საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ოქტომბერი. 2023 წელი
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის `ახალი ეტაპი` გამოაცხადა.
ისრაელის სახმელეთო ჯარები უკვე ღაზაში არიან. ჯერ ჯერობით ბუფერს ქმნიან, თუმცა საჰაერო დარტყმების პარალელურად, სიღრმეში აუცილებლად წაიწევენ რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეთ.
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, შეურიგდა აზრს, რომ უდიდესი მსხვერპლის გარეშე პრობლემა ვერ გადაიჭრება.
ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ არ გაურბის პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ათასობით ტერორისტი შემოიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე; თუმცა, მისი განმარტებით `ეს საკითხები მას შემდეგ გაირკვევა, რაც ისრაელი გაიმარჯვებს`.
არავის თვით ისრაელში ეჭვი არ ეპარება, რომ ნეთანიაჰუ, როგორც პოლიტიკოსი, ამ ამბებს გადაჰყვება; ანუ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ყველაფერს დაწვრილებით შეისწავლის;
ასეთი კომისია შეიქმნა 1973 წლის `იომ ქიფურის` ომის შემდეგ, რომელიც ისრაელმა კინაღამ წააგო. მაშინაც ბევრი ადანაშაულებდა პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირს, თუმცა საბოლოოდ მაინც დაინდვეს და ციხეში არ ჩასვეს.
ასევე დაინდობენ თუ არა ნეთანიაჰუს, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება ოპერაცია და საბოლოოდ რამდენი ისრაელელი დაიღუპება.
ნეთანიაჰუმ მომავალ სახმელეთო ოპერაციას ღაზაში უწოდა: `მეორე ომი დამოუკიდებლობისთვის`.
ეს განცხადება მეტყველებს, რა სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ ახლა ისრაელის ხელისუფლებაში დაწყებულ კონფლიქტს.
`ომი დამოუკიდებლობისთვის` არის 1947-1948 წლების ომი, რომლის შედეგადაც ისრაელმა მოიგერია სირიის, იორდანიის, ეგვიპტის შეტევა და გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
მას შემდეგ არც ერთი სამხედრო კონფლიქტისთვის, მათ შორის არც 1967 და 1973 წლების ომებისთვის ასეთი შეფასება არ მიუციათ.
ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს აქვს ინფორმაცია ომში რეგიონის სხვა დიდი სახელმწიფოების ჩართვის შესახებ.
გუშინ მრავალათასიან მიტინგზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გამოვიდა მკვეთრად ანტიისრაელური და ანტიდასავლური მესიჯებით. ძნელი გასარჩევიც კი იყო ირანის ხელისუფალთა განცხადებებისაგან.
თურქეთის პრეზიდენტმა მიმდინარე ომს `ჯვრისა და ნახევარმთვარის ომი` უწოდა, ანუ `ჯვაროსნული ლაშქრობების` ნარატივსა და ტერმინოლოგიას მიმართა.
ერდოღანის განცხადებები იმდენად რადიკალური იყო, რომ ისრაელმა ანკარადან ელჩი და ყველა დიპლომატი გაიწვია;
აქვე გავითვალისწინოთ, რომ `ნახევარმთვარე` არ არის მხოლოდ ისლამის ერთ-ერთი სიმბოლო; იგი თურქთა ეთნიკური სიმბოლოცაა.
ზოგადად ეს ომი შესაძლოა იქცეს `სიცხადის შემტანად` ფარულ თუ ღია დაპირისპირებაში, თუ ვინ არის ისლამური სამყაროს ლიდერი - შიიტური ირანი თუ სუნიტური თურქეთი. ამ საუკუნოვანმა მეტოქეობამ შესაძლოა ორივე ქვეყანას უბიძგოს რადიკალიზმისკენ ისრაელის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის კავშირგაბმულობის სამინისტრომ განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ილონ მასკთან და აღარ გამოიყენებს მის სისტემას StarLink, რადგან რამდენიმე დღის წინ მასკმა ნება დართო საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ეს სისტემა ღაზას სექტორის დასახმარებლად.
არ არის გამორიცხული, ისრაელს სულაც არ სჭირდებოდეს ეს სისტემა, რაკი კავშირგაბმულობის ალტერნატიული საშუალებები აქვს. მით უმეტეს, ისრაელი ტერიტორიულად არც ისე დიდი ქვეყანაა, როგორც უკრაინა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულმა გამოცემამ Verge გამოაქვეყნა გამოკვლევა ცვლილებების შესახებ Twitter-ში მას შემდეგ, რაც მიკრობლოგების რესურსი ილონ მასკმა იყიდა 44 მილიარდ დოლარად.
ცვლილებები დიდია. თან არა მხოლოდ ის, რომ ამიერიდან X ეწოდება და არც მხოლოდ 8 ათასი თანამშრომლიდან 6 ათასის `გაშვებაა` მთავარი, არამედ ფილოსოფიაც შეიცვალა.
თითქოს წვრილმანია, მაგრამ როცა ილონ მასკის ახალი სიმბოლოს (X) შესახებ გაიგო, ბევრი დამკვირვებელი გაოცდა: X პორნოსაიტების და პორნოინდუსტრიის სიმბოლოა.
თუმცა მასკმა შემდეგ ეს ახსნა იმით, რომ უყვარს ლათინური ციფრი X, რომელიც ინგლისურში ასევე ასო-ბგერაა.
მასკმა კონტენტის ნაწილი აქცია ფასიანად და რაც მთავარია, იგი ცდილობს მიკრობლოგების პლატფორმა აქციოს უნივერსალურ კომუნიკატორად, რომელიც ჩინეთში ძალიან პოპულარული აპლიკაცია Wechat ფუნქციასაც შეითავსებს.
