საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მაისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მაისი 2022 წელი

აფხაზეთის ხელისუფლება უმწეოდ და უბადრუკად ცდილობს მოაწესრიგოს იარაღის ბრუნვა აფხაზეთში. იქ ყველა ოჯახში არათუ ავტომატები და ტყვიამფრქვევები, არამედ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ბომბები ინახება.

ამას წინათ რომ რუსულ `გოსდუმაში` განხილვა იყო, რუსებმა აფხაზებს უთხრეს: `თუ გინდათ ტურისტული ნაკადი გაიზარდოს, იარაღის თემა მოაწესრიგეთო`.

ამ კოლოსალური ოდენობის  იარაღის ამოღება მოსახლეობისგან აბსოლუტურად შეუძლებელია - აფხაზური საზოგადოება ცხოვრობს სამხედრო დემოკრატიის ეტაზე!        ამიტომ, ახლა აფხაზეთის მთავრობამ გამოსცა ფორმალური ბრძანება `იარაღის ხელახალი რეგისტრაციის` შესახებ; თან იმუქრება: ვინც ხეხლახლა არ დაარეგისტრირებს იარაღს, ჩამოვართმევთო, რაც მხოლოდ სიცილს თუ იწვევს აფხაზეთში`.

დღეს აფხაზეთი არის კავკასიის ჰარლემი.

ნიუ იორკის ჰარლემზე კი არსებობს ერთი ძალიან სხარტი და მოსწრებული გამონათქვამი: ბანდმოსახლეობა. (Gangpopulation)

. . . . . . . . . .

აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ ანუამ, რომელიც ვიზიტით იმყოფება  სირიაში, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი დამასკოში. ანუ აფხაზეთის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, მთლიანად მხარს უჭერს სირიის პრორუს დიქტატორ ბაშარ ალ ასადს - ოპოზიციის წინააღმდეგ 7 წლიან ომში.

ეს არც ისე ერთმნიშვნელოვანი საკითხია: სირიაში დიდი აფხაზურ-ადიღური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც იქ განიფანტა XIX საუკუნის `მაჰაჯირობის` პერიოდიდან, ანუ რუსეთ-კავკასიისა და რუსეთ-აფხაზეთის ომის შემდეგ.

ამ დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი ასადის მხარეს იბრძვის, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს სირიის დემოკრატიულ ოპოზიციას. ისინი აფხაზ ლიდერებზე ნაწყენნი არიან (ჩვენს ამომწყვეტ პირსისხლიან დიქტატორ ასადს რატომ ეხმარებაო), თუმცა... აფხაზ სეპარატისტებს ოღონდ სადმე მიეცეთ `გამოჩენის` საშუალება და....უარს არაფერზე ამბობენ.

. . . . . . . . . .

კიევმა განმარტა მიზეზები, თუ რატომ არ გაუშვეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა ექსპ-პრეზიდენტი პოროშენკო პოლონეთში, სადაც იგი მიწვეული იყო `მონათესავე` პოლიტიკური პარტიის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად: პოროშენკოს წინააღმდეგ უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატისა და ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით ანუ ელის 15 წლიანი ციხე და შესაძლოა მალე დააპატიმრონ ისევე, როგორც პუტინის ნათელ-მირონი მედვედჩუკი დააპატიმრეს.

`ტერორიზმის` მხარდაჭერად უკრაინის პროკურატურამ დააკვალიფიცირა პოროშენკოს თანხმობა, უკრაინის მთავრობას შეეძინა ქვანახშირი დონბასელი სეპარატისტებისგან და მათთვის ფულიც გადაეხადა. ეს ფული, რასაკვირველია, სეპარატისტული ფორმირებების (ანუ ტერორისტების) გაძლიერებას მოხმარდა.

. . . . . . . . . .

ძალიან სახიფათოდ ვითარდება მოვლენები დონბასზე.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მარიუპოლის გარნოზონს უბრძანა, ტყვედ ჩაბარებოდნენ  მტერს (ამგვარი ბრძანება უპრეცედენტოა კაცობრიობის სამხედრო ისტორიაში; ტყვედ ჩაბარებული უამრავი ყოფილა, მაგრამ ასეთი ბრძანება - არა!) რუსეთის ჯარმა არა მხოლოდ ლიმანის ფრონტზე გაარღვია ფრონტის ხაზი არამედ ახლა უკვე ცდილობს სევეროდონეცკს შემოარტყას ალყა, რის შედეგადაც უკრაინული არმიის მრავალათასიანი დაჯგუფება შესაძლოა ალყაში მოექცეს და 2015 წლის ტრაგედია განმეორდეს;

სწორედაც მარიუპოლის შემდეგ, სპეციალისტთა შეფასებით, მნიშვნელოვნად დაეცა უკრაინული ჯარის რამდენიმე ქვედანაყოფის ბრძოლისუნარიანობა და საბრძოლო სულისკვეთება; რუსები ცდილობენ ამით ისარგებლონ; დაპირებული შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის სისტემები კი იგვიანებს.

