გაანადგურებს ან თუნდაც არსებითად დააზიანებს......ისრაელელები ბევრ რამეს აპატიებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ბოლო მონაცემებით, რასაც აქვეყნებს Bloomberg, ხელოვნური ინტელექტის (Artificial intelligence) ტექნოლოგიური ფლაგმანის, სემ ალტმანის OpenAI-ს კაპიტალიზაცია 157 მილიარდ დოლარზე მეტია.
ბოლო 9 თვის განმავლობაში კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 80 მილიარდი დოლარით გაიზარდა. გ ა ო რ მ ა გ დ ა!
„კაპიტალიზაცია“ არ არის იგივე, რაც „ღირებულება“, თუმცა ესოდენ სწრაფი აღმასვლა და თვით აბსოლუტური ციფრული მაჩვენებელიც კი გუშინდელი „სტარტაპისთვის“ უბრალოდ გამაოგნებელი ზრდაა.
მაშასადამე არსებობს „მოლოდინები“ ბაზარზე და ეს მოლოდინები რასაკვირველია უკავშირდება ტექნოლოგიურ „გარღვევებს“.
გლობალური ბაზრები ელიან (აქვთ ასეთი „განცდა), რომ OpenAI „წკიპზეა“ რაღაც უდიდესი მნიშვნელობის გამოგონებასთან. რაღაც მსგავსისა 1960-იანი წლების „ფიჭური კავშირგაბმულობის“ ტექნოლოგიური ფორმულის გამოგონების, რამაც შექმნა ამჟამინდელი მობილური ტელეფონები.
კაპიტალიზაციის ასეთი სწრაფი, ფანტასტიკური ზრდა არ ჰქონიათ თავის დროზე Apple-ს თუ სხვა ტექნოლოგიურ ინოვაციებს.
9 თვის წინ OpenAI სულ 700 ადამიანს ასაქმებდა, ახლა უკვე 1700 თანამშრომელი ჰყავს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის უბადრუკი „ხელისუფლება“ ემზადება დაარატიფიციროს დოკუმენტი (რუსულ-აფხაზური შეთანხმება) „ინვესტიციათა დაცვა/წახალისების“ შესახებ.
დოკუმენტით იგულისხმება, რომ თუ რუსი ინვესტორი აფხაზეთში ჩადებს 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას, ის 25 წლის განმავლობაში არ დაიბეგრება.
აფხაზეთის „დეპუტატები“ 7 ან 8 ოქტომბერს შეიკრიბებიან ამ დოკუმენტის დასარატიფიცირებლად.
ოპოზიცია ყვირის, რომ რუსი ინვესტორები და აფხაზი ინვესტორები თურმე არათანაბარ პირობებში იქნებიან ჩაყენებულნი ამ ხელშეკრულებით.
თითქოსდა ბევრია ისეთი აფხაზი ინვესტორი, ვისაც ამდენი კი არა ამის მეასედი შეუძლია ჩადოს აფხაზეთის ეკონომიკაში.
ოღონდ მთავარი საკითხი ეს კი არ არის.... ანუ „უთანაბრობა„ და „გადასახადებისგან გათავისუფლება“...... მთავარი საკითხი სხვაა:
რომელი ობიექტების გაყიდვას ანუ რუსული ოლიგარქატისთვის გადაცემას გეგმავს ამჟამინდელი პრეზიდენტი ბჟანია? რას ჩაიგდებენ ხელთ პუტინი და მისი ოლიგარქიული ჩეკისტურ-კაპიტალისტური გარემოცვა?
შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ აფხაზეთში 1989 წლიდან (!) დღემდე საერთოდ არავითარი პრივატიზება არ ჩატარებულა.
არც დიდი არც საშუალო.
სადღაც ფარდულები და პატარა მაღაზიები ან „ბუტიკ-სასტუმროები“ არ ითვლება.
ის პანსიონატებიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატისტთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ გადასცა რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურებს, ს ა რ გ ე ბ ლ ო ბ ა შ ი ა გადაცემული და არა საკუთრებაში.
ყველაფერი რაც „მსუყეა“ და რაც „ძვირფასია“ აფხაზეთში, კვლავ აფხაზეთის სეპარატისტულ ე.წ. „სახელმწიფოს“ ეკუთვნის.
ამდენად, ხსენებული ხელშეკრულების რატიფიცირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია „დიდი პრივატიზაციის“ წინ.
პუტინი აპირებს კვლავ შეხვდეს „პრეზიდენტ ბჟანიას“ კრემლში და წინ დაუდოს Список объектов. მათ შორის უდიდესი სანატორიუმები, ელექტროხაზები, ენგურჰესი (!) საკალმახე მეურნეობები და ა.შ.