მასკმა მენეჯერებს უბრძანა, მისი პირადი თუითერ-ექაუნთის პრომოუტირება ათასჯერ (!) გაეზარდათ.
ექსპერტებმა შენიშნეს ასევე, რომ X მთელი ხუთი წამით აყოვნებს მომხმარებლის გადასვლას იმ ლინკებზე, რაც გაზიარებულია მთავარი კონკურენტების - Facebook და Instagram -ის მიერ.
ოღონდ არა მხოლოდ მათზე, არამედ იმ მედია რესურსებზე, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ მასკს. მათ შორის The new york times და Reuters.
არადა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ხურავს ლინკს, თუკი ის არ გაიხსნა 3 წამის განმავლობაში.
გარდა ამისა, ილონ მასკის `მოსვლის` შემდეგ X აანონსებს მომხმარებელთა ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას, თუმცა ვერავინ გაიგო დღემდე, ეს რაში სჭირდება.
სამაგიეროდ, ილონ მასკმა თითქმის მთლიანად შეწყვიტა კონტენტის მონიტორინგი და ევროკომისიამ დაადგინა, რომ ფეიკების რაოდენობით X აღემატება ყველა მსგავს თუ ანალოგიურ რესურსს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საოცრად ვითარდება დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესები ამერიკაში.
როგორც ვწერდით, უკვე სამმა ადვოკატმა, ვინც ტრამპის გუნდში იყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღიარა დანაშაული და გააფორმა `საპროცესო` პროკურატურასთან.
ესენია კენეტ ჩეზებრო, სიდნი პაუელი და ჯენი ელისი.
ოღონდ......მათ `საპროცესო` გააფორმეს ჯორჯიის შტატის პროკურატურასთან, ხოლო ამერიკის კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება გამოიყენონ სხვა სასამართლო პროცესებზე; თუნდაც ფედერალურ დონეზე; გამოდის, რომ იმ საქმეზე, რაც ვაშინგტონში ფედერალურმა პროკურატურამ აღძრა ეს ჩვენებები ვერ იქნება მიღებული; ან შესაძლოა იყოს მიღებული მხედველობაში, ოღონდ ძააააალიან დიდი პროცედურებია აუცილებელი. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ამერიკა ფედერაციაა, თანაც ძალზე `ძლიერი` ფედერაცია;
პარადოქსული ვითარება იქმნება: ჯორჯიის შტატში გაფორმებული `საპროცესო` ტრამპისთვის სასარგებლო შესაძლოა აღმოჩნდეს, რაკი ვაშინგტონის პროცესი გაიწელება და ვერ მოასწრებენ განაჩენის გამოტანას 2024 წლის არჩევნებამდე.
ბევრი ამერიკელი იურისტი თვლის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის სწორედ ფედერალურ დონეზე გამოტანილი განაჩენი იქნება განმსაზღვრელი და არა შტატის დონეზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული გენშტაბის მიერ ლიკვიდირებული პრიგოჟინის `ვაგნერი` კვლავ ცოცხალია და პუტინმა როგორც იქნა მოუძებნა ამ ბანდიტებს `ნავსაყუდელი`: ისინი გადადიან ჩეჩნეთის მიკროდიქტატორის, რამზან კადიროვის რაზმში `აჰმად`. ანუ შეუერთდებიან მათ მსგავს ბანდიტებს.
ეს იმ `ვაგნერელებს` ეხება, ვინც არმიასთან არ გააფორმა კონტრაქტი.
ოღონდ აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ შესაძლოა სწორედ კადიროვის ბანდიტებს დაეკისროთ იგივე `მისიების` შესრულება, რასაც მანამდე პრიგოჟინის ბანდიტები ასრულებდნენ მთელს მსოფლიოში: ვენესუელიდან ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირანის საავადმყოფოში 16 წლის არმიტა გერავანდი გარდაიცვალა: გოგონა, რომელიც ირანის პოლიციამ დააკავა, რაკი ჰიჯაბი არ ეცვა.
დაპატიმრებისას ჩავარდა კომაში, 28 დღე გონს არ მოსულა და გარდაიცვალა. ჯერ არავინ იცის ზუსტად, რა გახდა გოგონას კომაში ჩავარდნის მიზეზი: ცემა თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.
არ არის გამორიცხული, ისევე როგორც 2022 წელს, მახსი ამინის გარდაცვალებამ (ზუსტად ასეთივე ვითარებაში), 16 წლის გოგონას სიკვდილმა ირანში ახალი საპროტესტო მოძრაობა განაპირობოს.
ასეთ შემთხვევაში კი, ირანის მმართველ ელიტებს ექნებათ მეტი მოტივაცია, `დაარტყან` ისრაელს და ამერიკას, რათა დიდი ომის პირობებში საპროტესტო ტალღა ჩაახშონ ან `გადაფარონ`.
ნამდვილად გაბედავენ თუ არა - სხვა საკითხია.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ გუშინ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა `არ გაითვალისწინებს ამერიკის მუქარას` თუმცა დასძინა, რომ ირანს არ მიუღია მონაწილეობა 7 ოქტომბერს `ჰამასის` ისრაელზე თავდასხმაში.
აქ აღსანიშნავია, რომ ებრაჰიმ რაისი არ არის ირანში `გადაწყვეტილების მიმღები`: ამ დონის გადაწყვეტილებებს, ომისა და მშვიდობის შესახებ, ირანში იღებს უზენაესი აიათოლლა ჰამენეი. ანუ ირანის სულიერი ლიდერი.