 

პარალელურად, ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი ტენდენციები იგრძნობა ევროპულ ელიტებში: ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჯერ არათუ იმაზე ვერ შეთანხმდნენ, რუსულ ბუნებრივ აირზე თქვან უარი (დიდი ეჭვია, რაც უფრო მოახლოვდება ცივი ზამთარი, მით უფრო `ვერ შეთანხმდებიან` ამაზე -დ.) არამედ ნავთობის ემბარგოზეც კი არა აქვთ ერთსულოვნება!!!

ურზულას თქმით, არსებობს აზრი (უნგრეთი, საბერძნეთი, ნაწილობრივ თვით გერმანია), რომ თუ რუსულ ნავთობს ევროპა არ იყიდის ანუ არსებულ გრძელვადიან კონტრაქტებს გააუქმებს, რუსეთი ამით არათუ წააგებს რაიმეს, არამედ მოიგებს კიდეც, რადგან ამ ნავთობს, რაც ფიქსირებულ ფასად ევროპის ქვეყნებისთვის უნდა მიეყიდა ძველი კონტრაქტებით, სხვა (აზიურ) ბაზრებზე გაყიდის და დიდ ფინანსურ მოგებასაც კი ნახავს, ხოლო ევროკავშირი ამით ვერც თვითონ მოიგებს ვერაფერს (ნავთობი გაძვირდება) და რუსეთსაც ვერ დააზიანებს, რადგან უფრო ძვირად გაყიდის ნავთობს აზიაში.

ამის პარალელურად, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ ისევ ააღორძინონ ე.წ. `მინსკის ფორმატი`.

2014-2015 წლებში ამას ცდილობდნენ (და უკრაინის საწინააღმდეგო გამოუვიდათ) საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მათ შეიმუშავეს დოკუმენტი-ხელშეკრულება  მინსკი -1 და მინსკი-2; ერთიმეორეზე უარესი შედეგით უკრაინისთვის.

გუშინ  საფრანგეთის  პრეზიდენტი იმანუილ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩაერთვენ პუტინთან ტელეკონფერენციაში; ფაქტობრივად,  შესთავაზეს  მინსკი- 3.

ამ ახალი დოკუმენტის არსი ისაა, რომ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები 24 თებერვლამდე არსებულ ხაზამდე, შეწყვიტოს ცეცხლი, სამაგიეროდ მიიღებს დერეფანს მერიუპოლზე, რომელიც სახმელეთო გზით დააკავშირებს ყირიმთან; მიიღებს გარანტიას, რომ ხერსონიდან სასმელი წყლის მიწოდება აღარ შეუწყდება სეპარატისტულ ყირიმს და მიიღებს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს.

თუმცა საეჭვოა პუტინი ამას უკვე დაეთანხმოს და ბევრად მეტი არ მოინდომოს.

თავისთავად, ახლა ბერლინი და პარიზი რომ `მინსკ-3-ზე ფიქრობენ და `ჯახირობენ`, უკვე  კატასტროფულად ცუდია უკრაინისთვის.

აი პირველი ნეგატიური  შედეგი: გერმანიამ შეაჩერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმ საბაბით, რომ.....აბა ახლა `მინსკ-3`-ზე უნდა ველაპარაკოთ პუტინს და იარაღის მიწოდების პარალელურად ეს შეუძლებელიაო.

ოდესიდან ევროპაში უკრაინული ხორბლის გატანის პირობად პუტინი სანქციების სრულ მოხსნას აყენებს.

 

ამ ნეგატიური პროცესების სიღრმისეული მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ, გერმანულ და ზოგადად ევროპულ ელიტებს არ სჯერათ, თეორიულადაც კი, რუსეთის დამარცხების შესაძლებლობისა, რაკი მიაჩნიათ, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ავადმყოფი პუტინი ბირთვულ ბომბს გამოიყენებს.  

თანაც, გამოიყენებს არა მხოლოდ სამხედრო დამარცხების თავიდან ასაცილებლად, არამედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლური სანქციები იმდენად დაღლიან რუსულ საზოგადოებას, რუსეთში აჯანყება დაიწყება. ამ შემთხევვაშიც, კუთხეში  მიმწყვედულ პუტინს ვაითუ სხვა გზა აღარ დარჩეს და ცოფიანი ვირთხასავით მოიქცეს - ატომურ ღილაკს დააჭიროს ხელიო....ასე მსჯელობენ ევროპული ელიტები.

