საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივნისი 2022 წელი
შესანიშნავი დასავლელი ანალიტიკოსები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა Think tank-ებში ანუ ანალიტიკურ ცენტრებში (მათი უმეტესობა გამოცდილი გენერალია) ერთხმად ურჩევენ ზელენსკის, დროულად გამოიყვანოს ჯარი დონბასის დასავლეთ ნაწილიდან და ნუ გადაჰყვება სევეროდონეცკს, რომელიც თითქმის უკვე აიღეს რუსებმა.
თუ რუსები საბოლოოდ აიღებენ სევეროდონეცკს და სტრატეგიულ ავტობანსაც გადაკეტავენ, უკრაინული მრავალათასიანი დაჯგუფება ალყაში აღმოჩნდება.
ოღონდ აქ პრობლემა ისაა, რასაც გადამდგარი გენერლები თუ `ექსპერტ-გენერლები`, მათი მენტალობიდან გამომდინარე, არ ითვალისწინებენ: როგორ გამოჩნდება ეს ტელევიზიით? ანუ საინფორმაციო სივრცეში?! მით უმეტეს მარიუპოლის შემდეგ?
აი თუნდაც ეს: ხომ გამოჩნდება ეკრანზე რუკები, რომელზეც თუ გუშინ უკრაინულ ფერებად იყო ტერიტორია, ახლა უკვე რუსულ ფერად იქნება მონიშნული და მაყურებელი შეამჩნევს, რომ ეს ტერიტორია ბევრად დიდია, ვიდრე გუშინ იყო (სანამ უკრაინული ჯარი უკან დაიხევდა)??? - რა ზეგავლენას მოახდენს ეს უკრაინული საზოგადოების და უკრაინული არმიის საბრძოლო სულისკვეთებაზე?
სევეროდონეცკი მეორე დიდი ქალაქი იქნება რაც უკრაინელებმა დათმეს - მარიუპოლის შემდეგ
. . . . . . . . . .
რომის პაპმა სთხოვა პუტინს, ნუ იყენებს ხორბალს იარაღად. პაპ ფარნცისკს მხედველობაში ჰქონდა უკრაინული ხორბლის გარშემო შექმნილი ტრაგიკული ვითარება, როდესაც რუსეთი ბლოკავს 25 მილიონ ტონა უკრაინულ ხორბალს პორტებში.
პაპის თხოვნა იმითაა გამოწვეული, რომ განსაკუთრებით აფრიკაში ამის გამო იქმნება კატასტროფული ვითარება: მსოფლიოში ხორბალი ბლოკადის გამო გაძვირდა, აფრიკის ბევრ ქვეყანაში კალორიებს ისედაც ვერ იღებდნენ, შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან, ბავშვები შიმშილით იხოცებიან და ამ ბლოკადამ, შესაბამისად ხორბლის გაძვირებამ, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.
ევროპელები ხორბლის გაძვირებას როგორმე გადაიტანენ: შესაძლოა ფუნთუშებზე თქვან უარი ფინჯან ყავასთან, მაგრამ აფრიკაში ეს სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა.
ამიტომ რამდენიმე აფრიკელი ლიდერი გეგმავს მოსკოვში ვიზიტს, რათა პუტინს დაუჩოქოს: შიმშილით ნუ დაგვხოცავ და ჩვენ ვიცით მერე რუსეთის პატივისცემაო...თურქეთი მზადაა აქ შუამავლის როლი იკისროს და თავისი სამხედრო ფლოტით შექმნას `დერეფანი` ხორბლის გამოსატანად უკრაინის ოდესისა და ილიჩოვკის პორტებიდან, თუმცა პუტინის პოზიცია ჯერ-ჯერობით შეუვალია: ხორბალს გაიტანთ, თუ რუსეთს მოუხსნით სანქციებს.
. . . . . . . . . .
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი, რომელიც პუტინის პირველი მთავრობის თავმჯდომარე იყო 20 წლის წინ და ლიბერალად ითვლებოდა, რუსეთიდან გაიქცა!
კაცმა არ იცის, სად არის.
არაა გამორიცხული მის წინააღმდეგ საქმე აღძრან. რუსეთი საბოლოოდ ბრუნდება სტალინის ეპოქაში.
მანამდე რუსეთიდან გაიქცა კიდევ უფრო ნიშანდობლივი (Знаковый) ფიგურა - ანატოლი ჩუბაისი. ჩუბაისის რუსეთიდან (პუტინის რეჟიმისგან) გაქცევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კასიანოვისა, რადგან სწორედ ანატოლი ჩუბაისის სახელს უკავშირდება 1992 წელს დაწყებული პრეზიდენტ ელცინის ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა და, რაც მთავარია, პრივატიზაცია, რამაც დააფუძნა საბაზრო ეკონომიკა რუსეთში.
თუმცა, მეორეს მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩუბაისის პრივატიზაციამ (ეს ფაქტია) რუსეთის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ოლიგარქებს - ბერეზოვსკებს, გუსინსკებს, აბრამოვიჩებს, უსმანოვებს, პატარკაციშვილებს და ივანიშვილებს ჩაუგდო ხელთ
. . . . . . . . . .
რუსეთის ჯარმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გაძარცვა! 135 მილიონი დოლარის ღირებულების უნიკალური აპარატურაა წაღებული.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსები აკონტროლებდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირველ ფაზაში.
შემდეგ დატოვეს ტერიტორია კიევის მიმდებარე რაიონებთან ერთად. თუმცა ახლა ირკვევა, რომ თუ რამ ღირებული იყო, თან წაუღიათ.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზაპოროჟიეს გიგანტურ ატომურ ელექტროსადგურშიც ალბათ ასე მოიქცნენ, რომელსაც დღემდე თვითონ აკონტროლებენ
ანუ, თუ რუსი სალდათები უნიტაზებს იპარავენ, პუტინი ატომურ ელექტროსადგურებს აყაჩაღებს და იმავე მარიუპოლის უნიკალურ მეტალურგიულ ქარხანას ძარცვავს, საიდანაც მილიონობით ტონა ფურცლოვანი ფოლადი გააქვს როსტოვში.
უკრაინის ომი ყველაფერთან ერთად დიდი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს გრანდიოზული ძარცვა გლეჯის ისტოირიაცაა. ასეთი რამ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი არა საუკუნეებია არ მომხდარა.
ომები იყო, როგორ არ იყო, მაგრამ ეს ძარცვა გლეჯა მართლა უნიკალური მოვლენაა.
ჰიტლერის ჯარისკაცები რომ იყვნენ, - პირსისხლიანი მკვლელები და გენოციდის მომწყობები, - დაპყრობილი ტერიტორიებიდან უნიტაზების მოპარვა და სახლში გაგზავნა მათაც.....რცხვენოდათ.
ჟარგონით თუ ვიტყვით `უტყდებოდათ`
. . . . . . . . . .
ქალბატონმა ანგელა მერკელმა როგორც იქნა ხმა ამოიღო რუსეთის ანტიუკრაინული აგრესიის თაობაზე.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, რომელიც აგრესორ პუტინის `დაშოშმინების პოლიტიკის` ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო ევროპაში და სწორედ მის სინდისზეა ეს უბედურება დიდწილად (ისევე, როგორც ჩვენი უბედურება 2008 წელს), გუშინ განაცხადა, რომ ის რაც უკრაინაში ახლა ხდება `გარდამტეხი მოვლენაა` და ამგვარი რამ ევროპაში `მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ მომხდარა`.
სოლიდარობაც გამოუცხადა უკრაინელებს, თუმცა რაღა დროს.
ახლა ისიც ირკვევა, რომ ანგელა მერკელის სამარცხვინო წინამორბედი კანცლერის პოსტზე, გერჰარდ შრიოდერი (პუტინის მეგობარი) მხოლოდ მას შემდეგ წავიდა `როსნეფტის` დირექტორთა საბჭოდან, როცა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერლაიენმა დაურეკა და გააფრთხილა: ევროკავშირის სანქციათა პაკეტში აღმოჩნდებიო.