 

სწორედ ამის გამო, ზელენსკიმ გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა ნიდერლანდის პრემიერი მარკ რიუტე.    უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი რიუტე ორჭოფობს, უნდა მიანიჭოს თუ არა ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსიო. `თუ არ გინდივართ, პირდაპირ გვითხარით` - მოუჭრა გუშინ ზელენსკიმ. და ამით უპასუხა ყველას: გერმანიის და საფრანგეთის ჩათვლით.

ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ საფრანგეთ-გერმანიის კაპიტულანტური ინიციატივაც და ნიდერლანდების ჭოჭმანიც, ისევე როგორც ნავთობთან დაკავშირებული ყოყმანი, ვითარდება დონბასზე რუსული არმიის ნაწილობრივი, თუმცა მაინც წარმატების  პარალელურად.

ამიტომაც ამბობდა ევროკავშირის `საგარეო` ბაროზო: ეს საკითხი მხოლოდ ბრძოლის ველზე თუ გადაწყდებაო.

NATO, თუ ასე გაგრძელდა რუსის ჯარის წინსვლა, აუცილებლად აღმოჩნდება მკაფიო, თუმცა უმძიმესი არჩევანის წინაშე: ჩაერიოს ომში პირდაპირ, აამოქმედოს ავიაცია შავ ზღვაში რუსული გემების წინააღმდეგ, გააგზავნოს კონტინგენტი უკრაინაში თუ...... დაუშვას  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გაოპოლიტიკური კატასტროფა არა მხოლოდ ევროპისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის: უკრაინის სახელმწიფოს გაქრობა რუკიდან!

. . . . . . . . . .

მარიუპოლის დაცემის შედმეგ რუსეთმა მოროდიორობას მიჰყო ხელი: შეიყვანა სატვირთო გემები მარიუპოლის პორტში და ძარცვავს ქარხანას - გააქვს ასეულობით ათასი ტონა ფოლადი, რაც იქ იყო დასაწყობებული. საერთო ღირებულება 200 მილიონი დოლარია.

მოპარულ ფოლადს  როსტოვში აგზავნიან. იქ მოხდება მისი  გადამუშავება. არ არის გამორიცხული, რომ თვით ქარხანა `აზოვსტალი`, რომელიც უდიდესია ევროპაში, ჯართად გაყიდოს რუსეთმა, რადგან მთლიანად დანგრეულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

. . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა და სპეციალისტებმა, რუსულ ნაალაფარ სამხედრო ტექნიკაში, მათ შორის დრონებში, ღამის ხედვის აპარატებში, მძიმე სამხედრო ტექნიკასა და სხვადასხვა მოწყობილობებში აღმოაჩინეს ევროპულ ფირმათა ტექნოლოგიური ნაწარმი - მატრიცები, მიკროსქემები, სხვადასხვა კომპონენტები.....

 მათი შეტანა რუსეთში აკრძალულია, თუმცა მაინც შედის/

საიდან? შესაძლოა ამ თემაზე, უკრაინის მოთხოვნით საერთო-ევროპული გამოძიება ჩატარდეს და ვაი იმ ქვეყანას, ვისაც დაუმტკიცდება, რომ ეს მიკროსქემები მისი ტერიტორიის გავლით ხვდება რუსულ არმიაში.

. . . . . . . . . .

უკრაინული ომი რომ ამერიკის შიდაპოლიტიკურ დისკურსზე ახდენს ძალიან სერიოზულ გაველნას, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებითაც დასტურდება: ტეხასის შტატში მომხდარი საშინელი ტრაღედიის კომენტირებისას (სტუდენტმა რომ საშუალო სკოლაში 19 მოზარდი და მასწავლებელი მოკლა) აშშ 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: `ამ ჩვენს მთავრობას უკრაინის შესაიარაღებლად აქვს ფული და ამერიკული სკოლების დაცვის გასაძლიერებლად კი - არაო`.

ცხადია, რაც უფრო მოახლოვდება 2022 წლის კონგრესის და მით უმეტეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები (რომელშიც დონალდ ტრამპი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ცენტრალური ფიგურაც იქნება), ეს დისკურსი მხოლოდ გაძლიერდება.

ტრამპის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი არ არის. ერთის მხრივ იგი ა სეთ განცხადებას აკეთებს, თუმცა იმავდროულად ბევრჯერ უტქვამს: მე რომ ვყოფილიყავი ამერიკის პრეზიდენტი, პუტინი უკრაინაში ამას ვერ აგბედავდაპ.

და ამაში არის სიმართლის მარცვალი ნამდვილად.

უბრალოდ ტრამპის რიტორიკა მისი პოლიტიკური `ხვატკიდან` გამომდინარეობს და მუდამ იქითაა მიმართული, კონკრეტულ მომენტში რა დააზიანებს მის მტერს, ბაიდენს, ასევე დემოკრატებს.