ანუ, კინაღამ იმას მოვესწარით, რომ დემოკრატიული, დიდი გერმანიის ყოფილი კანცლერი, სულ ცოტა დააკლდა, კინაღამ ერთ სასანქციო სიაში აღმოჩნდა (საბანკო ანგარშების დახურვით, ქონების დაყადაღებით და ა.შ) აბრამოვიჩთან, უსმანოვთან, ტინკოვთან, ფიშმანთან და პუტინის გარემოცვის წევრ სხვა ბანდიტებთან ერთად.
. . . . . . . . . .
რუსეთის ჯარი სასწრაფოდ ტოვებს სირიის იმ რაიონების მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს თურქული არმიის სპეცოპერაცია ქურთების წინააღმდეგ.
ეს შესაძლოა ორ რამეს ნიშნავდეს:
ერდოღანმა კიდევ ერთხელ დააყენა პუტინი ფაქტის წინაშე, როგორც ეს ყარაბაღში მოხდა (ანუ ისარგებლა იმით, რომ ახლა პუტინი უკრაინითაა დაკავებული)
და 2: მოსკოვი და ანკარა შეთანხნდნენ, `გაიყონ` სირია.
მეორე ვარიანტის ალბათობა მაღალია: მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ალ ასადის პროპუტინური რეჟიმი წინააღმდეგია თურქული ოპერაციისა, პუტინისთვის ამ შემთხვევაში შესაძლოა განმსაზღვრელი ის ყოფილიყო, რომ ამერიკელები წინააღმდეგნი არიან თურქეთმა გააფართოვოს გავლენის არეალი სირიაში.
გარდა ამისა, ქურთული რაზმები ხომ სირიის დიდი ანტიასადური კოალიციის წინააღმდეგნი არიან?...ასევე ისინი ე.წ. `ისლამურ სახელმწიფოს` ებრძვიან, ესე იგი მთლიანობაში დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითვლებიან.
ბუნებრივია, პუტინი, რომელიც მისი გაიძვერა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელით ერთდროულად რამდენიმე რეგიონულ და გლობალურ დაფაზე თამაშობს `ჭადრაკს`, მოხარული იქნება, თუ თურქეთის ხელით დაასუსტებს ამერიკის პოზიციებს სირიაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის და `ისრაელისპირეთის`(არის ასეთი ტერმინი) საკვანძო სახელმწიფოდ ითვლება.
რუსეთის ჯარი რჩება სირიაში ორი ბაზით: სახმელეთო-საჰაერო ბაზით ხმენინში და სამხედრო-საზღვაო ბაზით ტარტუსში, ხმელთა შუა ზღვის სნაპიროზე.
. . . . . . . . . .
დიდ ბრიტანეთში გრანდიოზულად აღინიშნა დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავი.
ამით ელისაბედი გახდა ყველაზე ხანგრძლივი მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში: სახელგანთქმული ვიქტორია (XIX საუკუნეში), როდესაც დაფუძნდა ინგლისის დიდება და ინგლისი გახდა დიდი ბრიტანეთი, - 63 წელს მეფობდა.
ბუნებრივია, მონარქს დიდ ბრიტანეთში მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; რეალურად ქვეყანას მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი (არჩევნებში გამარჯვებული პარტია) მართავენ, თუმცა ბრიტანული მონარქია დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი `ბრენდია`, ამიტომ მას დიდი ფუნქციაც ენიჭება ატლანტიკურ სივრცეში
ოღონდ გაურკვეველია რა იქნება ელისაბედის მერე: მისი შვილი, შარლზი, რომელიც წესით მემკვიდრე უნდა გახდეს, აბსოლუტურად უავტორიტეტოა უამრავი სკანდალის (მაგალითად პრინცესა დიანას ამბები) შემდეგ. შვილიშვილს, უილიამს ჯერ თავი არაფრით გამოურჩევია.
მონარქია ის ფენომენია, რომელიც ინარჩუნებს დიდი ბრიტანეთის ერთიანობას. მას ეწოდება ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.
სინამდვილეში United kingdom უნდა ითარგმნოს, როგორც `შეერთებული სამეფო`, თუმცა თავის დროზე, როცა ქართული ტერმინოლოგია იქმნდებოდა, ორი `შეერთებული` (შეერთებული შტატები` და `შეერთებული სამეფო`) ზედმეტად მიიჩნიეს